თავისთავად, ფაქტი ისეთია, რომ გამოხმაურებას საჭიროებს. თავდაპირველად, ეს რომ ვნახე, გავოგნდი. მერე ხალხის რეაქციამ დამაინტერესა. უმეტესობა გმობს, იშვიათად რომ ვინმე ამართლებდეს. ისეთი პოლიტიკოსები თუ მათი მეუღლეებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ტოლერანტობისკენ მოგვიწოდებენ...
დღევანდელ დროსა და სივრცეში
ჩემთვის ეს საქციელი სხვა არაფერია, თუ არა სამშობლოს ღალატი. ღალატი, თუნდაც გაუაზრებლად ჩადენილი, მაგრამ მაინც. გერმანიის ნაკრების ჩამოსვლისა და მისი ქართველი "ფანების" დახვედრის კადრებიც ვნახე. იქ მავანი "ფანი" ამბობს, რომ ის წარმოადგენს საქართველოში გერმანიის ნაკრების ფანკლუბს და იქვე იმედოვნებს, რომ მომავალ მატჩში 3 ქულა ბუნდესგუნდს დარჩება.
ვერანაირი დემოკრატიული ფასეულობა, ლიბერალიზმის ვერანაირი გამოვლინება ვერ დამარწმუნებს იმაში, რომ ის ფანი მოღალატე არ არის. ის ჩვეულებრივი მოღალატეა იმ ათასთაგან, საუკუნეების განმავლობაში რომ ყიდდნენ სამშობლოს.
ღალატი მაინცდამაინც იმას არ ნიშნავს, რომ სერგო ორჯონიკიძესავით წინ მოუძღოდე შენი ქვეყნის დასაპყრობად მომავალ მტერს. როცა შენი ქვეყნის ნაკრების წაგება გიხარია და უცხოტომელის მოგებაზე ოცნებობ, მოღალატე ხარ!
აქვე ვთქვათ, რომ იმ ახალგაზრდამ ეს თქვა აბსოლუტურად ძალდაუტანებლად, ისეთ სიტუაციაში, როცა მას არავინ აძალებდა, გინდა თუ არა, გერმანიის ნაკრების გამარჯვების სახელზე აღავლინე ხოტბაო. რას იზამს ის იმ შემთხვევაში, თუ ოდნავი ძალა მაინც დაადგება?! ამაზე ფიქრიც კი არ მინდა.
...ისევ "დინამო არენაზე" მომხდარს დავუბრუნდეთ. მე არ ვიცი, სად დაიბადა ან სად გაიზარდა ის ახალგაზრდა, შვაინშტაიგერს რომ დაუჩოქა, მაგრამ ერთი კი ვიცი - მის პიროვნებაში, მის შინაგან "მე"-ში ქართული არაფერია.
მოვლენები საქართველოს დედაქალაქში, თბილისში განვითარდა. ალბათ, იმ ახალგაზრდამ არ იცის, რომ ნახევარი თბილისი გაწყდა საუკუნეების წინ და ჯალალ-ად-დინს არ დაუჩოქა, ქართველობამ არ დაუჩოქა თემურ-ლენგს, შაჰ-აბასს... ათას დიდსა თუ მცირე დამპყრობელს თავისი დროისას.
ვეჭვობ, მაშინ ისეთი ქართველები გვყოლოდნენ, როგორებიც ის, მუხლებზე დამხობილი, შვაინშტაიგერის ბუცებს ჩახუტებული ბიჭი და მისი "კოლეგა", გერმანიის გამარჯვებაზე მეოცნებე მავანი "ფანი".
უმიზეზოდ ბუნებაში არაფერი ხდება. რამ მიგვიყვანა აქამდე? ალბათ, მიზეზი ჩვენივე თავშია. როგორც ჩანს, მავანმა შეძლო და შექმნა ვაიქართველის ახალი ტიპი, რომლისთვისაც პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული სალანძღავ სიტყვას წარმოადგენს.
უცხოური ნაკრებების ქომაგობის კულტს ჩვენი ტელევიზიები ნერგავენ ყველა დიდი ტურნირის დროს, ლამის 24 საათი რომ გვიჩვენებენ სხვადასხვა ნაკრების ქართულ "ფანკლუბებს".
მერე: ბოლო ოცი წელია, ეს ბიჭები საკუთარ სამშობლოს სულ დაჩოქებულს ხედავენ. ომებსა და სხვა კატაკლიზმებს ვინ ჩივის, ისეთ სიტუაციაშიც კი ვიჩოქებთ, როცა ამას არავინ გვთხოვს... მაგალითები ახლო წარსულში ბლომად გვაქვს.
იმ ხალხს, ვინც ამ რენეგატი ქართველების საქციელს ამართლებს, მინდა ვკითხო: გერმანიაში ჩასულ საქართველოს ნაკრების რომელიმე წევრს ასე ვინმე დაუჩოქებდა? არ თქვათ, რომ შვაინშტაიგერი ვარსკვლავია და მას იმიტომ დაუჩოქეს. გერმანიისთვის საქართველოს ნაკრები რიგითი მეტოქეა, ჩვენ კი ზედ მსოფლიოს ჩემპიონებთან თამაშის წინ მათგან კერპები შევქმენით...
ახლა ჩვენი საზოგადოების "ზეტოლერანტული" ნაწილი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ეს ხალხი განვითარებულებად, წინწასულებად, განვითარების მაღალ საფეხურზე მდგომებად წარმოგვიჩინოს. მე მათში ამის ნატამალსაც ვერ ვხედავ.
პირიქით - ჩემთვის ეს ადამიანები განვითარების ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომები არიან, რომლებიც ჩაკარგულან გლობალიზაციის ზღვაში და არ იციან თავისი და სხვისი...
როცა თბილისში მოსაგებად ჩამოსულ მეტოქეს ფეხს უკოცნი, ამაზე მეტი "ხამობა" გაგონილა?!
საქართველოში გაზრდილი კაცი არც დაიჩოქებს და არც მეტოქის გამარჯვებას ინატრებს, თუ მას რაღაც ქართული სცხია, თუ მას ვაჟა წაუკითხავს, ილიას შემოქმედებას იცნობს, თუ იცის, რამდენი მოწამე გვყავდა, როგორ გადავრჩით, რამ მოგვიყვანა აქამდე...
მინდა გთხოვოთ: ნუ გაამართლებთ ამ ადამიანების საქციელს ფეხბურთის უსაზღვრო სიყვარულით. დარწმუნებული ვარ, არც ერთი და არც მეორე არასოდეს ყოფილა საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე. ფეხბურთის სიყვარული მხოლოდ ამით არ იზომება? მაშინ სხვა მხრიდან შევხედოთ.
სცადეს კი ამ ორმა და მათ უკან მდგომმა ადამიანებმა, ამხელა სიყვარული და სითბო დაენახვებინათ თუნდაც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისათვის? ვინ იცის, ასეთი რუდუნებით ფრთაშესხმულებს ოდნავ უკეთ მაინც ეთამაშათ ფეხბურთი?!
არ უცდიათ და უბედურებაც ამაშია - ჩვენი ყველას უბედურება და არა იმ 200 თუ 300 კაცის.
ჩვენ უბრალო მოკვდავები ვართ და ბევრი რამის უფლება გვაქვს. გვაქვს, რადგან საერთო არაფერი გვაქვს ღმერთებთან და რაც მათ არ ეპატიებათ, ჩვენთვის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა.
ყველა მოკვდავს ვერ მოსთხოვ, იყოს დემეტრე თავდადებული, ლუარსაბ მეორე, თევდორე მღვდელი...
და მაინც, არის ზღვარი, რასაც არავინ უნდა გადასცდეს.
ნუ დაუჩოქებ შვაინშტაიგერს! მით უმეტეს, შენს მიწაზე და მით უმეტეს მაშინ, როცა ძალას არავინ გატანს. შვაინშტაიგერს რა, ზოგადად, ნურავის დაუჩოქებ!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რაც შეეხება ჩვენს მეზობლებს და საერთოდ,იმ ფაქტის განხილვას,რაც აეროპორტში მოხდა,ვიცი რაც იწერება და რასაც გადმოსცემენ.რომ დამშვიდდეთ, გეტყვით,რომ გერმანელები აღრფთოვანებულები არიან ასეთი თბილი დახვედრით.3 დღეა გერმანიაში საუბრობენ იმაზე,თუ როგორი ღირსეული დახვედრა მოუწყეს მსოფლიოს ჩემპიონს ქართველბმა.საუბრობენ ჩვენს საფეხბურთო ინტელექტზე და ობიექტურობაზე.სტუმარტმოყვარეობაზე და ფეხბურთის დიდ სიყვარულზე(ზუსტად შვაიშტაიგერის ფაქტზე).თუ გაინტერესებთ,მოგიძიებთ და გადმოგიკოპირებთ იქაურ პრესას.ქართულ თარგმანზე ბოდიში.
სტუმრის დახვედრა თბილად და ღირსეულად მასპინძლის ვალია(დღეს სტუმარია ის ჩემი,გინდ ზღვა ემართოს სიხსლისო).მაგრამ იმ ხალხზე,რომლებზეც თქვენ საუბრობთ,არა მგონია ქართველები იყვნენ.ასეთი სულელები(ვისაც გერმანიის გამარჯვება უნდოდათ) ყველაგან გამოერევიან ხოლმე.თუნდაც ისისნი,ვინც მოედანზე გადახტნენ თამაშისას და უკომპასი გემებივით დარბოდნენ აქეთ-იქით.მე ისინი ქართველებად არ მიმაჩნია,როგორი ფანებიც არ უნდა ყოფილიყვნენ.იქნებ სულაც სომხები იყვნენ,ან ქურთები,ან აზერბაიჯანელები.იქნებ ვინმემ გადაუხადა კიდეც,რომ ასე ეთქვათ.მე მათ ნათქვამს საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას და თქვენ რატომ აითაცეთ ასე,არ მესმის?ნუთუ ვერ დაინახეტ,რომ 70 000 ქომაგი "საქრთველოს" გაჰკიოდა 2 ტაიმი.რაღა მათზე ლაპარაკობს მთელი საქართველო?ფეხბურთზე ისაუბრეთ.ვინ კარგად ითამაშა,ვინ ცუდად,ვინ გაგვახარა,ვის არ გამოუვიდა თამაში და ა.შ...
იმ ახალგაზრდას არც დაუჩოქია და არც ფეხები დაუკოცნია.იგი უბრალოდ შეეხო მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის,ცოცხალი ლეგენდის ბუცს.ვინც ამაში ტრაგედიას ხედავს,მისი ადგილი სტადიონზე არაა.