[დღის ინტერვიუ] "თუ საქართველოში ალექს ფერგიუსონი ჩამოვა, პირველი მე მივესალმები"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი რევაზ ძოძუაშვილი ყოველთვის საინტერესო მოსაუბრეა. მისი აზრი მით უფრო ფასეულია ახლა, როცა ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი უმწვრთნელოდაა დარჩენილი.

გუშინ "ლელომ" ძოძუაშვილს კითხვებით მიმართა და მისგან საინტერესო პასუხებიც მოისმინა...

- ჩვენ, ყველას ერთად, უნდა გვაერთიანებდეს ერთი დიდი მიზანი. ეს მიზანი არის ის, რომ საქართველოს ნაკრები გავიდეს 2018 წლის მუნდიალზე, წავიდეს რუსეთში. თუ ჩვენ არ გავერთიანდით, ისე, არავითარ შემთხვევაში არაფერი გამოვა.

თუ გვინდა, რომ დავიბრუნოთ ფეხბურთი, ის ფეხბურთი, რომელიც გვქონდა, ერთად უნდა დავდგეთ. საქართველოს ნაკრებს შეუძლია, გავიდეს
მსოფლიოს ჩემპიონატზე. დამიჯერეთ, ეს შესაძლებელია, მაგრამ მთავარი, ვიმეორებ - ჩვენი ერთიანობაა.

უნდა გვახსოვდეს ერთი რამ - მხოლოდ მწვრთნელი, ცალკე აღებული ნაკრების მწვრთნელი, ვერაფერს შეცვლის, თუ მას ყველა გვერდით არ დაუდგა. აქ მე ვგულისხმობ ფეხბურთის ფედერაციას, გულშემატკივრებს, ჟურნალისტებს... იმავე ექსპერტებს, რომელთაც შეუძლიათ, ქართული ფეხბურთისთვის კარგი საქმე გააკეთონ.

- ექსპერტებში ვის გულისხმობთ?
- ჩვენ გვინდა, რომ რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე წავიდეთ. ახლა ნახეთ, რამდენიმე კაცი ვართ ცოცხალი, ვისაც სხვადასხვა დროს უთამაშია მსოფლიოს ჩემპიონატებზე და თან მწვრთნელად მუშაობის გამოცდილებაც გვაქვს - მურთაზ ხურცილავა, საშა ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე, თუნდაც, მე...

ჩვენ ყველაზე უკეთ ვიცით, როგორია გზა მსოფლიოს ჩემპიონატისკენ, როგორ უნდა წავიდეთ იქ. ნაკრების ახალმა მწვრთნელმა, ჩემი აზრით, აზრი ექსპერტებსაც უნდა ჰკითხოს. ჩვენ შეგვიძლია, რომ ქართული ფეხბურთისთვის კარგი საქმე გავაკეთოთ.

მერე რა, რომ პატარა ქვეყანა ვართ?! პატარა ქვეყანაა ლატვიაც, მაგრამ ხომ გახსოვთ, რამხელა წარმატებას მიაღწია? იმ წარმატებას ჩვენ, ქართველებმა ჩავუყარეთ საფუძველი. ჩავედით ლატვიაში, შევკრიბეთ ყველა და მთელი რესურსი გამოვიყენეთ.

- ქართველი თუ უცხოელი? ვინ უნდა დაინიშნოს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად?
- თუ უცხოელი იქნება, უნდა იყოს ისეთი მწვრთნელი, რომელსაც ყველაფერი დამტკიცებული ექნება. თუ საქართველოში ჩამოვა ალექს ფერგიუსონი, რეზო ძოძუაშვილი იქნება პირველი, ვინც ხელებს ასწევს და მიესალმება ამ კაცს.

ისეთ მწვრთნელს მე ვერ მივესალმები, რომელიც ალალბედზე იქნება შერჩეული. იცით, რა არის? დაჯდეს მწვრთნელი და აგვიხსნას თავისი ხედვა, გვითხრას, რას და როგორ აპირებს. გვითხრას საფეხბურთო საზოგადოებას, ვეტერანებს, ჟურნალისტებს... თქვენ ხომ კარგად იცით ფეხბურთი თეორიული თვალსაზრისით.

იქნებ ხაჭაპურის გამოცხობას აპირებს და ყველის ნაცვლად, ლობიოს გამოყენება სურს. ესეც ხომ შესაძლებელია?

- გეგულებათ ქართველი მწვრთნელი, ვინც ნაკრებს წარმატებით უხელმძღვანელებს?
- მე კი მეგულება, მაგრამ ახლა არ გვინდა დაკონკრეტება...

- მაინც, როგორი მწვრთნელი სჭირდება ეროვნულ გუნდს?
- ფეხბურთი არის ორგვარი - კარგი და ცუდი. ჩვენ გვინდა მწვრთნელი, რომელიც გააღვიძებს იმ ქართულ ფეხბურთს, რომელსაც ჩვენ ვთამაშობდით და ეს არის აუცილებელი. ახლა გადავიდეთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ნაკრების მომავალი თავკაცი.

ნაკრები ჩამაბარეს და მორჩა - საკითხისადმი ასეთი მიდგომა არამც და არამც არ შეიძლება. საქართველო ტალანტების ქვეყანაა და თუნდაც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ყველგან უნდა ეძებოს ფეხბურთელი. თუ გნებავთ, მან ყველა სტადიონის ტელეფონის ნომერი უნდა იცოდეს.

მე ქუთაისში, რიონის პირას, სილაზე გავიზარდე. გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ ჩემზე ნიჭიერი მაშინაც ბევრი იყო და ახლაც ბევრია საქართველოში. უბრალოდ, სწორი ძებნა სჭირდება. მე თუ შევძელი მსოფლიოს გაოცება, მათაც შეუძლიათ!

- არის კი საქართველოს ნაკრებში დღეს ისეთი თაობა, რომ წარმატებას მიაღწიოს?
- ერთ ისტორიას გავიხსენებ. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი გუნდი გვყავდა "დინამოში" - მეოცე საუკუნეში შევქმენით ოცდამეერთე საუკუნის გუნდი. არ დაგვავიწყდეს, ეს რა პერიოდია. ირგვლივ ავტომატები გრიალებენ და ჩვენ ფეხბურთს ვთამაშობთ.

დავიჟინე, ამ გუნდით მოსკოვში უნდა წავიდეთ, "თანამეგობრობის თასზე" უნდა ვითამაშოთ-მეთქი. მინდოდა, მენახვებინა საფეხბურთო საზოგადოებისთვის, რა შეგვეძლო. კარგად გახსოვთ, რა თაობაც გვყავდა - ქინქლაძე, შოთა, ჯამარაული, ყაველაშვილი...

რამდენიმე გულშემატკივარმა მითხრა - რეზო, იქნებ არ ღირდეს წასვლა, ძლიერი გუნდები იქნებიან იქ, არ შერცხვეო. მაშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა ერთი-ორი კაცი, ვისაც არ მოსწონდა, "დინამოში" რომ ვმუშაობდი.

მათი პოზიცია ასეთი იყო: გაუშვით ძოძუაშვილი "თანამეგობრობის თასზე", იქნებ წააგოს, კისერი მოიტეხოს და მოვხსნათ მერეო... არადა, მოხდა პირიქით. ძალიან კარგად ვითამაშეთ, ქართული ფეხბურთი გავახსენეთ ხალხს.

რატომ მოვყევი ეს ამბავი ახლა? ჩვენ თუ ვიძახეთ, ფეხბურთელები არ გვყავს, რა გვეშველებაო, ასე არასოდეს არაფერი გამოვა. მწვანილი ხომ ყოველთვის ამოვა საქართველოში? ისე არ გამოილევა ნიჭიერი ფეხბურთელი. უბრალოდ, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.

მე უდიდეს პატივს ვცემ ყველა ჟურნალისტს. თქვენ დიდებულად იცით ფეხბურთი, მაგრამ იცით თეორიულად. თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ერთმანეთთან უნდა შევაზავოთ. თქვენ, ვთქვათ, ბევრი რამ ჩემზე კარგად იცით, მაგრამ მე შეიძლება ის ვიცოდე, როგორ უნდა ჩაუდგა მოწინააღმდეგეს ტანი ან როგორ უნდა დაარტყას ფეხბურთელმა ბურთი ზუსტად კარში...

ამით იმის თქმა მინდა, რომ ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ყველანაირი ცოდნა უნდა გავაერთიანოთ - ექსპერტის, მწვრთნელის, ჟურნალისტის, ფეხბურთელის...

- რას იტყვით საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე?
- ჩვენ უნდა ჩავატაროთ ძალიან მკაცრი ჩემპიონატი. დიდი და დაუნდობელი ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ ჩაწყობას და სხვა საშინელებებს. სადაც ეს ამბებია, იქ არ არის ფეხბურთი და ეს ყველამ იცის.

დანდობა არ უნდა იყოს ასეთ შემთხვევებში, მთელი სიმკაცრით უნდა იყოს ბრძოლა. ეს აზიანებს მთლიანად ქართულ ფეხბურთს და ისეთი საკითხია, რომ ყველა უნდა შევიკრათ.

აქვე უნდა ვთქვა იმის თაობაზეც, რომ ბრძოლა უნდა დაიწყოს ქართულ სტადიონებზე ხულიგნობის წინააღმდეგ. ძალიან არ მიყვარს, როცა ფეხბურთელი ყველანაირ ზღვარს სცდება.

ჩვენს ჩემპიონატში ხშირად ასეთი საქციელი დაუსჯელი რჩება, ასეთ დროს კი ევროთასებზე სულ სხვა მოთხოვნებია. გადიან მერე იქ ჩვენი გუნდები და ძალიან ხშირად იღებენ წითელ-ყვითელ ბარათებს.

ჩვენ თუ გვინდა, რომ ძლიერი ნაკრები გვყავდეს, აუცილებლად უნდა გვქონდეს ძლიერი ეროვნული ჩემპიონატი. ამის გარეშე ძალიან რთული იქნება. არადა, გვაქვს რესურსი საიმისოდ, რომ უკეთესი ჩემპიონატი გვქონდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
რეზო რათქმაუნდა გამოცდილი მწვრთნელია და ამასთან ერთად სელექციაშიც მაგარია,ვისაც ხელი დაადო ყველას დიდი ფეხბურთი ათამაშა.და არამარტო საქართველოში,გავიხსენოთ სკონტო და ლატვიის ნაკრები რომელიც ძოძუაშვილმა დაკომპლექტაა,იმ ნაკრებმა ჩვენს მაშინდელ კარგ ნაკრებსაც მოუგო და იმ ნაკრებმა ელიტაშიც ითამაშაააა
romandro
03 თებერვალი 2016 16:21
0
ენების წაგდებას გადახედეთ მის ბიოგრაფიას. რიგის სკონტოს და ლატვიის ნაკრების შედეგებს. 3-4 წელიწადში სადღაც ფსკერზე მყოფი ლატვია ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა და რიგის სკონტო ბარსელონაში თანაბრად ეტამაშა ბარსას. თქვენნაირი ხალხის წილი დიდია იმაში, რაც დღეს ჭირს საქართველოს.
ნუგზარი
03 თებერვალი 2016 16:20
0
ამან არიცის მწვრთნელობა და ამის კრიტიკოსებმა კი ხო დდ ლატვია გაიყვანა ამან ევროპაზე ისეთი გუნდი ჩამოაყალიბა 2 წელიწადში და ვის რააქ ქართველი მწვრთნელებიდან სანაკრებო დონეზე ამაზე მეტი გაკეთებული.უბრალოდ მიხიჩა წლებშია ჩემი აზრით მეტი არაფერი და დინამო რაგუნდი ყავდა და რამდენ ახალგაზრდას გაუხსნა გზა დიდ ფეხბურთში.
quTaiseli
03 თებერვალი 2016 16:15
0
თუ ქართველი მწვრთნელი უნდა იყოს მივესალმები რეზოს კანდიდატურას! მას ყელაზე დიდი ამოცილება აქვს. და შედეგიც ყელაზე მაღალი.
baleshiki!
03 თებერვალი 2016 15:50
0
ნაკრებშიც მე-15 წუთზე გააკეთებდა შეცვლებს :D :D :D
giga
03 თებერვალი 2016 15:41
0
შენ რო ჩაწყობაზე ისუბრებ..
კახა
03 თებერვალი 2016 15:21
0
ესაა მასალა, რომლითაც ჟურნალსტმა გაზეთის რსაღაც ფართობი შეავსო. ვინღა უსმენს ძოძუაშვილს, ან რა თქვა ახლა ამან ახალი და საინტერესო?
nikata
03 თებერვალი 2016 15:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული