რატომ? რატომ? რატომ? ესტონური კოშმარის ექო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ტალინში, მასპინძელ ესტონეთთან განადგურდა.

ესტონეთი შინ ყველასთვის ანგარიშგასაწევი მეტოქეა. ესტონეთი შინ ძალიან ცოტას უშვებს, მაგრამ ფაქტია - თუნდაც შესუსტებული შემადგენლობით, ჩვენი უპირველესი გუნდი ესტონეთის დონის მეტოქეებთან ასე კი არა, საერთოდ არ უნდა აგებდეს...

ჩვენს გუშინდელ მიმოხილვაში, გვიან საღამოს რომ დაიწერა, რამდენიმე, ჩვენი აზრით მნიშვნელოვან ფაქტორზე გავამახვილეთ მკითხველის ყურადღება.

ახლა იმ ნიუანსებს შევეხებით, რომლებზეც წინა წერილში დაწვრილებით ვერ შევჩერდით...

აქილევსის ქუსლი
ოთარ კაკაბაძე, გიორგი ნავალოვსკი და მათე ცინცაძე - ესტონეთთან მატჩში საქართველოს
ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ამ სამმა ფეხბურთელმა ითამაშა. მათთვის თბილი სიტყვები არასოდეს დაგვიკლია, მაგრამ სიმართლე მწარეა - საშუალო დონის ესტონეთთან მათი გარჯა დამაკმაყოფილებლადაც კი ვერ გამოჩნდა.

ადრეც არაერთხელ დაგვიწერია და ახლაც უნდა გავიმეოროთ - სანამ საქართველოს ჩემპიონატი რაღაცას არ დაემსგავსება, ეროვნული ნაკრები ხელშესახებ წარმატებას ვერაფრით მიაღწევს.

იმ სამეულიდან, ზემოთ რომ ჩამოვთვალე, საუკეთესო ისევ ნავალოვსკი იყო, თუმცა პირადად ჩემი აზრია და არ ვიცი, მკითხველი გაიზიარებს თუ არა - მას შემდეგ, რაც ის რუსეთიდან გორის "დილას" დაუბრუნდა, აშკარად მოუკლო.

ამბობენ, ნავალოვსკის ტრანსფერი არნემის "ვიტესში" გადაწყვეტილი ამბავიაო და თუ ასეა, ძალიანაც კარგი. ფეხბურთელმა იქ უნდა ითამაშოს, სადაც პროფესიული ზრდა-განვითარებისთვის მეტი საშუალება ექნება. სხვათა შორის, "ვიტესის" წარმომადგენელი მას ალბანეთში დააკვირდება...

თავის მხრივ, ცინცაძეცა და კაკაბაძეც ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატის დონე იმდენად დაბალია, რომ მხოლოდ ნიჭის ხარჯზე საერთაშორისო ასპარეზზე გადართვა ჭირს.

ჩვენ ესტონეთის ჩემპიონატის დონეს ვაკრიტიკებთ, არადა, მასპინძელთა რიგებში მრავლად იყვნენ "ფლორასა" და "ნომე კალიუს" ფეხბურთელები. ვაკრიტიკებთ საქმეში ჩაუხედავად და იმ მიდგომით, რომ "ესტონელმა არ შეიძლება, ფუტბოლი იცოდეს"...

სულაც არ გვინდა, ჯოხი მხოლოდ ამ ბიჭებზე გადავტეხოთ, ფაქტი კი ისაა, რომ საქართველოს ჩემპიონატის საერთო დონე მათ დათვურ სამსახურს უწევს.

ის კი გვავიწყდება, რომ ესტონეთის ჩემპიონატში, თუნდაც ამ ბოლო დროს, ასე თუ ისე ჩაიდო ფული და ლეგიონერებიც მომრავლდნენ. იქ ფეხბურთს არასოდეს ითამაშებენ ყანაში და თუნდაც დაბალ ლიგებში ყოველი მეორე თამაში საეჭვო არ იქნება...

შეკრიბო 11 კაცი, დაარქვა ნაკრები, დაუნიშნო მწვრთნელი და მერე იმ მწვრთნელს დააბრალო ყველაფერი, ასე არ შეიძლება. იოლია, მაგრამ არ შეიძლება. ფეხბურთი დღეს გაცილებით სიღრმიდან იწყება, თორემ ვაკო ყაზაიშვილი რომ ყველა ესტონელს სჯობს ერთად აღებულს და გურამ კაშია "ფლორასა" და "ნომე კალიუს" მცველებზე უკეთესია, ეს ყველამ ვიცით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სასწრაფოდ უნდა მიხედოს ეროვნულ ჩემპიონატს. რა მარტივად იწერება, მაგრამ რა რთული გასაკეთებელია. სახელმწიფოსგან კი მოქმედებას ვითხოვთ და არა კომისიების სხდომებს. დასათვლელი, გასაზომი და საკეთებელი ამდენ ხანს ჩამოყალიბებული უნდა იყოს და გაზომილიც. ახლა ის დროა, ერთხელ გავჭრათ...

რა სამსახური გაგვიწია გერმანიამ?
ამის თაობაზე ყველაზე უკეთ და ამომწურავად ეროვნული გუნდის თავკაცი ისაუბრებს. ჩვენ მხოლოდ ტელეეკრანიდან გამოტანილ დასკვნებს შეგვიძლია ვენდოთ.

რატომღაც მომეჩვენა, რომ საქართველოს ნაკრები ტალინის მთავარ სპორტულ არენაზე სათამაშოდ თავაწეული გავიდა და მეტოქე არ დააფასა.

მხოლოდ მსჯელობა შეიძლება იმაზე, თუ რატომ მოხდა ეს. ერთ-ერთი ფაქტორი, შესაძლოა, გერმანიასთან ნათამაშები კარგი გასვლითი მატჩი იყო. ის თამაში ყველას გვახსოვს, მაგრამ, როგორც ჩანს, მავანს დაავიწყდა, რომ სულ ცოტა ხნის წინათ საქართველოს ნაკრები საუდის არაბეთთან და მალტასთან აგებდა...

ასე რომ, მაღლა აწეული ცხვირი ამ შემთხვევაში არ გამოგვადგება. რაც მთავარია, უკეთესობა პროცესში უნდა გადაიზარდოს, კარგმა და ძალიან კარგმა მატჩებმა კი დათვური სამსახური არ უნდა გაგვიწიოს.

ფიზიკა
აქსიომაა - კარგი ფიზიკური მომზადების გარეშე დღეს ფეხბურთში ვერაფერს მოიგებ. პრესინგი, ბურთით და უბურთოდ მოძრაობა, დროული გახსნა - ეს ფეხბურთის უმნიშვნელოვანესი ელემენტებია.

ზოგადად, ამ პრობლემას მხოლოდ ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბი ვერ გადაჭრის. უპრიანია, სანაკრებოდ შეგულებული ფეხბურთელი თავის კლუბში იმთავითვე მოემზადოს სანაკრებო შეხვედრებისთვის.

დაბოლოს...
ახლა ალბანეთია. ორშაბათს გამოჩნდება, რა დასკვნები გაკეთდა ესტონური კოშმარიდან.

საკვანძო მოთამაშეები ტირანაშიც დაგვაკლდებიან, მაგრამ უკეთ თამაში ამ შემადგენლობასაც შეუძლია და ამის გვჯერა. თან, ჩვენი ფეხბურთელები ცხვირაწეულებიც ვერ იქნებიან - ვეთამაშებით ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ალბანეთს.

ასეა. ეს ის ალბანეთი აღარ არის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 42 /
კიდევ ერთხელ დავწერ ჩემს მოსაზრებას. საქართველოს ჩემპიონატს არაფერი ეშველება, დონე ვერასდროს ამაღლდება. იქნებ შევეცადოთ და დავუჯეროთ ძველ რჩევას, რომელსაც, მართალია, სხვა პირობებში, ბატონი ანდრო ჟორდანია იძლეოდა (იხ. მისი წიგნი, "ფიქრები ქართულ ფეხბურთზე". შეიძლება ვიფიქროთ კავკასიის ლიგის ჩამოყალიბებაზე - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი ყაზახეთი და ა.შ., როგორც გამოვა,ლიგაში ორ-ორი გუნდით თითოეული ქვეყნიდან. შედგეს რაც შეიძლება უკეთესი "დებულება" და ვითამაშოთ. შედეგი აუცილებლად ექნება ბევრი მიზეზის გამო
alzo
09:17 20-11-2015
0
სიბეცეა, მეტი თუ არა, როდესაც ვწერთ, რომ ვატო ყაზეიშვილი ყველა ესტონელს სჯობს ერთად აღებულს.ან კაშია ესტონელ მცველებს ჯობია.კი მაგრმ 3:0 რა ვუყოთ(კიდევ კრგი რომ ლორიამ ივარგა, თორემ 5:0-ც ლოგიკური შედეგი იქნებოდა იმ თამაშისათვის), იმასაც, რომ ერთი რეალურად საგოლე მომენტის მეტი ჩვენებმა ვერაფერი შექმნეს სახეირო. ის კი არა ხშირად ბურთი ვერ გამოქოდათ საკუთარი კარის სიახლოედან. ალბათ პირველ ყოვლისა ჩვენმა ფეხბურთელებმა უნდა მოიშორონ შიშის სინდრომი და წარამარა ბურთისსაკუთარ საჯარიმოში დაბრუნების ჩვევა.
თამაზი
21:12 16-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული