მალტის ნაკრების თავკაცი: თქვენ უფრო ძლიერი გუნდი გყავთ

AutoSharing Option
შაბათს, 28 მარტს, მალტის ნაკრები აზერბაიჯანს ესტუმრება და ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს. მანამდე კი კუნძულოვანი ქვეყნის მთავარი გუნდი თბილისში ჩამოვიდა და დღეს, 25 მარტს, საქართველოს ნაკრებს ამხანაგურად ეთამაშება.

მალტას თავის ჯგუფში 4 მატჩის შემდეგ 1 ქულა აქვს, ოღონდ ამ ქულამ ბევრი გააოცა: 11 ნოემბერს, სოფიაში ბულგარეთთან 1:1 ითამაშა.

თბილისში გამომგზავრებამდე, მალტელთა მთავარი მწვრთნელი პიეტრო გედინი ამბობდა:

"მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა უცხო გარემოში ითამაშოს და ამასთან დაკავშირებული სიძნელეები დაძლიოს. საქართველო კი, გარკვეულწილად, აზერბაიჯანის მსგავსი გუნდია. თბილისში სწორედ ბაქოს მატჩზე
ვიფიქრებთ, საჭირო სტრატეგიას დავამუშავებთ. ასე რომ, ეს სპარინგი აუცილებლად წაგვადგება. თუ შევძელით და ბულგარეთთან ფრედ ვითამაშეთ, გამოდის, ეს საქართველოსთან და აზერბაიჯანთანაც უნდა მოვახერხოთ".

საბოლოოდ, გედინმა თბილისში ეს შემადგენლობა ჩამოიყვანა:

მეკარეები: ჟუსტინ ჰაბერი (ბირკირკარა), ჰენრი ბონელო (ჰიბერნიანსი), ენდრიუ ჰოგი (კალონი, საბერძნეთი);
მცველები: სტივ ბორგი, ჯონათან კარუანა, რაიან კამილერი (ყველა - ვალეტა), რაიან კამენზული, ზაკ მუსკატი (ორივე - ბირკირკარა), ანდრეი აგიუსი (ჰიბერნიანსი), სტივ ბეზინა (ბალზანი), იურგენ პიზანი (პიეტა);
ნახევარმცველები: კონორ ბორგი, სტივ პიზანი (ორივე - ფლორიანა), როდერიკ ბრიფა, რაიან ფენეკი (ორივე - ვალეტა), პოლ ფენეკი, როუნ მუსკატი (ორივე - ბირკირკარა), ბიორნ კრისტენსენი (ჰიბერნიანსი), მარკ შერი (შლიემა);
თავდამსხმელები: ენდრიუ კოენი, ჟან-პოლ ფარუჯა (ორივე - ჰიბერნიანსი), ალფრედ ეფიონგი (ქორმი), ანდრე შემბრი (ომონია, კვიპროსი).

საინტერესოა, რომ სტუმართა რიგებში მხოლოდ ორი ლეგიონერია, ბერძნული "კალონის" მეკარე ენდრიუ ჰოგი და კვიპროსული "ომონიას" თავდამსხმელი ანდრე შემბრი. მაგრამ კუნძულელებს ნატურალიზებული მოთამაშეებიც ჰყავთ - ნახევარმცველი ბიორნ კრისტენსენი დანიელია და "სილკებორგის" გაზრდილია, თავდამსხმელი ალფრედ ეფიონგი კი ნიგერიელი გახლავთ.

* * *
მალტელებმა 24 მარტს "მიხეილ მესხზე" მატჩისწინა ვარჯიში გამართეს. მანამდე კი, სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა პიეტრო გედინმა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური მატჩის მნიშვნელობაზე ილაპარაკა:

- მგზავრობამ საკმაოდ დაგვღალა და ამ მდგომარეობიდან ჯერაც ვერ გამოვედით. იმედია, ხვალ უფრო ენერგიულად ვიქნებით.

საქართველოს ნაკრების რამდენიმე შეხვედრა ვნახე და გავაანალიზე. თუკი ჩვენი ნაკრების მდგომარეობას გავითვალისწინებთ, თქვენ უფრო ძლიერი გუნდი გყავთ, ჩვენი მოთამაშეები შედარებით უარეს სათამაშო კონდიციებში არიან. ამას გარდა, ოთხი მოთამაშეც გვაკლია.

მიუხედავად ამისა, ვეცდებით, კარგი თამაში ვაჩვენოთ.

- რა მნიშვნელობას ანიჭებთ ამ ამხანაგური მატჩის შედეგს?
- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. შედეგი ჩვენთვისაც ბევრს ნიშნავს და საქართველოსთვისაც.

ჩვენ აზერბაიჯანს ვხვდებით, თქვენები კი რამდენიმე დღეში გერმანიას დაუპირისპირდებიან - ორივეს გვინდა, რომ ოფიციალურ თამაშებს კარგ ხასიათზე შევხვდეთ. მაგრამ ახლა ყურადღებას იმასაც ვაქცევთ, რომ კონდიციები დროულად აღვიდგინოთ და აზერბაიჯანთან მატჩისთვის კარგად მომზადებულები ვიყოთ.

- საქართველოს ნაკრებიდან რომელ ფეხბურთელს გამოარჩევთ?
- "ემპოლის" თავდამსხმელ ლევან მჭედლიძეს, რომელმაც იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში გაიტანა. ვნახე გიბრალტარი-საქართველოს თამაში. თქვენ საკმაოდ მოქნილი და მოძრავი გუნდი გყავთ, ბევრია ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელი, მაგრამ ყველა მათგანს არ ვიცნობ.

პოლონეთთან მატჩის ჩანაწერიც ვნახე - მიმაჩნია, რომ საქართველო 0:4 წაგებას არ იმსახურებდა, რადგან თქვენმა გუნდმა რამდენიმე პოზიტიური მომენტი გამოაჩინა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
Ika ar gvetamasheba ukve aravin babu
tfuii
17:38 25-03-2015
0
ამხანაგური მაჩტი შედარებით ძლიერ მეტოქესთან, რომ ჩაგვეტარებინა არ შეიძლებოდა? თამაშს მაინც ისწავლიდნენ !
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული