რუანის ტურნირიდან სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში დაბრუნებული ნაკრები მთავარმა მწვრთნელმა იგორ კოკოშკოვმა მგზავრობის დღეს, 22 აგვისტოს დაასვენა. მეორე დღეს კი "ტერმე ოლიმპიას" კომპლექსში საკმაოდ ნაყოფიერი - ორსაათნახევრიანი ვარჯიში ჩაატარა.
მთავარი მწვრთნელი ნაკრების წევრებისგან მაქსიმალურ მზადყოფნას და ფიზიკურ გამძლეობას ითხოვს, რადგან ევროპის ჩემპიონატზე სხვა, გაცილებით დატვირთული გრაფიკია. თუ წინა წელს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში თამაშები 3-4 დღის ინტერვალით იყო, ევრობასკეტზე 6 დღეში 5 თამაში გვაქვს და ამიტომაცაა, ნაკრების ვარჯიშების წლევანდელი გრაფიკი გაცილებით დატვირთული
კალათბურთელები მრავალნაირ - შეტევით და დაცვით კომბინაციებზე მუშაობენ; რა თქმა უნდა, ტყორცნებზეც ვარჯიშობენ და ტრენაჟორებზეც. ყველა მაქსიმალურად იხარჯება. სრულფასოვნად არ ივარჯიშა თორნიკე შენგელიამ, რომლის დატვირთვასაც ექიმები ერიდებიან.
"თორნიკე შენგელია მწყობრშია, ტკივილი აღარ აწუხებს, მაგრამ სანამ გარანტია არ გვექნება, რომ მისი ტრავმა საბოლოოდ მოშუშებულია, სრული დატვირთვით მის ვარჯიშს ვერ გავრისკავთ.
24 აგვისტოს შენგელიას კლინიკაში წავიყვანთ და დიაგნოსტიკას ჩავუტარებთ. თუკი პასუხი დამაკმაყოფილებელი იქნება, ის სრულფასოვან ვარჯიშზე გადავა, მსუბუქად კი დღესაც ივარჯიშა", - განაცხადა ნაკრების მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"