ჩვენ კი მანამდე გადავხედოთ სანაკრებო სიტუაციას და ერთ წერილში გავაერთიანოთ ის ინფორმაციები, რომლებიც სანდო წყაროებით მოვიპოვეთ...
სია უახლოეს მომავალში
დავიწყოთ სიით. ამ დროისთვის, პრაქტიკულად, გარკვეულია ყველა იმ ლეგიონერის ვინაობა, რომლებიც ქვეყნის უპირველესი გუნდის ღირსებას დაიცავენ.ამასთან ერთად, საქართველოს ნაკრებში, ცხადია, იქნებიან ფეხბურთელები ჩვენი ჩემპიონატიდანაც. კახა ცხადაძე სისტემატურად ესწრება ეროვნული პირველობის მატჩებს. ეს
ეს უხერხული სიტუაცია სულ მალე დამთავრდება. ცხადაძე აღარ იქნება "ინტერის" მთავარი მწვრთნელი და აქვე შეიძლება ისიც დაიწეროს, რომ ამ გუნდის ქართველ ფეხბურთელთა დიდი უმრავლესობა (თუ ყველა არა) დატოვებს ბაქოურ კლუბს.
ორი პრობლემა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის შეგულებული ყველა ფეხბურთელი (იმ დროს, როცა ეს წერილი იწერება) ჯანმრთელადაა. იქნებ ახლა მაინც დაირღვეს ტრადიცია და ჩვენი გუნდი ოფიციალურ თუ ამხანაგურ მატჩს ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდეს.რა არის ამ დროისთვის ეროვნული ნაკრების მთავარი პრობლემა? უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, თორნიკე ოქრიაშვილის მდგომარეობა უნდა ვახსენოთ.
ოქრიაშვილმა "გენკში" უკვე დაასრულა სეზონი. ასეთ დროს, შვებულებაში გასვლის შემდეგ, თვით გამორჩეულ პროფესიონალებსაც კი უჭირთ ოპტიმალური სათამაშო ფორმის შენარჩუნება. რთული სათქმელია, რა იქნება ოქრიაშვილის შემთხვევაში... არადა, ის საქართველოს ნაკრებისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია...
მეორე პრობლემა მეკარეებს უკავშირდებათ. ბოლო დროს საქართველოს ნაკრებში მეკარეთა საკითხი აღარ იყო აქტუალური - გიორგი ლორიამ და ნუკრი რევიშვილმა ეს პრობლემა მოხსნეს და ამ მხრივ სანერვიულო ყველას ნაკლებად გვქონდა.
ახლა შეშფოთების მიზეზი სხვაა - ისე მოხდა, რომ ნაკრების ორივე ძირითადი გოლკიპერი უთამაშებელია. ლორიას ოფი შუა სეზონში დაიშალა და 29 წლის მეკარე ახლა ბერძნული გრანდის, "ოლიმპიაკოსის" წევრია.
ვიცით რა ლორიას თვისებების შესახებ, გვჯერა, ის ბევრს ივარჯიშებს ორი სანაკრებო მატჩის წინ, თუმცა ერთია ვარჯიში და მეორე - სათამაშო პრაქტიკა.
სამწუხაროდ, უთამაშებელია საქართველოს ნაკრების მეორე მეკარე - რევიშვილიც. დიდი ალბათობით, ის დატოვებს რუსულ "ტოსნოს" და გორის "დილას" შეუერთდება. ეს ტრანსფერი ორივე მხარისთვის მისაღები უნდა იყოს. "დილა" კვალიფიციურ გოლკიპერს მიიღებს, რევიშვილი კი - ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით გარჯის შანსს და მუდმივ სათამაშო პრაქტიკას.
ამასთან ერთად, კარგ ფორმაში არიან საქართველოს ნაკრების კანდიდატებიც - როინ კვასხვაძე და მიხეილ ალავიძე. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქართველი მეკარეების საერთო კლასმა პრობლემა ჩვენთვის სასიკეთოდ უნდა გადაჭრას.
გოგიამ უნდა დაამტკიცოს...
23 წლის აკაკი გოგიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა. საქართველოს არ ჰყავს დასაკარგავი ფეხბურთელი და კარგი იქნება, თუ იმასაც აღარ გავიხსენებთ, რომ არცთუ დიდი ხნის წინათ თავად აკაკი "არ იწვოდა" საქართველოს უპირველეს გუნდში თამაშის სურვილით...ის მიხვდა, რომ ვერ მოხვდება გერმანიის ნაკრებში და არჩევანი ისტორიული სამშობლოს სასარგებლოდ გააკეთა. ის არც პირველია და არც უკანასკნელი, ვინც ასე მოიქცა. ასე მაგალითად, არაერთი აფრიკელი ფეხბურთელი ისტორიული სამშობლოს სასარგებლოდ არჩევანს მას შემდეგ აკეთებს, რაც საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებს მოივლის, მაგრამ მერე ხვდება, რომ ეროვნულ გუნდში ვერაფრით დამკვიდრდება.
ის ფეხბურთელი, ვინც არ სჭირდება ბუნდესნაკრებს, შესაძლოა, ძალიანაც გამოადგეს ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს, თუმცა იქამდე გოგიამაც უნდა დაამტკიცოს თავისი დასამტკიცებელი.
მისი ოპტიმალური სათამაშო ამპლუა - წინ წაწეული ცენტრალური ნახევარმცველია. ამ პოზიციაზე საქართველოს ნაკრებში დიდი კონკურენციაა. გვყავს თორნიკე ოქრიაშვილი, ლევან ყენია, ვაკო ყაზაიშვილი, ნიკა ძალამიძე, ჯანო ანანიძე...
გოგია ახლახან გადავიდა ინგლისური ჩემპიონშიფის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ "ბრენტფორდში".
თუ ამ გამოწვევას წარმატებით გაუმკლავდება, მაშინ მისთვის აუცილებლად გაიღება საქართველოს ეროვნული ნაკრების კარიც. მანამდე კი გოგიამ ქართული პასპორტი უნდა აიღოს, რაც არა მხოლოდ ეროვნული გუნდის, არამედ მის ინტერესებშიცაა.
ცხადაძე გიგოლაევს ნახავს
დაზუსტებით შეგვიძლია დავწეროთ, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი უახლოეს მომავალში აუცილებლად ნახავს საქმეში ხოჟუვის "რუხის" 25 წლის მარჯვენაფლანგელ როლანდ გიგოლაევს.გიგოლაევი თბილისში დაიბადა. ოთხ წლამდე საბურთალოზე ცხოვრობდა და მერე მისი ოჯახი ვლადიკავკაზში გადავიდა. უთამაშია რუსეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, მათ შორის - ახალგაზრდულშიც. ის მარცხენაფლანგელია და ძალიან უყვარს შეტევა.
ამ ფეხბურთელისთვის ჯერ არავის შეუთავაზებია საქართველოს ნაკრებში თამაში. მას პოლონეთში დავუკავშირდით და "კოჭებში ეტყობა", რომ შეთავაზების შემთხვევაში ეს საკითხი საჩვენოდ უნდა გადაწყდეს.
ავსტრიული შეკრების მნიშვნელობა
რატომღაც, ბევრია დარწმუნებული, რომ საქართველოს ნაკრები პოლონეთთან ევროშესარჩევ მატჩს უკეთ ჩაატარებს, ვიდრე წინა შეხვედრებს. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? უპირველეს ყოვლისა, ავსტრიული შეკრება და ამ შეკრებაზე შეგულებული ერთობ ძლიერი სპარინგ-პარტნიორი - უკრაინის ეროვნული გუნდი.ავსტრიაში, მშვიდ, ნაღდ ევროპულ გარემოში საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს საშუალება ექნება, არაერთი ტაქტიკური სქემა თუ სათამაშო ვარიანტი დაამუშაოს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა მწვრთნელი შეგირდებთან ცაიტნოტურ სიტუაციაში არ იმუშავებს.
დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ სპარინგ-პარტნიორსაც. უკრაინის ნაკრები რომ ძლიერი გუნდია, ამას ბევრი ფიცი-მტკიცი არ სჭირდება. გადავხედოთ ამ ქვეყნის კლუბების ევრომონაგარს და ის ჩვენს ყველანაირ ეჭვს გაფანტავს.
ჯერ უკრაინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს არ დაუსახელებია ის შემადგენლობა, რომლითაც უკრაინელები საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან, მაგრამ თითქმის დაზუსტებით შეგვიძლია დავწეროთ, რომ მეტოქე კრებული ოპტიმალური იქნება.
დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს. იმედია, საქართველოს ნაკრები აღმავლობის გზას შეუდგება, თორემ ამაზე მეტად დაცემა წარმოუდგენლად მოჩანს - ფიფას რეიტინგში ავღანეთმა გაგვასწრო...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"