უცვლელად: ყიფიანის წერილი სიჭინავასადმი ქეცბაიას ხელფასზე

AutoSharing Option
3 თებერვალს, საღამოს, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, საინტერესო ამბავი გავრცელდა - თემურ ქეცბაიასა და მისი შტაბის ხელფასს სახელმწიფო აღარ გადაიხდის.

ქეცბაია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე იმუშავებს, მაგრამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, მწვრთნელს ანაზღაურებას ეს უკანასკნელი გადაუხდის.

ხოლო, წინასწარი ინფორმაციით, სახელმწიფოს მიერ ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბისთვის მოსახმარი თანხა საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე კლუბებს დაურიგდებათ.

აღნიშნულ ინფორმაციასთან
დაკავშირებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს წერილს, რომელიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ნაკრების მწვრთნელის ხელფასის მოთხოვნის საპასუხოდ გაიგზავნა.

გთავაზობთ წერილს უცვლელად:

"საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მედიასაშუალებებით სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა.

ვითვალისწინებთ საზოგადოების დიდ ინტერესს და ვაქვეყნებთ წერილს, რომელიც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ნაკრების მწვრთნელის ხელფასის მოთხოვნის საპასუხოდ გაიგზავნა.


"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბატონ დომენტი სიჭინავას

ბატონო დომენტი,

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ განიხილა მიმდინარე წლის 17 იანვრის #03/15 წერილი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან გაფორმებული ხელშეკრულებით 2014 წლის იანვრის თვეში კუთვნილი თანხის (220 975 ლარი) მოთხოვნის თაობაზე.

კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ ჩვენ შორის შემდგარი არაერთი შეხვედრის დროს გაჟღერებულ იქნა სახელმწიფოს პოზიცია, მიმდინარე ეტაპზე ეროვნული ნაკრებისთვის მაღალანაზღაურებადი მწვრთნელის მიუღებლობის შესახებ; ასევე არაერთხელ დაისვა საკითხი იმის თაობაზე, რომ სფფ-მ შეასრულოს მთავარ მწვრთნელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობა, შესაბამისმა ორგანომ შეაფასოს მთავარი მწვრთნელის საქმიანობა და მიღებულ იქნეს ობიექტური გადაწყვეტილება.

ჩვენთვის და საზოგადოებისთვის უცნობია, თუ როგორ აფასებს სფფ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საქმიანობას. კიდევ ერთხელ, ამჯერად წერილობით ვაფიქსირებთ სახელმწიფოს ხედვას იმის შესახებ, რომ არსებული შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ხელფასის ანაზღაურება არ უნდა იყოს წელიწადში 400 000 ლარზე მეტი.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიზანშეწონილია დაფინანსდეს U15 და ზედა ასაკობრივი ნაკრებები. ასევე გაურკვეველი და გაუგებარია, თუ რა კრიტერიუმით/პრიორიტეტით არის შერჩეული როგორც მწვრთნელთა (სხვადასხვა შემთხვევაში 3, 4 ან 5 მწვრთნელი) რაოდენობები ასაკობრივი ნაკრებების თვალსაზრისით, ასევე, მათი სახელფასო განაკვეთები.

აქედან გამომდინარე, გვაქვს საფუძველი დავასკვნათ, რომ ადგილი აქვს სუბიექტურ და უსისტემო მიდგომას საკითხისადმი. ეს კი მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში, მით უფრო, როდესაც საკითხი საბიუჯეტო თანხების ხარჯვას ეხება.

გვინდა შეგახსენოთ, რომ ფეხბურთში, ისევე, როგორც სპორტის ნებისმიერ სახეობაში, მწვრთნელების წარმატება მათ სპორტულ შედეგზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, სამინისტროს მიერ შემუშავებული და მიღებული იქნა "სპორტსმენთა და მწვრთნელთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა", რომელიც შედეგზე ორიენტირებული, წარმატებული მწვრთნელებისა და სპორტსმენების დამატებით ფინანსურ წახალისებას გულისხმობს.

შესაბამისად, არცერთი წარმატებული ნაბიჯი თუ მიღწევა სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების მიღმა არ რჩება და მეტი მოტივაციის საფუძველია.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების თქვენეულ გაწერაში არაფერია ნათქვამი სფფ-ის პოლიტიკის შესახებ რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთის განვითარების თვალსაზრისითაც, იმ დროს, როდესაც სტატისტიკურად, ფეხბურთელთა შევსება ძირითად შემთხვევებში რეგიონებიდან მოდიოდა და სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ მიმართულებით უნდა იყოს აქცენტირებული.

სფფ-ს მიერ ამ კუთხით დაგეგმილი და განსახორციელებელი ღონისძიებები პრიორიტეტებში არ ზის.

მიზანშეწონილია, სახელმწიფოს სახსრებიდან გარკვეული ღონისძიებები დაგეგმილი და განხორციელებული იქნეს რეგიონებში, რაც ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებას რეგიონებში და გააიოლებს სელექციას, ხოლო მეორე მხრივ, რეგიონული ფედერაციები მიიღებენ გარკვეულ ფინანსურ რესურსს, გააუმჯობესებენ მენეჯმენტს და შეძლებენ დაიბრუნონ ესოდენ მნიშვნელოვანი ფუნქცია.

რაც შეეხება უმაღლესი ლიგის კლუბების პრობლემას, სამწუხაროდ, ვერც აქ დავინახეთ თქვენი მიზანმიმართული ნაბიჯები პრობლემის მოგვარების მიზნით, გარდა განცხადებებისა, სადაც ხელს სახელმწიფოსკენ იშვერთ.

მიგვაჩნია, რომ არსებული დაფინანსების პირობებშიც შესაძლებელია უმაღლესი ლიგის კლუბების დახმარება (თითოეული კლუბი - 200 000 X 12 = 2 400 000 ლარი), თუ თანხები რაციონალურად იქნება გადანაწილებული. არავის აქვს ილუზია იმისა, რომ ეს თანხა პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ქმედითი ნაბიჯი გადადგმული სახელმწიფოს მხრიდან და კარგი ადმინისტრირების პირობებში დღის წესრიგში დააყენებს ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი პროგრამის დამტკიცებას, რომლის წარმოდგენაც არაერთხელ გთხოვეთ და დღემდე ამაოდ ველოდებით.

გთხოვთ, გულდასმით მოეკიდოთ წერილში აღნიშნულ საკითხებს, საბიუჯეტო სახსრები გადაანაწილოთ რაციონალურად და გაატაროთ მწყობრი პოლიტიკა ფეხბურთის განვითარებისთვის.

მინისტრი ლევან ყიფიანი"


ასევე იხილეთ:
მორჩა, სახელმწიფო თემურ ქეცბაიას ხელფასს აღარ გადაუხდის!
მკითხველის კომენტარები / 20 /
ჰა *** სიჭინავას და არველაძეს.
levani
13:57 04-02-2014
0
მოგენატრებათ ქეცბაია! კიფიანი აზრზე არაა!
David
14:56 04-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული