[ოთხშაბათის საკითხავი] ვათამაშოთ, წუთით მაინც ვათამაშოთ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს კარს ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ადგას, მაგრამ ქართულ ფეხბურთში არის სხვა მწვავე თემაც და ეს თემა უკავშირდება დონეცკის "შახტარის" ჩვენებურ ტალანტს, გიორგი არაბიძეს...

გიორგი არაბიძის კარიერა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ბოლო დროს ისე ვერ აეწყო, როგორც ამას ყველა ვისურვებდით. ამას აქვს თავისი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები, თუმცა ჩვენი წერილის მთავარი თემა ეს არ არის. ამ წერილის მიზანია, მცირე წვლილი მაინც შეიტანოს საქართველოსთვის ამ ტალანტის შენარჩუნების საშურ საქმეში.

მოკლედ გავიხსენოთ დღევანდელი ვითარება: არაბიძეს არ უთამაშია საქართველოს მთავარ გუნდში, მისი გადაბირება კი
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას სურს, რათა ის ჯერ ახალგაზრდულ ნაკრებში ათამაშოს, მერე კი, თუ პროგრესი გაგრძელდა, ეროვნული გუნდის მაისურაც მოარგოს.

- გიორგი არაბიძე: საქართველოს ნაკრებში თამაში მინდა. მაგრამ დრო გადის და არ მიწვევენ
- გიორგი არაბიძეს უკრაინის მოქალაქეობას სთავაზობენ, მაგრამ...

გარედან ისე ჩანს, რომ არაბიძე გამწყრალია საქართველოს ახალგაზრდული თუ ასაკობრივი ნაკრებების მთავარ მწვრთნელებზე. დაახლოებით ვიცი, რა და როგორ იყო ამ რთულ ამბავში. ისიც ვიცი, რომ არაბიძეს არ აქვს "ტკბილი და მურაბა" ხასიათი, მაგრამ... ამ თემას ქვემოთ აუცილებლად დავუბრუნდებით.

ახლა კი დავწერ მთავარს - შეიძლება, მოგწონდეს ან არ მოგწონდეს არაბიძის თამაშის მანერა, მაგრამ რომელ ბანაკშიც უნდა იყო, აუცილებლად უნდა აღიარო: არაბიძე არის ტალანტი, გამოკვეთილი ინდივიდუალისტი. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს თითქმის არ ჰყავს ასეთი ფეხბურთელები. ის კი არა, მათი რაოდენობა ევროპულ ფეხბურთშიც მცირდება.
ასეთი ფეხბურთელი, როგორი ხასიათისაც უნდა იყოს ის, არ უნდა დაიკარგოს საქართველოსთვის. მერე, უკრაინის ნაკრებში რომ წარმატებას მიაღწიოს, ყველა ხომ ვიგრძნობთ სინდისის ქენჯნას?

არაბიძე ჯერაც არ არის ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანი და მის წარმოდგენაში აუცილებლად შეიცვლება ბევრი რამ. მეორე მხრივ, თავად ფეხბურთელმაც მეტი უნდა მოსთხოვოს საკუთარ თავს.

ჩემთვის მიუღებელია საუბარი იმის თაობაზე, რომ გიორგი კარგა ხანია, ელის საქართველოს ნაკრებში გამოძახებას. მე ამ საუბარში შეფარულ მუქარასა თუ შანტაჟს ვხედავ - ან დამიძახეთ ახლავე ნაკრებში, ან ჩემ გზას ვიპოვიო!

გიორგის არ უნდა დაავიწყდეს, რომ მას ჯერ არაფერი ღირებულისთვის არ მიუღწევია და არის დონეცკის "შახტარის" დუბლშემადგენლობის ფეხბურთელი.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება ასე მსჯელობა და ლაპარაკი. არ შეიძლება თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ წლების წინ უკვე ვნახეთ საქართველოს ნაკრებში უწვერული ჭაბუკების თამაში და მერე იმ მართლა ძალიან კარგი თაობიდან ვეღარავინ ითამაშა ისეთი ფეხბურთი, როგორიც უნდა ეთამაშათ.

მართალია, ამ ამბავს რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონდა, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ნაადრევად მოხდა ამ ფეხბურთელების დაწინაურება ეროვნულ გუნდში. ბიჭები ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდნენ, ქვეყნის მთავარ ნაკრებშიც იტვირთებოდნენ და ბუნებრივია, თავიანთ კლუბებსაც ეხმარებოდნენ.

ფეხბურთში ყველაფერს თავისი დრო აქვს და ძალიან ხშირად მოვლენების დაჩქარებას დამღუპველ შედეგებამდე მივყავართ. ამის მაგალითი მრავლადაა ქართულ ფეხბურთში და ამ მაგალითებისთვის შორს წასვლა სულაც არ გვჭირდება.

მეორე საკითხია ის, რომ საქართველოს ნაკრებში მოხვედრა დღეს ძალიან გაიოლებულია. საკმარისია, ერთი-ორი მატჩი ჩაატარო და უკვე ეროვნულ გუნდში მოხვედრის პრეტენზია გიჩნდება. მიზეზიც ადვილი საპოვნელია - დღეს ჩვენს ქვეყანაში იმის ნახევარი კვალიფიციური ფეხბურთელიც კი აღარ არის, რამდენიც ადრე იყო. არაერთ დიდებულ ოსტატს დაუსრულებია საფეხბურთო კარიერა ისე, რომ ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის შანსი არ მიუღია.

მაგალითად, მე, ერთი მხრივ, მიკვირს და მეორე მხრივ, ვხვდები, რატომ არ მიეცა ხეირიანი სანაკრებო შანსი გიორგი ანჩაბაძეს. ის განსაკუთრებული ფეხბურთელი იყო, მაგრამ იმ დროს საქართველოს ნაკრებს ჰყავდა გიორგი ქინქლაძე, გოჩა ჯამარაული...

ჩემი პირადი აზრია: სანაკრებოდ მეტი შეეძლოთ ზაზა ჯანაშიას, გიორგი დემეტრაძეს, მიხეილ აშვეთიას... ისე მოხდა, რომ ეროვნულ გუნდში არსებულმა დიდმა კონკურენციამ დაღი დაასვა ამ მოთამაშეების სანაკრებო კარიერას. ჩამოთვლა კიდევ შეიძლება.

ახლა კი სხვა დროა, მაგრამ პირადად ჩემი აზრით, არაბიძეს არ უხდება ასე ლაპარაკი. ეს სხვა თემაა. საერთოდ, მგონია, რომ ამ ისტორიის ყველა მონაწილე ბეწვის ხიდზე გადის. მათ შორის ჩვენც, ჟურნალისტებიც, ამ უფაქიზეს თემაზე რომ ვწერთ.

გამოსავალი კი ამ ჩიხიდან ბევრი არ არის და, ალბათ, მხოლოდ ერთია: ვათამაშოთ საქართველოს ნაკრებში გიორგი არაბიძე. თუნდაც, მხოლოდ ერთი წუთით. ამით, უკრაინელებს მისი გადაბირების საშუალებას მოვუსპობთ და ტალანტსაც შევინარჩუნებთ.

მჯერა, მოვა დრო და არაბიძე აუცილებლად გახდება საქართველოს ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. მანამდე კი, ამ გზის გარდა, სხვა გზა არ ჩანს. ქართულ ფეხბურთს არ ჰყავს დასაკარგი არაბიძე, ჩვენ არ გვემეტება ის სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყნის ნაკრებისთვის.

საერთოდ, საქართველოს არ ჰყავს დასაკარგი ფეხბურთელი, მით უმეტეს - გიორგი არაბიძის დარი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 33 /
საღოლ FEOLA!...ამაზე კარგად ვერ დაწერ! გმადლობთ.
murtalo
02 ოქტომბერი 2016 01:03
0
არაბიძეს ხო ვკარგავთ პატარაა უხასიათოა დუბლებსია დაატასი სისულელე მაგრამ ჭანტურიას რაღას ერჩიან დავიჯერო ურალზე მაგარი გუნდები გვყავს აქ ეს ბიწი იქაა ძირითადში უკვე თან ახალი გადასულია. რავიცი ძმაო ლოგიკა აქ არაა და ალბათ სხვა რამეშია საქმე
ნიკა
29 სექტემბერი 2016 17:07
0
ფედერაციიდან იყვნენ ჩასულები არაბიძესთან კიევში იაშვილი და ყველაფერზე ილაპარაკეს და შეთანხმდნენ არაბიძე ნიემბერში საქართველოში ჩამოდის!!!!!
temuri
29 სექტემბერი 2016 14:06
0
ეს გასაგებია და ვეთანხმები მაგრამ, ვინმემ იქნებ მიიტანოს ეს ყველაფერი ნაკრების მესვეურებამდე და შეიცალონ აზრი ამ ბიჭზე..... ან არ არსებობს რამე ფორუმის მსგავსი რო მივწეროთ ნაკრების თავკაცს....
GEGE
29 სექტემბერი 2016 13:11
0
მივმართავ ავტორს-რა და როგორ იყო ვიციო რომ წერთ, ის დაწეეთ, მართლა როგორ იყო. ამ ბიჭმა დააშავა რამე, თუ ცუდად თამაშის გამო არ იძახებენ?
zestafoneli
29 სექტემბერი 2016 11:52
0
არაბიძე უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია... საქართველოს ჰყავს ასაკობრივი ნაკრებები და მან ჯერ იქ უნდა გამოიჩინოს თავი, ეროვნული ნაკრები 1 წუთიანი ექსპერიმენტების გუნდად არ უნდა გადავაქციოთ. მას წინ დიდი კარიერა აქვს და რამოდენიმე თვე არაფერს არ წყვიტავს. თუ კარგად ითამაშებს 19 წლამდელებში, წინ ვერაფერი დაუდგება.
tngh
29 სექტემბერი 2016 10:45
0
ჯერ 19 წლამდელებში უნდა გამოიძახონ და იქ დაამტკიცოს, თან წელს ევროპის ჩემპიონატს ვმასპინძლობთ და უკეთეს ასპარეზს რაიმეს დასამტკიცებლად და თავის გამოსაჩენად ამ ასაკში ვერც ინატრებს ფეხბურთელი. ყველამ პირადი გვერდზე უნდა გადადს და საქმეს შეხედოს... ნუ ადვილად სათქმელია, მაგრამ როცა დიდი აუდიტორიაა შენს უკან და და ამას წლებია ელოდება, უნდა მოდრიკოს საკუთარი ,,რქები" ორივე მხარემ
Irakli apkhaidze
29 სექტემბერი 2016 10:14
0
ეჰ რამდენს ლაპარაკობთ ხო იცით რო მაფიაა ნაკრები გადაიხდი ხარ არ გადაიხდი არ ხარ. არაბიზეს თამაშებს რო ნახავ და არ გამოიძახებ ბოღმა ხარ აბა რა ხარ ან არ გიხდინ არაფერს და რატო გამოიძახო პატრიოტი და მართლა მწვრთნელი ხო არ ხარ.
ნიკა
28 სექტემბერი 2016 22:16
0
სად უყურებთ მის თამაშებს?იქნებ დაწეროთ.
soso
28 სექტემბერი 2016 21:22
0
ვინ გვყავს უკეთესი არაბიძეზე.რატომ არ ვიძახებთ დვალიშვილს აღარ ჯობია.
გიგა
28 სექტემბერი 2016 20:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული