ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. დავამარცხეთ ევროპის მოქმედი ჩემპიონი და კარს მომდგარი ევროფორუმის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი - ესპანეთის ნაკრები. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ასეთი მჭექარე მოგება ჯერ არ ყოფილა...

ვლადიმირ ვაისი: წარმოუდგენელი და მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა...

დელ ბოსკე: საქართველოს ნაკრებმა სივრცეები არ დაგვიტოვა!

ესპანური პრესა დღეს: ესპანეთი საქართველოსთან დაეცა [PHOTO]

ჩვენ ეს შევძელით!
მწარე გამოცდილების გამო ჩვენს ფეხბურთელებს ცაში ვერ ავიყვანთ. უბრალოდ, ვიტყვით: ღმერთმა ქნას, ეს იყოს საეტაპო გამარჯვება და ამ მოგებამ ქართული ფეხბურთის ბედისწერის ჩარხი წაღმა დაატრიალოს.

ბოლო დროს საქართველოს
ნაკრები გვარიანად ვაკრიტიკეთ. ზუსტად ვიცით, ეროვნული გუნდის ფეხბურთელები ყურადღებით კითხულობენ ჩვენს წერილებს და იქნებ ჩვენი მცირედი წვლილიცაა იმ შედეგში, რაც "ალფონსო პერესზე" დაფიქსირდა.

გვერწმუნეთ, ჩვენ დღეს უზომოდ ბედნიერები ვართ, რადგან საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი თამაშებიდან გამომდინარე, დაგვიჯერეთ, აზრი ჩვენს მუშაობასაც ეკარგებოდა...

როგორც უნდა იყოს, დამტკიცდა: ჩვენ არ ვართ არც ანდორა და არც ლიხტენშტაინი. არ ვართ ძალიან სუსტები, თუ გუნდურად მოვინდომებთ და ბოლომდე დავიხარჯებით. არ ვართ, რადგან ისინი ვერასოდეს დაამარცხებენ ესპანეთს ესპანეთში, თუნდაც - ევროპის ჩემპიონატისთვის გახაზირებულსა და "ცალი ფეხით" მოთამაშეს.

ეს გამარჯვება საწინდარია იმისი, რომ შეწყდეს საფეხბურთო ნიჰილიზმი საქართველოში. ეს გამარჯვება გვეუბნება, რომ თუნდაც მცირე ხნით მაინც შეგვიძლია ავწიოთ თავი მაღლა და ვთქვათ - ჩვენ ეს შევძელით!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

ვაისის პლუსები
საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან მატჩი 5 მცველით დაიწყო. განაცხადში ვერ მოხვდნენ ტრავმირებულები - ლევან მჭედლიძე და ჯაბა კანკავა. ესპანეთის ნაკრების დამრიგებელმა ვისენტე დელ ბოსკემ ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა, მათ შორის - ანდრეს ინიესტა.

ეს იყო ევროპის მოქმედი ჩემპიონის გენერალური რეპეტიცია კონტინენტის პირველობის წინ. საქართველოს ნაკრების ძირითადში ვიხილეთ ეროვნული გუნდის დებიუტანტი, დინამოელი ჯაბა ჯიღაური.

ეს იყო ვლადიმირ ვაისის მეოთხე მატჩი ჩვენი ქვეყნის ნაკრებში და ის პირველად წარმოჩნდა, როგორც მაღალი დონის სპეციალისტი. ჯერ ერთი, საქართველოს ნაკრებს მთელი შეხვედრის განმავლობაში არ დაუკარგავს კონცენტრაცია და ეს უკვე ძალიან კარგია.

მეორეც: გაამართლა დებიუტანტმა ჯიღაურმა. ბევრი ვერ გარისკავდა საერთაშორისო არენაზე გამოუცდელი ფეხბურთელისთვის ძირითადში ადგილის გამონახვას, ვაისმა კი გარისკა. ჯიღაური ძალიან სასარგებლო იყო და აკი, ვაკო ყაზაიშვილთან და თორნიკე ოქრიაშვილთან ერთად ჩვენთვის ისტორიული გოლის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედიც გახდა...

ვაისმა ცოტა უკნიდან ათამაშა ლადო დვალიშვილი და ამით "შავი სამუშაო" მოაკლო ყაზაიშვილს, ვინც პირველ ტაიმში ერთობ ეფექტური იყო.

მართლაც სასწაულია, როგორ მოახერხა ვაისმა ორიოდე დღეში სლოვაკეთსა და რუმინეთთან მარცხით დემორალიზებული საქართველოს ნაკრების გარდაქმნა?! მან ეს შეძლო და ამისთვის სლოვაკს ალალი მადლობა!

საბას სუპერმატჩი
ასეთი თამაშები, შენს საფეხბურთო ისტორიაში ოქროს ასოებით რომ შედის, გუნდურად თუ მოიგებ და ასე იყო ამჯერადაც. საქართველომ გუნდურად იმარჯვა. კარგი იყო ორივე მეკარე, დიდებული იყო დაცვა და წინაც ბიჭები მაგრად ცდილობდნენ.

და მაინც, საქართველოს ნაკრებში იყო ფეხბურთელი, ვინც მართლაც რომ შესანიშნავად ითამაშა. "რუბინის" მცველ საბა კვირკველიაზე ვწერთ. ამას წინათ ის გავაკრიტიკე. მაშინ მარტო არ ვიყავი, ვინც მისგან მეტს მოელოდა. მაგრამ ის გუშინ, უბრალოდ, დიდებული იყო.

ძალიან კარგად ითამაშეს გიორგი ნავალოვსკიმ, ალეკო ამისულაშვილმა და ოქრიაშვილი-ყაზაიშვილის დუეტმა, თუმცა გამორჩევა რაღად უნდა - ყველამ თავი დადო და შედეგიც მივიღეთ.

ერთიც: როგორც ჩანს, ჩვენ დღეს მაინც უფრო დაცვიდან თამაში გვეხერხება. სამწუხაროდ, ასეა. ასე რომ გვეთამაშა სლოვაკეთ-რუმინეთთან, ალბათ, ის არ დაგვემართებოდა, რაც დაგვემართა.

მე არ მიყვარს ასეთი ფეხბურთი. ესპანეთთან სხვანაირად ვერც ვითამაშებდით, მაგრამ ისე ჩანს, რომ შედარებით დაბალი კლასის გუნდებთან შეხვედრებშიც კი არ უნდა გავიხსნათ. დღეს და ამ კონტინგენტით "პირველ ნომრად" თამაში რთულია, თუმცა ვერც იმას შევეგუებით, რომ ყრუ დაცვაში ვიჯდეთ.

დიდოსტატი
რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრების თითოეულმა ფეხბურთელმა ესპანეთთან შეხვედრაში განსაკუთრებული გამოცდილება მიიღო. მეტადრე მას შემდეგ, რაც მინდორზე ანდრეს ინიესტა შევიდა.

მოსეირნე ესპანეთი ლიდერმა დაქოქა. ინიესტამ ითამაშა ისე, როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვან მატჩებში თამაშობს ხოლმე. ძალიან მოინდომა და საქართველოს ნაკრების სვე რამდენჯერმე ბეწვზეც დაეკიდა, მაგრამ... გადავრჩით!

როცა ასეთ დიდოსტატს, მთელი ძალით მოთამაშეს ერკინები, წესით, თავდაჯერება უნდა შეგემატოს და არც ერთ მოწინააღმდეგესთან აღარ უნდა შედრკე.

ხისტი, უშიშარი, ჩამჭრელი...
ზურაბ ცისკარიძე ესპანეთთან მატჩში შეცვლაზე შევიდა. მას ჰქონდა შეცდომები, მაგრამ საქართველოს ნაკრებში მის მეორე შეხვედრას ვუყურებ და თამამად ვიტყვი - დიდი ხანია, ასეთი მცველი გვჭირდება - ხისტი, უშიშარი, ჩამჭრელი...

ცისკარიძეს, თავისი ძალიან არაქართული სათამაშო მანერით, შეუძლია გვარიანი სარგებელი მოუტანოს საქართველოს ნაკრებს. სლოვაკი სპეციალისტისთვის კრიტიკა არასოდეს დაგვიკლია, მაგრამ პირდაპირ უნდა დავწეროთ - ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ მისმა მიგნებამ გაამართლა...

სიზმარია თუ ცხადი?
თამაში რომ მორჩა, რამდენიმე მეგობარმა და ქომაგმა დამირეკა, სიზმარია თუ ცხადი, დავიჯერო თუ არაო?! დიახ, უნდა დავიჯეროთ - ჩვენ ესპანეთის ნაკრებს მოვუგეთ, მაგრამ ჩვენ რამდენიმე დღის წინ ქედი მოვუხარეთ სლოვაკეთსა და რუმინეთს. ესეც უნდა გვახსოვდეს.

დიახ, ეს ყოველივე ცხადია და არა სიზმარი, მაგრამ ისიც ცხადზე ცხადია, რომ ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს, რათა სტაბილურად გვქონდეს ასეთი შედეგები და "წელიწადში ერთი გამონათების" გუნდად არ დავრჩეთ.

თანამედროვე ფეხბურთში იმარჯვებს ის, ვინც სტაბილურად იმარჯვებს და ეს უნდა გვახსოვდეს!

ამხანაგური მატჩი
07.06. მადრიდი. "ალფონსო პერესი". 16 000 მაყურებელი
ესპანეთი-საქართველო 0:1
გოლი: 0:1 ოქრიაშვილი (40. ჯიღაურის პასით)
ესპანეთი: დე ხეა, ხუანფრანი (46. ბელერინი), პიკე, რამოსი (46. სან ხოსე), ალბა, ბუსკეტსი (75. პედრო), ტიაგო ალკანტარა (46. კოკე), ვასკესი (61. დავიდ სილვა), ფაბრეგასი (46. ინიესტა), ნოლიტო, ადურისი.
სათადარიგოები: კასილიასი, ასპილიკუეტა, ბარტრა, მორატა, ბრუნო, სერხიო რიკო.
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
საქართველო: რევიშვილი (55. კვასხვაძე), ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი (84. კობახიძე), აბურჯანია (78. ცისკარიძე), ჯიღაური, ყაზაიშვილი (72. ჭანტურია), ოქრიაშვილი, დვალიშვილი (72. ქვილითაია).
სათადარიგოები: მაკარიძე, კაკაბაძე, დვალი, კვეკვესკირი, ჭანტურიშვილი, ყენია.
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გაფრთხილება: კვირკველია (60), სან ხოსე (81)
არბიტრი: ვ. ტორარინსონი (ისლანდია)

მატჩის სტენოგრამა
3' - პიკეს თავურს სერხიო რამოსი ვეღარ ამატებს და ბურთი სცდება საქართველოს ნაკრების კარს...
7' - ყაზაიშვილი ჯიღაურს პოულობს, მაგრამ საბოლოო დარტყმა კასილიასის იოლი ნადავლი ხდება...
8' - ადურისი ახლო მანძილიდან აცილებს...
23' - ლუკას ვასკესის გარღვევა და ჩაწოდება. ადურისი ლობჟანიძეს ჰაერში ჯაბნის, თუმცა ოდნავ აცილებს...
27' - ტიაგო ალკანტარა შორიდან ურტყამს და... ძელი გვეხმარება...
32' - ნავალოვსკის ჩაწოდების შემდეგ ჯიღაურს დასწრებაზე თამაში აგვიანდება...
33' - კვირკველია ნოლიტოს უშლის ხელს...
40' - ესპანელები ბურთს კარგავენ და ყაზაიშვილი იწყებს შეტევას. მცველი კი უშლის ხელს, მაგრამ ამ დროს ჯიღაური იხელთებს ბურთს, ჯიქურ შედის საჯარიმოში და გასწვრივ პასს აკეთებს შორეულ ძელთან ჩასაფრებული ოქრიაშვილის მისამართით, რომელსაც ცარიელ კარში გააქვს!..
49' - ინიესტა ოდნავ აცილებს მიზანს...
55' - კარიდან გამოსული რევიშვილისა და ბუსკეტსის მტკივნეული შეტაკება. ორივე ტრავმირებულია. საქართველოს ნაკრების მეკარე თამაშს ვეღარ აგრძელებს და ადგილს კვასხვაძეს უთმობს...
63' - ნოლიტო შორიდან ურტყამს და ბურთი ოდნავ სცდება კვასხვაძის კარს...
70' - დავიდ სილვას დიდებული პასის შემდეგ ხორდი ალბას ახლოდან ვერ გააქვს...
70' - კვასხვაძე ნოლიტოს დარტყმულს იღებს...
90' - ნოლიტოს თავურს კვასხვაძე ადგილზე ხვდება...
90' - არბიტრი 7 წუთს ამატებს. დრო იწელება. ესპანელები მთელი ძალებით გვიტევენ, მაგრამ უსისტემოდ...
და აი, საფინალო სასტვენიც - 1:0! საქართველომ ესპანეთი ესპანეთში დაამარცხა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 36 /
მართლაც საუკეთესო იყო ჯიღაური, კვასხვაძეც უშიშრად ჩაერთო თამაშში.ნაკრებში უნდა თამაშობდეს ის ვინც კარგ ფორმაშია,მიუხედავად იმისა თუ რომელ ჩემპიონატში თამაშობს. გილოცავთ გამარჯვებას!
vereli
08 ივნისი 2016 10:43
0
გიპოცავთ ბიჭებო! მატჩის აღწერააი, დაბლა, კასილასი გიწერიათ, მთელი თამააი დე ხეა იდგა კარში ;)
დათო
08 ივნისი 2016 10:40
0
http://www.fifa.com/fifa-world-ranking/procedure/men.html სარეიტინგო ფორმულა. 3*1*50*0.99=148,5 სავარაუდოდ ეს არის საქართველოს მონაგარი ესპანეთში. კარგად ვერ გავიგე და თუ ვინმე გაიგებს ამ ფორმულას დაწერეთ. დაახლოებით 87-90 ადგილებზე უნდა იყოს ახალ რეიტინგში
dato
08 ივნისი 2016 10:38
0
ცისკარიძე და ლობჟანიძე ერთი და იგივე სტილის მოთამაშეები არიან, უნიჭო და მშრომელი....
სიმართლე
08 ივნისი 2016 10:34
0
ასეა მეგობრებო მონდომებას,თავდადებას, წინ არაფერი დაუდგება.ამის ხარჯზეა ისლანდია დღეს ევროპაზე.და თუ ასეთი თავდადებით,თავდაჯერებით,მიუდგებიან საქმეს.მგონია მსოფლიოზე გასვლა პრობლემა არ უნდა იყოს. არის ამ გუნდში ამის პოტენციალი.
თენგო
08 ივნისი 2016 10:29
0
მემგონი ჩრდილო კორეაც გავხდით. გვაჩვენეთ სრული შედეგი:)))))))
vaxo
08 ივნისი 2016 10:17
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული