- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]
- რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]
- სლოვაკეთი-საქართველო 3:1 - ჩვენ ვეძებთ ფეხბურთს [VIDEO]
მატჩის შემდეგ ის მადრიდის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 8 ივნისს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, რევიშვილმა "ლელოს" ინტერვიუზე უარი არ უთხრა:
- მოტეხილობა ოთხ ადგილზე მქონდა. ესპანელებმა
- ვარჯიშს როდის განაახლებთ?
- მალე რეაბილიტაციის კურსს დავიწყებ და ექიმები მაიმედებენ, რომ 10 ივლისიდან ვარჯიშს შევძლებ.
- როგორც გვითხრეს, შესაძლოა, დამცავი ჩაფხუტით ითამაშოთ...
- ტრავმის შემდგომ პერიოდში უსაფრთხოებისთვის ასე აჯობებს... (იცინის) ისე, ახლა მაინც ხომ არ იტყვიან, ნაკრებში ფეხბურთელები თავს ზოგავენო?
- და მაინც, რა მოხდა 7 ივნისს ესპანეთთან მატჩში? ეს დღემდე ვერ აუხსნია ბევრს...
- ამას ვერავინ ახსნის... მაგრამ ფაქტია, რომ სლოვაკეთთან და რუმინეთთან წაგებებისა და საერთოდ, ჩავარდნების შემდეგ ეს ჩვენი ნაკრებისთვის აღმოჩნდა წამალიც, საშველიც და ყველაფერი. ეს იგივე იყო, მონადირე სახლში ხელცარიელი რომ დაბრუნდეს და ჭიშკართან მოკლული დათვი დახვდეს. ასეთ საშველს ვერც წარმოვიდგენდით. მომავალი შესარჩევი ციკლის თამაშებამდე ეს თითოეულ ჩვენგანსა და მთლიანად გუნდს თავდაჯერებულობასა და რწმენას შესძენს, რომ შეუძლებელი არაფერია.
არ დაგვავიწყდეს, ამ თამაშებში ლორია, კანკავა და ანანიძე ვერ გვეხმარებოდნენ, ბოლოს კი მჭედლიძეც დაგვაკლდა. ეს ხალხი კი ნაკრებისთვის დიდი ძალაა.
- ვაისმა სლოვაკეთთან და რუმინეთთან შერცხვენილი გუნდის ასე მოფერიანება როგორ მოახერხა?
- რაც გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა, მას შემდეგ ვაისი სულ ეძებდა ჩვენთვის უფრო მისაღებ სათამაშო სქემას და მგონი, იპოვა კიდეც. რაც მთავარია, ამაში ხელი ფეხბურთელებმაც შეუწყვეს. სათამაშო დისციპლინა რომ დავიცავით, ეს იყო მთავარი.
- ეს ყველაფერი მშვენიერია, მაგრამ სლოვაკეთთან და რუმინეთთან რა დაგემართათ?
- სამწუხაროდ, რაღაც არ აეწყო და მეტოქეებს ვერაფერი დავუპირისპირეთ. ხომ იცით, ბუნებაში არაფერი იკარგება - ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის გუნდი ლიგიდან გავარდა - ჩემი, კანკავას, ჭანტურიასა და ოქრიაშვილის... ყველა კლუბს ვეძებთ. ამ ყველაფერმა ჩვენზეც და საერთო განწყობაზეც იმოქმედა. საერთოდაც, გუნდი აფორიაქებული იყო. მაგრამ 8 წუთში 2 გაშვებული გოლი მაინც მეტისმეტი იყო.
- ესპანეთთან მატჩამდე ეს გავარდნილი გუნდები ლიგებში არ დაუბრუნებიათ, მაგრამ მაინც ითამაშეთ...
- ხეტაფეს მატჩამდე ბევრი რამ შეიცვალა. წაგებებით ხალხი იმედგაცრუებული დავტოვეთ, თავმოყვარეობა კი თითოეულ ჩვენგანს გააჩნია. მეორე მხრივ, ესპანეთთან და სხვა გრანდებთან სპეციალურად მოტივირება არავის სჭირდება - მათთან თამაში და თავის გამოჩენის სურვილი ისედაც დიდი სტიმულია.
- საერთოდ, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ კარგა ხანს ვაისსა და გუნდს შორის ურთიერთგაგება არ არსებობდა...
- მე სხვაგვარად ვიტყოდი. წლები გადიოდა და საქართველოს ნაკრები ვერაფერს აღწევდა. ამ დროს, დაინიშნა ცხადაძე, რომელმაც არა მხოლოდ გულშემატკივარში, არამედ, თითოეულ ჩვენგანში იმედი გააჩინა. კახას ძალიან შევეჩვიეთ და მას შემდეგ ასეთ გუნდში მუშაობა მოურინიოსაც გაუჭირდებოდა. მაგრამ ამ შეკრებაზე კარგი ის მოხდა, რომ ვაისმა გუნდის წევრები ახლოს გაიცნო, ბიჭებმა კი კარგად გავუგეთ...
ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ არაფერს გვარგებს, ესპანეთთან მოგებაზე რომ ჩავიციკლოთ. ასეთივე სათამაშო დისციპლინა და კონცენტრაცია სტაბილურად უნდა გამოვავლინოთ და დარწმუნებულები იყავით, შესარჩევ ციკლს წინაზე ღირსეულად დავასრულებთ. ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული და ჩვენი თამასაც თავადვე უნდა ავწიოთ. ასე რომელიმე ქართველს ტოპ-ლიგაში აიყვანენ, მერე სხვები მიჰყვებიან და ბოლოს დარწმუნდებიან, რომ ქართველებშიც არიან საინტერესო ფეხბურთელები.
სხვაგვარად, მოლდოვასთან და მსგავს ნაკრებებთან რომ წავაგოთ, ეს მოგება ფასს დაკარგავს და ისევ იმ ყარაულის სახელი შეგვრჩება, თოფი შემთხვევით რომ გაუვარდება ხოლმე.
- ახალ სეზონში რომელ გუნდში გიხილავთ?
- ახლა ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება. "მორდოვია" პირველ ლიგაში გავარდა და დარჩენა არ მსურს. ლაპარაკი იყო თურქეთის სუპერლიგის სამ გუნდზე და ვნახოთ. ერთი ის მაფიქრებს, რომ ტრავმირებული ვარ და არ ვიცი, ასეთ მდგომარეობაში ვინმე წამიყვანს?
ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ სარანსკში ნახევარი წლით დავრჩე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"