მოსაზრება: გვჭირდება თუ არა საქართველოს ნაკრებში ნატურალიზებული ფეხბურთელი?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ "ლელოსთან" ინტერვიუში თქვა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საიმისოდ, რათა საქართველოს ეროვნულ გუნდში ბრაზილიელმა ცენტრალურმა მცველმა, თბილისის დინამოელმა, 23 წლის რენე ფერეირამ ითამაშოს...

გაკვალულ ბილიკზე
საქართველოს ნაკრებში ბოლო დრომდე არასოდეს უთამაშია უცხოტომელს და აქედან გამომდინარე, რენე ფერეირას შესაძლო გამოჩენა ქვეყნის მთავარ გუნდში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. მას შემდეგ, რაც ეს ამბავი გახმაურდა, საქართველოში დიდი სჯა-ბაასი ატყდა ამ თემის გარშემო.

ყველას შეიძლება ჰქონდეს თავისი მოსაზრება ამ საკითხის გარშემო. ამ რუბრიკის ავტორი
გარისკავს და საკუთარ მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თუმცა მან იცის, რომ თემა ისეთია, ცხენი შეკაზმული რომ უნდა ჰყავდეს.

დავიწყოთ იმით, რომ მსოფლიოს ფეხბურთის გრანდებიც კი არ ერიდებიან ფეხბურთელების ნატურალიზებას. შეგნებულად აღარ გავიხსენებთ ძველ დროსა და იმ ეპოქას, როცა სხვისი დროშის ქვეშ ბრწყინავდნენ ომარ სივორი, ფერენც პუშკაში და სხვები. თანამედროვეობას შევეხებით.

ყველას კარგად გვახსოვს "სკუადრა აძურა" მსოფლიოს 2006 წლის მუნდიალზე, რომელიც მისივე ტრიუმფით დასრულდა. იტალიის ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ წარმოშობით არგენტინელი ნახევარმცველი მაურო ხერმან კამორანეზი.

კამორანეზის მაგალითი ერთეული არ ყოფილა. გერმანიის ნაკრები ნახევრად არაგერმანული წარმოშობის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ეს ცოტა სხვა თემაა. მკითხველი გვეტყვის, რომ მათ გერმანიის ტერიტორიაზე მიიღეს საფეხბურთო განათლება და მართალიც იქნება.

სამაგიეროდ, თვალწინ გვაქვს კაკაუს მაგალითი. ეს ფორვარდი ბრაზილიაში დაიბადა და საფეხბურთო განათლება იქვე მიიღო. როცა გერმანიის ნაკრებს კვალიფიციური ცენტრფორვარდი დასჭირდა, კაკაუ გერმანიის დროშის სამსახურში ისე ჩააყენეს, თვალიც კი არ დაუხამხამებიათ.

აქვე ვთქვათ, რომ განელია გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი. მისი ძმა კი, კევინ-პრინს ბოატენგი, მშობლიური ქვეყნის ნაკრებში წარმატებული თამაშით გვახსოვს.

მაგალითების გაგრძელება გრანდებთან დაკავშირებით კიდევ შეიძლება, მაგრამ ახლა ცოტა სხვა კალაპოტში გადავიდეთ და ჩვენი ყალიბის ნაკრებებს მივხედოთ. დავრწმუნდებით, რომ ისინიც მიმართავენ ფეხბურთელების ნატურალიზებას.
ვერავინ იტყვის, რომ სომხეთს ახლა თაობა არ ჰყავს. სომხეთის ნაკრებში ახლა "დორტმუნდის" ლიდერთაგანი ჰენრიხ მხითარიანი ყოჩობს. მას რამდენიმე კარგი ფეხბურთელი კიდევ მოჰყვა.

ამის მიუხედავად, სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების სამსახურში ორი ნატურალიზებული ფეხბურთელი მაინც ჩააყენა. აქვე ვთქვათ, რომ სომხეთის ნაკრებში ადრეც უთამაშიათ ნატურალიზებულებს თუ საფრანგეთში მცხოვრებ სომხებს, რომელთაც ისტორიულ სამშობლოსთან არანაირი შეხება არ ჰქონიათ, გარდა გვარისა.

სომხეთის ამჟამინდელი ნაკრების წარმოდგენა ძალიან რთულია მარკოს პიზელისა და არაზ ოზბილისის გარეშე. 31 წლის პიზელი ბრაზილიის ქალაქ პარასაიბაში დაიბადა. ის "არარატის" სელექციონერებმა შეამჩნიეს და სომხეთში ჩაიყვანეს. ამის შემდეგ პიზელიმ "პიუნიკში", დონეცკის "მეტალურგში", "ყუბანში", "კრასნოდარში" და ყაზახურ "აქტობეში" ითამაშა...

სხვათა შორის, პიზელი ამ გუნდის შემადგენლობაში თბილისშიც გვეწვია და "დინამოს" წინააღმდეგაც ითამაშა. ის სომხეთის ეროვნულ ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს და ამ ხნის განმავლობაში 46 მატჩში 8 გოლი გაიტანა.

თურქეთშია დაბადებული და ჰოლანდიაში გაზრდილი სომხეთის ნაკრების ამჟამინდელი და "აიაქსის" ყოფილი ნახევარმცველი არაზ ოზბილისი. ის თავის დროზე ამსტერდამული კლუბის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა. მას შეეძლო, ჰოლანდიისა და თურქეთის ნაკრებების ღირსება დაეცვა, თუმცა... საბოლოოდ არჩევანი სომხეთზე შეაჩერა.

სომხეთის ნაკრებში ოზბილისი 2012 წლიდან თამაშობს. ამ დროის განმავლობაში მან გუნდის შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ახლა 25 წლის ფეხბურთელი მოსკოვის "სპარტაკის" ღირსებას იცავს, სადაც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეა.

სხვათა შორის, სომხეთის ნაკრებშივე თამაშობდა წარმოშობით კამერუნელი მეკარე აპულა ედელი, ვინც სომხეთისავე ჩემპიონატიდან მართლაც რომ გიგანტური ნახტომი განახორციელა და ერთი ხანობა... თვით "პარი სენ ჟერმენის" ღირსებასაც იცავდა.

ახლა გადავინაცვლოთ აზერბაიჯანის ნაკრებში. თავის დროზე ამ გუნდის ღირსებას რამდენიმე ნატურალიზებული ფეხბურთელი იცავდა. მათგან უნდა გამოვარჩიოთ ბრაზილიელი ფაბიო ლუის რამიმი, ვინც აზერბაიჯანის ნაკრებში 2008-12 წლებში ირჯებოდა.

ამჟამად აზერბაიჯანის ნაკრების ღირსებას იცავს გერმანიაში დაბადებულ-გაზრდილი თუგრულ ერათი. ის დიუსელდორფის "ფორტუნას" ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. აქვე იყო უკრაინელი მცველი ალექსანდრ ჩერტოგანოვიც.

აზერბაიჯანმა მოახერხა და სანაკრებო ფერხულში ჩააბა ესპანური "ეიბარის" ნახევარმცველი, 23 წლის ედი სილვესტრ პასკალ ისრაფილოვი. ედის მამა ანგოლელია, დედა ირინა ისრაფილოვა კი - აზერბაიჯანელი.

ისრაფილოვი აზერბაიჯანის ნაკრებში 2015 წლიდან თამაშობს. რობერტ პროსინეჩკის გუნდში მან 6 მატჩი ჩაატარა. სხვათა შორის, ამ ფეხბურთელს ძალიან აქებენ ტექნიკისა და დრიბლინგის გამო.

ჩვენ ჩვენი კავკასიელი მეზობლებისა ვთქვით და ძალიან ბევრი საშუალო დონის ევროპული ნაკრები მიმართავს ფეხბურთელის ნატურალიზებას. რენე ფერეირას საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის და სანამ გადაწყდება, კიდევ ბევრი დაბრკოლება უნდა გადაილახოს, მაგრამ აქედანვე არ უნდა შევქმნათ ფონი, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს ნაკრებს ავნებს და რომ ბრაზილიელის გამოჩენა ეროვნულ გუნდში ჩვენთვის ლამის "ქართველობის წართმევის" ტოლფასი იქნება.

რა დაშავდა იმით, რომ საქართველოს სამსახურში ჩადგა მამით გერმანელი და დედით ქართველი ლუკა ჰუფნაგელი? მგონი, კი არ დაშავდა, პირიქით - გაკეთდა. ჰუფნაგელი სისტემატურად თამაშობს ტრადიციულ გერმანულ კლუბ "ფრაიბურგში", რომელსაც მიზნად ბუნდესლიგაში დაბრუნება აქვს დასახული. "ფრაიბურგში" რომ გათამაშონ, მართლა ფეხბურთელი უნდა იყო. იქ "ლამაზი თვალების" გამო არავინ გენდობა.

ეს იქით იყოს და, ჩემთვის არავისზე ნაკლები ქართველები არ არიან ჯეიკობ პულენი, მარკო ელაჩა, შემონდ უილიამსი, ჩვენი ბრაზილიელი ფრენბურთელი ქალები საქა და რთველო... მოკლედ, ის ხალხი, ვის ძარღვებშიც ქართული სისხლი არ ჩქეფს და ვინც დიდი სარგებლობა მოუტანა ან მოაქვს საქართველოსთვის თავისი გარჯით.

და მაინც, როცა საქართველოს ნაკრებისთვის ფეხბურთელის შერჩევაზეა ლაპარაკი, ძალიან დიდი ყურადღებით გვმართებს წერა. კარგი იქნება, თუ ცენტრალური მცველის პოზიციაზე კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება. მედალს მეორე მხარე აქვს - არის კი რენე ფერეირა დოს სანტოსი იმ გაქანების ფეხბურთელი, რომ სარგებლობა მოუტანოს ჩვენი ქვეყნის უპირველეს გუნდს?

ამ სტრიქონების ავტორს კარგად ახსოვს რენეს მთელი ქართული კარიერა, პირველი დღიდან დაწყებული და უნდა დავწერო, რომ ჩემი აზრით, საქმე გვაქვს ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელთან, რომელსაც ჯერაც სჭირდება დაღვინება, მაგრამ სამუშაოდ და დასახვეწად მართლაც კარგი "მასალაა".

მისი საფეხბურთო ოსტატობა ჯერ "ზესტაფონში" დაიხვეწა, რატკო დოსტანიჩისა და გია გეგუჩაძის მწვრთნელობის დროს, მერე კი ისევ გეგუჩაძის ხელმძღვანელობით - თბილისის "დინამოში".

მე მინახავს რენეს უხეში შეცდომები, მაგრამ მეტი მინახავს იმავე რენეს ძალიან კლასიანი თამაში და ჩემი სუბიექტური აზრით, მიმაჩნია, რომ ის გამოადგება საქართველოს ნაკრებს. მით უმეტეს, ის მხოლოდ 23 წლისაა და ეს ასაკი ცენტრალური მცველისთვის არაფერს ნიშნავს.

რაც შეეხება ამ საკითხის მორალურ მხარეს, აკი ვთქვით - ჩვენზე ყველანაირად წინ მყოფ საფეხბურთო ქვეყნებს გადაუდგამთ ასეთი ნაბიჯი და არ მესმის, რატომ არ უნდა გადავდგათ ის ჩვენ - ქართველებმა.

ჩვენ არ ვართ განსაკუთრებულები და ზოგჯერ სხვისი მაგალითებითაც უნდა ვისწავლოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 48 /
მოიყვანეთ რენე კარგი მცელია მოიყვანეთ ხიზანიშვილს კი ჯობია ამ შემთხვევაში
dato
16 იანვარი 2016 17:39
0
მოიყვანეთ და მერე ნახავთ დინამოს სტადიონზე ...ს ძახილს და ... სროლას
dato
16 იანვარი 2016 17:03
0
ძაან ამინტერესებს რო ჩამოთვალეთ ფეხბურთელები ესენი და ესენი გვყავსო და ხო თამაშობენ 21 წლამდელებში და რატო ვერაფერს ვერ შვებიან ან გველესიანს რა უნდა ნაკერებში რენე საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მცველია ამას წყალი არ გაუვა და კვირკველას და კაშოს მერეც საუკეთესოა ამისა დაბერდა და დამაგიტომ ვიძახი
inkognito
16 იანვარი 2016 17:02
0
Me mivesalmebi iset fexburtelis moyvanas romelic seriozulad gaadzlierebs saqartvelos nakrebs...
Nukri
16 იანვარი 2016 16:57
0
რა .... წერია ამ სტატიაში ?!სომხების და აზერბაიჯანლების მაგალითები ვის სჭირდება?მოდი დიეგო კოშტას მაგალითი ავიღოთ ,ტიპმა უღალატა თავის ქვეყანას და ესპანეთის ნაკრები არჩია და რა მიიღო?....!!!ესპანეთმაც და დიეგომაც ჩაისვარეს!!!ვინც გვყავს იმას მივხედოთ ჯობია თორე ამით იმ გულანთებულ ბიჭებსაც დავუკარგავთ იმედს რომლებიც მართლა მუხლჩაუხრელად იღწვიან რომ როგორმე ნაკრებში მოხვდნენ........ რენემ რომელიმე ქართველი უნდა ამოაგდოს ხო ნაკრებიდან ხო და გვიღირს?გერმანიას რო გაიძახით იმათ გიოცე ყავთ,ნოიერი,მიულერი,ლამი,შვაინი ,კროოსი დაა.შ. მაინც არავინ იტყვის რო იოზილმა და ბუატენგმა მოაგებინა მსოფლიო და ჩვენზე კი იტყვიან ვაი მაგათ პატრონს თვიტონ თამაში ვერ ისწავლეს და ვიღაც წარუმატებელი ბრაზილიელებით უნდათ რამის მიღწევაო.ისე თუ მაგაზე ლაპარაკობს ფედერაციაც არ ჯობია დინამოს ან დილას დავუმატოთ წესიერი უცხოელები და გავიდეთ ჯგუფურში?!ნაკრებში აყვანაზე მაშინ ვიფიქროთ ვინმე უცხოელის თუ ეგეთი გამოჩნდება რომელიც დაგვეხმარება ჯგუფში გასვლაში და ლიდერად ჩამოყალიბდება და საქართველოს შეიყვარებს და არა ეს .... რენე ფერეირა.
zviad
16 იანვარი 2016 16:42
0
საქართველოს სჭირდება სახელმწიფოებრიობის განცდა!
ფილკა.
16 იანვარი 2016 16:15
0
ჯერ ბავშვთა ფეხბურთი გახადეთ უფასო და ყველასათვის, განსაკუთრებით, გაჭირვებულთათვის ხელმისაწდომი, რომ ნიჭიერი ბაშვები არ დაიკარგონ. მიბაძეთ ბილბაოს ატლეტიკს, ბასკების გარდა და მათ ბავშთა სკოლის აღზრდილთა გარდა არავის არ იღებენ გუნდში. ამიტომ ვარ ამ გუნდის ფანი, ტრადიციებს შედეგზე წინ რო აყენებენ და თავიანთ ტალანტებს გზას უკვალავენ. მირჩევნია ვიღაცა სიკრიჭია უცხოელს, იგივე ქართველმა ითამაშოს ნაკრებში. იმიტომ, რო მაღალი კლასის უცხოელი აქ არ ჩამოვა.
kutaisski
16 იანვარი 2016 15:56
0
ამ ეტაზე, ალბათ აქამდეც უნდა გვეზრუნა ნატურალიზებულ ფეხბურთელზე ქართულ ფეხბურთს, რომ პატრონი ჰყოლოდა. თუმცა გაუგებარია ამ პოზიციაზე?კაშია, ამისულაშვილი, კვირკველია,კობახიძე, დვალი, გველესიანი ..... . ნატურალიზება მოვახდინოთ დღესვე ეფექტურად მოთამაშე ფეხბურთელზე,(არა ისე როგორც ამას კალათბურთში ვაკეთებთ) რომელიც დღესვე მოგვცემს მისი თამაში შედეგს, თორემ პერსპექტიული ფეხბურთელების მეტი რა გვყავდა და გვყავ, მაგრამ რანაირი აღმზრდელებიც ვართ, ამაზე ლაპარაკი არც კი ღირს. ძლიერი და გამოცდილი თავდამსხმელი და ნახევარმცველი და უკვე სერიოზულად შეიძლება ფინალურ ეტაპზე გასვლისათვის ბრძოლა. რაც შეეხება ხარჯებს არ უნდა მოვერიდოთ, რადგან ფინალურ ეტაპზე გასვლა და იქ თამაში რა შომოსავლის მომტანია მშვენივრად მოგეხსენებათ.
gizog
16 იანვარი 2016 15:47
0
სოლომონ კვირკველია,ლაშა დვალი,ნიკა ჭანტურია,გურამ კაშია,დავით ხოჭოლავა,მამუკა კობახიძე. ნიჭიერი თაობა მოდის,ამათ ფონზე რენეს არ ესაქმება რამე ნაკრებში!
გიორგი
16 იანვარი 2016 15:39
0
ჰუფნაგელს რატომ ადარებ რენეს? მას დედა ყავს ქართველი,რენეს ვინ ყავს ბებია? თუ ნატურალიზაციაა აუცილებელი მაღალი კლასის ფეხბურთელი მაინც მოიწვიეთ.პერსპექტიულიაო რომ იძახი მაგაზე უფრო პერსპექტიულ ქართველ ფეხბურთელებს შეუწყვეთ ხელი მაგი ჯობია.მოდას აყოლილი ქართველები))ნატურალიზაციაო მოიგონეს რა ახალი ველოსიპედი
Givi
16 იანვარი 2016 15:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული