"გონება მკარნახობს, რომ საქართველო მაინცდამაინც შოტლანდიას დააზარალებს"

AutoSharing Option
4 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევში შოტლანდიის ნაკრებს მასპინძლობს.

შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციის ვებსაიტმა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელიც მომავალ თამაშსა და კონკრეტულად ჩვენს ნაკრებს მიეძღვნა.

ამისთვის ვებსაიტი შოტლანდიელ სპორტულ ჟურნალისტს, ალასტერ უოტს დაუკავშირდა, რომელიც ბოლო ხანს თბილისში ცხოვრობს და თავისი თანამემამულე კოლეგებთან შედარებით, მეტი ინფორმაციას ფლობს საქართველოს ნაკრებზე.

- როგორი ტაქტიკით ითამაშებს საქართველოს ნაკრები შოტლანდიის წინააღმდეგ?
- რაც კახა ცხადაძემ ჩაიბარა მწვრთნელის პოსტი, საქართველოს ნაკრებმა ორი ოფიციალური მატჩი გამართა: შინ გერმანიასთან და სტუმრად პოლონეთთან. ამ თამაშებიდან დიდად არაფერს ელოდნენ
საქართველოში. ამ შეხვედრებში ქართველთა ტაქტიკა უფრო კონტრშეტევები, მეტოქისთვის სივრცის შეზღუდვა და უფრო 5-3-1-1 ტაქტიკა იყო.

ახლა ძნელია ზუსტად გამოცნობა, რა ტაქტიკით ითამაშებს ცხადაძე შოტლანდიასთან. ის უფრო შემტევი ტიპის ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე მისი წინამორბედი თემურ ქეცბაია.

ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები უფრო შემტევი ტიპის შემადგენლობით დაიწყებს, იმის მიუხედავად, რომ სისტემა შესაძლოა, 5-3-1-1 დარჩეს.

- რომელ კონკრეტულ ფეხბურთელებს უნდა ვუფრთხოდეთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან?
- ვაკო ყაზაიშვილი ახლა შუახაზში ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია ნაკრებში. ის "ვიტესის" სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელია და ბოლო 2 სეზონში ბევრი მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა.

თორნიკე ოქრიაშვილი ცნობილია თავისი არაორდინარული ქცევით. ის არ არის სტაბილური, მაგრამ შეუძლია არაფრისგან შექმნას გოლი - როგორც ეს ირლანდიასთან გააკეთა. კიდევ გიორგი ლორიას ვახსენებ, რომელმაც ორი წლის წინათ, საფრანგეთის ნაკრებთან მსოფლიო კლასის თამაში აჩვენა.

- კაპიტანი ჯაბა კანკავა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილია გუნდში. რას მატებს კანკავა საქართველოს ნაკრებს?
- ის დაახლოებით ქართველთა სკოტ ბრაუნია - მოედანზე მებრძოლი, ენერგიული და ნამდვილი ლიდერი. მე ძალიან მაინტერესებს კანკავასა და ბრაუნის ორთაბრძოლა. მგონი, ეს მთავარი დაპირისპირება იქნება თამაშში.

- საქართველოს სულ სამი ქულა აქვს, ეს სამართლიანია?
- სამწუხაროდ, დიახ. ერთადერთი მატჩი, სადაც შესაძლოა, მეტს იმსახურებდა საქართველო, ირლანდიასთან თამაშია, რომელშიც მხოლოდ ბოლოს გატეხა საქართველო ეიდენ მაკგიდის გოლმა. ეს იყო ცუდი თამაში, რომელშიც ფრე უფრო სამართლიანი შედეგი იქნებოდა. სხვა მხრივ, ყველა თამაშში საქართველომ ის მიიღო, რასაც იმსახურებდა. ასევე, ცხადაძის მოსვლის მერე ნაკრების თამაშმა პროგრესი განიცადა.

- რა არის საქართველოს სუსტი წერტილი, რომელიც შოტლანდიამ უნდა გამოიყენოს?
- დაცვაში გუნდი მას მერე დაემცრო, რაც კახა კალაძემ კარიერა დაასრულა. ნაკრები საკმაოდ მარტივ გოლებს უშვებს ხოლმე, როგორც ეს პოლონეთთან თამაშში იყო. ის, რომ ნაკრებში კარიერის დაისში მყოფი ზურაბ ხიზანიშვილი და ალეკო ამისულაშვილი გამოიძახეს, შოტლანდიისთვის ნიშანია, რომ უფრო სწრაფი ფეხბურთელებით ფონს გასვლა შეიძლება.

აი, შეტევაში კი საქართველოს უკვე დიდი ხანია, მას შემდეგ უჭირს, რაც შოთა არველაძემ კარიერა დაასრულა. "ემპოლის" ლევან მჭედლიძე, რომელმაც 2007 წელს უკვე გაუტანა შოტლანდიას, ახლა საქართველოს ნაკრების მთავარი ფორვარდია. მანამდე ამ პოზიციაზე რამდენიმე სუსტი ფეხბურთელი თამაშობდა.

- როგორია თქვენი პროგნოზი?
- ვნერვიულობ, რადგან ველი, რომ საქართველო აუცილებლად დაუშავებს ვინმეს ამ ჯგუფში და მეტი არც არავინ რჩება, შოტლანდიის გარდა. გონებით ამას ვფიქრობ, მაგრამ გულით შოტლანდიის 1:0 მინდა, გოლის ავტორად კი იკეჩი ანიას დავასახელებდი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ramdeni axlgazrda ecireba am mafias amati dedac bebrebi smasaxurhi agar undat da sportit daakaves))
halagaji
15:36 04-09-2015
0
ის, რომ ნაკრებში კარიერის დაისში მყოფი ზურაბ ხიზანიშვილი და ალეკო ამისულაშვილი გამოიძახეს, შოტლანდიისთვის ნიშანია, რომ უფრო სწრაფი ფეხბურთელებით ფონს გასვლა შეიძლება - ცხადაძეს წააკითხეთ
nodari
18:05 03-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული