ლევან მჭედლიძე: ძალიან მოტივირებულები ვართ

AutoSharing Option
მალტასთან მოგებულ (2:0) მატჩში ლევან მჭედლიძე საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. მიუხედავად იმისა, რომ 25 წლის ფორვარდს გოლი არ გაუტანია, ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ მალტელთა მცველებს შორის დაბნეულობა გამოეწვია, დაეღალა ისინი, რამაც ბოლოს შედეგიც გამოიღო...

- ცხადაძის ნაკრებში სიახლეებიდან რას გამოარჩევდით?

- ის უფრო მეტ შეტევას გვთხოვს. ფეხბურთის მცოდნე მიხვდებოდა, რა მიზნით მიმართავდა ცხადაძე ტაქტიკურ ცვლილებებს. ჩვენი თამაში შემთხვევითობაზე
არ იყო აგებული, გააზრებული გეგმით ვმოქმედებდით. ამაში ადრე გვიჭირდა, ნაკრებს არ ეტყობოდა, რომ შეტევაში დავალება ჰქონდა. დღეს კი მგონია, რომ ბევრი პოზიტიური მომენტი გამოჩნდა. თანაც, მიმაჩნია, რომ შემსრულებლები გამოჩნდნენ. ძლიერი ინდივიდუალისტების გარეშე გუნდის წინსვლა წარმოუდგენელია.

- როგორ ახსნით პირველი ტაიმის დაბალ ტემპს? შეტევები სწრაფად ვერ ვითარდებოდა...
- ავხსნი მალტელების ყრუ დაცვით. რთულია ისეთ მეტოქესთან თამაში, რომელიც დაცვაში 10 კაცით დგას. მათთან მოგება იტალიასაც კი გაუჭირდა. კაცნაკლულებმა ითამაშეს და მხოლოდ 0:1 წააგეს. ასეთ გუნდთან 2:0 მოგება ჩვენთვის ნორმალური შედეგი უნდა იყოს.

მთავარია, ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველივე შეხვედრა მოვიგეთ და იმედია, გულშემატკივარი ცოტათი მაინც გავახარეთ. სულ ვცდილობდით კართან შეღწევას და ტემპის გაზრდას, რაც ასეთი ყრუ დაცვის პირობებში ძალიან ძნელი იყო. რა ხერხი არ ვცადეთ...

მოკლედ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნაკრებმა მალტასთან ხასიათი გამოავლინა.

- ახალწვეულებსა და ნაკრებში დაბრუნებულებზე რას იტყვით?
- მათ გუნდი გააძლიერეს. რაც მთავარია, ფიზიკურად მზად არიან, რაც სანაკრებო დონეზე აუცილებელია.

- 29 მარტს ბევრად უფრო მძიმე მატჩი გველის...
- გერმანიასთან შეხვედრას მსოფლიოს გრანდებიც ფრთხილად ეკიდებიან და, რა თქმა უნდა, ჩვენც მძიმე გამოცდა გვექნება. მაგრამ დღეს თამაში ყველასთან შეიძლება და წინასწარ იმედს ნუ გადავიწურავთ.

ყველა თამაში ერთმანეთს არ ჰგავს და გერმანიასთან სულ სხვა ხასიათის შეხვედრა გველის, ვიდრე მალტასთან - ისინი დაცვაში არ ჩაჯდებიან. პირიქით, დიდი ალბათობაა, ჩვენ მოგვიხდეს უკან დახევა. მაგრამ მწვრთნელი რასაც დაგვავალებს, ჩვენც იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.

წინასწარ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ძალიან მოტივირებულები ვართ. მალტასთან მოგება ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება, გერმანიასთან უფრო ღირსეულად რომ ვითამაშოთ. საშიში არაფერია. მთავარია, მოვინდომოთ და რაც შეგვიძლია, ის ფეხბურთი ვაჩვენოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდით ბიჭებოო
Bacho
15:17 29-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული