გიორგი კიკნაძე: არა მგონია, ზურაბ ხიზანიშვილი ტყუოდეს

AutoSharing Option
გიორგი კიკნაძეს უმაღლესი ლიგის არაერთი გუნდი გაუწვრთნია. მანამდე იყო ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი...

როგორც სპეციალისტს, მეტწილად საქართველოს ეროვნული ნაკრების პრობლემებზე ვესაუბრეთ, იმ ურთიერთობაზეც, რაც მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ჩამოყალიბდა...

ვფიქრობთ, კიკნაძის პოზიცია საყურადღებო უნდა იყოს...

- როგორი იყო ურთიერთობა მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის მაშინ, როცა თქვენ თამაშობდით ნაკრებში?
- იოჰან ბოსკამპი რთული პიროვნება იყო - მომთხოვნი, უხეშიც. თბილისის "დინამოში" რომ ვიყავით და "ზიმბრუს" ვეთამაშეთ, ფეხბურთელებს შეურაცხყოფაც კი მოგვაყენა. ამის უფლება კი არავის აქვს. ეს, მით უმეტეს, არ უნდა
ხდებოდეს ეროვნულ ნაკრებში, სადაც ფეხბურთელები სერიოზული გუნდებიდან ჩამოდიან.

- ზურაბ ხიზანიშვილმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა - ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ფეხბურთელებს დედას აგინებსო...
- არა მგონია, რომ ეს ყველაფერი ხიზანიშვილმა, ასე ვთქვათ, ჰაერიდან მოიტანა. ფაქტია, მაღალი დონის პროფესიონალები საქართველოს ნაკრებს ბევრი არ ჰყავს.

ვფიქრობ, მალხაზ ასათიანს კიდევ შეეძლო ნაკრებში თამაში, მიუხედავად იმისა, რომ უგუნდოდ დარჩა და მერე საერთოდ დაანება ფეხბურთს თავი. ასეთ დროს ძალიან ბევრს ნიშნავს მწვრთნელის თანადგომა. ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი ავიღოთ - 15 წელი გერმანიაში რომ ითამაშებ, ეს პატარა ამბავია? ხიზანიშვილსაც ხომ ასევე მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები? ასეთმა ხალხმა თავისი საქმე ხუთიანზე იცის.

ნაკრების გაახალგაზრდავებაზე რომ ლაპარაკობენ, ახალგაზრდებს გუნდში ასეთი ფეხბურთელები თუ არ დახვდნენ, მხოლოდ მწვრთნელი ვერ ასწავლის მოთამაშეს. ფეხბურთელმა მასზე გამოცდილი ფეხბურთელისგანაც უნდა ისწავლოს ბევრი რამ და სანამ ასეთი გამოცდილი ფეხბურთელები ისევ თამაშობენ პროფესიულ დონეზე, მათზე რატომ უნდა თქვა უარი?

- ყველაფერში მხოლოდ მწვრთნელი ვერ იქნება დამნაშავე. ალბათ, რაღაც ფეხბურთელების ბრალიცაა...
- შეგნებულად არ შევეხები ლევან ყენიას თემას. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, უბრალოდ, არ მოსწონს ასეთი სტილის ფეხბურთელი, რადგან გუნდი სულ ერთი და იმავე ტაქტიკით თამაშობს - ფაქტობრივად, 8 მცველით და ორი შემტევით.

რაც შეეხება ზოგადად ფეხბურთელებს, თუ ნაკრებში გამოძახებულ მოთამაშეს ტრავმა აქვს, მიმაჩნია, რომ ის მაინც უნდა ჩამოვიდეს ნაკრებში, შეხვდეს მწვრთნელს, ნაკრების ექიმსაც უთხრას ტრავმის შესახებ - ეს ქვეყნის და ნაკრების პატივისცემაა. მაგრამ თუ მწვრთნელი შეურაცხყოფას აყენებს ფეხბურთელებს, გასაკვირი აღარ უნდა იყოს, თუ მოთამაშეებს ნაკრებში ჩამოსვლა აღარ უნდათ.

არა მგონია, ხიზანიშვილი ტყუოდეს. როგორ შეიძლება, ფეხბურთელმა მწვრთნელს ასეთი რამ დააბრალოს?! თემურ ქეცბაია ზედმეტად ემოციური ადამიანია და ასეთთან საუბარი რთულია. ვუყურე, როგორ გადადიოდა ის შეტევაზე ჟურნალისტებთან ტელეეთერში. ასეთ დროს საუბარს აზრი ეკარგება.

რაც ნაკრებში და საერთოდ, გუნდში ხდება, ამ ყველაფერზე, პირველ რიგში, პასუხისმგებელი მწვრთნელია; პირველ რიგში, ის არის ვალდებული, რომ ყველაფერი მოაგვაროს. შედეგს რაც შეეხება, ბოლო 11 მატჩიდან რვას რომ წააგებ და სამს ფრედ ითამაშებ, ეს არის წინსვლა? 6-გუნდიან ჯგუფში რომ მეხუთეზე გახვალ და მერე ხუთგუნდიან ჯგუფში მეოთხეზე, ამას როგორ უნდა დავარქვათ უკეთესობა?!

არის საჭირო ისეთი მწვრთნელი, ასეთი შედეგი და ამხელა ხელფასი რომ აქვს? მაშინ რას ვერჩოდით კლაუს ტოპმიოლერს? მაშინ რატომ არ ვაცალეთ ექტორ კუპერს?

პატრიოტიზმზე თუ ლაპარაკობ, გამოდი და თქვი, რომ გამინახევრეთ ხელფასი და დარჩენილი თანხა ბავშვთა ფეხბურთს მოახმარეთო, სადაც ბევრი პრობლემაა, თუნდაც ის, რომ ბევრი ვერ იხდის თვეში 80-100 ლარს საფეხბურთო სკოლისთვის.

- ნაკრები გუნდების მიმართულებაზე რას გვეტყოდით?
- სწორი მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. მეტი ყურადღება უნდა მიექცეს 21-წლამდელთა ნაკრებს.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- ახალგაზრდულში და ყველა ასაკობრივ ნაკრებთან უნდა შეიქმნას მეორე ნაკრებიც. ეს უნდა მოხდეს ორი წლით მაინც, რათა არავის ჰქონდეს გარანტირებული ადგილი ნაკრებში. ასე უფრო მეტი კონკურენცია გაჩნდება, მეტი სტიმული მიეცემათ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს; იმ მოთამაშეებსც, რომლებიც, მაგალითად, ყაზახეთში ან სხვა არაელიტურ ჩემპიონატში გამოდიან. ეს ჩემი მოგონილი არ არის, ასეთი მეთოდი გამოიყენეს გერმანიაში, თურქეთში... სხვათა შორის, ბოსკამპიც ამას ცდილობდა...

ფეხბურთელს ფეხბურთელმა უნდა ასწავლოს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: ყველაფერი პირდაპირ უნდა ითქვას და დაძაბულობაც მოიხსნება
რევაზ ძოძუაშვილი: ხიზანიშვილი და ქეცბაია ნაგინებიც მყავს და ნაფერებიც
თემურ ქეცბაიას სრული ინტერვიუ - პასუხი ხიზანიშვილსა და ამისულაშვილს [VIDEO]
ზურაბ ხიზანიშვილი: როცა ფეხბურთელი იმაზე ფიქრობს, ქეცბაიამ დედა არ შემაგინოსო...
მკითხველის კომენტარები / 15 /
ძმურად შენ და მურტალო რომ იბაზრებთ მეც გამაგებინეთ :D
gelas
11:44 12-12-2013
0
წადი რა თემო დაგვანებე თავი ტლოპინა
qecba wadi ra kacurad
11:15 12-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული