აქამდე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ქართველების (გიგა ნორაკიძე, გივი ნოდია, ალექსანდრე ჩივაძე, დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, რევაზ ძოძუაშვილი, გიგლა იმნაძე, მერაბ ჟორდანია, გოჩა ტყებუჩავა, გაიოზ დარსაძე, თემურ ქეცბაია, კახა ცხადაძე) გარდა, სხვადასხვა დროს უცხოელ მწვრთნელებსაც უმუშავიათ: იოჰან ბოსკამპს (ჰოლანდია), ივო შუშაკს, პეტარ შეგრტს (ორივე - ხორვატია), ალენ ჟირესს (საფრანგეთი), კლაუს ტოპმიოლერს (გერმანია), ექტორ რაულ კუპერს
დღეს სწორედ იმ უცხოელ მწვრთნელებზე ვისაუბრებთ, სხვადასხვა "დოზით" გარკვეული კვალი რომ დატოვეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
თუმცა, წინდაწინ შეიძლება იმის თქმაც, რომ, საერთო ჯამში, ქართველ სპეციალისტებს ბევრად უფრო უკეთესი შედეგი ჰქონდათ საქართველოს ნაკრებში, ვიდრე აქ მომუშავე მათ უცხოელ კოლეგებს.
თუმცა, გარკვეული გამონათებებიც იყო და არც იმის დავიწყება შეიძლება, რომ შემდგომში წარმატებული კარიერის მქონე რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს სწორედ ზემოთ ხსენებული უცხოელი მწვრთნელების მოღვაწეობის დროს ჰქონდა დებიუტი საქართველოს ნაკრებში...
იოჰან ბოსკამპი
აქ ჩამოსული პირველი უცხოელი მწვრთნელი ჰოლანდიელი სპეციალისტი იოჰან ბოსკამპი გახლდათ, რომელიც 1999 წლის მაისის დასაწყისში თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა და საქართველოს ნაკრების გაძღოლაც დაევალა; ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი იმ დროისათვის ჩვენთვის, ფაქტობრივად, დამთავრებული იყო: იმის მიუხედავად, რომ ის შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დავიწყეთ (საშინაო მატჩში აჩიკო არველაძის ერთადერთი გოლით ალბანეთს მოვუგეთ), მერე მხოლოდ იმედგაცრუება გველოდა!
თავად განსაჯეთ: ზედიზედ ორ საგარეო წაგებას (ლატვიასთან და საბერძნეთთან) სლოვენიასთან საშინაო ფრე მოჰყვა, მაგრამ 1999 წლის 28 აპრილს, თბილისში ნორვეგიის ნაკრებმა რომ მართლაც აბუჩად აგვიგდო (ოლე გუნარ სოლსკიაერისა და ტორე ანდრე ფლოს ოსტატობამ იმდენი ქნა, რომ სტუმრები პირველი ტაიმის შემდეგ 4:0-ს გვიგებდნენ), სწორედ ამის მერე ჩაიბარა ჩვენი გუნდი იოჰან ბოსკამპმა, რომელსაც საკლუბო დონეზე (ბელგიასა და ჰოლანდიაში) მანამდე გარკვეული წარმატებები ჰქონდა.
ფოტოზე: მერაბ ჟორდანია და იოჰან ბოსკამპი
ბოსკამპის მოსვლით ჩვენი ნაკრების შედეგი არ გაუმჯობესებულა (5 ოფიციალური მატჩი: 1 ფრე და 4 წაგება), თუმცა ბევრი სიახლეც იყო და არა მხოლოდ თამაშის ორგანიზაციის თვალსაზრისით: ჰოლანდიელმა სპეციალისტმა გააგრძელა წინამორბედის დაწყებული საქმე და საქართველოს ნაკრების მკვეთრი გაახალგაზრდავებაც დაიწყო!
თუმცა, ეს ყველაფერი თავისი მეორე შეხვედრიდან დაიწყო, აი, სადებიუტო მატჩში (სტუმრად - ნორვეგიასთან) მხოლოდ 2 სიახლე შემოგვთავაზა - ნაკრებში გარკვეული პაუზის მერე დააბრუნა ლევან ცქიტიშვილი (იმ დროისათვის "ფრაიბურგის" ღირსებას რომ იცავდა), ხოლო დებიუტანტი კი ბათუმის "დინამოს" მცველი დავით ჭიჭვეიშვილი გახლდათ.
აი, მომდევნო მატჩში კი ბოსკამპმა მართლაც ბევრი გააოცა: საბერძნეთთან წაგებულ დრამატულ შეხვედრაში (სტუმრებმა ბოლო ოთხ წუთში გაგვიტანეს 2 გოლი) ძირითადში დააყენა "ტორპედოს" 23 წლის მარჯვენა მცველი ბადრი ახვლედიანი და თბილისის "დინამოს" 17 წლის მცველი ოთარ ხიზანეიშვილი, ხოლო ასევე 17 წლის ზურაბ ხიზანიშვილი შეცვლაზე შემოვიდა.
აღსანიშნავია, რომ ხიზანეიშვილსა და ხიზანიშვილს, საერთო ჯამში, მანამდე 10 მატჩიც არ ჰქონდათ ჩატარებული საქართველოს ჩემპიონატში! არც ის დაგვავიწყდეს, რომ ბერძნებთან მატჩში ძირითადში იყო 20 წლის მამუკა წერეთელი, ხოლო ასევე 20 წლის რატი ალექსიძე ნაკრებში გარკვეული პაუზის მერე სწორედ ბოსკამპმა დააბრუნა.
...შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე ტიტულიანმა ქართველმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ ჩვენს ნაკრებს პირველად სწორედ ბოსკამპის დროს უკაპიტნა!
ნაკრების იმდროინდელი კაპიტანი გიორგი ნემსაძე სლოვენიელებთან გასვლით მატჩს დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა და იმის მიუხედავად, რომ ჩვენს გუნდში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი იყო, ბოსკამპმა ეს დიდი ნდობა 22 წლის კახა კალაძეს გამოუცხადა.
2000 წლის 4 სექტემბრის იმ წვიმიან საღამოს ჩვენი ნაკრები წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდა: შოთა არველაძემ "თავისი" გოლი კი გაიტანა, მაგრამ სლოვენიელთა გამორჩეული ფეხბურთელების, ზლატკო ზახოვიჩისა და მილენკო აჩიმოვიჩის ინდივიდუალურ ოსტატობას ხელი ვერ შევუშალეთ და დასანანი მარცხი (1:2) ვიწვნიეთ.
ისე როგორც საბერძნეთთან და სლოვენიასთან მატჩებში, კვლავაც ბოლო წუთებში დაკარგული კონცენტრაციის გამო ვერ მოვიგეთ საშინაო შეხვედრა ლატვიასთან (2:2), მერე კი, როცა ალბანეთთანაც დავმარცხდით იმ შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში (1:2), ბოსკამპისა და საქართველოს ნაკრების ურთიერთობა დასრულდა, თანაც ისე, რომ ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა ვერც ერთი მატჩი ვერ მოიგო.
ასეთი უარყოფითი შედეგის მიუხედავად, ბოსკამპმა გარკვეული კვალი მაინც დატოვა ქართულ ფეხბურთში და ერთადერთი, რაც ნაკლად შეიძლება ჩავუთვალოთ, ქართულ მენტალიტეტთან ვერშეგუება იყო.
ამას გარდა, ეს მცოდნე ჰოლანდიელი სპეციალისტი ხშირ შემთხვევაში ზედმეტად მედიდურად იქცეოდა ქართულ სპორტულ მედიასთან ურთიერთობაში.
თუმცა, გავა დრო და ქართველი ჟურნალისტები ბევრად უფრო უარეს დამოკიდებულებასაც შეხვდებიან...
ივო შუშაკი
საქართველოს ნაკრების არც ერთი უცხოელი მწვრთნელი არ ყოფილა ჩვენს მენტალობასთან ისე ახლოს, როგორც ივო შუშაკი! ფაქტია: ამ არცთუ ურიგო სპეციალისტმა და ხასიათებით მართლაც ყოველმხრივად გამორჩეულმა პიროვნებამ აქ ყოფნის განმავლობაში თავი ყველას შეაყვარა. თანაც, ხორვატმა მწვრთნელმა სულ მოკლე დროში შეძლო იმ ყველაფრის "ათვისება", რაც ქართულ რეალობასთან იყო დაკავშირებული. თბილისის "დინამოში" მის მიღწევებს აღარ ჩამოვთვლით, აი, საქართველოს ნაკრებთან კი მისი სახელი და გვარი მუდამ აღმატებულ ხარისხში უნდა მოვიხსენიოთ - ბოლოს და ბოლოს, სწორედ შუშაკის ხელმძღვანელობით შეძლო საქართველოს ნაკრებმა იმ მართლაც დაუვიწყარ მატჩში გამარჯვება, როცა 2003 წლის 30 აპრილს "ლოკომოტივის" სტადიონზე რუსეთის ნაკრებს მოვუგეთ!
...შუშაკი ნაკრებში დროებით მწვრთნელად დაინიშნა: როცა 2003 წლის გაზაფხულზე ორ საშინაო მატჩში (ირლანდიასთან და შვეიცარიასთან) მხოლოდ 1 ქულა ავიღეთ, ნაკრების იმდროინდელმა თავკაცმა ალექსანდრე ჩივაძემ პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა.
არადა, უახლოეს სანაკრებო მატჩამდე სამ კვირაზე ოდნავ მეტიღა რჩებოდა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმდროინდელმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ მომდევნო ორი შეხვედრისათვის (რუსეთთან და ირლანდიასთან) ნაკრების გაძღოლა თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელს ივო შუშაკს მიანდო.
ჰოდა, დებიუტიც ისეთი ჰქონდა "ჩვენს ივოს", კაცი უკეთესს რომ ვერ ინატრებდა: რუსეთის ნაკრებს 1:0 მოვუგეთ!
ამ დაპირისპირების შესახებ ბევრი დაწერილა და მხოლოდ რამდენიმე ფაქტს გავიხსენებთ: ამ წაგებას მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვალერი გაზაევის გადადგომა მოჰყვა და საერთოდაც, რუსეთის ნაკრებს სერიოზულად გავურთულეთ სატურნირო მდგომარეობა; არც ის დაგვავიწყდეს, თუ როგორი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ იმდროინდელ რუსეთის ნაკრებში: დმიტრი ალენიჩევი, იგორ ტიტოვი, მარატ იზმაილოვი, ალეკსეი სმერტინი, ვიკტორ ონოპკო, ალეკსანდრ კერჟაკოვი, ანდრეი კარიაკა...
...რუსეთთან მატჩის წინ შუშაკმა რამდენიმე ისეთი საკადრო გადაწყვეტილება მიიღო, მოულოდნელზე მეტი რომ აღმოჩნდა ქართული მედიისათვისაც და ქართველი გულშემატკივრებისათვისაც: შეტევის ხაზში ყველა რომ შოთა არველაძესა და ალექსანდრე იაშვილის "დუეტს" ველოდით, ხორვატმა სპეციალისტმა აქცენტი გიორგი დემეტრაძესა და მიხეილ აშვეთიას "ტანდემზე" შეაჩერა, სიახლე იყო გარკვეული პაუზის მერე ნაკრებში ლადო ბურდულისა და რატი ალექსიძის დაბრუნებაც, რომლებიც მშვენიერ სეზონს ატარებდნენ თბილისის "დინამოში".
ჩვენებს სერიოზული საკადრო პრობლემაც ჰქონდათ: ლევან კობიაშვილი დისკვალიფიცირებული იყო, თუმცა მთავარი სიახლე ძირითად შემადგენლობაში მაინც სხვა ფეხბურთელის გამოჩენას უკავშირდებოდა: 22 წლის მალხაზ ასათიანმა მანამდე ორჯერ მოირგო ნაკრების მაისურა, მაგრამ ორჯერვე (ჯერ - დავით ყიფიანის დროს, მერე - ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით) ამხანაგურ მატჩში და ორჯერვე შეცვლაზე.
და აი, პირველი ოფიციალური მატჩი და ნამდვილი ბენეფისი: გამთამაშებლის პოზიციაზე მოთამაშე ასათიანმა გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა და, საერთოდაც ჩინებულად ითამაშა. თანაც, ასათიანი ახალი გადასული იყო რუსეთის ჩემპიონატში და მოსკოვის "ლოკომოტივის" ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდებოდა, სადაც... ცენტრალურ მცველად უწევდა თამაში. თუმცა, მისი საფეხბურთო ნიჭის დიდმა დამფასებელმა ივო შუშაკმა საყვარელ პოზიციაზე, გამთამაშებლად გაამწესა და არც შემცდარა!
რუსებთან დაუვიწყარი მატჩიდან თვე-ნახევარში კი ივო შუშაკმა მეორედ და უკანასკნელად უთავკაცა საქართველოს ნაკრებს: ირლანდიასთან საქართველოს ნაკრებ ხომ არც მანამდე და არც მერე ყველგან და ყოველთვის მარცხდება და არც ის შეხვედრა იყო გამონაკლისი.
თუმცა, იმ წაგებულ მატჩშიც არაერთი დადებითი შეინიშნებოდა ჩვენი ნაკრების თამაშში, ხოლო ძირითადში დაბრუნებულმა შოთა არველაძემ ისეთი ზემოტივაციითა და ზემონდომებით ითამაშა, რომ "გლაზგო რეინჯერსის" იმდოინდელი ვარსკვლავი ირლანდიელებთან მატჩის შემდეგ დუბლინის ერთ-ერთ კლინიკაშიც მოხვდა...
2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულებამდე ჩვენ ნაკრებს კიდევ სამი ოფიციალური მატჩი ელოდებოდა, თუმცა შუშაკთან თანამშრომლობა არ გაგრძელდა; არადა, ხორვატ სპეციალისტს იმდენად სურდა საქართველოს ნაკრებში გაეგრძელებინა მოღვაწეობა, რომ მზად იყო უხელფასოდაც ემუშავა...
(გაგრძელება იქნება)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"