- ვლადიმირ ვაისი: მჯერა, ეს გუნდი შედეგს აუცილებლად მიაღწევს
- მარტინ ონილი: საქართველოსთან სულ ვიგებთ, მაგრამ ყოველთვის გვიჭირს
- გურამ კაშია: არ შევიდა გოლი და...
- ვაკო გვილია: ირლანდიასთან მინიმუმ, არ უნდა წაგვეგო
ტაქტიკა
ცხადი იყო, რომ განსაკუთრებული როლი ამ სქემაში ენიჭებოდათ ჩვენს ფლანგელ მცველებსა და ნახევარმცველებს. სწორედ მათ უნდა აელაგმათ ირლანდიელთა მოსალოდნელი იერიშები. ნაკრების ძირითადში ეგრევე "ჩაჯდა" დებიუტანტი ბელორუსის ბატე-დან - ვაკო გვილია.
ავსტრიასთან მატჩის ძირითადს თუ გადავხედავთ, დაგვაკლდნენ ალეკო ამისულაშვილი და უჩა ლობჟანიძე. სასტარტოში ვერ მოხვდნენ ჯაბა ჯიღაური და ლადო დვალიშვილი. მოვისაკლისეთ ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია, ნიკა კვეკვესკირი, ლევან ყენია და ოთარ მარცვალაძე, მაგრამ ვფიქრობთ, ტაქტიკური სქემა არც იმ შემთხვევაში შეიცვლებოდა, ეს ფეხბურთელები მწყობრში რომ ყოფილიყვნენ.
ტრავმებისგან გატანჯულმა ირლანდიამ მაინც შემტევი სასტარტო განლაგება (4-3-3) დაგვიპირისპირა და იმთავითვე მიგვანიშნა, რომ შეთხელებული ძირითადი შემადგენლობისა და სათადარიგოთა სკამზე დარჩენილი ზოგიერთი ოდინდელი ლიდერის მიუხედავად, მაინც მოგება სურდა კავკასიელ აუტსაიდერთან, რომელთანაც აქამდე შვიდიდან შვიდი მატჩი მოეგო...
რატომ წავაგეთ...
უნდა გამოვტყდე: ქვეთავი "ტაქტიკა" დაიწერა მატჩამდე, მაშინ, როცა ცნობილი გახდა საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებთა სასტარტო შემადგენლობები. დაიწერა და ზუსტად გამართლდა უსიამოვნო მოლოდინი - ირლანდიელებმა ფლანგიდან მოგვიგეს თამაში.რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ მარცხის მთელი სიმძიმე გიორგი ნავალოვსკის ავკიდოთ. ჯერ ერთი, ამდენი საგოლე მომენტიდან ერთი მაინც უნდა გაიტანო. მეორეც - ნავალოვსკის შემდეგ ორ ქართველ მცველს შეეძლო სიტუაციის განმუხტვა.
მესამე და მთავარი: ირლანდიამ მეორე ტაიმში ისე მოუმატა, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, ადრე თუ გვიან "სამყურები" მაინც გაგვიტანდნენ.
პირველი ტაიმისთვის ქებათა ქება საქართველოს ნაკრებს და ვაისს, მაგრამ ფეხბურთში ჯერაც არავის შეუცვლია დაუწერელი კანონი, რომლის მიხედვითაც მეორე ტაიმს იგებს მწვრთნელი.
და თუ ეს ასეა, მაშინ მარტინ ონილმა აჯობა ვაისს. ირლანდია ზუსტად მაშინ ამუშავდა, როცა საჭირო იყო. მასპინძელმა შეირგო იღბლის წყალობა და იცადა იმ რწმენით, რომ საქართველო თუნდაც ერთხელ, მაგრამ მაინც შეცდება, თუნდაც ერთხელ, მაგრამ მაინც დაკარგავს კონცენტრაციას და ამით უნდა ისარგებლო.
და ერთიც: საქართველოს ნაკრებს ძალიან უხდებოდა წინა მწვრთნელის ტაქტიკური სქემა. იმ სქემაში ჩვენს ფლანგელებს უკეთესი დამზღვევი ჰყავდათ. გავრისკავ და ვიტყვი - იმ, ძველი სქემისას ის გოლი არ გავიდოდა.
კიდევ ერთი მთავარი მიზეზი - მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აშკარად ჩააგდო. ვაისმა უკეთ იცის, რა უთხრა თავის შეგირდებს, მაგრამ ვეჭვობთ, სლოვაკს მეორე ნახევრის დასაწყისიდანვე საყაიმო ანგარიშის შენარჩუნებაზე დაეწყო ფიქრი.
აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ ერთ პრობლემაზე: გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ნაკრები დღეს არ არის ისეთი გუნდი, რომელსაც ორი ტაიმის თანაბრად ჩატარება შეუძლია. ამას აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი: ნაკრებში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც აკლია სათამაშო პრაქტიკა. აქ ვგულისხმობთ მუდმივ, უწყვეტ სათამაშო პროცესს. ფეხბურთელთა მოზრდილი ნაწილი მზად არ არის 90 წუთის სათამაშოდ. ჩვენი გულისთვის საფეხბურთო მატჩის ქრონომეტრაჟს ვერავინ შეკვეცს. ასე რომ, 90 წუთის განმავლობაში უნდა ვისწავლოთ თამაში.
კიდევ ერთი: ფლანგის მცველები ვალდებულნი არიან, უფრო ხშირად და უფრო ზუსტად ჩააწოდონ მოწინააღმდეგის საჯარიმოში.
გვილია
რა თქმა უნდა, ირლანდიასთან მარცხმა ძალიან დაგვწყვიტა გული. მით უმეტეს, ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებმა ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი ჩაატარა, მაგრამ თუნდაც პირველი ტაიმის გარდა, იყო ამ თამაშში მომენტი, რომელმაც იმედით აგვავსო. ეს გახლავთ ეროვნული გუნდის დებიუტანტის, ვაკო გვილიას შესანიშნავი თამაში. გვილია ის ფეხბურთელია, რომელსაც მოკლე ხანში შეუძლია, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად იქცეს. კარგი იყო ის, რომ მთელ რიგ ეპიზოდებში საქართველოს ნაკრებმა ფაზა-ფაზა, მაგრად აკინძა შეტევა და ბურთი დაუმალა ირლანდიას, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ირლანდიელთა კოზირი ბურთის ფლობა სულაც არ არის.
შეტევა, ჩაშლა, პასი, სათამაშო დისციპლინა - სხვისი არ ვიცი და, მე კი მგონია, რომ დღევანდელ ქართველ მოთამაშეთაგან ევროპულთან ყველაზე მიახლოებულ ფეხბურთს სწორედ გვილია თამაშობს. ეგაა, ოდნავ მეტი აზროვნების სისწრაფე არ აწყენდა...
რწმენა, როგორც ასეთი
საქართველოს ნაკრებმა გუშინდელი მატჩის პირველ ტაიმში ისეთი გოლები ვერ შეაგდო, შეგვიძლია ვთქვათ - იღბალმა ზურგი გვაქცია. ეგ ერთი და მეორე ის, რომ თითქოს რწმენა გვაკლია და ეს ზეციურმა ძალებმაც იციან. ეს ნახევრად ხუმრობით.არ ვიცით, როგორ უნდა შეიცვალოს ეს, მაგრამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, მგონი, თავადაც არ სჯერათ, რომ მთელი თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება შეუძლიათ. რწმენა ნებისმიერ გუნდს სჭირდება, რადგან სხვანაირად ვერ მოიგებს.
გოლის ეპიზოდი ავიღოთ: დღეს ფეხბურთს ყველა ვუყურებთ და პირადად მე ასეთი გოლი არ მინახავს. ერთ კონკრეტულ თამაშში რაღაც რომ არ მოვიგონოთ, არ შეგვიძლია. ასეთი გოლები დღეს აღარ გადის.
თითქოს არ გვჯერა, რომ მოგება შეგვიძლია, თითქოს, ჩვენი მაქსიმუმი ღირსეული წაგებაა. არადა, ასეთი რამ ფეხბურთში არ არსებობს. ესეც ტრადიციული ქართული ტერმინია, ქართველებისვე დასამშვიდებლად მოგონილი.
დავივიწყოთ! დიახ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ ეს "ღირსეული წაგება". არ ვთქვათ, რომ კარგად ვითამაშეთ ირლანდიასთან და წავაგეთ. ორი მატჩის შემდეგ ქულა არ გვაქვს და, თითქოს, ორივე შემთხვევაში კარგად ვითამაშეთ.
პირიქით, ვეძებოთ შეცდომები, ვეცადოთ მათ გამოსწორებას, ვისწავლოთ მათზე და ნუ ვიტყვით, რომ ჩვენი მაქსიმუმი ღირსეული წაგებაა.
მსოფლიოს ჩემპიონატი 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი. ევროპა. D ჯგუფი. II ტური
06.10.16. დუბლინი. "ავივა სთედიუმი". 48 000 მაყურებელი
ირლანდია-საქართველო 1:0
გოლი: 1:0 კოულმენი (56)
ირლანდია (4-3-3): რენდოლფი - კოულმენი, კლარკი, დაფი, უორდი - ჰენდრიკი, მაკარტი, ბრეიდი (78. ველანი) - მაკლინი, ლონგი (90. ოში), უოლტერსი.
სათადარიგოები: ლოულორი, როჯერსი, კრისტი, ჰეისი, ჰულაჰანი, კეფი,მაკშეინი, მეილერი, ოკინი, პირსი.
მწვრთნელი: მარტინ ონილი
საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი (89. კობახიძე) - დაუშვილი (90. კაჭარავა), გვილია - ანანიძე (74. სხირტლაძე), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი - მჭედლიძე.
სათადარიგოები: კვასხვაძე, მაკარიძე, დვალიშვილი, ჯიღაური, ქვილითაია, დვალიშვილი, ცისკარიძე.
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გაფრთხილება: ჰენდრიკი (83), მჭედლიძე (90)
არბიტრი: ტონი შაპრონი (საფრანგეთი)
სტატისტიკა
9 კარში დარტყმა 11
3 ზუსტი დარტყმა 3
2 კუთხური 5
4 თამაშგარე 0
11 ჯარიმა 10
322 პასები 469
276 ზუსტი პასები 416
45% ბურთის ფლობა 55%
მატჩის სტენოგრამა
4' - ჩვენმა მცველებმა ბურთი ვერ ამოიტანეს. ირლანდიელთა კონტრშეტევას შედეგი არ მოჰყოლია.
14' - კოულმენის ჩაწოდების შემდეგ ჰენდრიკმა თავით საჯარიმოში ჩააბრუნა ბურთი. ლორიამ საიმედოდ ითამაშა.
17' - კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ ყაზაიშვილმა ნახევარბრუნში დაარტყა. ირლანდიელები გადარჩნენ.
38' - ერთ შეტევაში საქართველოს ნაკრების ორი საგოლე შანსი - ჯერ მჭედლიძემ გაარტყა თავურით ხარიხას, მერე კი კაშიამ - ძელს.
39' - უოლტერსმა ჩვენს კარს ზემოდან გადააცილა.
43' - ჯანო ანანიძემ კარგი პასი მისცა ყაზაიშვილს. კოულმენთან ჭიდილში ქართველმა ბურთს ფეხი წაჰკრა, მაგრამ რენდოლფი საიმედო იყო.
43' - ოდნავ მახვილი კუთხიდან მჭედლიძის უძლიერესი დარტყმა რენდოლფმა კუთხურზე გადააგდო.
56' - 1:0. კოულმენმა ფლანგური რეიდი განახორციელა, ჩაუდრიბლინგა ნავალოვსკის, გზა "მოჭრა" ქართველთა კარისკენ, არეულობაში გაათამაშა პარტნიორთან (კაშიამ და კვირკველიამ სიტუაციის განმუხტვა ვერ შეძლეს) და ფლანგიდან მეკარის საჯარიმოში შესულმა ბურთი, ფაქტობრივად, კარში შეიტანა.
59' - უოლტერსის ჩაწოდების შემდეგ მაკლინს თავით გააქვს, მაგრამ მსაჯი თამაშგარეს აფიქსირებს.
65' - მაკლინის შორეული დარტყმა ლორიამ მეორე მცდელობის შემდეგ მოიხელთა, თორემ ცოტაც და ბურთი კარის ხაზს გადაკვეთდა.
90' - ჰენდრიკის დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.
იხილეთ ჩვენი ჯგუფის სხვა მატჩები:
- მუნდიალი 2018. II ტური. D ჯგუფი: ომი და მშვიდობა ვენაში
მომდევნო ტური
9 ოქტომბერი
უელსი-საქართველო 20:00
მოლდოვა-ირლანდია 22:45
სერბეთი-ავსტრია 22:45.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"