გურამ კაშია: ჩემი ოცნებაა, რომ თბილისის "დინამოს" მწვრთნელი გავხდე

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, არნემის "ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია შვებულებას თბილისში ატარებს და რედაქციაშიც ვისტუმრეთ.

კაშია უკვე სერიოზული ფეხბურთელია. მისი "ვიტესი" ამ დროისთვის ჰოლანდიაში ერთ-ერთი საუკეთესოა, ერედივიზიონში პირველ-მეორე ადგილს იყოფს ამსტერდამის "აიაქსთან", თავად კაშია კი, ალბათ, ამ წლის გამორჩეული ქართველი ფეხბურთელია...

მას სხვადასხვა თემაზე ჩამოვუგდეთ სიტყვა. "ვიტესზე", ჰოლანდიელ მწვრთნელებზე, საქართველოს ნაკრებზე და იმაზეც, თუ რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ.
მაშ ასე, "ლელოს წეეკ-ის" კითხვებს გურამ კაშია პასუხობს.

- "ვიტესი" ჰოლანდიის მოწინავე გუნდებს უკვე ტოლ-სწორად ეთამაშება, რაც, ალბათ, იმითაც არის განპირობებული,
რომ ფინანსური შესაძლებლობებით ჰოლანდიის სახელიან კლუბებს გაუთანაბრდა...

- ვფიქრობ, ასეა, ამ დროისთვის "ვიტესსა" და ცნობილ ჰოლანდიურ კლუბებს შორის დიდი სხვაობა არ უნდა იყოს, ფინანსები ის საფუძველია, საიდანაც იწყება გუნდის შენება.

"აიაქსი", "ფეიენოორდი", "ეინდჰოვენი" - ამ გუნდებს "ვიტესი" ტიტულებით ჯერ ვერ გაუთანაბრდება, დიდი ხნის წინათ ჰოლანდიის თასის ფინალში აქვს ნათამაშები, სხვა წარმატებით თავს ჯერ ვერ მოიწონებს. ისე კი, "ვიტესი" საკმაოდ ძველი კლუბია.

- მერაბ ჟორდანია აღარ არის "ვიტესის" მფლობელი და ხელმძღვანელი. რა მოხდა? რამ გამოიწვია ცვლილებები "ვიტესის" ხელმძღვანელობაში?
- ეს იყო ბიზნეს-გადაადგილებები. ჟორდანია გველაპარაკა მთელ გუნდს, ის "ვიტესში" რჩება, მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა, ფეხბურთელებს ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ შეგვხვდა და ყველაფერი აგვიხსნა - ფინანსური ფეარ-პლეის მხრივ შეექმნა პრობლემები და ეს გადაადგილებებიც ამან გამოიწვია.

რა ხდება "ვიტესის" საბჭოში, ამაში ფეხბურთელები ჩახედულები არ ვართ. როცა მე რაიმე საკითხის გარკვევა მჭირდება, ისევ ჟორდანიას ვუკავშირდები.

- ჰოლანდიური მასმედია რას ამბობს "ვიტესზე"? რა იმიჯი აქვს თქვენს გუნდს?
- "ვიტესზე" ყველა იმას ამბობს - მიმზიდველ, აგრესიულ ფეხბურთს თამაშობსო. მოკლედ, ჩვენ მიმართ ყველა პოზიტიურადაა განწყობილი. მას შემდეგ, რაც "ვიტესი" ჰოლანდიის ერთ-ერთი მოწინავე გუნდი გახდა, ჩვენს ვარჯიშებზე 4-5 კამერით მოდიან ტელეჟურნალისტები.

მედიის მხრიდან ყურადღება ძალიან გაიზარდა, სპორტულ ამბებს რომ გადმოსცემენ, ხშირად "ვიტესის" თემით იწყება.

- რა არის გუნდის მიზანი მიმდინარე სეზონში?
- სეზონის წინ, მიზანი ჰოლანდიის ხუთ საუკეთესო გუნდში მოხვედრა იყო და ეს მიზანი არ შეცვლილა - ევროსაგზური უნდა მოვიპოვოთ.

- ამ ცოტა ხნის წინათ, "ვიტესის" მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ბოშმა მკვეთრი, კრიტიკული განცხადებები გააკეთა და ისე გამოჩნდა, რომ მისი ადრესატი გურამ კაშია იყო...
- ჩემპიონატში "ბრედას" 3:2 რომ მოვუგეთ, მერე თასზე "როდასთან" 1:3 დავმარცხდით. მიმაჩნია, ეს იმიტომ მოხდა, რომ ძალები ვერ აღვიდგინეთ და ჩემი პოზიცია არც დამიმალავს.

"როდას" ფეხბურთელები უფრო აგრესიულად თამაშობდნენ, ერთი ნაბიჯით ყველგან გვასწრებდნენ.

ჟურნალისტმა მწვრთნელს კითხვა დაუსვა, კვირაში სამი თამაში ზედმეტი ხომ არ არის ფეხბურთელებისთვისო და მწვრთნელმაც უპასუხა, ვინც კვირაში სამ თამაშს ვერ ითამაშებს, სჯობს სხვა პროფესია აირჩიოსო.

ჩემთვის კვირაში სამი მატჩი პრობლემას არ წარმოადგენს, ხალისითაც ვითამაშებ. მწვრთნელი კი ამ ყველაფერს ტელეეთერში ამბობდა, ეს იყო შოუ, სადაც ცდილობენ, რომ უფრო ნეგატივი და სკანდალი წარმოაჩინონ.

მოკლედ, ბოშს ეს კონკრეტულად ჩემზე არ უთქვამს და სამწუხაროა, რომ ზოგმა მწვრთნელის ნათქვამს სხვა ინტერპრეტაცია მისცა.

ვიცი, რომ ინტერნეტსივრცეში ამას რეაქცია მოჰყვა, ბევრმა ქართველმა გულშემატკივარმა თანადგომა გამომიცხადა და დიდი მადლობა მათ ამისთვის.

ამ შოუს მეორე დღეს მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა თამაშზე ვილაპარაკეთ, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. გუნდის კაპიტანი ვარ და მწვრთნელი ჩემს აზრს ყურადღებით ისმენს, "ვიტესში" ჩემი სიტყვა მეთქმის.

- "ვიტესის" სხვა ქართველებს რატომ უჭირთ გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება?
- ვაკო ყაზაიშვილმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, მის თამაშს კარგი გამოხმაურება მოჰყვა. მერე გვქონდა მატჩი "ფეიენოორდთან", რთული შეხვედრა გამოდგა, ბევრმა ფეხბურთელმა ვერ ითამაშა კარგად და მწვრთნელმაც შეცვალა შემადგენლობა.

ყაზაიშვილს და დევ პროპერს ზურგს საყრდენი ნახევარმცველი თეო იანსენი უმაგრებდა, ასე ვთქვათ, ათამაშებდა მათ და როცა იანსენმა ტრავმა მიიღო, ბალანსიც დაირღვა.

ყაზაიშვილი შემქმნელი ფეხბურთელია, დაცვითი ფუნქციები მისთვის ზედგამოჭრილი არ არის და ამ ფაზაში მას იანსენი უჭერდა მხარს. იანსენი მარკო ვეჟინოვიჩმა შეცვალა, ვინც უფრო შემქნელია.

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ყაზაიშვილის ნაცვლად კრისტიან აცუ შემოვიდა, რომელიც მარცხენა გარემარბია და დაცვითი ფუნქციების შესრულებაც შეუძლია.

ამის შემდეგ "ვიტესს" წარმატებული სერია ჰქონდა და მწვრთნელმაც აღარ შეცვალა შემადგენლობა.

რაც შეეხება გიორგი ჭანტურიას, მანაც ძირითად შემადგენლობაში დაიწყო სეზონი, მაგრამ მერე დისკვალიფიკაციის გამო ოთხი მატჩის გამოტოვებამ მოუწია და ამის მერე ძნელია თერთმეტ კაცში დაბრუნება, მით უმეტეს, რომ მისმა შემცვლელმა ლუკას პიაზონმა უკვე 11 გოლის გატანა მოახერხა...

ჭანტურია ჯონათან რაის "ვიტესიდან" წასვლის შემდეგ მეცხრე ნომრად, ცენტრფორვარდად მოიაზრებოდა, რაც მისი პოზიცია არ არის, როგორც ჩემი პოზიცია არ არის მარჯვენა მცველად თუ საყრდენ ნახევარმცველად თამაში.

- ნაკრებში ბოლო დროს სწორედ საყრდენ ნახევარმცველად გათამაშებენ. ეროვნულ გუნდში ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი ხართ და გვერდს ვერ ავუვლით იმ დაძაბულ სიტუაციას, რაც შეიქმნა ფეხბურთელებსა და მწვრთნელს შორის. ამ ყველაფრის შემდეგ ჩნდება კითხვა: რა ხდება საქართველოს ნაკრებში, მართლა ასეთი საშინელი სიტუაციაა?
- ჩემთვის არ არის ნორმალური ის, როცა ტელევიზიით თუ გაზეთის საშუალებით ხდება ასეთ თემებზე ლაპარაკი. აქ ჩემი მხრიდან ჩარევა არ ღირს, დიდი პიროვნებები არიან, ფეხბურთში ჩემზე მეტი უნახავთ და თავიანთი საქმის თვითონ იციან.

- თქვენ არ გქონიათ პრობლემები ნაკრების მწვრთნელთან?
- პირადად მე არანაირი პრობლემა არ მქონია.

- რითი არიან გამორჩეულები ჰოლანდიელი მწვრთნელები? ფაქტია, ჰოლანდიური სამწვრთნელო სკოლა ერთ-ერთი საუკეთესოა...
- ჰოლანდიაში ბევრი კარგი მწვრთნელია, საერთო კი მათ ის აქვთ, რომ თამაშის სისტემაზე საგულდაგულოდ მუშაობენ, ისე წვრთნიან ფეხბურთელს, მოედანზე რომ გახვალ, იცი, რა უნდა აკეთო მთელი 90 წუთის განმავლობაში.

ნებისმიერ თამაშამდე სამი დღით ადრე იწყება მეცადინეობა მეტოქე გუნდის სქემაზე და იმაზე, ჩვენ რა უნდა დავუპირისპიროთ.

ჰოლანდიელ მწვრთნელებს ყველა გუნდსა და ყველა ფეხბურთელზე ამომწურავი ინფორმაცია აქვთ, ანალიზს ისე აკეთებენ, რომ არავის უჭირს მწვრთნელის დავალების გაგება.

მთელი კვირის სავარჯიშო ციკლი გათვლილია. იცი, როდის იქნება დასვენების დღე, მწვრთნელთან ათანხმებ, როდის შეგიძლია ივარჯიშო დღეში ორჯერ... ერთი სიტყვით, სასიამოვნო პროცესში ხარ.

- ამ ცოტა ხნის წინათ, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჰოლანდიასთან 0:6 წააგო. მართლა ასეთი განსხვავებაა ჩვენსა და ჰოლანდიელ ახალგაზრდებს შორის?
- სხვაობა ისეთი არ არის, როგორც ამ ანგარიშიდან ჩანს. იმ შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დაუშვა.

ჰოლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებში კი ბევრია ისეთი, ვინც ერედივიზიონის მოწინავე გუნდის წამყვანი ფეხბურთელია.

- საქართველოს ეროვნული ნაკრების საშინაო მატჩებზე მაყურებელმა იკლო. საფრანგეთთან შეხვედრისას სტადიონი ვერ გაივსო, რაც, ალბათ, იმის ბრალია, რომ ქომაგებს საყვარელი გუნდის კარგი შედეგი და მიმზიდველი, შემტევი თამაში სიამოვნებთ...
- მე ყველაზე უფრო მოგება მსიამოვნებს. იმ სისტემით თამაში, როგორითაც ჩვენი ნაკრები თამაშობს, ჩემთვის რთულია.

მცველი კი ვარ, მაგრამ დაცვით ფეხბურთს ვერ შევეჩვიე. ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ ჩვენთან ფეხბურთის მიმართ ინტერესი ეცემა. ეს ყველაფერი, ალბათ, ჩვენი ბრალია. შედეგი თუ იქნა, ინტერესიც გაიზრდება.

- 26 წლის ხართ, თუმცა ზოგი აქედანვე ფიქრობს იმაზე, თუ რა გზა უნდა აირჩიოს ფეხბურთელობის შემდეგ...
- ალბერტ კაპელასი "ვიტესის" სამწვრთნელო შტაბში "ბარსელონას" აკადემიიდან მოვიდა, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც იყო. მასთან ძალიან კარგი, საქმიანი ურთიერთობა მაქვს, ვუჯერებ მის გადაწყვეტილებებს.

კაპელასი სემინარებსაც ატარებს ჰოლანდიელი მწვრთნელებისთვის და მას მეც ვესწრები ხოლმე, ჩანაწერებს ვაკეთებ. მწვრთნელობა მაინტერესებს და ჯობია, რომ ამ საქმეს აქედანვე მივხედო. ჩემი ოცნებაა, რომ თბილისის "დინამოს" მწვრთნელი გავხდე.

ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week
მკითხველის კომენტარები / 2 /
კაშო, კაცი ხარ! დინამოს და საქართველოს სიამაყე!
FCDT
20:03 06-01-2014
0
რა მოსაწევია ჰოლანდიაში აზრზე ხარ?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული