"ლელოს" წინა ნომერში საქართველოს ნაკრებში უცხოელი სპეციალისტის დანიშვნის ალბათობა განვიხილეთ, დღეს კი მწვრთნელობის ქართველ კანდიდატებზე უნდა ვიმსჯელოთ.
ამ ეტაპზე დიდია ალბათობა, რომ საქართველოს უპირველესი გუნდი სწორედ ადგილობრივმა სპეციალისტმა ჩაიბაროს, თუმცა არც უცხოელი უნდა გამოვრიცხოთ.
ჩვენს წყაროებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დანამდვილებით დავწეროთ, რომ ფეხბურთის ფედერაცია ამ მიმართულებითაც მუშაობს...
გამოცდილები
ალექსანდრე ჩივაძე, კახა ცხადაძე, ასე მაგალითად, ჩივაძე ორჯერ იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. მას აქვს ქარიზმა და უდიდესი ავტორიტეტი. ჩივაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებში, ალბათ, წერტილი დაესმება ყველა ქვედინებას.
ცხადაძის პოზიცია ცნობილია. ის თანახმაა, ყოველგვარი ფინანსური ინტერესის გარეშე მოამზადოს საქართველოს ნაკრები მომდევნო ორი შესარჩევი მატჩისთვის. ჯერჯერობით უცნობია, დათანახმდება თუ არა ამ წინადადებას ფეხბურთის ფედერაცია.
ცხადაძეს აზერბაიჯანის "ინტერში" ტიტულები არ აკლია, აზერული საკლუბო ფეხბურთი კი აღმავლობის გზაზეა. ცხადაძეს აქვს ერთი თვისება, რომელიც ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებს ძალიან უნდა გამოადგეს - მას შეუძლია, არაფრით გამორჩეული ფეხბურთელებისგან შეკრას ბრძოლისუნარიანი გუნდი. აღარაფერს ვამბობთ სათამაშო დისციპლინასა და ფეხბურთელებთან ურთიერთობის ცოდნაზე. თავის დროზე, ცხადაძემ იმუშავა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც.
გეგუჩაძე "ზესტაფონს" უდგას სათავეში. დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში სწორედ მან მიაღწია საუკეთესო შედეგს - თბილისის "დინამო" ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ათამაშა. მას არ შეუძლია შეტევის, სანახაობის გარეშე. ეგაა, სანაკრებო გამოცდილება არ აქვს.
ახალგაზრდები
ამ კატეგორიაში ის მწვრთნელები ერთიანდებიან, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთან ერთად რომ მიაღწიეს წარმატებებს - ათამაშეს ისინი ევროფორუმებზე.გიორგი დევდარიანი, გია ცეცაძე, ვასილ მაისურაძე - "ახალი ტალღიდან" სანაკრებო პრიზმაში ესენი უნდა განვიხილოთ.
სამივე მათგანი ინტელექტუალია, შეუძლია მოთამაშეთა მოტივაცია. ისინი ბევრს სწავლობენ და ყოველდღიურად იღრმავებენ საფეხბურთო ცოდნას.
ჭრელ ქართულ საფეხბურთო მილეთში ამ ეტაპზე კაცი არ მეგულება, ამ ტრიოზე ცუდი თქვას. მეტიც - თუ რამ გვახარებს დღევანდელ ქართულ ფეხბურთში, მათ მიერ გაწვრთნილი გუნდების ჩაუქობაა, მაგრამ...
აქ არის ერთი "მაგრამ" - ეყოფათ კი მათ გამოცდილება იმისთვის, რომ ხელი დაატყონ საქართველოს ნაკრებს?
უარი არ უნდა გაგვიკვირდეს
არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ შერჩეულმა კანდიდატმა ეროვნული გუნდის გაწვრთნა იუაროს, მით უმეტეს, ამის ნიშნები უკვე არის.საქართველოს ნაკრებში მწვრთნელები მაშინაც ვერ აღწევდნენ შედეგს, როცა მაღალი დონის ევროპულ გუნდებში ქართველი ფეხბურთელების ცვენა იყო. მით უფრო, რთული იქნება ახლა, როცა მაღალი კლასის ბევრი მოთამაშე არ გვყავს.
გამოდის, რომ სპეციალისტს, ვინც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზებას დათანხმდება, ყველაფრის სასწორზე შეგდება მოუწევს. იქნებიან მსურველები? ვნახოთ!
ნუ ველით მესიას!
ქართველებს ერთი ცუდი ჩვევა მოგვდგამს: სულ მესიას ველით. გვგონია, რომ მოვა ვიღაც, ვინც ერთი ხელის მოსმით მოერევა ყველა პრობლემას და გვიშველის. ეს მხოლოდ საფეხბურთი პრობლემა არ არის, ეს ჩვენი საერთო-ქართული შეგნების პრობლემაა.ცხადია, "მესიანური მოლოდინი" არსებობს ქართულ ფეხბურთშიც. სწორედ ეს მოლოდინი უნდა მოისპოს, რაკი ამან შეიძლება დათვური სამსახური გაუწიოს ნაკრების ახალ დამრიგებელს.
მოვითხოვოთ მისგან კონკრეტული, თუნდაც მოკრძალებული ამოცანის შესრულება. მოვითხოვოთ ცოტა მეტი ფეხბურთი, ცოტა მეტი პასი, მეტი შეტევა და არა მთების გადადგმა.
მისია: გარდატეხა!
ქართული ფეხბურთი ვერაფრით იქნება განცალკევებით ჩვენი ქვეყნის წარსულთან. საქართველოს ისტორიაში მუდამ ასე იყო - ქვეყანას გმირი ევლინებოდა მაშინ, როცა თითქოს არსაიდან ჩანდა საშველი, როცა ქვეყნის რესურსი თითქოს სამუდამოდ და საბოლოოდ დაშრეტილი იყო.ჩვენ არ ველით გმირს, ქართული ფეხბურთის გადამრჩენს კი ველით. ნაკრების ახალმა დამრიგებელმა იმდენი კი უნდა შეძლოს, რომ საქართველო არ წაიშალოს საფეხბურთო რუკიდან და მართლა არ მოკვდეს ქართული ფეხბურთი.
იმდენი უნდა შეძლოს, რომ აღარავინ მოგვიხსენიოს ფარერების, ლიხტენშტაინის ან სან მარინოს გვერდით. ახალი მწვრთნელის მისია სრულ უძრაობაში გარდატეხის შეტანა უნდა იყოს!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
-პროვინციალიზმი...
-მათეუსი?რა იფიქრეს ფედერაციაში?ამათ ყველა გულშემატკივარი მაგარი მყუდრო გონიათ....რადგამ მაგარი გერმანელი ფეხბურთელი იყო,ე.ი.მაგარი მწვრთნელია?თუ გულშემატკივარში თავს იწონებენ,რომ რა მაგარი კანდიდატურა ,,გავჩითეთო,,?გოიმს რა ხშირად სხვა გონია გოიმი...
-ვის უნდა ,,აჭამოთ,, ,,ბაბნიკი,, მათეუსით?
და რა ცვლილებზე და თანამედროვე ფეხბურთზე გვაქვს პრეტენზია?ჯერ კიდევ ტვინში საბჭოთა მენტალიტეტია...კლუბების სახელწოდებაა ჯერ სასაცილო,კომიკური:მეტალურგი,ტორპედო,დინამო-2ბათუმი....