ვისაც ის ერთხელ მაინც უნახავს მინდორზე, დაგვეთანხმება - გატუზო შეუდარებელი იყო. იბრძოდა თუნდაც ისეთ სიტუაციებში, საიდანაც გამოსავალი არ ჩანდა. და ის თითქმის ყოველთვის იმარჯვებდა...
დღეს გატუზო იტალიური ლეგა პროს (რანგით მესამე ლიგა) ბინადარ "პიზას" წვრთნის. ბოლო დროს ქართულ
ესეც არ იყოს, გატუზოსთვის ქართველი ფეხბურთელები უცხონი არ არიან. კალაძის გარდა, კარგად იცნობს გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილს, რომელთაც მცირე ხნით ბერძნულ ოფი-ში წვრთნიდა...
გუშინ ისიც დაიწერა, რომ გატუზო შესაძლოა ყაზახეთის ნაკრებში მივიდეს. ეს გუნდი უმწვრთნელოდაა იური კრასნოჟანის წასვლის შემდეგ. ყაზახები კი ჩვენი უახლოესი მეტოქეები არიან - 29 მარტს თბილისში ამხანაგურად უნდა ვეთამაშოთ...
რაღა დაგიმალოთ და, არ გვგონია, ფეხბურთის ფედერაციამ არჩევანი გატუზოზე შეაჩეროს (თუ საერთოდ ვინმეს მოსვლია აზრად მისთვის ამ სამსახურის შეთავაზება) და პირველ რიგში არა მისი სამწვრთნელო კომპეტენციის, არამედ მისი იმპულსური ხასიათის გამო...
მაგრამ რაკი ამ თემაზე ხალხი ლაპარაკობს, მოვალენი ვიყავით, ეს ხმები შეგვემოწმებინა და გადავწყვიტეთ, გატუზოსთან დამაკავშირებელი გზები გვეძებნა. ამ საქმეში ჩვენი კოლეგა და მეგობარი კობა ინასარიძე დაგვეხმარა.
პირველი ზარის შემდეგ გატუზომ გვთხოვა, - ზუსტად ერთ საათში დამირეკეთ და ვილაპარაკოთო...
გავიდა ეს ერთი საათიც და ჯენაროს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით. ის დროში შეზღუდული იყო, თუმცა ჩვენთვის საინტერესო რამდენიმე კითხვა მაინც დავუსვით...
- გამარჯობა! საქართველოდან გაწუხებთ. რამდენად მართალია ინფორმაცია, თითქოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან ეროვნულ ნაკრებში მუშაობის წინადადება მიიღეთ?
- არა, არა... არ ვიცი, საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია. მე მაქვს ჩემი საქმე. შეიძლება, იცით, რომ "პიზას" მთავარი მწვრთნელი ვარ და დღეს ამ სამუშაოზე ვარ კონცენტრირებული. ამის თქმა შემიძლია მხოლოდ.
- იმავეს იტყვით ყაზახეთის ნაკრების თაობაზეც? მედიაში დაიწერა, რომ ყაზახეთის ფეხბურთის ფედერაცია გთავაზობთ სამსახურს...
- ზუსტად იმავეს ვიტყვი ამ შემთხვევაშიც - მე მაქვს ჩემი საქმე, რომელსაც ვაკეთებ. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასეთი სიტუაციაა.
- ქართველ ფეხბურთელებზე გკითხავთ. თქვენ არაერთი დაუვიწყარი მატჩი ჩაატარეთ კახა კალაძესთან ერთად. მერე ოფი-ში წვრთნიდით გიორგი მერებაშვილსა და გიორგი ლორიას...
- "კალა" დიდებული ადამიანია და დიდებული ფეხბურთელიც იყო. მასთან ერთად მართლაც ბევრი დაუვიწყარი წამი მაქვს მინდორზე გატარებული. გეხსომებათ მაშინდელი "მილანი" - ჩვენ საუკეთესო გუნდი გვყავდა...
მერებაშვილსა და ლორიაზეც მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. ისინი ძლიერი ფეხბურთელები არიან ძლიერი მენტალიტეტით - ნამდვილი პროფესიონალები! მოხარული ვარ, რომ მომეცა მათთან მუშაობის საშუალება. საერთოდ, ქართველები თბილი ხალხი ხართ, გიყვართ ურთიერთობები...
- რას იტყვით "პიზაზე"? როგორი გუნდია, რა გეგმები გაქვთ?
- ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, მეგობრული... ეს ერთი ოჯახია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზნები და ბიჭებიც ენთუზიაზმით არიან სავსენი.
- არ შეიძლება, "მილანზე" არ გკითხოთ. როდის დაიბრუნებს "როსონერი" ჩვეულ პოზიციებს?
- დარწმუნებული ვარ, ეს აუცილებლად მოხდება. მასიმილიანო ალეგრის წასვლის შემდეგ დაიწყო რეგრესი... სხვათა შორის, ბოლო დროს ვხედავ პატარა პროგრესს. რაც უნდა იყოს, "მილანი" გრანდია და ამ სტატუსის შესაფერისი ამბიციები უნდა ჰქონდეს.
- მაშ, "მილანის" დაბრუნების გჯერათ?
- რა თქმა უნდა, მჯერა! დიდი "მილანი" აუცილებლად დაბრუნდება.
- ერთი კითხვაც...
- სამწუხაროდ, უნდა დაგემშვიდობოთ... ბევრი საქმე მაქვს, მაპატიეთ!..
...გუშინ საღამოსაც აქტიურად მუსირებდა ვერსია იმის თაობაზე, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავალი მთავარი მწვრთნელი უკვე თბილისშიც იყო ჩამოსული. ნაკლებად დასაჯერებელიაო, ზემოთ აღვნიშნეთ, მაგრამ... მაინც ნუ გამოვრიცხავთ, ეს გატუზო იყოს. ეს ჩვეულებრივი ამბავია ფეხბურთში და არსებობს შეთანხმების ეტიკეტი, რომელსაც ყველა იცავს - სანამ ურთიერთობები ოფიციალური არ გახდება, არ ვლაპარაკობთ!
მალე გამოჩნდება, ვინ არის "ის". გუშინ დავწერეთ - ფეხბურთის ფედერაციაში გვითხრეს, რომ ყაზახეთის ნაკრებთან სპარინგისთვის შემადგენლობას ახალი მწვრთნელი დაასახელებს. ესე იგი, სიტუაციის გარკვევას სადღაც მარტის შუა რიცხვებისთვის უნდა ველოდოთ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მიმაცნია, რომ შექმნილ ვითარებაში იდეალური ვარიანტია გია გეგუჩაძის კანდიდატურა. პრინციპში, არა თუ შექმნილ ვითარებაში, არამედ ზოგადად დღეს ქართველ მწვრთნელებში გია გეგუჩაძე არის ნაკრების მწვრთნელობის ნომერ პირველი კანდიდატი.