"შესაძლოა, ორი ფორვარდით და სამი ცენტრალური მცველით ვითამაშოთ"

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველთვიურ ჟურნალ Number 1-ს ინტერვიუ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამოდენიმე დღის წინ მისცა. სრული სახით ინტერვიუ ჟურნალის იანვრის ნომერში ერთ კვირაში დაიბეჭდება.

მანამდე კი, გთავაზობთ ამ ინტერვიუს, რომელიც, დარწმუნებულნი ვართ, გულშემატკივართა და ქართული ფეხბურთით დაინტერესებული ყველა პირის ყურადღებას დაიმსახურებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე საქმეს უკვე შეუდგა და მისი ხელმძღვანელობით, ჩვენი უპირველესი გუნდი პირველ შეხვედრებს გაზაფხულზე გამართავს: 25 მარტს ამხანაგურად მალტას გაეჯიბრება, 29 მარტს კი უკვე მსოფლიოს ჩემპიონს, გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს ევროშესარჩევის ციკლში.

რა
პერსპექტივებს ხედავს ჩვენი ნაკრების ახალი დამრიგებელი, როგორია მისი ფილოსოფია და შეხედულება ამა თუ იმ საკითხზე, რა მიმართულებას ირჩევს - ამას ცხადაძესთან ინტერვიუში ამოიკითხავთ.

მასმედიაში ჩემი მხრიდან ფეხბურთელების კრიტიკა არ იქნება

- ბოლო პერიოდში ხშირი იყო ლაპარაკი საქართველოს ნაკრების კონტინგენტზე და ამის მიხედვით ხდებოდა შეფასებების გაკეთება. როცა გადაწყვიტეთ ჩვენი ნაკრების თავკაცობა, უთუოდ გაითვალისწინებდით ამ ფაქტორს...
- ფეხბურთელებს უნდა დაუბრუნდეთ საკუთარი თავის რწმენა, მათ უნდა სჯეროდეთ თავიანთი შესაძლებლობების; რაც რეალურად შეუძლიათ, ის უნდა გამოავლინონ. ამის შემდეგ კი მწვრთნელის ამოცანა ის იქნება, თუ როგორ გამოიყენებს ამ ყველაფერს.

გულშემატკივრების წინაშე პასუხისმგებელი არის მწვრთნელი, მწვრთნელის წინაშე კი პასუხისმგებლები არიან ფეხბურთელები - ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ. მასმედიაში ჩემი მხრიდან ფეხბურთელების კრიტიკა არ იქნება.

- გუნდი ჯერ უნდა შეიკრას, მომდევნო ეტაპზე კი კონკრეტული შედეგისთვის იბრძოლებს - ასე განიხილავთ სამოქმედო გეგმას?
- უნდა მოვემზადოთ მომავალი შესარჩევი ეტაპისთვის - საკითხი ასე არ დადგება, ჩვენ ამოცანა ყოველ შეხვედრაში მაქსიმუმის გამოვლენა იქნება და მაქსიმალურად უნდა შევეცადო, რომ ჩემი შეხედულებები ფეხბურთელებს გავუზიარო. ვარჯიშებზე კონცენტრირებულნი ვიქნებით ტაქტიკური სქემის დახვეწაზე.

- საქართველოს ნაკრებში არის რამდენიმე პრობლემური პოზიცია. საინტერესოა ისიც, როგორი იქნება კახა ცხადაძის სამწვრთნელო შტაბიც...
- არის პრობლემა მარცხენა მცველთან დაკავშირებით. გია გრიგალავას, სამწუხაროდ, ჯერ არ აქვს სათამაშო პრაქტიკა. კარგად ვიცნობ გიორგი ნავალოვსკის შესაძლებლობებს, თუმცა ამ მარცხენა მცველს აღარ აქვს ქართული პასპორტი და ეს იურიდიული საკითხი მოსაგვარებელია.

რაც შეეხება სამწვრთნელო შტაბს, ჩემი სურვილია, რომ ოთხი სპეციალისტი გვყავდეს. მათგან ორი ჩემთან იქნება ყველა ვარჯიშზე, ერთმა მწვრთნელმა ვარჯიშის ძირითადი ნაწილი უნდა ჩაატაროს.

- მალტასთან და გერმანიასთან მატჩებისთვის ჩვენს ნაკრებში ახალი ფეხბურთელების გამოჩენა რამდენად მოსალოდნელია?
- ამ ორი შეხვედრისთვის გამოვიძახებ იმ ფეხბურთელებს, რომელთაც ვიცნობ და რომლებიც მანამდეც თამაშობდნენ ნაკრებში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერიდები ახალგაზრდა ფეხბურთელების წამოწევას.

- იყო ასეთი ფაქტი: ევრო 2008-ის შესარჩევში შოტლანდიასთან მატჩისთვის კლაუს ტოპმიოლერმა საქართველოს ნაკრებში გამოიძახა და ათამაშა 17-18 წლის ფეხბურთელები: გიორგი მაკარიძე, ლევან ყენია და ლევან მჭედლიძე. ამ გადაწყვეტილებამ გაამართლა და შოტლანდიას 2:0 მოვუგეთ...
- მთავარია, ფეხბურთელში პოტენციალი დავინახო, თორემ არ მაქვს არანაირი პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ ძლიერ მეტოქესთან 18 წლის ფეხბურთელები ვათამაშო.

მსურს, რომ ჩემი თანაშემწეებიდან ერთი ისეთი მწვრთნელი იყოს, რომელიც პარალელურად, საქართველოს რომელიმე ასაკობრივ ნაკრებშიც მუშაობს და სასარგებლო ინფორმაციებს მომაწვდის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე.

- საქართველოს ნაკრებში ისევ ითამაშებს ალექსანდრე ამისულაშვილი...
- ეს ჩვენთვის დიდი შეღავათი იქნება. ამისულაშვილი მნიშვნელოვან ფეხბურთელად მესახება იმ სისტემაში, რითაც მინდა, რომ ნაკრებმა ითამაშოს. ამისულაშვილი გამოცდილი მოთამაშეა, ნამდვილი პროფესიონალი. იმავეს ვიტყოდი ლაშა სალუქვაძეზეც, რომელსაც, ვფიქრობ, ისევ შეუძლია სანაკრებო დონეზე თამაში.

ცენტრალურ მცველს საყრდენ ნახევარმცველად არასდროს ვათამაშებ

- ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებისთვის პრობლემატური იყო შეტევით ფაზაში თამაში - მოკლე დროში რამდენად შესაძლებლად მიგაჩნიათ უკეთესობის მიღწევა?

- საიმედო ცენტრალური მცველები გვყავს: ამისულაშვილი, კვირკველია, სალუქვაძე, კაშია, გრიგალავა... შეტევით პოტენციალს ესეც უმაგრებს ზურგს და ვფიქრობ, შემტევი ფეხბურთელებიც საკმაოდ გვყავს. თუ ლევან ყენია კარგ ფორმას დაიბრუნებს, რა თქმა უნდა, შეუძლია ნაკრებისთვის ისევ სასარგებლო იყოს.

- შეტევითი ფაზის სისუსტეს მნიშვნელოვნად ალბათ ისიც განაპირობებდა, რომ ჩვენი ნაკრების საყრდენი ნახევარმცველები შეტევის ორგანიზებისკენ ნაკლებად იყვნენ ორიენტირებულნი. თუ ხედავთ ისეთ საყრდენ ნახევარმცველს, რომელიც მცველებს ბურთს "გამოართმევს" და საინტერესო შეტევას დაიწყებს?
- საყრდენი ნახევარმცველი აუცილებლად ისეთი უნდა იყოს, რომელიც ბურთს "ამოიტანს".

ცენტრალურ მცველს საყრდენ ნახევარმცველად არასდროს გავამწესებ. ძალიან მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული პირველი პასის ფაქტორიც. ჯაბა კანკავასაც მოვთხოვთ, რომ უფრო მეტჯერ მიიღოს ბურთი, ორივე საყრდენმა ნახევარმცველმა ბურთი უნდა "ეძებოს".

- კახა მახარაძეზე რა აზრის ხართ? ამ ცენტრალურ ნახევარმცველს მოიაზრებთ ნაკრების კანდიდატად?
- მახარაძე 18 წლის იყო, "დინამო თბილისში" "ბრონდბიუსთან" რომ ვათამაშე ევროტურნირზე.

მთავარია, ახლა რა კონდიციაშია ეს ფეხბურთელი, რომლის გამოძახებასაც მალტასთან მატჩისთვის ვაპირებ.

სწორი თამაში ამარცხებს ოსტატობას

- ორი გარემარბი და ერთი ცენტრფორვარდი - საქართველოს ნაკრებში ამ აპრობირებული სქემით აპირებთ შეტევის წარმართვას?
- შესაძლოა, ორი ფორვარდით და სამი ცენტრალური მცველით ვითამაშოთ. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ისიც, რომ ორი თავდამსხმელიდან ერთი უკან დახეული იყოს - ამ ფუნქციის შესრულება შეუძლიათ თორნიკე ოქრიაშვილს, გიორგი ჭანტურიას, ყენიას...

- საქართველოს და გერმანიის ნაკრებები - პარამეტრებში სხვაობა ძალიან დიდია, თუმცა ფეხბურთში არცთუ იშვიათად ხდება, რომ შეხვედრა საპირისპირო შედეგით სრულდება. რამდენად არის ამის შანსი გერმანიასთან მატჩში?
- ფეხბურთელთა კარგი, ფუნქციონალური მომზადებითა და სწორი თამაშით შესაძლებელია ოსტატობაში განსხვავების კომპენსირება. მალტასთან და გერმანიასთან მატჩებს შეუძლია მთლიანად შემოატრიალოს ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ის განწყობა, რაც არის ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებში.

- ფეხბურთელთა ეს თაობა რამდენად არის მზად ამისთვის?
- ვფიქრობ, ამ ეტაპზე შედარებებს თავი უნდა დავანებოთ.

- ქვეყნის ყველა ნაკრების მოქცევა ერთ სისტემაში, რომელსაც ერთი ხელმძღვანელი ეყოლება ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის სახით - ემხრობით ასეთ მოდელს?
- ეს ცუდი მიმართულება ნამდვილად არ არის, ასეთი გამოცდილება უკვე აქვს რამდენიმე ქვეყანას.

ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებში რომ მოვა, უნდა იცოდეს, სად მოვიდა. აქ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები დოგმებში არ უნდა მოვაქციოთ და საკუთარი თავის რეალიზებაში ხელი არ უნდა შევუშალოთ. ამ ეტაპზე კი ჩვენ უფრო იმაზე ვიქნებით ორიენტირებულნი, რომ ეროვნული ნაკრების უახლოეს შეხვედრებში დადებით შედეგს მივაღწიოთ.

ავტორი: დავით თავართქილაძე
წყარო: gff.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
მეტი ნახევარმცველი და მეტი პასია საჭირო რომ ფეხბურთი ისწავლონ..ამანაც თუ ქეცბაიასავით მარტო სტანდარტულების იმედად და შედეგზე ითამაშა არაფერი გვეშველება!!
0
ცადი რა მიხედე საქმეს რას არჩევ აქ რა ტაქტიკიტ უნდა იტამაშო ვერახარ მემგონი კარგად ან როგორუნდა იკო დომენტის დანიშნული
nukri
19:20 26-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული