უეფას ოფიციალურ საიტს შოტლანდიის ნაკრების თავკაცი გორდონ სტრაქანი (ასე გამოითქმის ეს გვარი შოტლანდიურად, და არა - სტრაჩანი) ესაუბრა:
"ჯგუფში, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გერმანიაა, ყოველთვის ამაღელვებელია თამაში. ახლახან ირლანდიელთა თავკაც მარტინ ონილს შევხვდი და ისიც აღელვებულია, მაგრამ ჩვენ ვიბრძოლებთ. ჩვენ მხოლოდ ახლა გამოვიყურებით მეგობრულად, თორემ მოედანზე სულ სხვანაირად იქნება.
უახლოესი ორი წლის განმავლობაში როგორი სიტუაცია იქნება,
წინ ძალიან მძიმე თამაშები გველის, ფეხბურთელებმა წინასწარ უნდა გააანალიზონ ეს. მათთვის სერიოზული ტესტები იწყება. ჩემი აზრით, თუკი საუკეთესო დონეზე ვითამაშებთ, აუცილებლად მოვხვდებით საფრანგეთში, მაგრამ ასევე ფიქრობენ ირლანდიაში, პოლონეთსა და საქართველოში".
"დეილი ტელეგრაფი" წერს, რომ საქართველოს ნაკრები მე-2 და მე-3 ადგილებისთვის ბრძოლაში სერიოზულ კონკურენტად არ უნდა განიხილონ, რადგან თემურ ქეცბაიას ნაკრებმა ბოლო 8 შეხვედრიდან 7 წააგო.
გორდონ სტრაქანი: ქართველებს ახალი ქინქლაძეები არა ჰყავთ, მაგრამ...
შოტლანდიელთა თავკაცმა გორდონ სტრაქანმა Emag-თან ინტერვიუში საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა:
"საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კარგად იცის ბრიტანული ფეხბურთი. მართალია, ქართველებს ახლა გიორგი ქინქლაძის დონის ფეხბურთელები აღარ ჰყავთ, მაგრამ ეს ის ერია, რომელსაც მუდამ ეზრდება ტექნიკური ფეხბურთელების თაობები".
მარტინ ონილი: მეხუთე კალათიდან ყველაზე ძნელი მეტოქე სწორედ საქართველო იყო...
უეფას ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში ირლანდიის ნაკრების ჩრდილოირლანდიელმა თავკაცმა მარტინ ონილმა შემდეგი განაცხადა:
"ჯგუფი ძალიან რთულია, თუმცა, ამავე დროს, ძალიან საინტერესოც. შოტლანდიასთან შეხვედრები მეტად ამაღელვებელი იქნება და ვფიქრობ, გორდონ სტრაქანიც ჩემს აზრზეა. ალბათ, უფრო სხვა, ნაკლებად ძლიერ ჯგუფში თამაში გვაწყობდა, მაგრამ რეალობას უნდა შევეგუოთ და ვიბრძოლოთ...
გერმანია ჯგუფის ფავორიტია, თუმცა მასაც დიდი ბრძოლები გადახდება. პოზიტიურად თუ მივუდგებით, ისეთი ჯგუფია (გერმანიის გარდა), სადაც გუნდებს ერთმანეთისთვის ქულების ართმევა შეუძლიათ. ასე რომ, ბოლომდე ძალზე საინტერესო ბრძოლები იქნება".
ონილმა "ბელფასტ ტელეგრაფს" უფრო ვრცელი ინტერვიუ მისცა და იქვე უკვე საქართველოს ნაკრებზეც ილაპარაკა:
"როცა მეხუთე კალათიდან საქართველოს ნაკრები გხვდება, ანუ ყველაზე ძლიერი მეტოქე ამ კალათში, რწმუნდები, რომ წილისყრამ არ გაგიმართლა. მაგრამ მე მაწყობს, რადგან ეს ტონუსს არც ერთ შეხვედრაში არ დაგვაკარგვინებს", - განაცხადა ონილმა.
მაციეი ჟურავსკი: არ დაივიწყოთ საქართველო!
უეფას ოფიციალურ საიტთან საუბარში პოლონეთის ნაკრების თავკაცმა ადამ ნავალკამ თქვა:
"ეს არ იყო ჩემი ოცნების ჯგუფი. გერმანია ფავორიტია, მაგრამ დანარჩენ გუნდებს თანაბარი შანსები აქვთ. საინტერესოა, რომ სწორედ ამ გუნდებთან - შოტლანდიასთან და გერმანიასთან გვიწევს მალე ამხანაგური მატჩები. ირლანდიასთან კი რამდენიმე თვის წინ ვითამაშეთ.
ასე რომ, ამ გუნდებს კარგად გავიცნობთ. ახლა დროა, დავიწყოთ საკვალიფიკაციო ციკლისთვის მზადების ეტაპი".
"პოლანდ სოკერ ბლოგმა" ამოკრიბა პოლონურ მედიაში სპეციალისტთა გამონათქვამები, რომელთაგან ჩვენთვის საინტერესოს შემოგთავაზებთ.
შტეპან მაიევსკი (პოლონეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი):
"იმედია, გერმანია ჩვენს კონკურენტებს ქულებს დააკარგვინებს. ირლანდიის, შოტლანდიისა და საქართველოს დამარცხება შეგვიძლია. ვფიქრობ, გასვლის კარგი შანსი გვაქვს".
მაციეი ჟურავსკი (პოლონეთის ნაკრებისა და კრაკოვის "ვისლას" ყოფილი ფორვარდი):
"არ დავივიწყოთ საქართველოც. ეს გუნდი თავის მოედანზე ძალიან ძნელი დასამარცხებელია".
შეგახსენებთ, რომ 37 წლის ჟურავსკიმ კარიერა 2011 წელს დაასრულა. პოლონეთის ნაკრებში მან 72 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.
იოახიმ ლიოვი: ჩვენი ჯგუფი ძალზე საინტერესოა
D ჯგუფის ფავორიტის, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი ეტყობა, საქართველოს ნაკრებს სათვალავში არ იღებს:
"სპორტული თვალსაზრისით, ძალზე საინტერესო ჯგუფია. საფეხბურთო ატმოსფეროც შესანიშნავი იქნება. ბუნდესლიგაში ბევრი პოლონელი თამაშობს, ხოლო ირლანდიასა და შოტლანდიაში ყოველთვის საოცარი სიტუაციაა.
ჩვენ არ ვამტკიცებთ ამას, მაგრამ ყველა ამბობს, რომ გერმანია D ჯგუფის ფავორიტია. ჩვენი მიზანი ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის პირდაპირ მოპოვება იქნება. შოტლანდიელები და ირლანდიელები დინამიკურ ფეხბურთს თამაშობენ და მოედანზე თავს დებენ. ისინი არასოდეს ნებდებიან. სტუმრად ამ გუნდებთან თამაში ძალიან ძნელია.
გიბრალტარი დებიუტანტია და, სიმართლე გითხრათ, მის შესახებ არაფერი ვიცი".
დებიუტანტის თამამი განცხადება: გიბრალტარი პლეი-ოფს გეგმავს!
გიბრალტარი უეფას ახალი წევრია. ეს ნაკრები პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოში. მას ყველა უპირობო აუტსაიდერად მიიჩნევს, თუმცა სულ სხვა აზრისაა ნაკრების თავკაცი ალენ ბულა:
"ეს გახლავთ ისტორიული მომენტი გიბრალტარისთვის. არ ვაპირებ საკუთარი მიზნის შეცვლას, რომელიც წილისყრამდეც განვაცხადე - დიახ, ჩვენი მიზანია ევრო 2016-ის პლეი-ოფში მოხვედრა.
გიბრალტარი ამ ნანატრ დროს დიდი ხანი ელოდა. ოცნება აგვისრულდა. ახლა ჩვენ ევროპის საფეხბურთო ოჯახის სრულუფლებიანი წევრები ვართ. მეამაყება, რომ სწორედ ამ ისტორიულ მომენტში მიწევს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობა.
ძნელი ჯგუფი შეგვხვდა, მაგრამ ვიბრძოლებთ. ვფიქრობ, სლოვაკებთან მატჩის შემდეგ გიბრალტარის ნაკრებზე აზრი ყველამ შეიცვალა", - განაცხადა ბულამ.
შეგახსენებთ, რომ გიბრალტარის ნაკრებს მხოლოდ ერთი ოფიციალური ამხანაგური მატჩი აქვს გამართული - 0:0 სლოვაკეთის ნაკრებთან.
P.S. როგორც ხედავთ, გიბრალტარის ნაკრების თავკაცი ძალიან ამაყობს სლოვაკეთთან ნათამაშები ფრით. იმედია, ალენ ბულას ანალოგიური განწყობა არ ექნება ჩვენს გუნდთან შეხვედრების (ამა წლის 14 ოქტომბერს გიბრალტარი პორტუგალიაში გვიმასპინძლებს, 2015 წლის 8 ოქტომბერს კი აქეთ გვესტუმრება) შემდეგ.
ისე კი, სერიოზული სიფრთხილე გვმართებს. გადავხედოთ წარსულს - საქართველოს ნაკრებთან შეხვედრებში ხომ არაერთ მეტოქეს (ჩვენ რომ იოლი მოსაგები გვგონებია) გაულამაზებია თავისი ისტორია...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"