გთავაზობთ მორიგ ინტერვიუს ჩვენებურთან, რომელიც ამჯერად მას ბერლინის "ჰერტას" ოფიციალურმა საიტმა ჩამოართვა. ინტერვიუს ჩაწერისას ჯერ არ იყო ცნობილი, რომ კობიაშვილს ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელებდნენ, ჯერ მხოლოდ ნომინანტის სტატუსი ჰქონდა.
- 16-წლიან პროფესიულ კარიერაში გერმანიაში თქვენ 15 სხვადასხვა მწვრთნელი გამოიცვალეთ. მათ შორის იყვნენ დიდი სახელებიც: ფელიქს მაგათი, იუპ ჰაინკესი, ოტო რეჰაგელი...
- ყველა ჩემი მწვრთნელი განსხვავებული ტიპაჟის ადამიანი და სპეციალისტი იყო. თითოეულ მათგანს თავისი შეხედულებები ჰქონდა ფეხბურთზე, გუნდის მოწყობაზე. ეს ძალიან კარგია, რადგან 16 წელიწადში დიდი გამოცდილება მივიღე და ყოველი მწვრთნელისგან დიდი ცოდნა დავაგროვე. ბედნიერი ვარ, რომ მათი გზები ჩემს კარიერასთან გადაიჯაჭვა.
ახლაც რომ ვხვდები რომელიმე მათგანს, ბავშვივით მიხარია. ზოგიერთ მათგანთან ახლაც მაქვს სატელეფონო კავშირი და ერთმანეთს მოვიკითხავთ ხოლმე. შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ არც ერთ მათგანთან არ მქონია პრობლემა. ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ ისინიც ამ აზრზე არიან ჩემ შესახებ.
- თავად ბუნდესლიგაში გატარებული წლების მიუხედავად, სულ სამ კლუბში ითამაშეთ, ეს კი თანამედროვე ფეხბურთში არაჩვეულებრივი ამბავია. რატომ ხართ ხოლმე თქვენი კლუბების ერთგული დიდი ხნის განმავლობაში?
- კარიერის განმავლობაში ბევრი შეთავაზება არც მქონია. როცა კლუბს ვირჩევ, პირველ რიგში, მინდა თავი გავაიგივო ამა თუ იმ კლუბთან. ბოლომდე ვიხარჯებოდი გუნდისთვის და კლუბის ხელმძღვანელობაც კმაყოფილი იყო. ალბათ, "ჰერტაშიც" ასეა, რადგან უკვე მეოთხე წელია, აქ ვარ.
- ბუნდესლიგაში თამაშობდით "ფრაიბურგში", "შალკესა" და "ჰერტაში" - სამ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ კლუბში, გერმანიის სულ სხვადასხვა რეგიონში. როგორი ასოციაციები გრჩებათ თითოეულ მათგანთან?
- როცა 1998 წელს "ფრაიბურგში" მოვხვდი, იქ ძალიან მეგობრული გუნდი დამხვდა. ჩემი პროფესიული წინსვლისთვის იმ დროს ეს ძალზე მნიშვნელოვანი იყო. ის სიმძიმე, რაც მხრებზე გაწვება, უცბად გეხსნება, როცა მეგობრულ გარემოში ხვდები. მაშინაც კი, როცა წარუმატებელი სერია გვქონდა, სიმშვიდე და იდილია კლუბში არ ირღვეოდა.
"შალკეში" განსხვავებული სიტუაცია იყო. კლუბს სულ სხვა, უფრო მაღალი მიზნები და ამბიციები ჰქონდა. აქ, ბერლინში, საოცარი დრო გავატარე. "ჰერტასთან" ერთად დაცემაც და ფეხზე წამოდგომაც ერთად განვიცადე. ერთი წამითაც არ მინანია ჩემი გადაწყვეტილებები. "ჰერტაში" ვხედავ, როგორ გვიდგას მთელი ქალაქი ზურგში და ვამაყობ ამით. მიყვარს ამ დიდ გუნდში თამაში.
- რომელი იყო თქვენი კარიერის ყველაზე ლამაზი მომენტი?
- მე სიგიჟემდე მიყვარს ფეხბურთი და ყოველ თამაშს, ყოველ გამარჯვებას დიდი აღტაცებით ვხვდები. რა თქმა, ბუნდესლიგის საგზურის ორჯერ მოპოვება განსაკუთრებით კარგად მახსოვს.
- რა მოხდება 2014 წლის 30 ივნისის მერე, ბუცებს ლურსმანზე ჩამოჰკიდებთ? რა გეგმები გაქვთ, რჩებით ფეხბურთში?
- ამას ხშირად მეკითხებიან ბოლო დროს, თუმცა მე ყოველკვირეულად ვაკეთებ ფოკუსს "ჰერტას" თამაშებზე, ვტკბები ამით. ფეხბურთი მიყვარს და მის გარეშე თავი ვერ წარმომიდგენია. რაც უნდა მოხდეს, მე სპორტში დავრჩები.
- ფეხბურთიდან დარჩენილ დროს როგორ ანაწილებთ?
- ოჯახის კაცი ვარ, ამიტომ მიხარია ბავშვებთან ერთად გატარებული თითოეული საათი. ბერლინი ულამაზესი ქალაქია და აქ ბევრი ადგილია, სადაც შეიძლება წასვლა და დროის გატარება.
- ურჩევთ თქვენს ვაჟს პროფესიონალი ფეხბურთელის კარიერას?
- პირველ რიგში, მე მას კარგი განათლების მიღებას ვურჩევ. ბევრი მინახავს, რომელთაც კარიერას ყველაფერი შესწირეს და ვერც კარიერა აიწყეს. ჩემი შვილი თავად გადაწყვეტს, რა სურს ცხოვრებაში და რასაც ის ინებებს, იმით ვიქნები მეც ბედნიერი. თუ ფეხბურთელობას მოინდომებს, მეც გამიხარდება.
- თქვენ გახასიათებენ ზრდილ, მორცხვ ადამიანად. როგორია სინამდვილეში კობიაშვილი?
- დიახ, მართალია. მინდა ადამიანად დავრჩე და ვიყო რეალისტი. ინტერვიუების მიცემისასაც კი ვერ ვგრძნობ თავს კომფორტულად, თუნდაც ახლა. თუმცა კარგად ვიცი მედიის მნიშვნელოვანი როლი ფეხბურთში.
- ბაზაზე თქვენ უკვე ცალკე ოთახში ცხოვრობთ. ამბობენ, სითბო უყვარს და შეიძლება 30 გრადუსამდეც გაათბოს ოთახიო...
- რადგან მარტო ვარ, უკვე შემიძლია, ჩემი გემოვნების მიხედვით მოვიქცე.
- საქართველოზე გვსურს გკითხოთ: 100-ჯერ ითამაშეთ ნაკრებში, 3-ჯერ იყავით ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი. როგორია თანამედროვე ქართული ფეხბურთი და რას იტყვით ევრო 2016-ის კენჭისყრაზე, ჩვენ ხომ ერთ ჯგუფში მოვხვდით...
- ჩემი დიდი ოცნებაა, საქართველოს ნაკრებმა რომელიმე დიდ ტურნირში ითამაშოს. ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს დიდი წარმატება იქნება. ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, სადაც ევროპის საუკეთესო ნაკრებებია. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა ჩვენთვის ძნელი იქნება, თუმცა არა წარმოუდგენელი. ქართული ფეხბურთი ჩემს გულშია, მომავალში მინდა, მოვეხმარო ფედერაციას სტრუქტურის გამართვაში, გავუზიარო ჩემი გამოცდილება, რომელიც აქ დავაგროვე. ადრე თუ გვიან დავბრუნდები საქართველოში და ქართული ფეხბურთისთვის ვიღვაწებ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავიდეთ.
ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი ბუნდესლიგის 22-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელია