ელგუჯა გუგუშვილი: ეროვნული ნაკრების მწვრთნელი სასწრაფოდ!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალი მთავარი მწვრთნელის მოლოდინშია. ჩვენი მთავარი საფიქრალიც ესაა.

გამოცდილი ქართველი სპეციალისტი და მეცნიერი ელგუჯა გუგუშვილი იმ იშვიათ გამონაკლისთა შორისაა, წლების განმავლობაში რომ მუშაობდა სხვადასხვა ნაკრებში და კარგადაც იცის ამ საფეხბურთო რგოლის სპეციფიკა. ის ჩვენს საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული მოსაუბრეა და მასთან ფეხბურთზე მსჯელობა ყოველთვის ძალიან საინტერესოა.

მაშ ასე, მოვუსმინოთ ელგუჯა გუგუშვილს...

მწვრთნელი ძალიან სწრაფად!
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინაშე დგას კონკრეტული ამოცანა. მან ეროვნული გუნდისთვის მწვრთნელი, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა შეარჩიოს. დრო ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს და შევეცდები ავხსნა,
თუ რატომ აღარ ითმენს დრო...

დიახ, მწვრთნელს სჭირდება დრო იმისთვის, რომ ფეხბურთელები გაიცნოს, სწორად მოახდინოს მათი შესაძლებლობების მობილიზაცია... მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ბევრი დრო აღარ არის დარჩენილი და ამ პერიოდში მას უდიდესი მოცულობის სამუშაოს ჩატარება მოუწევს...

სხვათა შორის, მოვა თუ არა ახალი მთავარი მწვრთნელი, მას წამსვე მოუწევს შეჯახება პირველივე სირთულესთან. აი, მაგალითად, უკვე ცნობილია საქართველოს ეროვნული ნაკრების იმ მეტოქეთა ვინაობა, რომელთაც მომავალ შესარჩევ ციკლამდე უნდა ვეთამაშოთ ამხანაგურად. ეს საკმაოდ ძლიერი გუნდებია და ჩვენ ამას მივესალმებით, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ახალი მწვრთნელი თავისი მოსაზრებებით მოვა ნაკრებში.

იქნებ მას ერჩივნა სხვა მეტოქეებთან, შედარებით ძლიერ ან შედარებით სუსტ, ან ტაქტიკურად განსხვავებულ მოწინააღმდეგეებთან სპარინგები...

ქართველი თუ უცხოელი?
- ჩემი აზრით, ამ ეტაპზე უმჯობესი იქნება, თუ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ქართველი მწვრთნელი ჩაიბარებს. აქ უნდა იყოს ერთი აუცილებელი კრიტერიუმი - ეროვნული გუნდის მომავალ თავკაცს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნაკრებში მუშაობის გამოცდილება...

ავიღოთ საქართველოს ნაკრებში ადრე დასაქმებული უცხოელი მწვრთნელები. მათ არ ჰქონდათ სანაკრებო გამოცდილება. არაერთი წელი გამიტარებია სხვადასხვა ნაკრებში და უნდა გითხრათ, რომ სანაკრებო სპეციფიკა საკლუბოსგან მნიშვნელოვნად განსხვავდება...

უცხოელმა მწვრთნელებმა საქართველოს ნაკრები გამოცდილების მისაღებად გამოიყენეს. დაახლოებით ისე, ადრე კვალიფიკაციის ამაღლების კურსები რომ იყო. აქედანვე უნდა ვიცოდეთ, რომ კარგი უცხოელი ჩვენთან იაფად არ ჩამოვა...

ასე რომ, ამ ეტაპზე აქცენტი ქართველ მწვრთნელზე უნდა გაკეთდეს. მე მეგულება შესაფერისი კანდიდატურები, ოღონდ ახლა ისინი რომ დავასახელო, შეიძლება სხვანაირად გამიგონ. ეს ფეხბურთის ფედერაციის საქმეა, გადაწყვეტილებაც მისი უნდა იყოს და პასუხისმგებლობაც...

ქართველ სპეციალისტს ის უპირატესობაც აქვს, რომ უცხოელზე უკეთესად იცნობს რეალობას და ადაპტაციას უკეთესადაც გაივლის ძალიან მოკლე დროში...

თვისებები
- ჯერ ერთი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მწვრთნელი აუცილებლად უნდა იყოს კარგი სელექციონერი. შენ სანაკრებო შეკრებაზე ფეხბურთელს ხედავ რამდენიმე დღის განმავლობაში და აქედან გამომდინარე, ბევრ რამეს ვერ ასწავლი, სწორი არჩევანი უნდა გააკეთო, რაც მუშაობას გაგიადვილებს...

მეორე - ნაკრების მთავარი მწვრთნელი აუცილებლად უნდა ერკვეოდეს თანამედროვე ფეხბურთის ტაქტიკურ ნიუანსებში. ის ყოველდღიურად უნდა ვითარდებოდეს, უნდა სწავლობდეს...

მესამე - ნებისმიერ შემთხვევაში და განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ეხება, მწვრთნელი უნდა იყოს ძალიან კარგი ფსიქოლოგი...

დაბოლოს, ის კარგი ადამიანიც უნდა იყოს. ადამიანური ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდს უნდა ესმოდეს მწვრთნელის და - პირიქით. მწვრთნელი ვალდებულია, თითოეულ ფეხბურთელს მოარგოს გასაღები და თუ საჭირო გახდა, ინდივიდუალურადაც უნდა მიუდგეს მოთამაშეებს...

ქვედინებები თურქმენეთში
- ვწვრთნიდი საბჭოთა კავშირის სპორტსაზოგადოებების ნაკრებს. ამ დროს საბჭოთა კავშირი დაიშალა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ ვითამაშეთ. ვიმუშავე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში. იქ დიდ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები გადადგეს კახა კალაძემ, ალექსანდრე იაშვილმა, გიორგი დემეტრაძემ... ვიყავი მოყვარულთა და სტუდენტთა ნაკრებების მთავარი მწვრთნელი...

მთხოვეთ თურქმენეთის ნაკრებში გატარებული პერიოდის გახსენება და ამას სიამოვნებით გავაკეთებ. როცა საბჭოთა კავშირის სპორტსაზოგადოებათა ნაკრებს ვხელმძღვანელობდი, გუნდში მყავდა თურქმენი ფეხბურთელი, გვარად - მინგაცოვი. მან და თურქმენეთის ჩემპიონ "კოპეტდაღში" მოასპარეზე ქართველებმა, კახა ჭუმბურიძემ და ბუბა ტყავაძემ გამიწიეს რეკომენდაცია...

ვიყავი "კოპეტდაღის", ეროვნული და ოლიმპიური ნაკრებების მთავარი მწვრთნელი. მაშინ თურქმენეთში ფეხბურთის ბუმი იყო. ტყავაძისა და ჭუმბურიძის გარდა, "კოპეტდაღში" სხვა ქართველი ფეხბურთელებიც იყვნენ - კახა გოგოლაძე და გურამ ასპინძელაშვილი...

"თანამეგობრობის თასის" გათამაშების ფინალში გავედით და პენალტების სერიაში წავაგეთ მოსკოვის "სპარტაკთან". არც მანამდე და არც ამის შემდეგ თურქმენეთის კლუბს ასეთი წარმატებისთვის არ მოუღწევია...

სრული თავისუფლება მქონდა თურქმენეთის ნაკრების მწვრთნელობისას. აზიის თასზე ირანს 1:0 მოვუგეთ გასვლაზე, არადა, ირანი შინ თამაშს არ აგებდა. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშიც გვქონდა კარგი თამაშები... მაგალითად, მოვუგეთ ვიეტნამის საკმაოდ ძლიერ ნაკრებს. სტადიონზე ხალხის რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა...

ხომ საინტერესოა, რა იყო ამ წარმატების მთავარი საიდუმლო? როგორც იცით, მე იქ მხოლოდ ეროვნული გუნდის თავკაცი არ ვიყავი. ვწვრთნიდი ქვეყნის საუკეთესო კლუბს, აშხაბადის "კოპეტდაღს" და ეს გუნდი ეროვნული ნაკრების საბაზო კლუბად გადავაქციე...

მერე წავიდა ქვედინებები, რომელთა თაობაზე საუბარიც ახლა შორს წაგვიყვანს. ბოლოს ისე მოხდა, რომ თურქმენეთის ნაკრებიდან წამოსვლა მომიხდა. უნდა ვთქვა, რომ დღესაც სიამოვნებით ვიხსენებ იქ გატარებულ პერიოდს. ამ ქვეყანაში ბევრი მეგობარი დამრჩა...

ეს ძალიან გვაფერხებს...
- რა არის საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი პრობლემა? სხვას თავისი აზრი შეიძლება ჰქონდეს და მე ჩემსას ვიტყვი - ეს არის გუნდში მწვრთნელების ძალიან ხშირი ცვლა. ეს გუნდის პროგრესს ხელს უშლის...

მწვრთნელის ცვლილების პროცესი არის ძალიან მტკივნეული და სათუთი. როგორც არ არსებობს მსოფლიოში ორი ერთნაირი ადამიანი, ასევე არ არსებობს ორი ერთნაირი მწვრთნელი...

ნებისმიერ მათგანს აქვს თავისი საფეხბურთო და არასაფეხბურთო პრინციპები. სხვანაირად რომ ვთქვათ, ყველა მწვრთნელი თავისი სამრეკლოდან რეკავს. ფეხბურთელისთვის კი იოლი არ არის ხშირად გადაწყობა...

სამომავლოდ, აუცილებლად ვისურვებდი, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელები ასეთი სიხშირით აღარ შეცვლილიყვნენ. ეს საერთო საქმეს არაფერს არგებს...

რა სჭირდება ძლიერ ნაკრებს?
- საქართველოში ყველას ძალიან გვინდა, რომ ძლიერი ეროვნული ნაკრები გვყავდეს. ამას სჭირდება ორი მთავარი კომპონენტი - ძლიერი ეროვნული ჩემპიონატი და ძლიერი ლეგიონერები...

სახელმწიფოს და ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ქართული საკლუბო ფეხბურთის მიმართ შეცვლილი მიდგომა მაიმედებს, რომ მალე გაცილებით ძლიერი ეროვნული პირველობა გვექნება. ჩვენი ლეგიონერები კი ნიჭიერები და პერსპექტიულები არიან. კი, არის ბევრი პრობლემა, მაგრამ მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი...

მთავარი პრობლემა
- საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ მთავარ, სუფთა საფეხბურთო პრობლემად დავასახელებდი იმას, რომ გამოკვეთილი ლიდერი არ ჩანს. რა თქმა უნდა, მე არ ვარ მომხრე იმისა, რომ ერთ ფეხბურთელს ავკიდოთ მთელი ტვირთი, მაგრამ ლიდერი აუცილებელია...

მე მას ამ შემთხვევაში ვერ ვხედავ, მაგრამ სამომავლოდ ის აუცილებლად გამოჩნდება. ჩვენი სანაკრებო რესურსი არ არის შეუზღუდავი. საქართველოს ნაკრებს კვალს ამჩნევს თუნდაც ერთი-ორი ფეხბურთელის ტრავმა ან შეკრებაზე ჩამოუსვლელობა...

მოკლედ, ყველა ერთად უნდა დავდგეთ იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებმა წარმატებით ითამაშოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
გუცაევი
kog1952
10 თებერვალი 2016 13:10
0
ბატონო გუჯა კახაძე, ხომ არ მოგეძებნებათ მონაცემები სლავა მეტრეველის, მიხეილ მესხის, ვლადიმერ გუცაევის, აგრეთვე კიევის დინამოელების ბლოხინის და ბელანოვის სატარტო სისწრაფის შესახებ. ძალიან საინტერესო იქნებოდა!
არჩილ ხოფერია
10 თებერვალი 2016 11:45
0
გეგუჩაძე.
sake
10 თებერვალი 2016 11:28
0
ეხლა იჯექით და ეძებეთ . მშვენიერი მწვრთნელიც გვყავდა დროც სათანადოდ გამოყენებული იყო და არც დეფიციტი გვაწუხებდა ნაკრების შეცნობისთვის. მწვრთნელიც პროფესიონალი იყო, თავისი ხელწერა ჰქონდა, ტაქტიკურადაც განსწავლული იყო და პროგრესირებაც არ იყო პრობლემა. დარწმუნებული ვარ აჯობებდა შეგვენარჩუნებინა კახა და შედეგი დიდი ალბათობით დაიდებოდა, ამ პირობებში კი შანსი სულ მინიმუმ განახევრებული გვაქვს და რაც მთავარია ფული ბევრად მეტი გადაიხდება ეკონომიის ნაცვლად
ხერხე
10 თებერვალი 2016 00:14
0
აზრი არ აქვს ვინც გინდა ის მოიყვანეთ ცხვრის ჯოგს არაFEრი ეშველება
gio
09 თებერვალი 2016 21:26
0
ქართველიო თანაც ნაკრებებთან მუშაობის გამოცდილება, რომ ექნება და მერე დაამატა მე ნაკრებებთან ბევრი მიმუშავია. მართივად, რომ ვთქვათ მე დამნიშნეთო.
პ.ს. ისე ფაქტობრივი შეცდომები დაუშვა უცხოელმა მწვრთნელებმა ჩვენი ნაკრები გამოცდილების მისაღებად გამოიყენესო - ვინ ტოპმიულერმა(ჩვენ მერე პენსიაზე გავიდა) თუ კუპერმა.
ჯონდო
09 თებერვალი 2016 21:21
0
დალაგებული აზრების მქონე ადამიანი, ასეთი გვინდა, არ ეძებოთ სხვა, ბატონი ელგუჯა დანიშნეთ!
giorgi
09 თებერვალი 2016 18:28
0
ნაკრების ახალმა მწვრთნელმა აღადგინოს ნორმატივები და იმედიც გაჩნდება (ესტონეთმა აღარ უნდა გადაგვირბინოს).

ნაკრების წევრებს თუნდაც სასტარტო სისწრაფე ჩააბარებინეთ 30 მეტრზე, რომელსაც უცხოელები უმაღლესი და პირველი ლიგის ფეხბურთელებისათვის იყენებენ.

მაქსიმალური - იდეალური ნორმა
საუკეთესო………………….3.6წმ.
კარგი………………………...3.8წმ.
დამაკმაყოფილებელი……..4.0წმ.

ფაქტიური
საუკეთესო………………….3.9წმ.
კარგი………………………...4.0წმ.
დამაკმაყოფილებელი……..4.1წმ.

აქამდე შორს ვართ, მაგრამ ინფორმაციისათვის - ოფიციალური მონაცემებით მოქმედ ფეხბურთელებს შორის რეკორდი ადგილიდან სირბილში 30 მეტრზე „დორტმუნდის ბორუსიის“ ფეხბურთელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა დაამყარა - 30 მეტრი 3.7 წამში გაირბინა.

გისურვებთ წარმატებას!!!!
გუჯა კახაძე
09 თებერვალი 2016 18:02
0
ახალკაცი
eeeee
09 თებერვალი 2016 17:34
0
მე, რომ კაცმა მკითხოს, საქართველოს ნაკრებს მთავარ მწვრთნელად სჭირდება: ქართველი, გამოცდილი, დაბრძენებული, ერუდირებული და ფეხბურში, მითუმეტეს ქართულ ფეხბურთში, კარგად გათვითცნობიერებული სპეციალისტი. ესეთი კაცია სწორედ ბატონი ელგუჯა გუგუშვილი, მასში მეორე ნოდარ ახალკაცს ვხედავ. სწორედ მას შეუძლია ქართული ფეხბურთის დადებითი მხარეების წინ წამოწევა და სინთეზი თანამედროვე ფეხბურთთან.
gizog
09 თებერვალი 2016 16:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული