საქართველოს ნაკრები - პრობლემა, რომელიც დროულად უნდა გადაიჭრას!

AutoSharing Option
კარს მოგვადგა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. საქართველოს ნაკრების მეტოქეები რა ძალასაც წარმოადგენენ, ევროპის ჩემპიონატმა ნათლად დაგვანახა. რა შეგვიძლია ჩვენ? ამ კითხვას პასუხი მალე გაეცემა...

არის ერთი ტენდენცია, რომელმაც არ შეიძლება, არ შეგვაშფოთოს: ეროვნული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელს ჯერაც ვერ გაურკვევია თავისი მომავალი. არადა, აქ არ არის ლაპარაკი მარტო რიგით მოთამაშეებზე - საქმე ნაკრების ლიდერებსაც ეხებათ...

ნუკრი რევიშვილი
არავინ იცის, სად ითამაშებს საქართველოს ნაკრების 29 წლის მეკარე. ერთი შეხედვით, ნუკრი რევიშვილის ტრანსფერი თურქულ კლუბში გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ესპანეთის ნაკრებთან მატჩში დაშავდა და შესაძლოა,
ისევ "მორდოვიაში" გააგრძელოს კარიერა, თუმცა რუსეთის პირველი ლიგისთვის არ გვემეტება.

მეკარის პოზიციაზე საქართველოს ნაკრებში მართლაც რომ შესაშური კონკურენციაა, რევიშვილის გარდა ხომ გიორგი ლორია და გიორგი მაკარიძეც გვყავს. ნაკრების ინტერესებშია, რომ ეს კონკურენცია სამომავლოდაც გაგრძელდეს, ოღონდ რევიშვილმა რაც შეიძლება მალე უნდა გაარკვიოს თავისი მომავალი...

გია გრიგალავა
საქართველოს ნაკრების მცველს ახალი კლუბის პოვნა გაუჭიანურდა. ის ბოლოს კვიპროსულ "პაფოსში" თამაშობდა. 26 წლის გია გრიგალავას ნებისმიერი ქართული კლუბის გაძლიერება შეუძლია. ავად თუ კარგად, ესეც სათამაშო პრაქტიკაა.

ჯაბა კანკავა
მართალია, საქართველოს ნაკრების 30 წლის კაპიტანი კვლავ "რეიმსში" ვარჯიშობს, მაგრამ არც თავად უნდა ყოფნა საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში და კლუბსაც სურს, მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი რაც შეიძლება სარფიანად გაყიდოს. "რეიმსი" სულ სამ ფეხბურთელთან აპირებს შელევას და ერთ-ერთი სწორედ ჩვენებურია.

საშურია, რომ ჯაბა კანკავაც დროულად მოეწყოს ახალ კლუბში, რათა სანაკრებო ბატალიებს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს.

ვფიქრობთ, ის ისეთი ფეხბურთელია, ვინც თავისუფლად შეძლებს თამაშს ევროპის ნებისმიერ ტოპ-ჩემპიონატში. დანარჩენი უკვე ფეხბურთელისა თუ მენეჯერთა მარიფათზეა დამოკიდებული.

თორნიკე ოქრიაშვილი
საქართველოს ნაკრების კარგი თამაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული თორნიკე ოქრიაშვილის სტაბილურობაზე. თურქული "ესქიშეჰირიდან" წამოსვლის შემდეგ ის ბელგიურ "გენკში" ვარჯიშობს. ის სწორედ ამ კლუბთანაა დაკავშირებული ტრანსფერით, თუმცა ცხადია, რომ იქ გამჩერებელი აღარ არის.

გუშინაც მოვიკითხეთ ოქრიაშვილის ამბები და ახალი ისევ არაფერია. ფაქტია - დრო აღარ ითმენს. თორნიკე 24 წლისაა და ყველაფერი მის ხელთაა.

ალბათ, მოვიდა დრო და ოქრიაშვილი იპოვის გუნდს, სადაც, როგორც საკლუბო ფეხბურთელი, ბოლომდე იქნება რეალიზებული. ეს კიდევ უფრო აამაღლებს მის სარგებლიანობასა და ეფექტურობას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

მათე ვაწაძე
"ორჰუსში" აღარ აქვს სათამაშო პრაქტიკა. კლუბის სამწვრთნელო შტაბი არც ათამაშებს და არც ელევა.

ასე კი მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთელი ზარალდება. კარგ ფორმაში მყოფი მათე ვაწაძე ფასეული ფეხბურთელია საქართველოს ნაკრებისთვის.

ცოტა ხნის წინ ის დანიური კლუბის საუკეთესო ბომბარდირი იყო. სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც "ორჰუსში" ახალი მწვრთნელი მივიდა და "თავისი" თავდამსხმელიც მიიყვანა. ვაწაძე კი ჯერ სათადარიგოთა სკამზე დასვა, ახლა კი განაცხადს აღარ აკარებს.

...ერთი შეხედვით, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შედარებით იოლ ჯგუფში მოხვდა, მაგრამ ეს - მხოლოდ ერთი შეხედვით. დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ, ავსტრიის, უელსის, ირლანდიისა და სერბეთის ნაკრებების ფეხბურთელებს ასეთი პრობლემები არ ექნებათ.

ცალკე თემაა ის, რომ არაერთ ჩვენს მოთამაშეს აკლია სათამაშო პრაქტიკა თავის კლუბში. ეს ის თემაა, რომელსაც აუცილებლად "ეკუთვნის" უახლოეს მომავალში ერთი ცალკე წერილი.

მოკლედ, პრობლემები არის. ისინი დროულად უნდა გადავჭრათ, თორემ მოვიდა სექტემბერი და ეგ არის...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
არ უნდა ამ ხალხს საქართველოში თამაში. სკამის ხეხვა და ვარჯიში ურჩევნიათ დინამოში ყოფნას და იყვნენ ეგრე. არც ფორმაში არიან და ასე ვერც შევლენ
გგგ
07:22 30-07-2016
0
საქარტველოს ნაკრების ფორმა არ მოწოს ვაფსჰე არარის ლამაზი დიზაინით კარგი იქნება ტუ გაკეტებენ კარგ ფორმას
irakli
23:17 29-07-2016
0

სიახლეები პოპულარული