[დღის თემა] მაქსიმუმ ერთ კვირაში?! ამბობენ, ახალი მწვრთნელი კალაძის ახლო მეგობარიაო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჯერაც არ ჰყავს ახალი დამრიგებელი. არადა, დრო აღარ ითმენს. 29 მარტს ჩვენი ქვეყნის უპირველესი გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში ყაზახეთს უმასპინძლებს.

რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება, თუ ამ მატჩისთვის ფეხბურთელებს ნაკრების ახალი მწვრთნელი შეარჩევს. უკეთესი კი არა, წესითა და რიგით, ეს ასეც მოხდება. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან შევიტყვეთ, ეროვნულ გუნდს ახალი მწვრთნელი მარტის შუა რიცხვებისთვის ეყოლება და სწორედ ის გამოიძახებს ფეხბურთელებს 29 მარტის სპარინგისთვის...

ცხადია, ეს ძალიან კარგია. რატომ უნდა გააცდინოს ახალმა მწვრთნელმა თუნდაც ერთი მატჩი, როცა არის იმის
საშუალება, რომ მარტშივე დაიწყოს გუნდის გაცნობა. სხვანაირად, ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩს აზრი და მნიშვნელობა დაეკარგება.

არის მეორე მომენტიც. ყაზახეთი ისეთი მეტოქეა, ჩვენს საკბილოდ რომ უნდა გამოდგეს. აქედან გამომდინარე, თავად ახალი მწვრთნელის (რა თქმა უნდა, ფეხბურთის ფედერაციისაც) ინტერესში უნდა იყოს, რომ გუნდი მარტის შუა რიცხვებისთვის ჩაიბაროს. ნებისმიერი მწვრთნელისთვის ასეა და გამონაკლისი არც საქართველოს ნაკრების ახალი დამრიგებელი იქნება.

უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კარგ დასაწყისს. თან მეტოქეც გონივრულადაა შერჩეული - საქართველოს ნაკრებს საკუთარ კედლებში ყაზახეთის ძლევა ნამდვილად შეუძლია. იური კრასნოჟანის გუნდი მთლად საჩუქარი არ არის და ბოლო დროს ადგილ-ადგილ ბრჭყალებსაც გამოაჩენს ხოლმე, მაგრამ მაინც...

რატომ უცხოელი?
ჩვენი ინფორმაციით, ძალიან დიდია იმის შანსი, რომ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად უცხოელი სპეციალისტი დაინიშნოს და თანაც ისეთი, თავის დროზე დიდი ფეხბურთი რომ უთამაშია.

აქა-იქ ჩვენს საფეხბურთო თემში იმასაც გაიგონებთ, ეს მომავალი დამრიგებელი საქართველოს ვიცე-პრემიერის, კახა კალაძის ახლო მეგობარია და ლევან კობიაშვილთან ერთად, მწვრთნელს სამომავლო თანამშრომლობაზე ისიც ელაპარაკაო...

ზუსტად არ ვიცი, ამ ხმებში სიმართლის მარცვალი ურევია თუ არა, მაგრამ პირადად მე გადასარევსა და გასაგიჟებელს აქ ვერაფერს ვხედავ - მიუხედავად იმისა, რომ კალაძე დღეს პოლიტიკაშია, მაინც საფეხბურთო სამყაროს კაცია, ამ სამყაროში დიდი ავტორიტეტი აქვს და არაფერია ცუდი იმაში, თუ ამ ავტორიტეტს ქართული ფეხბურთისთვის გამოიყენებს.

აქვე, დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველოს ნაკრებისთვის მწვრთნელი შეირჩევა არა ვინმესთან ახლო მეგობრობის, არამედ მისი პროფესიონალიზმის გამო. დღეს არ არის ექსპერიმენტების დრო და ეს ყველამ კარგად ვიცით.

ფეხბურთის ფედერაცია ამ ეტაპზე უფრო უცხოელი მწვრთნელისკენ იხრება. ყოველ შემთხვევაში, საქმეს ასეთი პირი უჩანს. ამ შემთხვევაში, ფედერაციას ვერ გავამტყუნებთ - დღესაც ცოცხალია ვარაუდი იმის თაობაზე, თითქოს ეროვნულ გუნდს ბოლოს მაინც გია გეგუჩაძე (რომელიც უკვე შეუდგა მუშაობას ახალგაზრდულ ნაკრებში) ჩაუდგება სათავეში, მაგრამ... თქვენის ნებართვით, ამ თემას ახლა აღარ შევეხებით.

ალბათ, ბევრი არ შეგვედავება, თუ დავწერთ, რომ დღეს საქართველოში გამორჩეულები არიან გია გეგუჩაძე და შოთა არველაძე. შოთამ თავად იუარა ცოტა ხნის წინ ეროვნული გუნდის გაწვრთნა. ამდენად, როცა საუკეთესო ქართველ მწვრთნელებს ვერ აბამ მთავარ სანაკრებო ფერხულში, მაშინ ისღა დაგრჩენია, უცხოელი მოძებნო და მას ანდო ქვეყნის უპირველესი გუნდი.

ცაიტნოტი, როგორც ასეთი...
რას ნიშნავს ცაიტნოტი? უცხო სიტყვათა ლექსიკონში ჩვენ ვკითხულობთ, რომ ის გერმანული სიტყვაა და ჭადრაკის ან შაშის თამაშში სვლების მოფიქრებისთვის საჭირო დროის ნაკლებობას ნიშნავს.

საქართველოს ნაკრების ახალ მწვრთნელსაც უნდა ჰქონდეს საკმარისი დრო იმისთვის, რომ მოიფიქროს სვლები, რომელიც მას მეტოქეთა დამარცხებაში შეეშველება. ამ სვლების მოფიქრება კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ შენს განკარგულებაში მყოფი "ფიგურების" განლაგებას კარგად იცნობს.

სხვისი არ ვიცი და მე მგონია, რომ საქართველოს ნაკრებისთვის მწვრთნელი აქამდეც უნდა შერჩეულიყო, მაგრამ რა მოცემულობაც გვაქვს, იმის გათვალისწინებით უნდა ვიმოქმედოთ.

კი, ახალ დამრიგებელს ექნება იმის საშუალება, რომ ამხანაგური მატჩები ჩაატაროს და ზოგადი წარმოდგენა შეიქმნას გუნდზე, მაგრამ შეძლებს კი ის, შესარჩევი ციკლის დაწყებამდე მთლიანად გაიცნოს ჩვენი საფეხბურთო რესურსი?

ნამდვილად არ გვინდა, ეროვნული გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, თუნდაც დროებით, ქვეყნის პირველ გუნდში ფეხბურთელები ვიღაცის რეკომენდაციით გამოიძახოს.

დიდი უხერხულობა
არ ვიცით, ეს რამდენად შესაძლებელია, მაგრამ ისეც შეიძლება მოხდეს, რომ საქართველოს ნაკრებს ერთბაშად... ორი მთავარი მწვრთნელი ჰყავდეს. დიახ, ნუ დაგვავიწყდება, რომ კახა ცხადაძე ოფიციალურად ჯერაც ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელია.

ვინ იცის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში იმიტომ არ ჩქარობენ ახალი მწვრთნელის დანიშვნას, რომ ჯერ ძველთან ბოლომდე სურთ საქმის გარკვევა. ფაქტია, ეს გაუგებრობა თუ საკონტრაქტო კაზუსი, ბოლოს და ბოლოს, უნდა დასრულდეს.

თვით ახალი მთავარი მწვრთნელისთვის არ იქნება სასიამოვნო იმის შეგრძნება, რომ საქართველოს ნაკრებში ის ერთადერთი... მთავარი მწვრთნელი არ არის. ისიც ფაქტია, რომ ცხადაძე კომპენსაციის გარეშე არსად წავა და არც ის იქნება გამართლებული, მწვრთნელს დარჩენილი კონტრაქტი გაუწყვიტო და მხოლოდ ერთი ან ორი თვის ანაზღაურება მისცე.

ახალგაზრდა, მოტივირებული...
ჩვენ ბევრი უცხოელი მწვრთნელი გვინახავს საქართველოს ნაკრებში, მაგრამ საზოგადოება კმაყოფილი მცირედით თუ ყოფილა. ამ ეტაპზე, პირადად მე და ალბათ ბევრ თქვენგანსაც, უცხოელს ქართველი გვერჩივნა, მაგრამ რადგან ორი ჩვენი გამორჩეული მწვრთნელის სანაკრებო ამბავი ვერ გამოდის, ეროვნულ გუნდს საცდელ პოლიგონად ვერავინ აქცევს.

რა მოხდება, რომ ერთხელ მაინც არ ავირჩიოთ ისეთი უცხოელი, რომელმაც თავისი დასამტკიცებელი უკვე დაამტკიცა და მხოლოდ წარსული ავტორიტეტით ცხოვრობს?! ერთხელ მაინც მივცეთ ნდობის მანდატი ახალგაზრდა, პროგრესირებად მწვრთნელს - სპეციალისტს, რომელსაც ჯერაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი და მისაღწევი. მწვრთნელს, ვისი ბიოგრაფიაც ახალ-ახალი შტრიხებით მომავალში უნდა შეივსოს. მწვრთნელს, ვინც წარმატებასაა "მოშიებული"...

...ეს ყველაფერი სურვილებია. თუ სასწაული არ მოხდა, 15 მარტამდე საქართველოს ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება და ისღა დაგვრჩენია, ამ ინკოგნიტო მწვრთნელს მხოლოდ წარმატებები ვუსურვოთ. მისი წარმატება ხომ ჩვენი და ქვეყნის სიხარულია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 25 /
ერთი შოთას კარგი მწვრთნელობა სად ნახეთ! შედეგი არ დაუდია არსად სადაც იმუშავა! ევროპის მესამეხარისხოვან პირველობაზე სამეულს ვერ ქაჩავს და უფრო დაბლაც!!!!
გურია
09 მარტი 2016 01:11
0
ჯერ რასაც ვუყურებ კობი ყველაფერს სწორად მიყვება. იმედია მწვრეთნელსაც სწორად შეარჩევს.
ოღონდ მე არ მჯერა საქმის კენწეროდან დაწყების. ნაკრები ვეერაფერს მიაღწევს უახლოესი 2 წელი. ჯერ შიგა ჩემპიონატის დონე უნდა ამაღლდეს.
ara
08 მარტი 2016 23:45
0
სფფ-ში საგიჟეა და არაპროფესიონალთა დოღი
romulo
08 მარტი 2016 23:16
0
ყველგან დომხალია, ვაი შე საცოდავო საქართველო რამდენს უძლებ..
o.k.
08 მარტი 2016 21:37
0
რაკი წერია კალაძე კარგად იცნობსო თან სიტყვაც წააშველაო შეიძლება ვივარაუდოდ რომ ყოფილი მილანელია (არ არის აუცილებელი მაგრამ მაინც). ყოფილი მილანელებიდან ეხლა ვინც მწვრთნელობს უცებ ვინც მახსენდება ეს არის ისევ და ისევ გატუზო (რომელსაც კალაძესთან ახლო მეგობრობა ჰქონდა), ინძაგი და მესამე ზეედორფი. ცუდი ისაა რომ სამივეს ჯერ საერთოდ არაფერი არ აქვთ მიღწეული როგორც მწვრთნელებს. თან გატუზო მე რომ მკითხო ზედმეტად ფიცხიც არის. ასე რომ ..... ისე ანჩელოტი რომ იყოს? იფიფიფიფიფ
გიოგიო
08 მარტი 2016 20:47
0
ალბათ გატუზოზეა ლაპარაკი
guga
08 მარტი 2016 20:02
0
შევჩენკო დაგვხატავდა!
გუჯა კახაძე
08 მარტი 2016 18:32
0
პირველ რიგში ვთქვათ ის რო ნაკრების მწვრთნელის დანიშვნა გვიწევს ფორსმაჟორულ სიტუაციაში, ამიტომ აუცილებელია დაინიშნოს ისეთი მწვრთნელივინც ლარგად იცნობს ქართულ ფეხბურთს 70 % ით მაინც ფეხბურთელების შესაძლებლობებს. სხვა შემთხვევაში ნიშნავს კიდევ მინიმუმ 2 წლის დროის დაკარგვას, გნებავთ გაფლანგვას. აი ამიტომაც ვპიქრობ რომ უნდა დაინიშნოს ქართველი მწვღთნელი, არამგონია მოიძებნოს ისეთი უცხოელი რომელიც ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს. რაც შეეხება ცხადაძე-ფედერაციის ურთიერთობას, ცხადაძის დიდი პატივისცემის მიუხედავად უფრო ნათელი დადი შეცდომა დაუშვა ვიდრე ფედერაციამ. ფედერაციის შეთავაზებაზე ვერ შეთანხმება ცხადაძის მხრიდან დიდი სისულელეა, მე პირადად დზალიან გამიკვირდა. ამით პაქტიურად გვითხრა რომ ჩემსაგნ წარმატებას ნუ მოელითო (არადა ყველას გვჯეროდა წარმატების,ვაღიაროდ რომ ცხადაძემ დამსახურებულად დაგვარწმუნა და იმედი მოგვცა. მაგრამ..... საბოლოოდ გვითხრა გატყუებდითო). ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი ცხადაძის უკან დახევა იქნება ტორემ ფედერაციის უკან დახევა კიდევ ერთხელ ქართული ფეხბურთის გარდაცვალება იქნება. ყველაზე ნაკლებად კობიაშვილის არაპრინციპულობა გვჭირდება, ამიტომაც ტუნდაც გეგუჩაძე დაინიშნოს მწვრთნელად არ იქნება ურიგო. ერთი ეგაა გამოაშკარავდება ფედერაციის ხრიკები, მაგრამ ეს არ ავნებს ფეხბურთს იმდენად რამდენადაც არაკომპეტენტური უცხოელის ჩამოყვანა,რომელსაც 1-2 წელი ჭირდება ქართული ფეხბურთის სწავლისთვის რომ მერე გაგვრწთნას
nnnnn
08 მარტი 2016 18:31
0
გატუზო თუ იქნება გაიმასხარავებს თავს
Vova
08 მარტი 2016 18:25
0
ეროვნლი ნაკრების მწვრთნელი უნდა იყოს დამწყები, ვინაიდან დამწყებ, ახალგაზრდა მწვრთნელს ასმაგად უფრო მეტი ამბიცია გააჩნია.
ნაკრების მწვრთნელი
08 მარტი 2016 18:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული