32 წლის თავდამსხმელს ახლა არც კლუბში ულხინს: იანვრის დასაწყისში რუსეთის პირველი დივიზიონის ბინადარმა ნალჩიკის "სპარტაკმა", რომლის ღირსებასაც დავით სირაძის გარდა, გუჯა რუხაიაც იცავს, თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და დაზუსტებით ჯერაც უცნობია, ჩაამთავრებს თუ არა სეზონს. დავით სირაძეს ნალჩიკში შევეხმიანეთ და კლუბის გარდა, საქართველოს ნაკრებზეც ველაპარაკეთ.
- გახსოვს კი, რომელ პოზიციაზე თამაშობდი ნაკრებში? დიდი
- ნაკრებიდან ასე უსიტყვოდ ჩამოშორებამ ძალიან მატკინა გული. არადა, ნაკრებში ჩემს გასაკეთებელს ყოველთვის ვაკეთებდი, შედეგიც მქონდა. ქეცბაიასთან ნაჩხუბარი რომ ვყოფილიყავი ან გამოძახება არ დამემსახურებინა, არაფერს ვიტყოდი, მაგრამ... თემურის დანიშვნის შემდეგ ოთხი ბურთი გავიტანე; როცა მათამაშებდა, სულ გოლები გამქონდა და მეტი რა უნდა გამეკეთებინა?! თავადაც ფეხბურთელი იყო და არ ეწყინებოდა, ასე რომ მოჰქცეოდნენ? ხმა არავის ამოუღია, ჟურნალისტებს მაინც ხომ უნდა ეკითხათ მიზეზი?
- ყენია, გოგუა ან სირაძე მადრიდის "რეალში" თამაშობენ და ჩვენ მაინც არ ვიძახებთო?!
- რა შუაშია "რეალში" თამაში? გამოდის, ამიტომ არ მიწვევდნენ, რუსეთის პირველ ლიგაში რომ ვთამაშობ? ნაკრებში გოლები რომ გამქონდა, კლუბში ბომბარდირი ვიყავი თუ მაშინ ნალჩიკის "სპარტაკში" არ ვთამაშობდი?! კლუბში რომ არ ათამაშებენ, ნაკრებში ისეთ ფეხბურთელებს იწვევენ ხოლმე, მე კი სულ ვთამაშობ და ფორმაშიც ვარ. ქეცბაიას ხელმძღვანელობით პირველ სეზონში ოთხი გოლი შევაგდე, ბოლო შესარჩევში კი ნაკრებმა მხოლოდ სამი ბურთი გაიტანა! ჩემი კლუბი პრემიერლიგიდან რომ გავარდა, ამის გამო თუ არ მიძახებს, მითხრას... როცა შევხვდები, ნაკრების მწვრთნელს პირადადაც ვეტყვი, რატომ ვარ ნაწყენი. ტელეფონით ხომ არ დავუწყებ ახსნას? ნაკრებში უგულოდ არასდროს მითამაშია, არც ჩამოსვლაზე მითქვამს უარი, მაგრამ როგორც გავიგე, სხვაგვარად ფიქრობს...
- რას გულისხმობ?
- თემურს პოლონეთთან ამხანაგური მატჩის შემდეგ უთქვამს, სირაძემ კლუბში თამაში მოიმიზეზა, ნაკრებში არ ჩამოვიდა და არც "სპარტაკში" უთამაშიაო! არადა, ფედერაციას ვაცნობე, სანკტ-პეტერბურგში ოფიციალური მატჩი მაქვს და ამხანაგურ შეხვედრაზე ვერ ჩამოვალ-მეთქი. ეს ამბავი ქეცბაიამდე თუ არ მიიტანეს, არ ვიცი... როგორც ჩანს, ჩემს თამაშებს არც ადევნებდა თვალს, თორემ "ზენიტთან" მაშინ მთელი მატჩი ვითამაშე! ხორვატიასთან თამაშის დროს კი თურმე მწვრთნელისთვის მითქვამს, გამომცვალე, აღარ შემიძლია-მეთქი... ძლივს ძირითად შემადგენლობაში დამაყენა, საგოლე პასი გავაკეთე და ასეთ რამეს როგორ ვეტყოდი?! იმის ღირსი მაინც არა ვარ, არგამოძახების მიზეზი მითხრან? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, გოლები რომ გამქონდა, იმიტომ აღარ მიძახებს... ამის მიუხედავად, იმედს არ ვკარგავ, რომ კიდევ მექნება საქართველოს ნაკრებში თამაშის შანსი!
- ხომ იცი, როცა ამ ინტერვიუს წაიკითხავენ, ბევრი იტყვის, რაღა დროს სირაძის ნაკრებია, 32 წლის არის და ნალჩიკში თამაშობსო...
- ნაკრებში რომ ვთამაშობდი და გოლები გამქონდა, მაშინ კარგი ვიყავი, ახლა კი "რაღა დროს სირაძეა"?! რა უნდა ვთქვა, ყველას თავისი აზრი აქვს... დამსახურებული ფეხბურთელები ისე გაუშვეს ნაკრებიდან, მიზეზიც არ აუხსნიათ. ქეცბაიას ერთი სიტყვა ეთქვა, გუნდის გაახალგაზრდავებას ვიწყებთო და ვერ გავუგებდი?! ხელს ჩამოვართმევდი, წამოვიდოდი და აღარ დაიწყებოდა ინტერვიუებითა და სატელევიზიო ეთერით სიტყვა-პასუხი. ყველას გვეცოდინებოდა, რომ ნაკრებს ასეთი სტრატეგია აქვს და გაუგებარ სიტუაციაში აღარ ვიქნებოდით.
მინდა, საქართველოს ნაკრებს წარმატება ვუსურვო. ვისურვებდი, საქართველოს ჩემპიონატის დონე ისე ამაღლებულიყოს, უკეთესი პირობების გამო რუსეთში გადახვეწილი ფეხბურთელები საქართველოში დაბრუნებულიყვნენ, ეროვნული ჩემპიონატი გაეძლიერებინოთ და კარიერაც სამშობლოში დაესრულებინოთ!
იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
რატი შელეგია
kvirispalitra.ge