ლევანდოვსკი სწრაფ გოლს გეგმავს
"ჩვენი უიღბლობა წინა შესარჩევ ციკლში დამთავრდა და ახლა ყველანი დიდი იმედით მივდივართ თბილისში. ყველა ფეხბურთელი საბრძოლველადაა განწყობილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გულშემატკივართა დახმარებას, მათ გვერდში დგომას ვგრძნობთ და სანუკვარი მიზნისკენ ნელ-ნელა მივდივართ. ჩემთვის თბილისი "ცხელი" ზონაა. იქ ისეთ გუნდებს გაუჭირდათ თამაში, როგორებიც ესპანეთი და საფრანგეთი არიან. როგორც წესი,
მოიგებს ის გუნდი, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში უკეთ იქნება მზად. ასე რომ, ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.
ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ქართველები უხეშობის ზღვარზე ითამაშებენ. მთავარია, ორთაბრძოლები მოვიგოთ...
ჩემთვის ძალიან ადვილია მილიკთან ერთად თამაში. ის "აიაქსში" შეუცვლელ ფეხბურთელად იქცა. ძალიან ხშირად მოწინააღმდეგის მცველების ყურადღება მილიკზე გადადის და მე ამით ვსარგებლობ".
შჩესნი იმედოვნებს, რომ ქართველები კარში ბევრჯერ არ დაარტყამენ
"ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ქართველებისგან გოლი არ გავუშვა. მჯერა, მეტოქე ჩემს კარში ცოტას დაარტყამს და მის "მშრალად" შენახვას მოვახერხებ.
საქართველოში თამაში იოლი არასოდეს ყოფილა. ჩვენი მოწინააღმდეგე შინ თამაშობს და ცხადია, მიზნად სამი ქულის მოპოვება ექნება დასახული.
მიმაჩნია, რომ დღევანდელ ფეხბურთში არ არის იოლი მატჩები. მით უმეტეს მაშინ, როცა გასვლაზე გიწევს შესარჩევი მატჩის ჩატარება.
ჩვენი შესარჩევი ჯგუფი ძალიან სპეციფიკურია. გიბრალტარის გარდა, ჯერ კიდევ ყველა გუნდი ინარჩუნებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსს. საქართველო ამ შანსისთვის იბრძოლებს".
ნავალკას ორი პრობლემა
"საქართველოში ჩვენ ბოლომდე მოგვიწევს დახარჯვა. მეტოქე ძალიან უხერხული გუნდია. აუცილებელია, ჩემმა შეგირდებმა კონცენტრაცია არ დაკარგონ. რაც მთავარია, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ეს ძალიან მახარებს...
რა თქმა უნდა, პოლონეთის ნაკრების მიზანი გამარჯვებაა. ჯგუფში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ ყველა ქულას ოქროს ფასი შეიძლება დაედოს. ამ წუთისთვის მხოლოდ ორი პრობლემა გვაქვს - პირველი ის, რომ იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტური დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა ტიაგო ციონეკმა, ხოლო კშიშტოფ მაცინსკიმ ჩინეთის ჩემპიონატი დაასრულა...
საქართველოს ნაკრების ორმა წაგებამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. ქართველებს ძალიან საინტერესო და კარგი გუნდი ჰყავთ. ისინი მაღალი სათამაშო ინტელექტითა და კულტურით გამოირჩევიან.
დიდი იმედი მაქვს, რომ კარგ ხასიათზე ვიქნებით როგორც თბილისური მატჩის შემდეგ, ისე საერთოდ, ციკლის ბოლოსაც".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"