ალექსანდრე ჩივაძე: უკრაინაში კიდევ არიან წარმოშობით ქართველი მოთამაშეები

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით, 3 ივნისს ევროშესარჩევ ციკლს დაიწყებს.

ჩვენი გუნდის მოწინააღმდეგე სან მარინოს 21-წლამდელთა ნაკრები იქნება. რა თქმა უნდა, მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა, მით უმეტეს, რომ მართლაც ურთულესი ჯგუფი შეგვხვდა. სან მარინოს გარდა, ესპანეთთან, შვედეთთან, ხორვატიასა და ესტონეთთან მოგვიწევს დაპირისპირება.

ამის მიუხედავად, გვეიმედება იმ თაობისა, რომელიც პატარაობიდანვე შეეჩვია დიდ ტურნირებში მონაწილეობასა და გამარჯვებებს. ვფიქრობთ, მათ ნამდვილად შეუძლიათ, გაახარონ მოგებებს დანატრებული ქართველი გულშემატკივარი...

"ლელო" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრე ჩივაძეს "ვიტ ჯორჯია"-"კოლხეთის" მატჩის შესვენებისას ესაუბრა...

- როდის გამოცხადდება
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სია?

- ჯერ მხოლოდ გაფართოებული სია გვაქვს. პრინციპში, ლეგიონერებთან დაკავშირებით უკვე ჩამოყალიბებულები ვართ, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს კი სისტემატურად ვესწრებით...

- თქვენ მიერ შეგულებული ყველა მოთამაშე ჯანმრთელადაა?
- კი, ამ ეტაპზე ასეა.

- რა ინფორმაციას ფლობთ სან მარინოს ახალგაზრდულ ნაკრებზე?
- რომ გითხრათ, ბევრი ვიცით-მეთქი, არ ვიქნები მართალი. ჯერ არ გვინახავს მეტოქის თამაშის ჩანაწერი. ფაქტია - დღეს ყველა მეტოქე უნდა დააფასო. რა თქმა უნდა, ერთადერთ მიზნად მოგება გვაქვს. ჩვენი შესარჩევი ჯგუფი ურთულესია და თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს.

- თუ ადევნებთ თვალს იმ ქართველი ფეხბურთელების გარჯას, რომელთაც არ აქვთ ან გასაახლებელი აქვთ ქართული პასპორტი? ვგულისხმობთ ლუკას ჰუფნაგელსა და ვაკო გვილიას, ვინც სისტემატურად თამაშობს უკრაინის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში?
- ვაგროვებთ ინფორმაციას ამ ფეხბურთელებზე. უკრაინაში კიდევ არიან წარმოშობით ქართველი მოთამაშეები. გვილია საქმეში ჯერ არ მინახავს. ისე, საინტერესო ფეხბურთელი ჩანს...

- სან მარინოსთან შეხვედრაში ვერ დაიხმარებთ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებს, რომელთაც თბილისური ელიტრაუნდი ელით...
- სამწუხაროდ, ასეა. ფონს ამ ფეხბურთელების გარეშე უნდა გავიდეთ, სხვა გზა არ არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული