2 000 მოედანი - პოლონური ფეხბურთის წარმატების საიდუმლო

AutoSharing Option
პოლონეთის ნაკრებთან საქართველოს ეროვნული გუნდის მარცხი ძალიან მტკივნეული იყო. წაგებებს ნაჩვევი ვართ, მაგრამ კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ 0:4 ნამდვილად წარმოუდგენელი იყო...

...მაგრამ ყველამ ვიცით, რა გუნდთან წავაგეთ. ადამ ნავალკას შეგირდებმა მიმდინარე ციკლში ჯერ გიბრალტარი დაამარცხა (7:0), შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონი და ჯგუფის ფავორიტი გერმანიაც (2:0) მიაყოლეს ზედ, შოტლანდიასთან შინ მოულოდნელი ზავის (2:2) შემდეგ კი თბილისში საქართველო აგვიწიოკეს.

დიდი ტრადიციების მქონე პოლონურ ფეხბურთში კარგა ხანს კრიზისი იყო, მხოლოდ ბოლო დროს მოფერიანდა და მაღალი დონის ნაკრებითა და შემსრულებლებით იწონებს თავს.

პან ნავალკას
მართლაც გამორჩეულ თაობასთან უწევს მუშაობა: სამი მეკარე ინგლისში ("არსენალი", "ბორნმუთი" და "სუონსი") თამაშობს, თითო - იტალიასა ("რომა") და ესპანეთში ("ელჩე"). პოლონელი მცველები იცავენ "დორტმუნდის", "მიუნხენ 1860-ის", "ლევერკუზენის", "კიოლნისა" და "ტორინოს" ღირსებას. მათი ნახევარმცველები არიან იმავე "დორტმუნდსა" და "კიოლნში", ასევე "ვოლფსბურგში", "ვერდერში", "სევილიაში", "რენში", "სამპდორიაში", "ემპოლიში", "ბარისა" და "ბრიუგეში".

აღარაფერს ვამბობთ "ბაიერნის" 26 წლის რობერტ ლევანდოვსკიზე, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად ითვლება. სხვა პოლონელი ფორვარდები "აიაქსსა" და კიევის "დინამოში" თამაშობენ...

როგორც გავარკვიეთ, პოლონური ფეხბურთის წინსვლას ხელისუფლების გონივრულმა ქმედებებმა შეუწყო ხელი. წაიკითხავთ "პოლსკა რადიოს" ჟურნალისტ მიხალ გონჩაროვსკის მონაყოლს და ამაში თავად დარწმუნდებით:

"გულშემატკივრები ლატოსა და ბონეკის თაობების წარმატებებმა გაანებივრა და ეტყობა, ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ყოველთვის ასეთ დონეზე ვიქნებოდით. მაგრამ 90-იან წლებში პოლონურ ფეხბურთში აშკარა კრიზისი დაიწყო. ჩვენი კლუბებიც და ნაკრებებიც საგრძნობლად დასუსტდნენ.

მაშინ ბევრმა ფეხბურთზე ხელი ჩაიქნია და იფიქრა, რომ ადრინდელი მიღწევების დრო დასრულდა. ელიტურ ნაკრებებთან ჩამორჩენა თვალშისაცემი გახდა, კლუბებიც ღირებულს ვერაფერს აღწევდნენ...

სხვათა შორის, პოლონურ ფეხბურთს 1997 წელს საქართველოსთან წაგება ძალიან წაადგა. ვიცი, რომ საფეხბურთო ქვეყანა ხართ და საბჭოთა პერიოდში წარმატებები გქონდათ, მაგრამ პოლონეთის მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია და ცხადია, ჩვენ სხვა ამბიციები გვაქვს.

საქართველოსთან წაგება პოლონელი გულშემატკივრებისთვის მძიმე დარტყმა აღმოჩნდა და პოლონეთის მთავრობა ფეხბურთის პრობლემებზე სწორედ იმ პერიოდში დაფიქრდა".

Sportall.Ge

პოლონელი ჟურნალისტის თქმით, მათ ქვეყანაში ველოსიპედის გამოგონება არ უცდიათ და ფეხბურთს ამ გზით დაეხმარნენ:

"მთავრობამ გადაწყვიტა, თითქმის ყველა ქალაქში სტანდარტული საფეხბურთო მოედნები დაეგო და რამდენიმე სტადიონი აეშენებინა. სულ 2000 მოედანი გაკეთდა, რაც პოლონეთისთვის საკმაოდ დიდი ციფრია.

ამას გარდა, მწვრთნელთა დეფიციტი იყო და მათ განათლებასაც აფინანსებენ. ეს ბიუჯეტიდან ხდება და მიმაჩნია, რომ სწორედ ამან გამოიღო შედეგი. იმ მოედნებზე, მინიმუმ, 400 ათასი ბავშვი ვარჯიშობდა.

მშვენიერი შედეგებიც მივიღეთ, რადგან ამ ჯგუფებში საკმაოდ ბევრი ცნობილი ფეხბურთელი გაიზარდა".

მიხალ გონჩაროვსკისთვის ძნელი ასახსნელი გახდა კითხვა, ეხმარება თუ არა ხელისუფლება საფეხბურთო კლუბებს:

"ჩვენთან კლუბების უმრავლესობა კერძოა და სახელმწიფო რატომ უნდა დაეხმაროს? ასე, შესაძლოა, დაბალ ლიგებში იყოს. მაგრამ პროფესიულ დონეზე სხვა მიდგომებია.

ხელისუფლება დაწყებითი ჯგუფების შენახვით, სტადიონების მშენებლობითა და ინფრასტრუქტურის მოვლით იფარგლება.

კლუბები რომ დააფინანსონ, ისევ მათთვის იქნება ცუდი, რადგან მენეჯმენტს გააუარესებენ და სპონსორების და შემოსავლების მოზიდვაზე აღარ იფიქრებენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იქნებ პოლონეთის მაგალითიდან ავიღოთ ცოტა ნაწილი მაინც და ქართულ ფეხბურთს, რომელიც ჭიანჭველასავით წყალშია ჩავარდნილი და მშველელი არ ჰყავს, ამით მაინც დავეხმაროთ? თუმცა რა დახმარებაზეა ლაპარაკი, როცა სფფ-ს პრეზიდენტს ფეხბურთი მარტო ბიზნესი ჰგონია.
მოხევე
15:25 23-11-2014
0

სიახლეები პოპულარული