ნიკა ძალამიძე: პოლონელები თბილისში მოსაგებად მოდიან

AutoSharing Option
პოლონეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში "იაგელონიას" 22 წლის ნახევარმცველი ნიკა ძალამიძეც ემზადება. "ჯვაროსანთა" ბანაკში ის ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც პოლონეთში თამაშობს და, შესაბამისად, მეტოქეზე სხვაზე მეტი იცის.

ძალამიძე გულშემატკივარმა ზუგდიდის "ბაიადან" გაიცნო, სადაც აშკარად გამორჩეული იყო. მერე წავიდა მოსკოვის ცსკა-ში, ლოძის "ვიძევში" და აგერ, ახლა "იაგელონიაშია". პოლონური მედია აღიარებს, რომ ქვეყნის ჩემპიონატში ის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, თუმცა იმასაც წერენ, რომ ნიკა ისე სწრაფად ვერ პროგრესირებს, როგორც სასურველი იქნებოდა.

ძალამიძ
ეს პოლონეთში დავუკავშირდით. ცხადია, ჩვენი საუბრის დომინანტი თემა კარსმომდგარი სანაკრებო მატჩი იყო...

- ეს ჩემთვის დიდი ხნის ოცნების ასრულებას ჰგავს, - გვითხრა ძალამიძემ, - ორი წელია, საქართველოს ნაკრებში აღარ მითამაშია. სულ ქვეყნის პირველ გუნდში 4 მატჩი მომიგროვდა.

- რას ამბობენ პოლონეთში 14 ნოემბერს თბილისში გასამართავ შეხვედრაზე?
- პოლონელები თბილისში მოსაგებად მოდიან. აქ ძალიან ოპტიმისტური განწყობაა, მეტადრე მას მერე, რაც მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია დაამარცხეს. ცხადია, პოლონელთა მიზანი მეორე ადგილზე გასვლა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაა.

თუ ირლანდიამ შეძლო თბილისში მოგება, ეს ჩვენც შეგვიძლიაო, დაახლოებით ასეთი მიდგომა აქვთ პოლონელებს საქართველოსთან მატჩისადმი. ერთიცაა - პოლონური ფეხბურთი ახლა აღმავლობის გზაზეა. რომ არა ყველასთვის ცნობილი მოვლენები, "ლეგია", დიდი ალბათობით, ჩემპიონთა ლიგაში იქნებოდა. ლეგიონერებიც ძალიან კარგი ჰყავთ...

- მაშ, სად არის ჩვენი შანსი?
- შანსი არის. ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. გაიხსენეთ, თბილისში საფრანგეთმა ვერ მოიგო და კინაღამ ესპანეთმაც დაკარგა ქულები.

- ბოლო პერიოდში ტრავმის გამო ბევრი დრო გაგიცდათ. ახლა როგორ გრძნობთ თავს?
- პოლონეთის ჩემპიონატის ბოლო შეხვედრები სტაბილურად ჩავატარე. გავიტანე კიდეც და საგოლე პასებიც გავაკეთე. კარგ ფორმაში ვარ, აღარაფერი მაწუხებს. დანარჩენი 14 ნოემბერს გამოჩნდება, თუ შანსი მომეცა. წინასწარ რაც უნდა ვილაპარაკოთ, თამაშმა უნდა გვიჩვენოს ყველაფერი.

- "იაგელონიიდან" პოლონეთის ნაკრებში ერთი ფეხბურთელია - მაცეი გაიოსი. რას იტყვით მის შესახებ?
- ძალიან კარგი მოთამაშეა, გუნდის ლიდერია. პიროვნულადაც კარგი ადამიანია. როგორც იცით, ადამ ნავალკამ ჯერ ლეგიონერები დაასახელა. გაიოსიც ელოდა ნაკრებში გამოძახებას. ის ამას იმსახურებს. რბილი ყაიდის, ტექნიკური ნახევარმცველია.

- რამდენ ხანს აპირებთ "იაგელონიაში" დარჩენას?
- კლუბთან ჯერ კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს. ჯერჯერობით, "იაგელონიის" ხელმძღვანელობასთან ჩემს მომავალზე არ მილაპარაკია. ბოლო დროს ძირითადად ტრავმებს ვებრძოდი. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ ბოლომდე შევიდე ფორმაში და გუნდს რაც შეიძლება მეტად გამოვადგე.

- თავადაც გეცოდინებათ, რამდენიმე კრიტიკული სტატია დაიწერა თქვენზე...
- ვინც მიცნობს, იცის, რომ ფეხბურთით ვცხოვრობ. უბრალოდ, როცა გტკივა, ვერ ითამაშებ ისე, როგორც შენგან ელიან. ბოლო პერიოდში სულ რაღაც მაწუხებდა. ლეგიონერისგან კი მუდამ ბევრს ელიან. ალბათ, ეს იყო მიზეზი. ისღა დამრჩენია, ჩემი საქმე წყნარად ვაკეთო.

- პოლონეთის ჩემპიონატზე რას იტყვით?
- მაღალი დონის პირველობაა. აქ თავს ფეხბურთელად გრძნობ და მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობ. სავარჯიშო და სათამაშო მოედნები, აღდგენითი საშუალებები - ყოველივე ეს უმაღლეს დონეზეა. გარდა ამისა, ყველა თამაშში დიდი ბრძოლაა. პოლონეთის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ვარშავის "ლეგიას" კარგი ასპარეზობაც მეტყველებს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. აქ ძლიერი ლეგიონერები თამაშობენ. პოლონეთის ჩემპიონატი დიდებული ტრამპლინიცაა. აქედან ძალიან ადვილია სოლიდურ ევროპულ კლუბში მოხვედრა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული