Football Coach World Ranking-ი საკმაოდ საინტერესოდ გვეჩვენა და გადავწყვიტეთ, ის თქვენთვის გაგვეცნო.
მწვრთნელები საკლუბო რეიტინგში ქულებს ყოველკვირეულად აგროვებენ, მსოფლიოს 40 მოწინავე ჩემპიონატში და თასზე მათი გუნდების ასპარეზობის შესაბამისად. მოქმედებს ე.წ. 52-კვირიანი რეიტინგ-სისტემა, დაახლოებით ისეთი, როგორიც თანამედროვე ჩოგბურთშია.
2013 წლის საბოლოო რეიტინგის მიხედვით, დღეისათვის ყველაზე ძლიერი საკლუბო მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა (პორტუგალია, "ჩელსი").
"განსაკუთრებულს" 15 190 ქულა აქვს. ნომერ მეორე მწვრთნელია დიეგო სიმეონე (არგენტინა, "ატლეტიკო")
ჩამოვთვლით ათეულის სხვა წევრებსაც: 4. ხერარდო მარტინო (არგენტინა, "ბარსელონა"); 5. არსენ ვენგერი (საფრანგეთი, "არსენალი"); 6. იურგენ კლოპი (გერმანია, "დორტმუნდი"), 7. კარლო ანჩელოტი (იტალია, "რეალი"), 8. ჟორჟე ჟესუსი (პორტუგალია, "ბენფიკა"), 9. კუკა (ბრაზილია, "ატლეტიკო მინეირო") და 10. მანუელ პელეგრინი (ჩილე, "მანჩესტერ სიტი").
ალბათ გაგიკვირდებათ, რატომ არ არის სიაში ხოსეპ გვარდიოლა, თუმცა ყველაფერი ცხადი გახდება მას მერე, რაც გავიხსენებთ, რომ ქულების დარიცხვა 52-კვირიანი ციკლით ხდება, პეპი კი 2013 წლის ნახევარს უქმობდა.
მიუხედავად ამისა, ესპანელი რეიტინგში მე-16 ადგილზეა, მისი "ბაიერნი", უბრალოდ, დიდებულად თამაშობს.
შოთა და სხვები
ქართველ გულშემატკივრებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართველ მწვრთნელთა რეიტინგები აინტერესებს. რეიტინგში ხუთი ქართველი სპეციალისტია შესული, აქედან სამი საზღვარგარეთ მოღვაწეობს, ერთი უკვე აღარ მუშაობს და მხოლოდ ერთი წარმოადგენს უმაღლეს ლიგას.
მაშ ასე, ქართველ საკლუბო მწვრთნელებში საუკეთესო შოთა არველაძეა, "ქასიმფაშას" თავკაცს 2 443 ქულა აქვს და მსოფლიოში 239-ე ადგილზეა.
671 ქულით 730-ე ადგილზეა გორის "დილას" ყოფილი თავკაცი გიორგი დევდარიანი, რომელიც ახლა პროფესიულ კლუბს აღარ ხელმძღვანელობს.
339 ქულით 928-ე ადგილზეა კახაბერ ცხადაძე (ბაქოს "ინტერი"), 300 ქულით 958-ეა თამაზ პერტია (რიგის "სკონტო"), სოსო ფრუიძეს (საჩხერის "ჩიხურა") 50 ქულა აქვს და ის რეიტინგში 1 271-ე ადგილზეა.
ბუნებრივია, საქართველოს ჩემპიონატი იმ 40 საუკეთესო ჩემპიონატის კატეგორიაში არ მოხვდა, რომელთაც დაწვრილებით ითვლიან და საქართველოში მოღვაწე მწვრთნელებს ქულები მხოლოდ ევროთასებზე ასპარეზობიდან აქვთ დაგროვებული.
დელ ბოსკე და ქეცბაია
რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებთა მწვრთნელებს, აქ დათვლის სისტემა 40-თვიანი ციკლით განისაზღვრება. ეს ბუნებრივია - სანაკრებო მატჩების ინტენსივობა გაცილებით ნაკლებია.
დღეისათვის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელი ვისენტე დელ ბოსკეა (ესპანეთი) - 25 188 ქულა. მეორე ადგილზეა ბუნდესნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი - 21 422, მესამეზე ურუგვაის ნაკრების მწვრთნელი ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესი - 20 482 ქულა.
საქართველოს ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია 4 186 ქულით 76-ე პოზიციაზეა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ნაკრები რეიტინგ-ლისტში ასეულს მიღმაა, გუნდთან შესაბამისობაში ქეცბაია უკეთესი მწვრთნელი გამოდის...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"