"თავს ვიმშვიდებთ და მეტი არაფერი. არ გვინდა თავის მოტყუება! წაგება წაგებაა!"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები, ჩვენი ფეხბურთის ზოგადი სატკივარი და ხვალინდელი დღე - ამ თემებზე ესაუბრა "ლელო" საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, რევაზ ძოძუაშვილს...

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

- ბატონო რეზო, ავსტრიასთან მატჩით დავიწყოთ. რა მოლოდინი გქონდათ ამ შეხვედრისგან და რა მიიღეთ?
- პრინციპში, ჩვენ ყველას ერთი მოლოდინი გვქონდა ამ შეხვედრისგან. უნდა გვენახა იმაზე ცოტა უფრო უკეთესი ნაკრები, ვიდრე აქამდე ვნახეთ. ახალი მწვრთნელი მოვიდა და გვინდოდა, გვენახა, რომ აღარ ვთამაშობთ "მეორე ნომრად".

მე ყურადღებით ვაკვირდები, თუ
როგორ აფასებენ ჩვენი ღვაწლმოსილი ექსპერტები ავსტრიასთან თამაშს. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ - ჩემთვის ეს არგუმენტი არ არის და მას ვერანაირად ვერ დავეთანხმები. არ შეიძლება თამაშების დაყოფა ეპიზოდებად. პირველი ტაიმი ვერ ვითამაშეთ ან მეორეში ვითამაშეთ...

ასე არ შეიძლება! თავს ვიმშვიდებთ და მეტი არაფერი. არ გვინდა თავის მოტყუება! წაგება წაგებაა!

- მთავარი დასკვნა, რაც ამ შეხვედრიდან გამოიტანეთ...
- ერთი მთავარი დასკვნა, რაც ამ შეხვედრამ მოგვცა, ის არის, რომ საქართველოს ნაკრებს, მთელი თავისი შემადგენლობით, მოუწევს დიდი შრომა საიმისოდ, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახაროს. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ აი, ჩამოვლენ ჩვენი ლეგიონერები ევროპიდან და ჩამოიტანენ ევროპულ წესრიგს. კი, გვჭირდება ევროსტანდარტები, მაგრამ ქართული სტანდარტებიც ხომ გვჭირდება? თუ საჭიროა, გუნდისთვის "გლადიატორიც" უნდა გახდე და "შავი მუშაც". გუნდისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო. თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ მეორე ტაიმი უკეთესად ვითამაშეთ...

კი ბატონო, შედარებითი უკეთესობა იყო, მაგრამ ავსტრიას რა მომენტი ჰქონდა 0:2-ზე, გახსოვთ? ის რომ გაეტანათ, ხომ მორჩენილი იყო ყველაფერი?!

ანალიზი სჭირდება ყველაფერს. ღმერთის წყალობით, საქართველოში გვყავს ისეთი ექსპერტები, რომელთაც ძალიან მაგრად შეუძლიათ ანალიზი, რომლებმაც იციან, რა და როგორ უნდა იყოს. საჭიროა, ამ ხალხს მოვუსმინოთ. არ გამოვა ისე, რომ ნაკრები ჩაკეტილად განვითარდეს. თუნდაც ჩვენი სლოვაკი მწვრთნელისთვის საინტერესო უნდა იყოს, რას ვფიქრობთ ქართველი მწვრთნელები.

დღეს ყველა ფეხბურთზე კამათობს და მსჯელობს. ჩემი აზრით, ქართველ სპეციალისტებსაც შეუძლიათ, რაიმე ჭკვიანური და ყურადსაღები თქვან.

- მწვრთნელთა საბჭოს გულისხმობთ?
- დიახ, სწორედ მწვრთნელთა საბჭოს ვგულისხმობ. ჩემი, ასე ვთქვათ, საგოლე პასი იქნება ეს... ჩემი აზრით, დღეს ისეთი დროა და ისე მიდის საქმე, რომ ყველა უნდა გავერთიანდეთ, ვისაც ქართული ფეხბურთის სიკეთე, მისი უკეთესი ხვალინდელი დღე გვინდა. სხვანაირად არაფერი გამოვა.

ჩემი აზრი ასეთია - უმჯობესია, თამაშზე თამაშამდე ვიფიქროთ მეტი და არა მისი დასრულების შემდეგ. მსჯელობა ყველა სფეროში აუცილებელია. აგერ, მოდის არჩევნები და ყველა პარტია გამოდის თავისი არგუმენტებით, არა, მე ვჯობივარ, არა - მეო. ასე უნდა ვიმსჯელოთ ფეხბურთშიც. ასეთ ვითარებაში ჩვენ როგორ მოგვდის, იცით? ლომი გამოეკიდა ჟირაფს და ჟირაფმა ფეხებში ჩამალა თავი - დავიმალებიო. რაც ნაკლი გვაქვს, ის მაინც არ დაიმალება. შველა, დახმარება სჭირდება ამას...

- დღეს ბევრი ამბობს, რომ ფეხბურთელები არ გვყავს და, შესაბამისად, შედეგს ვერ მივაღწევთ. თქვენ არც ლატვიაში გყავდათ ტოპ-კლასის მოთამაშეები, შედეგი კი გქონდათ...
- ლატვიაში გავაკეთე ის, რასაც ვაკეთებდი თბილისის "დინამოში", "ტორპედოში", "ლოკომოტივში", რუსთავში... სადაც ვიმუშავე, ყველგან აღმავლობა ჰქონდა გუნდს. ვინც ამბობს, რომ ფეხბურთელები არ გვყავს, ტყუის. ამხელა კაცი ვარ და არ მეზარება - გამომყვეს ვინმე და იმხელა ნიჭს ვაჩვენებ, მეტი რომ არ შეიძლება. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით: ევროპის ბევრ ქვეყანას შეშურდება ის ნიჭი, რაც დღეს არის საქართველოში. წამოდით, ნახეთ, ვინ ავარჯიშებს ამ ბავშვებს. საქართველოს ჩემპიონატის დონემდე ამზადებენ, მერე კი იქმნება პრობლემები. როგორ უნდა მოამზადონ უმაღლეს დონეზე ფეხბურთელები, როცა თვითონ არ აქვთ ფეხბურთი ნათამაშები უმაღლეს დონეზე? ყველაფერს ცოდნა სჭირდება. თუ არ იცი, რას გააკეთებ?

- ვლადიმირ ვაისზე რას იტყვით?
- ბოლო დროს ბევრი ლაპარაკია იმაზე, რომ აი, მეტი უნდა შევუტიოთ და ასე შემდეგ... მგონი, ცოტა წნეხში მოექცა ეს კაცი. არც მარტო დაცვაა ფეხბურთი და არც მარტო შეტევა. დღეს ფეხბურთი არის ბალანსი, ჰარმონია...

შეიძლება ამ კითხვასთან უშუალო კავშირში არ არის, მაგრამ სანამ სხვა თემაზე გადავიდოდე, ერთს ვიტყვი - სანამ თბილისის "დინამო" არ გავა ჩემპიონთა ლიგაზე, მანამდე ძალიან ძნელია, ნაკრებს ეშველოს. იცით, რა დღეშიცაა დღეს ჩვენთან საკლუბო ფეხბურთი. "დინამომ" უნდა შეასრულოს ჩვენში ლიდერის, გზის გამკვალავის როლი. მერე, "დინამოს" წარმატებას რომ დაინახავენ, სხვა კლუბებიც მიჰყვებიან მას. ძლიერი საკლუბო ფეხბურთი ძლიერ ნაკრებს ნიშნავს.

- ალბათ, დაგვეთანხმებით, საქართველოს ნაკრების დაცვის თამაშში ძალიან ბევრი ნაკლი იყო...
- მეხუთე-მეექვსე თამაშია ჩვენი ნაკრების, რაც ეს ნაკლი შესამჩნევია უკვე, მაგრამ მე ვერ მივცემ თავს უფლებას და ცენტრალური მცველების ნაკლზე ვერ ვილაპარაკებ. ამ ქვეყანაში ცხოვრობენ მურთაზ ხურცილავა, საშა ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე... მათ ჰკითხეთ და ისინი უკეთ გაგცემენ პასუხს. დიდებული ცენტრალური მცველები იყვნენ. მე შემიძლია, ფლანგის მცველებზე გითხრათ. მაგალითად, ძალიან მომეწონა ის, თუ როგორ აწვდის აუტს უჩა ლობჟანიძე... მართლა ძალიან მომწონს. მთლიანად დაცვის თამაშის შეფასება შემიძლია, მაგრამ უკეთესია, ცენტრალური მცველის თამაში რომელიმე დიდმა ცენტრალურმა მცველმა შეაფასოს, დიდი ფეხბურთი რომ უთამაშია.

- როდის გვეღირსება კარგი ფორვარდი, გამტანი, შედეგიანი?.. თავის დროზე თქვენ არაერთი შემტევი დააწინაურეთ. თუნდაც, შოთა არველაძე...
- შოთა, გია გურული, თემურ ქეცბაია... მუშაობა, ძებნა სჭირდება ყველაფერ ამას. არ უნდა დაგეზაროს, უნდა ეძებო და იპოვი. ფორვარდი რომ გამოიძერწოს, მწვრთნელთან ერთად მასთან ისეთმა თავდამსხმელმა უნდა იმუშაოს, ვისაც ევროპული ფეხბურთი უთამაშია. ვარჯიში რომ დასრულდება, ფორვარდი უნდა დარჩეს და საკუთარ თავზე იმუშაოს. იქ დასწრებაზე თამაში, აქ დარტყმის სიძლიერე, სტარტი, კოორდინაცია, შეტევის "ჩაკეტვა"...

საქართველოში, ზოგადად, ბევრი იკარგება. ჩვენ დიდ ნიჭს ვკარგავთ. კიდევ კარგი, ჯანო ანანიძე დროზე წავიდა საქართველოდან, თორემ თავისუფლად შეიძლებოდა, ისიც ისევე დაკარგულიყო ჩვენი ფეხბურთისთვის, როგორც არაერთი ტალანტი დავკარგეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ - ძებნა უნდა ნიჭს. ამხელა კაცი ვარ და მთელი დღე შემიძლია, სტადიონზე ვიყო, არ გამოვიდე იქიდან. რა ჯობია, როცა მთელი დღე მუშაობაში ხარ, ოფლს ღვრი. დღეს ძებნა აღარავის უნდა და შედეგსაც ყველა ერთად ვხედავთ...

- მაშ, ნიჭი არის...
- არის და თან დიდი, ძალიან დიდი. ჩვენ, უბრალოდ, სწორად უნდა ვიმუშაოთ. წეღანაც გითხარით - ანალიზი სჭირდება ყველაფერს. რა ხდება თანამედროვე ფეხბურთში? ეს უნდა გავარჩიოთ, გამოვიკვლიოთ... ჩემი ცხოვრება ესაა: დავდივარ და, თუ შეიძლება ითქვას, ფეხბურთს ვეძებ. საჭირო რომ იყოს, შემიძლია ავდგე და ცხრა მთას იქით ფეხით წავიდე. სწორი ანალიზის გარეშე არაფერი გამოვა.

- რას გულისხმობთ?
- თუნდაც, ფორვარდზე რომ მკითხეთ წეღან. ყაზახეთმა 2:2 ითამაშა პოლონეთთან. უნდა გავაანალიზოთ, როგორ მოხდა ეს. ჩვენ წეღან ცენტრფორვარდზე ვსაუბრობდით. ყაზახეთის ნაკრების ცენტრფორვარდმა, ზოგადად, ბევრი არაფრით გამორჩეულმა ხიჟნიჩენკომ, ორი გოლი გაუტანა პოლონეთს. არადა, პოლონელებს ძლიერი დაცვა ჰყავთ და ეს ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა. სწორი თამაშის ხარჯზე გავიდა ეს გოლები.

აგერ, საფრანგეთმა ვერ მოუგო ბელორუსს. ესეც უნდა გავარჩიოთ - რატომ, როგორ?.. მოკლედ, ძალიან ბევრი საქმეა, ძალიან...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 35 /
მხოლოდ ძოძუაშვილი უნდა იყოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. არავითარი თანამმართველი და ეგეთები. მიეცით ამ კაცს სრული თავისუფლება. იმაზე უარესი რაღა უნდა ქნას, რაც ახლა ხდება?! სადაც მივიდა ყველგან გამოაცოცხლა გუნდები, წარმატებები მოუტანა. არ შეიძლება გყავდეს ასეთი კაცი და მას შანსს არ აძლევდე.
zura
11:29 10-09-2016
0
მართალია ეს კაცი....... აკრძალეთ სწრაფად თამაში და დაგვიბრუნეთ ტექნიკურ ფეხბურთში.......
"ბურთაობას" ავტორი-ს
11:19 10-09-2016
0

სიახლეები პოპულარული