საქართველო-ყაზახეთი 1:1 - ბევრი კითხვა ვლადიმირ ვაისთან [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სლოვაკი ვლადიმირ ვაისის დებიუტი ისეთი ვერ გამოდგა, როგორსაც ვისურვებდით.

მართალია, ქართულ ფეხბურთს საუკეთესო წლები არ უდგას, მაგრამ იმის პოტენციალი და ამბიცია ნამდვილად გვაქვს, შინ ყაზახეთს რომ ვუგებდეთ...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტოები
Sportall.Ge

ახალი ტაქტიკა
საქართველოს ნაკრებმა მატჩი გამოკვეთილი ფორვარდის გარეშე დაიწყო. ჩვენ წარსულში მრავლად გვქონია ასეთი მაგალითი და ნაკრების მაშინდელ მწვრთნელსაც არ დაჰკლებია კრიტიკა ამის გამო, თუმცა ამჯერად მინდორზე შემტევთა რაოდენობა მცირე არ იყო. ეგაა, ცენტრფორვარდი მაინც აუცილებელი გვგონია და ამაში ვლადიმირ ვაისიც "დაგვეთანხმა"
მეორე ტაიმის დასაწყისში.

მწვრთნელის ნოვაციამ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ გაამართლა. არადა, მრავლად იყო მომენტი, გამოკვეთილი ფორვარდი განსაკუთრებულ ხიფათს რომ შექმნიდა მოწინააღმდეგის კართან და იქნებ გოლიც ერთზე მეტი გვეხილა...

მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა ახალი ტაქტიკით ითამაშა. კახა ცხადაძე რა სქემითაც ათამაშებდა გუნდს, ყველას კარგად გვახსოვს. ვაისმა 4-2-3-1 სათამაშო სქემა აირჩია. გამოკვეთილი ცენტრფორვარდის პოზიციაზე "ვიტესის" შემტევი ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი გახლდათ გამწესებული.

ჩემი აზრით, ყაზაიშვილისთვის ეს არ არის ოპტიმალური პოზიცია. ის უფრო მინდვრის სიღრმიდანაა სახიფათო, როცა სივრცეს ითავისუფლებს და ან თავად ემუქრება მოწინააღმდეგის კარს, ან პარტნიორს უკეთებს სახიფათო გადაცემას...

სად დავკარგეთ კომპაქტურობა?
კახა ცხადაძეს (დღეს შედარებებს ვერ ავცდებით) ბევრი მაქებარიც ჰყავს და კრიტიკოსიც - საკმაოდ, მაგრამ ერთს ვერ დამალავ - ცხადაძის მიერ ჩატარებულ ძალიან ბევრ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ძალიან კომპაქტურად თამაშობდა.

ამჯერად, ასე არ ყოფილა. არაერთხელ მოგვეშალა გუნდური მექანიზმი, თუნდაც - დაცვაში. სწორედ ამის გამო მივიღეთ პირველი გოლი და კიდევ არაერთხელ გადავრჩით უსიამოვნებას. ამდენ გუნდურ ჩავარდნას უკეთესი მეტოქე ნაღდად არ გვაპატიებდა.

თუ ვაისს უნდა, რომ დიდხანს დარჩეს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ასეთი გუნდური ჩავარდნები აღარ უნდა განმეორდეს...

რით იცნობა მწვრთნელი?
ამბობენ, კარგი მწვრთნელი მეორე ტაიმს იგებსო. ვაისის შემთხვევაში ეს ასე არ ყოფილა, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ეს გამონათქვამი უკანასკნელი ჭეშმარიტებაა და სლოვაკი ცუდი მწვრთნელია.

ეგ არის, მეორე ტაიმში ყაზახეთის ნაკრების ოთხკაციანმა სამწვრთნელო შტაბმა აშკარად დაგვიჯაბნა ქართველთა ახალი თავკაცი. მართალია, გვქონდა ორი აშკარა საგოლე მომენტი, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ყოფილა გუნდური მოქმედების შედეგი.

ჩანს, ჩვენი ნაკრები ჯერაც ეჩვევა ახალ ტაქტიკურ სქემას და მეორე ტაიმიც, ალბათ, ამის გამო ჩაგვივარდა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ტაიმი საქართველოს ეროვნული გუნდის ბოლოდროინდელ ისტორიაში.

მჭედლიძის ფასი
ვეჭვობ, სულ სხვანაირი იქნებოდა მატჩის სცენარი, ლევან მჭედლიძეს რომ ეთამაშა. საქართველოს ნაკრების თავდასხმაში "ემპოლის" ფორვარდი, უბრალოდ, პრიმა მგონია. გავარკვიეთ, რომ მას თამაში არ შეეძლო ოდნავ გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო...

გავრისკავთ და ვიტყვით, რომ საქართველოს ნაკრები უფრო შინაარსიანად ითამაშებდა და, ალბათ, მეტსაც გაიტანდა, მინდორზე მჭედლიძე რომ ყოფილიყო.

ორი დებიუტანტი
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ორმა დებიუტანტმა ითამაშა. გიორგი აბურჯანიამ ძირითადში დაიწყო, ნიკა კაჭარავა კი შეცვლაზე შევიდა. აბურჯანიას ჰქონდა შეცდომებიც და კარგი მომენტებიც. კაჭარავამ კი ორი მომენტი ვერ გამოიყენა და ორივე - თითქმის ასპროცენტიანი.

დებიუტანტს ეს ეპატიება. დღევანდელი დებიუტანტი ხვალ გამოიცდება და შესაგდებს აუცილებლად შეაგდებს. კაჭარავას აქვს ყველა ის თვისება, რომ ითამაშოს მაღალი დონის ფეხბურთი.

სად არის ჯანოს ადგილი?
ყველას გვახსოვს საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებთა თბილისური ევროშესარჩევი მატჩი. მაშინ ჯანო ანანიძემ საყრდენის პოზიციაზე ითამაშა. მაშინ ჯანომ მოგვაგონა "რეალის" ხორვატი საყრდენი ლუკა მოდრიჩი...

გუშინ მე ვერ ვნახე მინდორზე ისეთი ანანიძე, როგორიც მინდოდა (უფრო სწორად - გვინდოდა), რომ მენახა. ის მთელი თამაშის განმავლობაში ეძებდა თავის ადგილს მინდორზე და ლამის ყველა პოზიციაზე ითამაშა, გარდა - შემქმნელი საყრდენისა. არადა, საუკეთესო თამაში ნაკრებში მას სწორედ ამ პოზიციაზე ჰქონდა.

რატომ შეიცვალა ჭანტურია?
რა თქმა უნდა, ამხანაგურ მატჩებში მწვრთნელს ექსპერიმენტების ყველანაირი უფლება აქვს.

და მაინც, ვაისს ძალიან უნდოდა სადებიუტო თამაშის მოგება. მეჩვენება, რომ სლოვაკი მოგვიანებით დაფიქრდა შედეგზე. აბა, რით უნდა ავხსნათ გიორგი ჭანტურიას გაყვანა პირველი ტაიმის შემდეგ? თორნიკე ოქრიაშვილთან ერთად ის ყველაზე აქტიური და მწვავე იყო ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.

მეტი გუნდურობა!
ვაისის გაწვრთნილი გუნდები ყოველთვის გუნდურ ფეხბურთს თამაშობდნენ. სწორედ ამით "გაიტანა ლელო" თავის დროზე სლოვაკეთის ნაკრებმა. გუშინდელი მატჩის მეტ ნაწილში საქართველოს ნაკრებს გუნდური ფეხბურთი არ უთამაშია.

ეს პრობლემა ახალ მწვრთნელს აუცილებლად მოსაგვარებელი აქვს. ჩვენს ბიჭებს ძალიან უყვართ ინდივიდუალიზმი და ისინი გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოექცნენ.

ამას ცხადაძე ძალიან კარგად ახერხებდა. იმედია, ვაისიც მოახერხებს...

მატჩის სტენოგრამა
3' - პირველი მწვავე შეტევა ყაზახებისაა. შომკო ბურთს ქართველთა საჯარიმოში აწვდის. რევიშვილი პირველ ცდაზე ვერ არის დამაჯერებელი, მეორე ცდაზე კი ბურთს ხელებში აფიქსირებს.

4' - ქართველთა მრავალსვლიანი კომბინაცია. ანანიძე შედის საჯარიმოში, აწვდის ოქრიაშვილს, რომელიც ჭანტურიას პოულობს. ბურთი ყაზახთა მეკარის ნადავლი ხდება.

14' - ანანიძის პასით ნავალოვსკი შედის საჯარიმოში და მეკარის მოედნის კუთხესთან გამჭოლ გადაცემას უკეთებს ყაზაიშვილს. დავით ლორიას რეაქცია არ უგვიანდება. კუთხური.

33' - ყაზაიშვილი-ჭანტურია-ოქრიაშვილის მიერ გათამაშებული კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა ყაზაიშვილმა. ლორიამ ამჯერადაც კარგად ითამაშა.

36' - 0:1. ჩავარდა ქართველთა დაცვის მარცხენა ფლანგი. მუჟიკოვმა ჩვენს საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ნურგალიევი მონახა, ვინც აუღელვებლად გაიტანა.

38' - 1:1. კანკავამ ლობჟანიძეს გადააწოდა, ამან ოქრიაშვილისკენ გააკეთა გადაცემა, ჭანტურიამ მახვილგონივრულად გაატარა ბურთი და ოქრიაშვილმა საჯარიმოს ხაზიდან ერთი შეხებით ტექნიკურად გაიტანა.

68' - ანანიძის კუთხურის შემდეგ კვირკველიას თავური ოდნავ სცდება მიზანს.

72' - კაჭარავა ბურთს იგებს, ატყუებს სამ ყაზახს და მცველებთან ორთაბრძოლაში ეცემა. მსაჯი ყაზახთა სასარგებლოდ ჯარიმას ნიშნავს.

79' - ყენიას კარგი პასის შემდეგ კაჭარავა პირისპირ გადის მეკარესთან, თუმცა კარგად ვერ ურტყამს, მეკარე ფეხით იგერიებს ბურთს და თავისიანებს გადარჩენის შანსს აძლევს.

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
29.03. თბილისი. "დინამო არენა". 10 000 მაყურებელი
საქართველო-ყაზახეთი 1:1
გოლები: 0:1 ნურგალიევი (36), 1:1 ოქრიაშვილი (38)
საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე (90. ვაწაძე), კაშია, ამისულაშვილი (46. კვირკველია), ნავალოვსკი, კანკავა, აბურჯანია (77. კვეკვესკირი), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, ანანიძე (77. ყენია), ჭანტურია (46. კაჭარავა).
სათადარიგოები: კვასხვაძე, გ. ლორია, ქვილითაია, დვალი, კობახიძე, ძალამიძე.
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
ყაზახეთი: დ. ლორია (46. პლოტნიკოვი), ბეისბეკოვი, ლოგვინენკო, შჩოტკინი (46. ხიჟნიჩენკო), ნურგალიევი (80. ისლამხანი), მალიი, შომკო, კუატი (82. ტაგიბერგენი), მუჟიკოვი (64. კონისბაევი), სმაკოვი (74. ბაიჟანოვი), სუთუმბაევი.
სათადარიგოები: პოკატილოვი, კოჟამბერდი, კუანტაევი, ახმეტოვი, მუხტაროვი, დოსმაგამბეტოვი.
მწვრთნელი: ტალგატ ბაისუფინოვი
არბიტრი: კ. პიზანი (მალტა).

მატჩის შემდგომი კომენტარები:
ვლადიმირ ვაისი: ახლა უფრო ნათლად დავინახე, რა აკლია ნაკრებს
გურამ კაშია: წლის მანძილზე ორი მწვრთნელის შეცვლა რთული გადასატანია
ნიკა კაჭარავა: პენალტი იყო, მაგრამ ახლა რაღას ვიზამთ...
გიორგი აბურჯანია: ახალ მოთხოვნებსა და ტაქტიკას დრო სჭირდება

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 73 /
მე ვთვლი ყაზახეთს დღეს ჩვენზე ძლიერი ნაკრები ყავს. გინდ ტაქტიკურად, გინდა გუნდურად, გინდა ფიზიკურად, გინდა ორგანიზებულად და რაც მთავრია ტექნიკურად ჩვენზე ძლიერები არიან. ფინტებიც ჩვენზე მეტი და უფრო ლამაზი გააკეთეს. ერთადერთი ბოლოს მარცხენა მცველმა კაი ჩაატარა კუთხურთან.
მოკლედ ყველაფერში გვჯობდნენ, მონდომების გარდა. ამიტომაც დამთავრდა ფრედ.
ძველი ქართული გამოთქმაა: ჭკვიანმა ებრაელმა თქვა: ღმერთო ჩემ შვილს პირველ ხელს ნუ მოაგებინებო. ანუ პირველიდან ბევრი სწორი დასკვის გამოტანა შეიძლება. თუ ეს ვაისმა შეძლო, მხოლოდ ეს იქნება ამ მატჩის პოზიტივი.
თუმცა ყველაფერი შიგა ჩემპიონატიდან უნდა დაიწყოს.
kairaaa
30 მარტი 2016 12:29
0
და ეს კი იმათ ვისაც გონია რო რაგბში გვყავს უძლიერესი გუნდი ჩვენ რო ფეხბურთში ვეთამაშოთ ყოველ თამაშში სვაზილენდს მალტას ზიმბამბვეს გიბრალტს და მსგავს გუნდებს ყველა თამაშს მოვიგებთ როგორც რაგბში ხდება დღეს თუ ვინმეს გონია რო რუსეთს ესპანეთს გერმანიან უკრაინას ან თუნდაც რუმინეთს ყავს ძლიერი ნაკრები ძალიან ცდება... კარგი ნაკრები გვყავს ამაში არავის ვედავები და ზაფხულში უნდა დაამტკიცონ რო არიან ძლიერები 5 თამაშიდან 3 უეჭველი უნდა მოიგონ...
effe
30 მარტი 2016 12:28
0
მე მგონია ვაისი კიარა მაურიონიო ვერაფერს შეცვლის ერთ ჯერზე მე რატომგაც მგონია ვსისი მილტონ ჰეიგზე ნაკლები არიქნება შეავსებს გუნდს უფრო ახალგსზრდებით რომლებმაც იციან მოგების ფასი რატომგაც ჩვენი დაბერებულ მაგრამ მომავალ ვარსკვლავებად რომ გონიათ თავი მათზე დაყრდნობა არ შეიდძლება მათი ადგილი ნამდვილად არაა ნაკრებში
zaza
30 მარტი 2016 12:27
0
ძალიან მომეწონა ჩვენი თამაში ვერ ვიტყვი იყო ბევრი ხარვეზი მაგრამ სრულიად ახალი გუნდიდან უმაღლესი შედეგების მიღწევა პირველი თამაშიდან ძნელია გვეკლდა უმთავრესი ფიგურა ნაკრებში მჭედლიძე და აისახა კიდეც... არაუშავს ყველაფერი გამოსწორდება და მოსაგებ თამაშებსაც მოვიგებთ
effe
30 მარტი 2016 12:23
0
4 მცველით თამაში გუშინაც გამოჩნდა რომ დამღუპველია, სივრცეები ჩნდება დიდი.. ჯანომ აშკარად საყრდენის პოზიციაზე უნდა ითამაშოს უფრო დიდი სარგებლობა მოაქვს ნაკრებისთვის.. რაც შეეხება ამისულაშვილს, ლობჟანიძეს მადლობა ამ ბიჭებს მაგრამ წავიდნენ დროა!!! მარჯვენა მცველად გამოსცადონ ახალგაზრდულის მცველი გეგეჭკორი, ძალიან მომწონს მისი თამაში, დაცვის ცენტრში გვყავს კვირკველია, კაშია, დვალი, მარცხნივ ნავალოვსკის შეუცვლელი არარის მაგრამ ამ ეტაპზე მას არაჰყავს კონკურენტი... კიდევ ერთხელ გავიმეორებ კანკავას აუცილებლად უნდა შეუწყვილდეს ანანიძე საყრდენად.. შეტევაში ასეა თუ ისე ააქვს არჩევანის გაკეთების საშუალება.. ოქრი, ვაკო, ყენო, მჭედლო იგივე კაჭარავა, ჭანტურიაც სეცვლაზე რომშემოიყვანოს გაამწვავებს, შეუძლია ამ ბიჭებით ნორმალური ნაკრების ჩამოყალიბება მაგრამ ისე არა როგორც ამან დაიწყო ბატონ "ვაისს" ვგულისხმობ.. აბურჯანია კარგი ბიჭია მაგრამ ჯერ ადრეა ნაკრებშI...
c
30 მარტი 2016 12:23
0
კობიაშვილის აზრი მაინტერესებს..რა შედეგი მოიტანა მწვრთნელების შეცვლამ ჩვენს ნაკრეებებში?/
rezi
30 მარტი 2016 12:23
0
ფუი...ამათ ვერავინ უშველის...
status quo
30 მარტი 2016 12:17
0
სტატიის ავტორმა შესანიშნავად შეაფასა თამაში, ამ ეტაპისთვის მეტი კრიტიკაც არ ივარგებს.
irakli
30 მარტი 2016 11:48
0
კარგით რა... არ გვინდა ცხადაძის ამდენი ქება რა.. განა ცხადაძე არ იყო ესტონეთთან ჩატარებული ტაკიმასხრობისას თავკაცი?! განა ცხადაძე არ იყო პოლონეთისგან ამორტყმული პანღურისას პირველკაცი?! განა ცხადაძე არ იყო ირლანდიასთან საშინლად ჩატარებული თამაშისას ჩვენი მწვრთნელი?! განა ცხადაძე არ იყო "მამამისოვიჩს" რომ აპრიორი იძახებდა ნაკრებში?! გვესმის, ვხედავთ და ვხვდებით ყველაფერს!
არც ვაისია ხვითო და ეს გუშინვე გამოჩნდა, მაგრამ ნურც ცხადაძის გაკაპელოებას ვეცდებით რა... საქართველოს ამ ეტაპზე გამართულ ფეხბურთს ვერავინ ათამაშებს. ჯერ გლობალური პრობლემები უნდა გადაიჭრას. მერე მოვთხოვოთ ვაისსაც, ცხადაძესაც და იმ მომავალ მწვრთნელსაც, ვინც რამდენიმე ჩაფლავებული მატჩის შემდეგ, ნავაისევს ჩაიბარებს ჩვენს გაბეხრეკებულ ნაკრებს!
ლევანი
30 მარტი 2016 11:43
0
შეეშვით რა მჭედლიძეს. არა არის ეს კაცი ნაკრებისათვის. რამდენჯერ ჩამოვიდა ნაკრებში იმდენჯერ რაღაც სჭირს. სულ როგორ უნდა ვიძახოთ ,,ჩამოვა პაპანდოპულო და ...’’ არ არის ეს პაპანდოპულო.
დემე
30 მარტი 2016 11:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული