გამოკითხვა: გამართლებულია თუ არა კახა ცხადაძის გათავისუფლება ნაკრებიდან?

AutoSharing Option
...ამ ერთადერთი კითხვით მიმართა "ლელომ" თავის კოლეგებს. თემა ძალიან აქტუალურია და ვფიქრობთ, მკითხველისთვის (და ფეხბურთის ფედერაციის მესვეურთათვისაც) საინტერესო იქნება ქართული ჟურნალისტური თემის პოზიცია...

გეგი კიკაბიძე (TV პირველი):
"რა თქმა უნდა, ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება არ არის გამართლებული. ცხადაძემ გუნდი შეკრა, ერთსულოვნება დაუბრუნა. ფეხბურთელები მინდორზე დიდი ენთუზიაზმით გადიოდნენ, სწორი ფეხბურთის თამაში დაიწყეს. არ აქვს მნიშვნელობა, მასზე ძლიერი სპეციალისტი მოვა თუ სუსტი. ნებისმიერ მწვრთნელს დასჭირდება დრო გუნდის შესასწავლად და ჩამოსაყალიბებლად. ამის დრო კი ჩვენს ნაკრებს არა აქვს".

კახა ბერიძე (თავისუფალი ჟურნალისტი):
"არ არის
გამართლებული და არც - სამართლიანი. ფულზე დაწვრილმანებაა. ფაქტია, რომ ეს წინდაწინვე იყო ჩაფიქრებული. ლევან კობიაშვილმა თქვა - ყველაფერს გავაკეთებ, კახა ცხადაძე ნაკრებში რომ აღარ იყოსო. ჩემი აზრით, კი არ გააკეთებს, არამედ უკვე გააკეთა, რომ აღარ ყოფილიყო.

ადრე, როცა გია გეგუჩაძე არ დაინიშნა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად, ეს უკვე ამის მომასწავებელი იყო. მაშინ რომ არ დანიშნეს, "რაღაცამ" შეაჩერათ... ჩანაფიქრი, ალბათ, ჰქონდათ და იმიტომ შეყოყმანდნენ, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ ძალიან გაიშიფრებოდნენ და, ალბათ, ამან გადააფიქრებინათ...

რაც თავი მახსოვს, სულ მესმის - სანამ არველაძეები იქნებიან ქართულ ფეხბურთში, მას არაფერი ეშველებაო. აღარ არიან არველაძეები და რაც ხდება, კი ჩანს. დასაწყისი ისეთია, კაცი უკეთესს ვერ ინატრებს.

გოჩა ავსაჯანიშვილი იმ მიზეზით გაუშვეს ნაკრებიდან, რომ მათი ხედვა არ ემთხვეოდა მწვრთნელისას. არადა, იმ კაცმა შედეგი დადო. ახლა ღმერთმა ნუ ქნას და, ელიტრაუნდში რომ ჩავფლავდეთ, რა გამოვა? ესე იგი, ფეხბურთის ფედერაციის ხედვა არ ყოფილა სწორი. ხელფასი თითიდან გამოწოვილი მიზეზია. ბავშვიც კი მიხვდება, სად არის დამარხული ძაღლის თავი...

რაც შეეხება კომპენსაციას, ფეხბურთის ფედერაციას იმაზე მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე ცხადაძე აიღებდა ამ წელიწად-ნახევარში".

სანდრო გამსახურდია (TV პირველი):
"არ არის მართებული გადაწყვეტილება".

სლავა გასპაროვი (თავისუფალი ჟურნალისტი):
"ჩემი აზრით, კახა ცხადაძემ უნდა გააგრძელოს მუშაობა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე".

ლევან სალუქვაძე (სილქ-მედია):
"კახა ცხადაძის გათავისუფლება არ მიმაჩნია სწორ ნაბიჯად. დავიწყოთ იქიდან, რომ საამისოდ არ არსებობს სპორტული მიზეზი. მან ერთ მუშტად შეკრა ნაკრები, გაუმჯობესდა თამაშის ხარისხი... რაც მთავარია, ცხადაძემ ნაკრებს მოუხსნა "წაგებულის კომპლექსი". "ამას როგორ უნდა მოვუგოთ" - ახლა საქმისადმი ასეთი მიდგომა აღარ არის".

გია პლატონიშვილი (საქართველოს რესპუბლიკა):
"ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი. ორივე მხარეს ჩვენთვის ძალიან პატივსაცემი ხალხია. მჯერა, გადაწყვეტილება იქნება მიღებული ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე".

ლაშა თაბაგარი (mysports.ge):
"ფეხბურთის ფედერაციაში ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ რეალობაც შეიცვალა. ლევან კობიაშვილმა ღიად განაცხადა, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობა დახვდა. სწორედ აქედან გამომდინარე, გადაწყდა ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მწვრთნელებისთვის ანაზღაურების ბონუსური სისტემის შეთავაზება...

რაც შეეხება უშუალოდ კახა ცხადაძისთვის შეთავაზებულ წინადადებას, თვეში ფიქსირებული ანაზღაურება - 60 ათასი ლარი დაბეგვრის გარეშე - ქართული რეალობიდან გამომდინარე, ურიგო წინადადება ნამდვილად არ არის. თან იმის გათვალისწინებით, რომ თუ ცხადაძე მესამე ადგილზე გაიყვანს გუნდს, დამატებით მთლიანად აიღებს იმავე ხელფასის ოდენობას, რამდენი ხნითაც აქვს კონტრაქტი. მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი ერთი ამდენიც დაემატება...

ჩემი აზრით, ცხადაძე ამ წინადადებას უნდა დათანხმებულიყო, მაგრამ ეს უშუალოდ მისი გადასაწყვეტია. მით უმეტეს, თავად კობიაშვილმა განაცხადა, რომ ცხადაძის გაშვება არ სურდა და სთხოვა, გვერდით დადგომოდა...

მინდა გამოვეხმაურო აღმასკომის დღევანდელ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, კობიაშვილი გულწრფელი იყო, როცა განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაციაში გადაწყვეტილებას თავად იღებს და მას არავინ არაფერს უთითებს. ლევანი არ არის ის პიროვნება, რომ ბრმად შეასრულოს ვიღაცის ბრძანება".

მიხეილ ჟორჟოლიანი (ახალი თაობა):
"გამომდინარე იქიდან, რომ კონკრეტულად კონტრაქტის დეტალები არ ვიცით, ზუსტი პასუხის თქმა გაჭირდება... თუ ფედერაციას არ ჰქონდა მსგავსი შეთავაზების უფლება და კონტრაქტის დარღვევით მოუწევს სერიოზული კომპენსაციის გადახდა, მაშინ მისი გაწყვეტა მართებულად არ მიმაჩნია.

თუმცა, თუ კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის თანახმად, ფინანსური მხარის გადახედვა შეიძლება, მაშინ გაუგებარია, რატომ არ თანხმდება ცხადაძე ბონუსურ სისტემას, იქიდან გამომდინარე, როცა ღიად აცხადებს, რომ მას სჯერა საკუთარი თავისა და ნაკრების - რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში გუნდს მესამე ადგილზე გაიყვანს...

ბოლოდროინდელი განცხადებებით, ცხადაძის ადგილზე, პირადად, ნაკრებში არ დავრჩებოდი და თუ საჭირო იქნებოდა, მივმართავდი სამართლებრივ გზას, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი ისე არ არის, როგორც საჭიროა... აქედან გამომდინარე, კონტრაქტები კონფიდენციალური არ უნდა იყოს და ყველა მათგანი მანამდე გასაჯაროვდეს, სანამ კიდევ არ აღმოვჩნდებით ასეთ სიტუაციაში".

ლევან ჯანეზაშვილი (ქრონიკა პლუსი):
"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი თამაში ნაკრების გარჯა დამაფიქრებელი იყო, საერთო ჯამში, კახა ცხადაძის საქმიანობას დადებითად შევაფასებ. ნაკრებს სახე დაუბრუნდა.

კობიაშვილს მთავარ მწვრთნელთან თანამშრომლობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ ეს არ გამოვიდა ფინანსების გამო. ცხადაძემ არ მოისურვა დაბალ ხელფასზე მუშაობა და ეს გასაგებია. მეორე მხრივ, გასაგებია ფეხბურთის ფედერაციის პოზიციაც, რომ ნაკრების მწვრთნელს არ უნდა ჰქონდეს გარანტირებულად მაღალი ხელფასი ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში.

ჩემი აზრია, რომ ჩვენი ნაკრების დონის გუნდს არ სჭირდება მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი".

პაატა ძნელაძე (თავისუფალი ჟურნალისტი):
"პირადად მე სრულად ვეთანხმები ახალ სახელფასო სისტემაზე გადასვლას, რაც დადებითი შედეგის შემთხვევაში ბონუსების გაცემას ითვალისწინებს. ცხადაძის კვალიფიკაცია არანაირ ეჭვს არ იწვევს და კარგი იქნებოდა, დათანხმებოდა ფედერაციის წინადადებას. ამ შემთხვევაში კი ძნელად წარმომიდგენია, ცხადაძემ მთავარი მწვრთნელის პოსტი შეინარჩუნოს".

ბიძინა ბარათაშვილი (სილქ-მედია):
"კახა ცხადაძის გათავისუფლება არ არის გამართლებული. ჯერ ერთი, კაცს რომ რაღაცაზე უთანხმდები, ბოლომდე უნდა აცალო. რაც ცხადაძეს დაუსახეს ამოცანა, მან შეასრულა - შეკრა გუნდი, დააბრუნა ნაკრებში კარგი ფეხბურთელები, იყო კარგი მატჩები - შოტლანდიასთან, გერმანიასთან, ირლანდიასთან...

კი, იყო აუხსნელი მარცხი პოლონეთსა და ესტონეთში, საწყენი ფრე ალბანეთში, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრიც გაკეთდა. არ ვამბობ, რომ ცხადაძე მოურინიოა, მაგრამ დღეს მის ალტერნატივას ვერ ვხედავ".

ილია ნანობაშვილი (worldsport.ge):
"საერთოდ, ბონუსური, შედეგზე აქცენტირებული სახელფასო სისტემა მომწონს და ვფიქრობ, კახა ცხადაძე ამ შეთავაზებას უნდა დათანხმებოდა. მით უმეტეს, თავად თქვა - მესამე ადგილზე გასვლა შესაძლებლად მიმაჩნიაო. ფედერაციას ჰქონდა უფლება, კონტრაქტისთვის გადაეხედა.

ვერანაირად ვერ დავეთანხმები იმ აზრს, თითქოს ლევან კობიაშვილი სხვის დავალებებს ასრულებს.

"მომავალი მწვრთნელის პირველივე წაგებაზე ფედერაციას წამოაძახებენ, რომ ცხადაძის გაშვებით შეცდომა დაუშვა" - ეს ჩასაფრებულის პოზიცია მგონია და არასწორია. რომ მოიგოს, არ უნდა აღვნიშნოთ? წინასწარ რატომ უნდა ჩავუსაფრდეთ ფეხის დაცდენაზე?

ვფიქრობ, ცხადაძის ხელში ნაკრებს პროგრესი ჰქონდა წმინდა სათამაშო კუთხით, თუმცა რაც მისგან ითქვა და საერთოდ, რაც ბოლო დღეებში მოხდა, ამის შემდეგ ნაკრებში მისი მუშაობა წარმოუდგენლად მიმაჩნია. ეს უკვე აღარ არის ერთი ოჯახი. საწყენია, რომ ასე მოხდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 46 /
ცხადაძე მოიქცა .... სხვას მის საქციელს ვერაფერს დაარქმევ. ამისთანა ხალხთან იოლი არ არის მუშაობა და ფედერაციამ გადაწყვიტა არ გაეგრძელებინა ურთიერთობა. არ უნდა ბევრი ალიაქოთი ამას. გუნდი შეკრა, შემოკრა, შეკერა თუ დაკერა, ეს არის ტრუხა ბაზარი. მასე იყო თავიდან ქეცბაიას დროს. გუნდი მგონი ყოველთვისაც შეკრული იყო. უბრალოდ არსებობდნენ უვარგისი ფეხბურთელები, რომლებიც არ იმსახურებენ ნაკრებში თამაშს. რახან ამათთან დაიჭირა საქმე ცხადაძემ არ ნიშნავს რომ გუნდი შეკრა. თუ ქეცბაიას სტილს კიდევ, ცხადაძის თამაშის სტილი გირჩევნია, ეგ უკვე პიროვნული პრეფერენციის ამბავია. მეც ცხადაძის ნაკრების თამაში უფრო მომწონს, მაგრამ მასტი ... და არ იცის მოქცევა.
odala
28 იანვარი 2016 10:57
0
კახა კალაძის ცნობილ გამოგათქვამს მოვიშველიებ და ვთხოვ ადმინს არ დამიბლოკოს, თუმცა აქ არაფერია დასაბლოკი - "გადაშენდით აქედან". ყველას ეხება ვინც ამ საქმესთან რაიმე კავშირშია. თქვენ არ გესმით სიტყვა "კომპრომისის" მნიშვნელობა.
lile
28 იანვარი 2016 10:53
0
ძალიან ცუდი ფორმით, ძალიან ცუდი მიზეზით და არასწორად მიმაჩნია ცხადაძის მოხსნა.
მითუმეტეს თუ კომპენსაცია უნდა გადაუხადოს ფედერაციამ, გამოდის რომ ფინანსური მიზეზი თითიდან გამოწოვილი მიზეზია :)
ვიში
28 იანვარი 2016 10:49
0
ცხადაძე არის კარგი მწვრთნელი და იყო კიდევ უკეთესი ფეხბურთელი. ის იყო გულშემატკივრის სიყვარულის ღირსი. ოღონდ,როგორც კი ფულზე დაიწყო ლაპარაკი, ის ჩემს თვალში განულდა, ე. ი არარაობად იქცა. რაც შეეხება კობიაშვილს. აირჩიეს? უნდა ვაცალოთ, ჯერ-ჯერობით მაინც, და შემდეგ შედეგების მიხედვით ვილაპარაკოთ.
zurab
28 იანვარი 2016 10:41
0
მორიგდით,ხომ ხართ კაცები,შემდეგ დაჯექით და კაცურათ შერიგების პური ჭამეთ-მთავარია შედეგი.
tttttttt
28 იანვარი 2016 10:39
0
კობიაშვილი ცხადაძე მიდით კონსესუსამდე, თუ მართლა გინდათ ქართული ფეხბურთისთვის კარგი.
ფეხბურთი
28 იანვარი 2016 10:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული