დავით სირაძე: მათე ვაწაძეს ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი უნდა მიეცეს

AutoSharing Option
დავით სირაძე საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს კარგად იცნობს, რადგან სწორედ კახა ცხადაძის ხელში გადავიდა ბავშვებიდან დიდების ფეხბურთში.

"ჯვაროსნების" ყოფილი თავდამსხმელი (რომელიც ახლა კიშინიოვის "დაჩიაში" გამოდის) ამბობს, რომ ცხადაძის სჯერა.

"ბუნებრივია, უცებ ნაკრებს ვერავინ გარდაქმნის. ჩვენი ეროვნული გუნდი კი რა დღეშიც იყო, ყველამ იცით - გუნდი ვერ იგებდა, ხოლო მოთამაშეები ფსიქოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ.

მაგრამ მალტასთან მოგებულ და თუნდაც გერმანიასთან წაგებულ შეხვედრებში დავინახე, რომ ცხადაძე მართლა სხვა ნაკრებს აშენებს. ჩვენების თამაშში ისეთი ელემენტები გამოჩნდა, რაც ძალიან მომეწონა.

ცხადაძემ იცის, რა
უნდა და შედეგს როგორ მიაღწიოს. გამოჩნდა, რომ შეტევის მცდელობაც იყო, ჩვენები ბურთს უაზროდ არ იგერიებდნენ. ყველაზე მეტად იმას გამოვარჩევდი, რომ დაცვიდან შეტევაში გადასვლისას გუნდი კარგად და სწორად მოძრაობდა.

ბევრი ამბობს, ამას რა მნიშვნელობა აქვს, მაინც წავაგეთო. მაგრამ თამაში ასე თუ გაგვაგრძელეთ, ნახავთ, სხვა გუნდებთან ბურთის ფლობა უფრო მეტი გვექნება და ეს შედეგს მოიტანს", - ამბობს სირაძე.

კიშინიოვის "დაჩიას" ქართველი ლეგიონერი მიიჩნევს, რომ გუნდს შეტევის გაძლიერების რეალური პოტენციალი გააჩნია:

"საამისოდ, შესაბამისი უნარის მქონე მოთამაშეთა შერჩევაა საჭირო. ცხადაძესთან მიმუშავია და ვიცი, რომ მას შემოქმედებითი ფეხბურთელები უყვარს, მათ ენდობა და ხშირად ასეთები დაუწინაურებია კიდეც.

შეტევის გაძლიერების პოტენციალი კი ნაკრებს ნამდვილად აქვს, რადგან გვყვანან კარგი ინდივიდუალისტები - ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ანანიძე, ჭანტურია... გუნდში დაბრუნდა ყენია, არის ვაწაძე, ასევე მცველი ნავალოვსკი, რომელიც შეტევებში აქტიურად ერთვება.

ცენტრფორვარდად კი ვაწაძე მომწონს, მას ძალიან კარგი თვისებები აქვს და ვფიქრობ, მათეს თავის გამოჩენის შანსი უნდა მიეცეს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული