მორჩა, სახელმწიფო თემურ ქეცბაიას ხელფასს აღარ გადაუხდის!

AutoSharing Option
3 თებერვალს, საღამოს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საინტერესო ამბავი გავრცელდა - თემურ ქეცბაიასა და მისი შტაბის ხელფასს სახელმწიფო აღარ გადაიხდის.

არსებული ინფორმაციით, ეს თანხა 2,52 მილიონ ლარს შეადგენს.

ამ ინფორმაციულ ნაკადში ასეთი ხაზი დომინირებდა - ქეცბაია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე იმუშავებს, მაგრამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მწვრთნელს ანაზღაურებას ეს უკანასკნელი გადაუხდის.

ხოლო, წინასწარი ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის მოსახმარი თანხა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე
კლუბებს დაურიგდებათ.

შეუნარჩუნდება ქეცბაიას ხელფასი თუ დათანხმდა შემცირებას? ამ კითხვით ფედერაციის პრესატაშე ოთარ გიორგაძეს მივმართეთ.

"ფეხბურთის ფედერაცია თემურ ქეცბაიას ხელფასს 2015 წლის ბოლომდე გადაუხდის. რაც შეეხება იმას, შეუმცირდება თუ არა მთავარ მწვრთნელს ანაზღაურება, ამაზე განცხადება მოგვიანებით გაკეთდება"
, - გვითხრა გიორგაძემ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ეკა კვიტაშვილმა კი მომხდარი სხვაგვარად ახსნა:

"ფეხბურთის ფედერაციამ რამდენჯერმე მოგვწერა წერილი, რომ სამინისტროს გადაეხადა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელფასი. ამასთან დაკავშირებით, ფედერაციას მივწერეთ ოფიციალური პასუხი, რომ სამინისტროს მიუღებლად მიაჩნია მწვრთნელისთვის მაღალი ანაზღაურების გადახდა, მით უფრო - ეროვნული ნაკრების ასეთი შედეგების ფონზე.

რეკომენდაცია იყო, ხომ არ აჯობებდა, ეს თანხა მოხმარებოდა ასაკობრივი ნაკრებების მომზადებას, ბავშვთა ფეხბურთს, რეგიონებს, ანუ ფეხბურთის საფუძვლების გამყარებას. ცხადია, საჭირო იყო დაფინანსების დეტალური გაწერა, მაგრამ ისე არა, როგორც ადრე ხდებოდა.

ფედერაცია რომ ითხოვს მწვრთნელის ხელფასს, ეს სახელმწიფოს კუთვნილი სახსრებია, სამინისტრო კი ვალდებულია, ის აზრიანად და მიზანმიმართულად განკარგოს.

ამ მიმოწერის შემდეგ, 4 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ფეხბურთის ფედერაციამ თავად გადაწყვიტა, ნაკრების მწვრთნელს ხელფასი აუნაზღაუროს, ხოლო მისთვის განკუთვნილი სახსრები ეროვნულ ჩემპიონატს მოახმაროს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ქეტსბაის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქ, მაგრამ ამხელა ხელფასი ნამდვილად არ ხვდება იმ სამუშაოსთვის რაც გაწია
0
მაგას რაც აღებული აქვს ისიც უნდა მოატანინო.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული