23:52 03-06-2016
საქართველოს ნაკრები სტუმრად რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში განადგურდა [VIDEO]
AutoSharing Option
თამაში ქართველი ფეხბურთელებისთვის კოშმარულად პირველი წუთებიდან დაიწყო. უკვე მე-2 წუთზე ლაშა დვალმა როინ კვასხვაძეს მშვიდად დაუგორა ბურთი, იქვე ახლოს მყოფი ადრაინ პოპა კი ვერ შენიშნა, რომელმაც დაასწრო საქართველოს ნაკრების მეკარეს და ანგარიში გახსნა.
აქედან ერთ წუთში უკვე მასპინძელთა იერიშის დროს ბურთი საკუთარ კარში კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა ჩაჭრა - 2:0.
მე-18 წუთზე უჩა ლობჟანიძის უყურადღებობით ბოგდან სტანკუმ ისარგებლა, რომლის ძლიერი დარტყმის შემდეგ ბურთი საქართველოს ნაკრების ხარიხას მოხვდა. 21-ე წუთზე კი კვასხვაძის კარი ძელმა მას შემდეგ იხსნა, რაც ადრიან პოპამ დუბლის შესრულება ძლიერი დარტყმით დააპირა.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ვითარების გამოსწორება ცვლილებით და თავდასხმის ხაზის გაძლიერებით სცადა - 34-ე წუთზე დვალის ნაცვლად მოედანზე ლევან მჭედლიძე შეუშვა, მაგრამ... შესვენებამდე დასამახსოვრებელი მხოლოდ ვალერი ყაზაიშვილის სახიფათო, მაგრამ უშედეგო დარტყმა იყო.
მეორე ტაიმის დასაწყისში ისევ ბავშვური შეცდომა დაუშვა საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზმა და ანგარიში 3:0 გახდა - მესამე გოლი კვასხვაძეს 49-ე წუთზე მასთან პირისპირ გასულმა ნიკოლაე სტანჩუმ გაუტანა.
64-ე წუთზე საქართველოს ნაკრებში მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა - გიორგი ნავალოვსკის ნაცვლად მოედანზე ჩეხური "ტეპლიცეს" 29 წლის მცველი ზურაბ ცისკარიძე შევიდა. ცისკარიძემ ნაკრებში სადებიუტო მატჩში ჩართვიდან ზუსტად ხუთ წუთში საგოლე გადაცემა შეასრულა - მარცხენა ფრთიდან რუმინელთა საჯარიმოში ჩააწოდა, ლევან მჭედლიძემ კი დასწრებაზე მცველს აჯობა და ბურთი კარში გადაგზავნა - 1:3.
სხვათაშორის, მალევე ცისკარიძეს გოლის გატანის შანიც ჰქონდა, მაგრამ ვარდნაში მისი დარტყმის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით ასცდა მასპინძელთა კარს.
სამაგიეროდ, არ ასცდა ბურთი საქართველოს ნაკრების კარს მე-80 წუთზე, როდესაც დაცვაში ქართველი ფეხბურთელების მორიგი გაუგებარი მოქმედების შემდეგ, კვასხვაძესთან პირისპირ ალეკსანდრუ კიპჩუ და გაბრიელ ტორჟე დარჩნენ. ამ უკანასკნელმა ცარიელ კარში აუღელვებლად შეაგორა და ანგარიში 4:1 გახადა.
საბოლოო ანგარიში 87-ე წუთზე დაფიქსირდა - კვასხვაძის კარში ბურთი ამისულაშვილის ფეხიდან მეორედ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც კლაუდიუ კეშერიუმ შორიდან ძლიერად დაარტყა...
ევროპულ შეკრებას ვლადიმირ ვაისის კრებული 7 ივნისს ესპანეთის ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრით დაასრულებს.
საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: კვასხვაძე, ლობჟანიძე, კვირკველია, დვალი (34, მჭედლიძე), ნავალოვსკი (64, ცისკარიძე), კაშია, ამისულაშვილი (კ), აბურჯანია (65, კვეკვესკირი), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი, დვალიშვილი (78, ქვილითაია).
მკითხველის კომენტარები / 202 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
მრცხვენია რა მრცხვენია
0
0
5 ნომერი შე ნაციონალო :დ :დ :D :დ :D :D
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული