გოგუა ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ვაისის ხელმძღვანელობით უთამაშია, კერძოდ კი, 2007 წელს რამენსკოეს "სატურნში".
გთავაზობთ ამონარიდს გოგუას ინტერვიუდან. აქვე გეტყვით, რომ "კვირის პალიტრის" ახალი ნომერი დღეს, 21 მარტს გამოვიდა. მისი შეძენა შეგიძლიათ პრესის გავრცელების პუნქტებში და ასევე, გაზეთის ვებ-გვერდზე.
- ვაისთან მუშაობის გამოცდილება მხოლოდ შენ გაქვს. რას იტყვი მასზე?
- 2007 წელს, როცა ნალჩიკის "სპარტაკიდან" წამოვედი, თავად ვაისმა შემომთავაზა რამენსკოეს "სატურნში" გადასვლა.
- ვაისის გუნდი შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას თუ დაცვითს? "სატურნს" რა ტაქტიკით ათამაშებდა?
- უმეტესად 4-3-3 ან 4-1-3-2. მარცხენა მცველად ან ნახევარმცველად მათამაშებდა, ხანაც მარჯვენა მცველად. ვაისის პლუსი ის არის, რომ ფეხბურთელებთან კომუნიკაცია არ ეშლება. ყვირილიც იცის, მაგრამ საქმიანად ყვირის - პირად შეურაცხყოფაზე არ გადადის... ფეხბურთელებს გვეკითხებოდა, ვის რომელ პოზიციაზე გვერჩივნა თამაში და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ იღებდა. მოკლედ, ვაისი ამოუცნობი მწვრთნელია, დაშტამპული არ არის!
- რა იქნება ვაისის მთავარი პრობლემა საქართველოს ნაკრებში?
- კარგი მწვრთნელია, შემტევი ფეხბურთიც უყვარს, თუმცა ქართველ ფეხბურთელებს არ იცნობს. იმედია, უშუალოდ დააკვირდება ნაკრების კანდიდატებს, მაგრამ არ მომეწონა მისი ხმაურიანი განცხადება - ნაკრების ძირითადი ბირთვი თბილისის "დინამოდან" იქნებაო!
- ვაისმა თქვა, რომ მის სიაში "დინამოს" ბევრი ფეხბურთელია და მჭიდრო კონტაქტი ექნება იურაი იარაბეკთან, რომელიც მისი თანამემამულეა. რა არის ამაში გასაკვირი?
- ფეხბურთის თამაში მხოლოდ "დინამოს" ფეხბურთელებმა იციან?! რომან ფიფიას კარგად "უმუშავია", საქართველოში ორი დღის წინ ჩამოსულმა სლოვაკმა მხოლოდ მის კლუბზე რომ დაიწყო ლაპარაკი... არ მესმის, ფიფიამ რატომ უნდა გადაწყვიტოს, რა არის სწორი ქართულ ფეხბურთში? "დინამოში" არ ვთამაშობთ, მაგრამ ჩვენც ფეხბურთელები ვართ, ჩვენც გვინდა, ქვეყნის ღირსება დავიცვათ! სამართლიანობა აუცილებელია. მჯერა ლევან კობიაშვილის, რომელსაც ფეხბურთი უთამაშია და ესმის, სამართლიანად იმუშავებს.
ავტორი: რატი შელეგია