როცა სწორად იწყებ... კახა ცხადაძემ პირდაპირ "ათიანში" გაარტყა

AutoSharing Option
"მივმართავ ფეხბურთელებს! თქვენი იმედი მაქვს. მჯერა, მოგება და მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე გასვლა შეგიძლიათ", - თქვა საქართველოს ნაკრების ახალმა დამრიგებელმა კახა ცხადაძემ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე...

ოდითგანვე ასე იყო, ასე არის და ასე იქნება - ყოველთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, აქვს და ექნება, ზოგადად, პირველკაცის პირველ მესიჯს. არავინ იცის, როგორი იქნება კახა ცხადაძის სანაკრებო კარიერა მწვრთნელის რანგში - ეს მომავალმა უნდა გვიჩვენოს. პირველი გზავნილი კი ძალზე დროული და შთამბეჭდავი იყო.

არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, ჩემი სუბიექტური აზრით კი, საქართველოს ნაკრების ახალმა მწვრთნელმა
პირდაპირ "ათიანში" გაარტყა.

საქართველოს დღევანდელ ნაკრებში პრობლემებს რა დალევს. პრობლემა იმდენია, პოზიტივი თითქმის არ ჩანს, მაგრამ ამ ბევრ პრობლემაში ცხადაძემ მთავარს მიაგნო. მიაგნო იმას, რისი გამოსწორების გარეშეც საქართველოს ნაკრებს წარმატების იოტისოდენა შანსიც კი არ ექნება.

ვგულისხმობთ რწმენას - არც ერთ საქმეში, არც ერთ დროს და ადგილას არაფერი გამოსულა რწმენის გარეშე და არც გამოვა.

ფაქტია: დღეს საქართველოს არ ჰყავს მაღალი კლასის ბევრი ფეხბურთელი, თუმცა სხვა საქმეა, რომ ეს ყოველდღე, ყოველ წამს არ უნდა თქვა. არ უნდა თქვა მაშინ, როცა ევროშესარჩევ მატჩამდე საათებიღაა დარჩენილი და შენ ამ გუნდის მწვრთნელი ხარ.

დიდწილად, ალბათ, სწორედ ამიტომ იყო, საქართველოს ნაკრები რწმენადაკარგული, წინასწარ მარცხს შეგუებული, ფსიქოლოგიურად მოშლილი რომ გადიოდა მინდორზე თემურ ქეცბაიას სანაკრებო მოღვაწეობის მეორე ნახევარში.

ცხადაძის პირველმა, სწორად გაკეთებულმა აქცენტმა კი პირველი შედეგი მალევე უნდა მოიტანოს.

რა თქმა უნდა, ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი არ არის ჯადოქარი და მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრები პირველსავე მატჩში მთებს ვერ გადააბრუნებს, მაგრამ ცოტა მეტი ფეხბურთი, ცოტა მეტი პასი, ცოტა მეტი ფანტაზია და ინიციატივა კი უნდა ვნახოთ.

იქნებ საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრებს დიდ საფეხბურთო ფორუმებზე ასპარეზობის პოტენციალი სულაც არ ჰქონდეს, მაგრამ მწვრთნელი იმის მწვრთნელია, რომ გუნდთან ერთად თუნდაც შეუძლებელი შეძლოს და თუ ვერ შეძლებს, იფიქროს მაინც ამ შეუძლებელზე.

ის კი ფაქტია, რომ დღეს ვერც ფეხბურთში და ვერც სპორტის სხვა სახეობაში ვერაფერს მიაღწევ, თუ ზურგს ფსიქოლოგიური სიმტკიცე არ გიმაგრებს. ჩემი აზრია და არ არის აუცილებელი, ეს ყველამ გაიზიაროს - ბოლო დროს საქართველოს ნაკრებს, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიაში გაუჭირდა. გუნდმა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო საკუთარი თავის იმედი დაკარგა, თორემ საფეხბურთო ოსტატობის თვალსაზრისით, არ მგონია ძალიან დიდი სხვაობა თემურ ქეცბაიას მწვრთნელობის პირველ პერიოდსა და ამ ნაკრებს შორის.

კი, წავიდნენ ვეტერანები და ამით კლასი მოგვაკლდა, მაგრამ არა იმდენად, რომ ყველასთან ყველაფერი წაგვეგო - როგორც იტყვიან, ამ შემთხვევაში მიზეზი უფრო ღრმად იყო დამარხული, უფრო შიგნით...

ახალი მწვრთნელის მოსვლა ახალ მოლოდინსაც აჩენს. სადღეისოდ, საქართველოს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ბოლომდე არ გამოიყენოს თავისი საფეხბურთო რესურსი. ბოლო დროს ზოგიერთი ფეხბურთელი აღარ ჩანდა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.

რა თქმა უნდა, როცა საქმე საქართველოს ნაკრებს და ქვეყანას ეხება, ცალკეული მოთამაშეები მართალნი ვერაფრით იქნებიან. ისინი თავიანთი ამ ნაბიჯით ებუტებოდნენ არა ქეცბაიას, არამედ სამშობლოს. ერთი კია - ყველას არ ვგულისხმობ და ამ ბიჭებში ბევრი ისეთია, პიროვნულმა წყენამ რომ გადასძალა.

ცხადაძისთვის ესეც მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა იყოს - სანაკრებოდ მოაბრუნოს და შემოიმტკიცოს ის ბირთვი, რომელთან ერთადაც ეროვნულ გუნდს მეტი პოტენციალი ექნება.

ვერავინ დამარწმუნებს, რომ ალეკო ამისულაშვილი, ლაშა სალუქვაძე, ლევან ყენია, ნუკრი რევიშვილი და სხვა რამდენიმე ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებს არ გამოადგება. მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა ტრავმებისა თუ სხვა მიზეზების გამო ეროვნული გუნდი ვერასდროს თამაშობს ოპტიმალური შემადგენლობით.

ცხადაძეს დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს გასახდელში, სადაც იდეალური სიტუაცია არ არის. ერთიც: თვითონ ბუნებით ლიდერმა ცხადაძემ აუცილებლად უნდა იპოვოს ლიდერი საქართველოს ნაკრებისთვის; უნდა იპოვოს ფეხბურთელი, რომელიც საქართველოს ნაკრებს მინდორზეც უყოჩებს და გასახდელშიც დარაზმავს ბიჭებს.

სამწუხაროდ, ამ გადასახედიდან ასეთი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში არ ჩანს, თუმცა პროფესიონალის თვალი სხვაა და შეიძლება, ცხადაძის ფორმაციის ნაკრების ლიდერად ისეთი მოთამაშე მოგვევლინოს, რომელსაც დღეს ვერც კი წარმოვიდგენთ.

აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ჩვენი მკითხველის ყურადღება ერთ გარემოებაზეც: აგერ, რა ხანია, საქართველოს ნაკრებში არ გვინახავს ფეხბურთელი-აღმოჩენა, რომელიც მწვრთნელის ნდობით ისარგებლებს და ეგრეთ წოდებულ "მეცხრე ტალღად" მოგვევლინება.

ბოლო ასეთი მოთამაშე ეროვნულ გუნდში თორნიკე ოქრიაშვილი იყო. ახლა ახალი ოქრიაშვილების დროა.

ამბობენ, კარგი დასაწყისი საქმის ნახევარიაო. ამ დროს, როცა სანაკრებო პრობლემათა ქარავანს ბოლო არ უჩანს, პირველი სწორი და დროული გზავნილი გასაკეთებელი საქმის ნახევარი ვერაფრით იქნება, თუმცა მაინც ძალიან კარგია, როცა ახალი მწვრთნელი მუშაობას სწორი აქცენტებით იწყებს.

დანარჩენს მომავალი გამოაჩენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
კახასაც იგივე ელის სამწუხაროდ....
აფხაზი
06 იანვარი 2015 20:28
0
ბატონ კახას წარმატებებს ვყსურვებ,მაგრამ თუ ეს არველაძეები ოდნავ მაინც რაიმე სახით დაიწყებენ ხელის ფათუნს,მაშინ ჩვენ ნაკრებს არანაირი შანსი არაა აქვთ.
temo
05 იანვარი 2015 20:14
0
გეყოტ რა ამდენი, ფეხბურტელები არ გვყავს იზახიტ, რა გინდატ ტქვენ ამის მტქმელებს საერტოდ. კახა მიდი ჯიგარო მიხედე საქმეს. წარმატებები.
givi
05 იანვარი 2015 18:17
0
ატიანი არვიცი მაგრამ ამ გორებმა რომ დააბოლეს ფაქტია ცოდო ხარ კახა ამატ ხელში
kato
03 იანვარი 2015 23:09
0
მოაცილეთ ფედერაციას "ღორები" და ნახეთ საქართველოს ნაკრებმც და სხვა გუნდებმაც როგორ გაქაჩონ, სანამ სათავეში "ღორების" კოლტია საქართველოს ფეღბურთის საქმე წასულია. კაცი რომ ფედერაციის შენობას ტოტალიზატორში ჩადებს და ... დანარჩენი მკითხველმა გაიაზროს სად ვართ.
თემური
31 დეკემბერი 2014 21:13
0
არ იქნება ჩემპიონატი არ იქნება ნაკრები .... რა რთული მისახვედრია არა? არ ითამაშებენ ქართველი ფეხბურთელები ტოპ ლიგებში თუ არა ერთი 8 კაცი მაინც ტოპ ლიგებთან მიახლოებულ ლიგებში არ იქნება ნაკრები. არ იქნება ბავსჰვთა და ახალგაზრდული ფეხბურთი არ იქნება ნაკრები... დღეს არცერთი არ გვაქვს..
luk
31 დეკემბერი 2014 20:41
0
ეგრე დაიწყო ქეცბაიამაც მაგრამ..............
ზ უ რ ა
30 დეკემბერი 2014 23:54
0
ყველა ასაკობრივი ნაკრების და აგრეთვე ჩემპიონატის ყველა ფეხბურთელისთვის უნდა იყოს უმაღლეის დონის ფიტნეს მომზადება ყველა კლუბს თუ არ აქვს ამის საშუალება უნდა გაკეთდეს საერთო, ბევრმა ფეხბურთელმა სირბილიც არ იცის ამასაც ცოდნა უნდა პროფესიონალი ფეხბურთელისტვის!დორტმუნდის ბორუსიამ როგორ მიაღწია ამხელა შედეგებს ფიზმომზადებით,მოუსმინეთ გუჯა კახაძეს
guja
30 დეკემბერი 2014 20:40
0
ყველა პოზიციაზე სამი კანდიდატი მაინც უნდა ქონდეს..ბევრს უნდა მიეცეს შანსი რომ გარანტია არავის ქონდეს მომავლა შემადგენლობაში! ფეხბუთს თუ არ მიეხედა ამ ქვეყანაში ცხოვრებაც არ გაუმჯობესდება
grisha
30 დეკემბერი 2014 12:38
0
რამდენი გცოდნია. და რა მაინტერესებს: ოლიმპიაკოსიდან რო მისვლის შემდეგ 6 თვეში კინწისკვრით გამოაგდეს ეგეც ქართველი სპორტული ჟურნალისტების უვიცობის ბრალი იყო, თუ იცი?

ცხადაძე ვერაფერს გააკეთებს იმიტომ რომ სრულიად შეუფერებელია ნაკრების მწვრთნელობისთვის, და არა რამე სხვა მიზეზით.

ნიშნეთ უპერსპექტივო მწვრთნელები და იმარჩიელეთ მერე რა მოხდა..
mosiniki-ს
30 დეკემბერი 2014 09:34
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული