რევაზ არველაძე: ნაკრების მატჩებს საქართველოშიც ვერ ვყიდით...

AutoSharing Option
რევაზ არველაძემ დაადასტურა, რომ 2015 წელს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას.

მაგრამ სადღეისოდ, აქტუალურია სხვა თემა - ფედერაციის გენერალური მდივანი "ლელოს" ფეხბურთში სახელმწიფოს როლსა და დაფინანსებაზე ელაპარაკა, ასევე იმაზეც, თუ როგორ წარმოუდგენია ამ ურთიერთობების დარეგულირება...

- ჯერჯერობით უცნობია, რა თანხას გამოყოფს სახელმწიფო ფეხბურთისთვის და კერძოდ, კლუბებისთვის. ამის შესახებ რა ინფორმაცია აქვს ფეხბურთის ფედერაციას?
- ეს თანხა რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს, რათა ჩვენი კლუბები და ფეხბურთი ევროპულ სტანდარტებს მაქსიმალურად მიუახლოვდნენ. 200-300 ათასი ლარი არაფერია კლუბებისთვის და ეს ჩვენს ფეხბურთში
შექმნილ მდგომარეობას ვერ შეცვლის.

ფეხბურთის ფედერაციას რეალური ინფორმაცია აქვს კლუბებში არსებულ მდგომარეობაზე და მიგვაჩნია, რომ ამ ციფრებს ერთი ნულიც უნდა მივუწეროთ, საქართველოში თავი ფებურთელად რომ იგრძნონ. მაგრამ ფული უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ უმაღლესი, არამედ პირველი და მეორე ლიგის კლუბებს, საფეხბურთო სკოლებს, საჭიროა თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ.

დღეს ჩვენს ფეხბურთს, საერთოდ, საფუძვლის ჩაყრა სჭირდება, რადგან ნორმალური სტადიონი, ბაზა, მოედანი ყველა დიდ ქალაქში აუცილებელია. დღეს კი ორი დიდი ქალაქი, ბათუმი და ზუგდიდი, საკუთარი სტადიონის გარეშეა დარჩენილი, არადა, იქ ყოველთვის გამორჩეული ფეხბურთელები იზრდებოდნენ. ბევრგან სტადიონი არის, მაგრამ მისახედი და მოსაწყობია.

- ამ დროისთვის ისე ჩანს, რომ კლუბები თანხას ძველებურად, მხოლოდ მუნიციპალიტეტებიდან თუ მიიღებენ...
- მაქვს იმედი, რომ სახელმწიფო, ადრე თუ გვიან, კლუბებს მაინც დააფინანსებს. არც გვაქვს უფლება, სკეპტიკურად განვეწყოთ.

- კი, მაგრამ როდის?
- შესაძლოა, ეს წლის დასაწყისში არ მოხდეს და ვადებში დაგვიანდეს, მაგრამ სულ არაფერს, ისევ ეს სჯობია. როცა იცი, რომ დღეს არა, მაგრამ ხვალ ფული დაგერიცხება, ეს გუნდში მშვიდ და სამუშაო ატმოსფეროს შექმნის.

ჩემი აზრით, სპორტული პრინციპით უკეთესი იქნება, ეს თანხა კლუბებს პირდაპირ კი არ გადაეცეთ, არამედ მისი ნაწილისგან შეიქმნას საპრიზო ფონდი, რომელიც ადგილების შესაბამისად გადანაწილდება. ასევე, ვფიქრობ იმასაც, რომ სახელმწიფო თანხასთან შეხებისას განსაკუთრებით აქტუალური გახდება სწორი მენეჯმენტის საკითხი, რადგან აქ თითოეული თეთრიც მიზანმიმართულად უნდა დაიხარჯოს.

მაგრამ 200 ათასი, რაც უნდა კარგ მენეჯერს ჩავაბაროთ, ვერაფერს გააკეთებს. ასეთი მწირი დაფინანსებით წარმატებას ვერავინ მიაღწევს.

- გია ისიანის პროგრამაზე რას ფიქრობთ?
- გიას ვეთანხმები, რადგან ერთი წლით გუნდები კარგად რომ დააფინანსონ და მერე შეუწყვიტონ, გამოდის, რომ ეს ფულიც წყალში ჩაიყრება. ამიტომ, მინიმუმ, სამი ან ხუთწლიანი პროგრამა გვჭირდება, თუ გვინდა, რომ სახელმწიფო ინვესტიციამ შედეგი მოიტანოს.

ამის შედეგად, დარწმუნებული ვარ, მართლაც იქნება შესაძლებელი, რომ ჩვენი ჩემპიონატის თამაშები მედიამ იყიდოს და კლუბებმა შემოსავლები ტელეკონტრაქტებიდან მიიღონ. დღეს სახელმწიფო ფეხბურთს უნდა დაეხმაროს, ჩვენ კი ამ თანხის სწორი ხარჯვა უნდა ვუზრუნველყოთ.

- თქვენი აზრით, სახელმწიფოს მიერ კლუბის დაფინანსება საბჭოურ-კომუნისტური მიდგომის გამოხატულება ხომ იქნება?
- თურქეთი კომუნისტური არასოდეს ყოფილა, მაგრამ თითქმის ყველა კლუბი ქალაქის მუნიციპალიტეტიდან ფინანსდება. ვთქვი და გავიმეორებ - "გალათასარაის" სტამბოლის მუნიციპალიტეტი აფინანსებს, მაგრამ იმდენად წარმატებული კლუბი გახდა, შემოსავალს საკუთარი უნარიანი მენეჯმენტითაც შოულობს, აქვს ტელეკონტრაქტები, ჰყიდის სარეკლამო უფლებას და ასე შემდეგ.

და ამის მიუხედავად, მუნიციპალიტეტიც აფინანსებს.

- საერთოდ, ბოლო წლებში კლუბებისგან ფინანსურ გარანტიებს რატომ აღარ ითხოვთ? ხომ არ ფიქრობთ, რომ ესეც გახდა კრიზისული კლუბების მომრავლების მიზეზი? პროფლიგა მსგავს პრეცედენტებს ებრძოდა და უფულო კლუბებს ჩემპიონატში არ უშვებდა...
- ცხოვრებამ გვაჩვენა, რომ ყველაზე ეფექტურია არა გამგეობებისა და მუნიციალიტეტების გარანტიები, არამედ - ბანკების. ესეც კლუბმა ფეხბურთელებს უნდა მისცეს, ხელფას-პრემიები დროულად და შეუფერხებლად უნდა მიიღონ. და თუ ეს ვერ მოხდება, მაშინ გარანტორი ფინანსური ინსტიტუტი იქნება. თორემ გამგებელი და გუბერნატორი თავად არიან სხვაზე დამოკიდებული პერსონები.

თუ კლუბს არ აქვს შემოსავალი, სატელევიზიო კონტრაქტები და სპონსორებს ვერ იზიდავს, გამაგებინეთ, გარანტია როგორ უნდა მომცეს?

- გასაგებია, ეს პრობლემაა, მაგრამ ლიცენზირება ფინანსური საკითხების მოგვარებასაც გულისხმობს...
- რა შეუძლია დღეს ფეხბურთის ფედერაციას, კლუბებისთვის რომ გააკეთოს? დღეს ჩვენი კონტრიბუცია არის 2 მილიონი ლარი. ეს ჩვენი ბიუჯეტის 20 პროცენტია. ამ დროს, მსაჯების ხელფასები 300 პროცენტით გაზრდილია, უმაღლესი ლიგის კლუბები გადასახადებისგან გავათავისუფლეთ და...

- სხვათა შორის, პირველი ლიგის კლუბებს უფრო უჭირთ და ისინი რატომ არ გაათავისუფლეთ?
- ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ საკითხი სისტემურად უნდა განვიხილოთ. პირველი ლიგის კლუბი ხომ უმაღლესში თავისი ფეხბურთელებით გადმოვა, ბიუჯეტს წლის შუა პერიოდში არავინ გაუზრდის. ანუ, პირველ ლიგას მინიმუმ ნახევარი მილიონი მაინც უნდა ჰქონდეს, უმაღლესი ლიგის გუნდებს კონკურენცია რომ გაუწიოს.

- ითქვა, რომ ფეხბურთს წელიწადში 51 მილიონი ლარი ხმარდება. მაგრამ, ეს ფული ძალიან არაეფექტურად იხარჯება...
- იმიტომ, რომ არ არსებობს სისტემა და კოორდინაცია. ჩვენ რა ვიცით, რომელი მუნიციპალიტეტი და რაიონი ვის რამდენს უხდის და რა მიზნით.

- ფედერაციას რა საშუალება აქვს, რომ ამ თანხების განკარგვა გააკონტროლოს და ერთიან გეგმაში მოაქციოს, ან ამ საქმეში სახელმწიფოს დაეხმაროს?
- ცხადია, ამის უფლება არ გვაქვს. ფეხბურთის ფედერაციამ ეს ციფრი რომ იცოდეს და მისი გაკონტროლების უფლება ჰქონდეს, სოლიდარობის პრინციპით, ყველა გუნდზე თანაბრად გადავანაწილებდით და დარწმუნებული ვარ, ფული ბევრად ეფექტურად დაიხარჯებოდა, ვიდრე ახლა და გუნდებს მინიმალური პირობებით ვუზრუნველყოფდით.

მაგრამ, სანამ სატელევიზიო უფლებებს ვერ ვყიდით, მანამდე ჩვენს ფეხბურთს ვერ ეშველება.

არადა, სამწუხაროდ, ჯერ ისიც ვერ მოგვიგვარებია, საქართველოს ნაკრების თამაშები საკუთარ ქვეყანაში რომ გავყიდოთ. უმნიშვნელოვანესი იყო საქართველო-ესპანეთისა და საქართველო-საფრანგეთის მატჩები, მაგრამ რად გინდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
წადიიიი, თქვენს ხელში ვერ ვიტარდება ეს ფეხბურთი უკვე წლებიააა და გადადით გვერდზე და მოვა ის ვინც თქვენზე უკეთ შეასრულებს სამუშაოს... წადი წადიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი...
dato-batumeli
12:45 21-12-2013
0
"სვარკას" რომელი ტელევიზია იყიდის? მოუმატეთ თამაშის ტემპს და უცხოელებიც იყიდიან!!!!
guja_kakhadze
13:00 21-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული