ბედთან მებრძოლის გამარჯვება - დავით ხოჭოლავას გზა საქართველოს ნაკრებამდე

AutoSharing Option
გვარიანად ჭირვეული ვინმეა საფეხბურთო ფორტუნა. ზოგიერთს რომ ფეხქვეშ გაეგება და გზაზე ია-ვარდს დაუფენს, ზოგსაც ლოდსატყორცნებს მიაყენებს და ისეთებს დაუშენს, თქვენი მოწონებული...

სხვისი არ ვიცი და, ცხოვრებაშიც და ფეხბურთშიც ისეთი ხალხი მიყვარს, ბედთან ბრძოლაში რომ იმარჯვებენ, წარმატებით დაძლევენ ხოლმე ათას ხილულ თუ უხილავ დაბრკოლებას და ასე მიდიან საბოლოო მიზნამდე.

დავით ხოჭოლავა 23 წლისაა და აქვს შანსი, სადებიუტო მატჩი ითამაშოს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ხოჭოლავას უთამაშია ყველა ასაკობრივი ნაკრების შემადგენლობაში და ახლა, ლოგიკურად, ეროვნულის ჯერია, მაგრამ ასაკობრივ ნაკრებში ბევრ სხვასაც უთამაშია და
მათთვის ეროვნულის კარი არ გაღებულა...

ხოჭოლავას შემთხვევა კიდევ უფრო სხვაა. ამ ბიჭს კარიერის რაღაც ეტაპზე საერთოდ არ ჰქონდა ნდობა. ზოგადად, ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი ადგილს ვერ იმკვიდრებს ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანში, თბილისის "დინამო" რომ ჰქვია, მას გუნდის დატოვება უწევს და კარიერაც ფსკერისკენ ეშვება.

ხოჭოლავა ასეთთა კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთვნება. მან ვერ დაიმკვიდრა თავი თბილისის "დინამოში", მაგრამ არ გამტყდარა, ფარ-ხმალი არ დაუყრია. ჯერ იყო ფოთის "კოლხეთი", მერე - ქობულეთის "შუქურა". ხოჭოლავამ მიიღო აუცილებელი სათამაშო პრაქტიკა. მიიღო თავდაჯერება და გადავიდა ოდესის "ჩერნომორეცში".

ოდესური კლუბი ის აღარ არის, რაც თუნდაც რამდენიმე წლის წინ იყო. უკრაინის ომმა და ფინანსურმა კრიზისმა დაღი ბევრ იქაურ გუნდს დაასვა და მათ შორის - ოდესურ კლუბსაც. და მაინც, "ჩერნომორეცი" ნებისმიერ ქართულ გუნდს მისცემს ფორას და სასიამოვნოა, როცა ასეთ კლუბში ქართველი ფეხბურთელი თამაშობს.

მაგრამ "თამაშობს" - რბილად ნათქვამია. უკრაინის ჩემპიონატში ტური იშვიათად გავა, ფეხბურთის იქაურმა სპეციალისტებმა ქართველის დამაჯერებელ გარჯაზე არ ჩამოაგდონ სიტყვა. ვლადიმირ ვაისი, როგორც ჩანს, უკვე გაერკვა ქართველი ლეგიონერების ავანჩავანში.

პატარა გადახვევაც: ამ ბოლო დროს საქართველოს ნაკრებში მოხვედრის შანსი ყველას მიეცა. ის არ მისცემია ჯაბა ლიპარტიას. ამასწინათ, ფეხბურთში ერთმა კარგად ჩახედულმა კაცმა ზუსტად ასე მითხრა - სხვა ახსნა არ მაქვს, მგონი, მისი არსებობა საერთოდ არც იციანო...

მართლაც, არ დარჩენილა უკრაინის ჩემპიონატის საშუალო თუ აუტსაიდერი გუნდი, საიდანაც ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში არ ეთამაშოს და რას ვერყით ლიპარტიას? შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლიპარტიასთან ერთად საქართველოს ნაკრები მთებს გადააბრუნებს, მაგრამ ის "ზორიაში" თამაშობს, უკრაინის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდშია და მისთვის შანსის მიცემა ნამდვილად ღირს...

ახლა ისევ ხოჭოლავაზე. მე მახსოვს მისი პირველი გამოჩენა. მაშინ ყველა აღტაცებით ვუცქერდით მის თაობას. ამ თაობას დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა. ეს თაობა იყო წარმატებული და ჩვენ მისგან ველოდით კარგ შედეგებს.

ამ ბიჭებიდან ზოგიერთი საქართველოს ნაკრების ლიდერია. ზოგიერთი უნდა გამხდარიყო ლიდერი და ვერ გახდა თავისი ხასიათისა თუ სხვა სუბიექტური ფაქტორების გამო. ხოჭოლავა კი, თავისი თაობის ერთ-ერთი ლიდერი, მიგვავიწყდა.

არადა, ამ დროს ის თურმე სოლიდური წინსვლისთვის ემზადებოდა. სიმართლე უნდა ვთქვა: მე ის უფრო მეტად მინახავს შეტევის ხაზში მოთამაშე და არა - მცველის პოზიციაზე. ის კარგი შემტევი იყო და რაც ბოლოს ვნახე, ძალიან კარგი მცველი დამდგარა.

რაც მთავარია, ხოჭოლავამ თვითონ გაიკვლია გზა წინააღმდეგობებით სავსე საფეხბურთო სამყაროში. ასეთი ადამიანები საკუთარ ბედს თავად ჭედენ და რაც უფრო რთულად მოდის წარმატება, მით უფრო ტკბილია...

დავით ხოჭოლავას საქართველოს ნაკრებში უხმეს. ეს უკვე გამარჯვებაა, მნიშვნელოვანი გამარჯვება. ვინ იცის, მთავარი გამარჯვებები კიდევ წინაა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
tarmatebebi datis.
stela
15:40 29-08-2016
0
კეთილი იყოს შენი ფეხი საქართველოს ნაკრებში
სოსო
18:33 28-08-2016
0

სიახლეები პოპულარული