თვალსაზრისი: ნუ დაუჩოქებ!..

AutoSharing Option
ეს წერილი საქართველო-გერმანიის მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე იწერება. თავად მატჩი ამ წერილში უკვე ვერაფერს შეცვლის. მოსახდენი მოხდა - ერთ-ერთმა ქართველმა, გერმანიის ნაკრების ვარჯიშისას, "დინამო არენაზე" ბუნდესნაკრების კაპიტან ბასტიან შვაინშტაიგერს დაუჩოქა!..

თავისთავად, ფაქტი ისეთია, რომ გამოხმაურებას საჭიროებს. თავდაპირველად, ეს რომ ვნახე, გავოგნდი. მერე ხალხის რეაქციამ დამაინტერესა. უმეტესობა გმობს, იშვიათად რომ ვინმე ამართლებდეს. ისეთი პოლიტიკოსები თუ მათი მეუღლეებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ტოლერანტობისკენ მოგვიწოდებენ...

დღევანდელ დროსა და სივრცეში
არანაირი საქციელი არ უნდა გაგვიკვირდეს. რა თქმა უნდა, დემოკრატია ჩვენი თვითგამოხატვის თავისუფლებისთვის გვიყვარს და გვესათუთება. ჩვენ შორს ვართ იმ აზრისგან, რომ ერთი, თუნდაც უღირსი საქციელის გამო ადამიანი ჩავქოლოთ, მაგრამ ყველაფერს თავისი სახელი კი უნდა დავარქვათ.

ჩემთვის ეს საქციელი სხვა არაფერია, თუ არა სამშობლოს ღალატი. ღალატი, თუნდაც გაუაზრებლად ჩადენილი, მაგრამ მაინც. გერმანიის ნაკრების ჩამოსვლისა და მისი ქართველი "ფანების" დახვედრის კადრებიც ვნახე. იქ მავანი "ფანი" ამბობს, რომ ის წარმოადგენს საქართველოში გერმანიის ნაკრების ფანკლუბს და იქვე იმედოვნებს, რომ მომავალ მატჩში 3 ქულა ბუნდესგუნდს დარჩება.
გერმანიის ნაკრების ქართველი ფანების დახვედრა
Sportall.Ge

ვერანაირი დემოკრატიული ფასეულობა, ლიბერალიზმის ვერანაირი გამოვლინება ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ ის ფანი მოღალატე არ არის. ის ჩვეულებრივი მოღალატეა იმ ათასთაგან, საუკუნეების განმავლობაში რომ ყიდდნენ სამშობლოს.

ღალატი მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ სერგო ორჯონიკიძესავით წინ მოუძღოდე შენი ქვეყნის დასაპყრობად მომავალ მტერს. როცა შენი ქვეყნის ნაკრების წაგება გიხარია და უცხოტომელის მოგებაზე ოცნებობ, მოღალატე ხარ!

აქვე ვთქვათ, რომ იმ ახალგაზრდამ ეს თქვა აბსოლუტურად ძალდაუტანებლად, ისეთ სიტუაციაში, როცა მას არავინ აძალებდა, გინდა თუ არა, გერმანიის ნაკრების გამარჯვების სახელზე აღავლინე ხოტბაო. რას იზამს ის იმ შემთხვევაში, თუ ოდნავი ძალა მაინც დაადგება?! ამაზე ფიქრიც კი არ მინდა.

...ისევ "დინამო არენაზე" მომხდარს დავუბრუნდეთ. მე არ ვიცი, სად დაიბადა ან სად გაიზარდა ის ახალგაზრდა, შვაინშტაიგერს რომ დაუჩოქა, მაგრამ ერთი კი ვიცი - მის პიროვნებაში, მის შინაგან "მე"-ში ქართული არაფერია.

მოვლენები საქართველოს დედაქალაქში, თბილისში განვითარდა. ალბათ, იმ ახალგაზრდამ არ იცის, რომ ნახევარი თბილისი გაწყდა საუკუნეების წინ და ჯალალ-ად-დინს არ დაუჩოქა, ქართველობამ არ დაუჩოქა თემურ-ლენგს, შაჰ-აბასს... ათას დიდსა თუ მცირე დამპყრობელს თავისი დროისას.

ვეჭვობ, მაშინ ისეთი ქართველები გვყოლოდნენ, როგორებიც ის, მუხლებზე დამხობილი, შვაინშტაიგერის ბუცებს ჩახუტებული ბიჭი და მისი "კოლეგა", გერმანიის გამარჯვებაზე მეოცნებე მავანი "ფანი".

უმიზეზოდ ბუნებაში არაფერი ხდება. რამ მიგვიყვანა აქამდე? ალბათ, მიზეზი ჩვენივე თავშია. როგორც ჩანს, მავანმა შეძლო და შექმნა ვაიქართველის ახალი ტიპი, რომლისთვისაც პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული სალანძღავ სიტყვას წარმოადგენს.

უცხოური ნაკრებების ქომაგობის კულტს ჩვენი ტელევიზიები ნერგავენ ყველა დიდი ტურნირის დროს, ლამის 24 საათი რომ გვიჩვენებენ სხვადასხვა ნაკრების ქართულ "ფანკლუბებს".

მერე: ბოლო ოცი წელია, ეს ბიჭები საკუთარ სამშობლოს სულ დაჩოქებულს ხედავენ. ომებსა და სხვა კატაკლიზმებს ვინ ჩივის, ისეთ სიტუაციაშიც კი ვიჩოქებთ, როცა ამას არავინ გვთხოვს... მაგალითები ახლო წარსულში ბლომად გვაქვს.

იმ ხალხს, ვინც ამ რენეგატი ქართველების საქციელს ამართლებს, მინდა ვკითხო: გერმანიაში ჩასულ საქართველოს ნაკრების რომელიმე წევრს ასე ვინმე დაუჩოქებდა? არ თქვათ, რომ შვაინშტაიგერი ვარსკვლავია და მას იმიტომ დაუჩოქეს. გერმანიისთვის საქართველოს ნაკრები რიგითი მეტოქეა, ჩვენ კი ზედ მსოფლიოს ჩემპიონებთან თამაშის წინ მათგან კერპები შევქმენით...

ახლა ჩვენი საზოგადოების "ზეტოლერანტული" ნაწილი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ეს ხალხი განვითარებულებად, წინწასულებად, განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომებად წარმოგვიჩინოს. მე მათში ამის ნატამალსაც ვერ ვხედავ.

პირიქით - ჩემთვის ეს ადამიანები განვითარების ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომები არიან, რომლებიც ჩაკარგულან გლობალიზაციის ზღვაში და არ იციან თავისი და სხვისი...

როცა თბილისში მოსაგებად ჩამოსულ მეტოქეს ფეხს უკოცნი, ამაზე მეტი "ხამობა" გაგონილა?!

საქართველოში გაზრდილი კაცი არც დაიჩოქებს და არც მეტოქის გამარჯვებას ინატრებს, თუ მას რაღაც ქართული სცხია, თუ მას ვაჟა წაუკითხავს, ილიას შემოქმედებას იცნობს, თუ იცის, რამდენი მოწამე გვყავდა, როგორ გადავრჩით, რამ მოგვიყვანა აქამდე...

მინდა გთხოვოთ: ნუ გაამართლებთ ამ ადამიანების საქციელს ფეხბურთის უსაზღვრო სიყვარულით. დარწმუნებული ვარ, არც ერთი და არც მეორე არასოდეს ყოფილა საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე. ფეხბურთის სიყვარული მხოლოდ ამით არ იზომება? მაშინ სხვა მხრიდან შევხედოთ.

სცადეს კი ამ ორმა და მათ უკან მდგომმა ადამიანებმა, ამხელა სიყვარული და სითბო დაენახვებინათ თუნდაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისათვის? ვინ იცის, ასეთი რუდუნებით ფრთაშესხმულებს ოდნავ უკეთ მაინც ეთამაშათ ფეხბურთი?!

არ უცდიათ და უბედურებაც ამაშია - ჩვენი ყველას უბედურება და არა იმ 200 თუ 300 კაცის.

ჩვენ უბრალო მოკვდავები ვართ და ბევრი რამის უფლება გვაქვს. გვაქვს, რადგან საერთო არაფერი გვაქვს ღმერთებთან და რაც მათ არ ეპატიებათ, ჩვენთვის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა.

ყველა მოკვდავს ვერ მოსთხოვ, იყოს დემეტრე თავდადებული, ლუარსაბ მეორე, თევდორე მღვდელი...

და მაინც, არის ზღვარი, რასაც არავინ უნდა გადასცდეს.

ნუ დაუჩოქებ შვაინშტაიგერს! მით უმეტეს, შენს მიწაზე და მით უმეტეს მაშინ, როცა ძალას არავინ გატანს. შვაინშტაიგერს რა, ზოგადად, ნურავის დაუჩოქებ!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 48 /
მე განსხვავებულ აზრს ვიტყვი, უყვარს და აფანატებს შვაინშტაგერს და დაუჩოქა პატივისცემის ნიშნად. რატომ ცდილობთ ყველგან ჩიორტები ეძებოთ? ოღონდ სალაპარაკო მოგცეთ და მეტია არაფერი გინდათ.
მინ
30 მარტი 2015 15:18
0
შე კაი დედმამიშვილო თუ მუხლი გეკვეთება და ვინმეს გინდა მაინცადამაინც დაუჩოქო, დაუჩოქე ფაჩულიას, გორგოძეს და კალაძეს(როგორც ფეხბურთელს). შენ რაც შეგეხება ГИЯ ....
chiko
30 მარტი 2015 15:06
0
შვაინა დაწერს კარიერის ბოლო წიგნს. საქართველოში ვიყავი და დამიჩოქესო.
chiko
30 მარტი 2015 15:04
0
რა თქმა უნდა მოღალატეა, საშინელება რაშია იცით, მისი მშობლებიც მოღალატეებია, ასეთი შვილის გაზრდისათვის, ამ ბიჭის შვილებიც მოღალატეები გაიზრდებიან, ღმერთს ვთხოვ პატიებას ამას, რომ ვამბობ, მაგრამ მოღალატე შობს მოღალატეს.
გელა1
30 მარტი 2015 15:01
0
მართალი ხარ ავტორ ყველაფერში გეთანხმები, არ მესმის იმ ხალხის ვინც ამ ბავშვს ამართლებს! უბრალოდ ყველაფერს რო თავი დავანებოთ დაჩოქვა კაცური არაა
emre
30 მარტი 2015 14:59
0
აუ ნუ გადაეკიდეთ რა ვინც დაუჩოქებს თავის საქმე თვითონ იცის,უყვარს და ბუცებს შეეხო ბიჩი,ქართულის გარდა ფეხბურთი არუნდა გიყვარდეს სხვისი თუ რახდება.გასაგებია რომ საქართველოს ჰიმნზე გერმანიას ვიდეოს არ უნდა უღებდე ზოგადად მაგრამ,სხვა თვალითაც შეხედეთ ამ ადამიანის ქმედებას.
gio
30 მარტი 2015 14:58
0
джалаладинсац даучокет темур ленгсац да шах абассац даучокет сакартвело ар ико квелас амат ро харкс ухдида сакартвело марто кеипши да гвинис смашиа магари
гия
30 მარტი 2015 14:43
0
სრულიად გეთანხმებით. გერმანელები ჩვენზე არანაკლებ დემოკრატები არიან მაგრამ მათ არ უფიქრიათ მაგარი სტუმართ მოყვარეობის გამო დაეჩოქათ ჩევენთვის, ანდა რომელიღაც სუს ქვეყანის წარმომადგენელს დაეჩოქა მესისთვის ან რონალდოათვის
gaga
30 მარტი 2015 14:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული