არჩილ არველაძე: გროზნი? ძალიან მინდა ვცდებოდე, მაგრამ...

AutoSharing Option
კარგა ხანია, არჩილ არველაძესთან არ გვისაუბრია. სასაუბრო კი მართლაც ბოლომად დაგროვდა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ ვარსკვლავთან, ვინც "ფონდი არველაძის" სათავეებთან დგას და ძმებთან ერთად კარგ საქმეს აკეთებს...

მოდი, აღარ შეგაწყენთ თავს და პირდაპირ ინტერვიუზე გადავალთ...

- ალბათ, თვალი ადევნეთ საქართველოს ნაკრების ბოლო ორ თამაშს. საინტერესო იქნებოდა თქვენეული შეფასება...
- რა თქმა უნდა, შედეგი არ არის დამაკმაყოფილებელი, თამაშის ხარისხმა კი ყველა ძალიან დაგვაიმედა. განსაკუთრებით უელსთან ვითამაშეთ კარგად. მართლა ძალიან მომეწონა საქართველოს ნაკრები იმ შეხვედრებში.

- ცალკე უნდა გკითხოთ ვაკო გვილიაზე, ეროვნული
გუნდის დებიუტანტზე...

- ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. უზომოდ კმაყოფილი დავრჩი მისი თამაშით. შუა ხაზში ასე კარგად მოთამაშე ფეხბურთელის გამოჩენამ გამოიწვია ის, რომ ის მოთამაშეებიც კი, რომელთაც აქამდე ბურთთან ურთიერთობაში პრობლემები ჰქონდათ, გათამამდნენ. ერთი სიტყვით, ჩვენს ნაკრებში ძალიან კარგი ფეხბურთელი გამოჩნდა გვილიას სახით და დარწმუნებული ვარ, ასევე გააგრძელებს თამაშს.

- როგორ ფიქრობთ, ირლანდიასა და უელსთან ჩატარებული მატჩები მხოლოდ მორიგი ეპიზოდური გამონათება ხომ არ იყო?
- მინდა მჯეროდეს, რომ ეს არ იყო ეპიზოდური გამონათება. ჩვენ ასეთი მილიონი გამონათება გვქონია, მაგრამ ახლა მთავარია, სტაბილურად გაგრძელდეს ეს პროცესი. საქართველოს ნაკრებს აქვს ამის პოტენციალი.

ეგ არის, ერთი-ორი ფეხბურთელი რომ გვაკლდება, ეს მაშინვე აისახება გუნდის თამაშზე. ასე იყო თუნდაც ირლანდიასთან შეხვედრაში. აქვე მინდა ვთქვა, რომ გული მწყდება ჭაბუკთა ნაკრებების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე. ადრე ჩვენი იუნიორები ისეთი ჯგუფიდანაც კი ახერხებდნენ გასვლას, საიდანაც ერთი გუნდი გადიოდა. ახლა ორი გუნდი გადიოდა და მაინც ჩავრჩით ჯგუფში.

- ახლა აქტიურად საუბრობენ საქართველოს ნაკრებში აკაკი გოგიასა და გიორგი ჯიქიას გამოძახების შესახებ. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
- ფაქტი ერთია: რაც მეტი კარგი ფეხბურთელი იქნება საქართველოს ნაკრებში, მით უკეთესი - ჩვენი გუნდისთვის. ახლაც ვნახეთ: არ იყო ჯაბა კანკავა და საუკეთესო კუთხით წარმოჩნდა გვილია...

მაგალითების მოყვანა კიდევ შეიძლება. ერთიცაა: ნაკრებში მოსახვედრად მხოლოდ კარგი თამაში არ კმარა. უნდა აჯობო იმას, ვინც იმ პოზიციაზე თამაშობს. საერთოდ, როცა ნაკრებს ეხება საქმე, დაახლოებით თანაბარი დონის ფეხბურთელებიდან ხდება არჩევანის გაკეთება.

მე კარგად ვიცი საქართველოს ნაკრების ისტორია და ვერ ვიხსენებ, რომ რომელიმე ფეხბურთელი ბრწყინავდა და მას არ დაუძახეს ნაკრებში. შეიძლება, მხოლოდ ოდნავ უკეთესი იყო იმ ეტაპზე ნაკრებს გარეთ დარჩენილი იმაზე, ვინც ეროვნულ გუნდში თამაშობდა.

- ძალიან გვაინტერესებს თქვენი აზრი გიორგი ჭანტურიაზე. ვლადიმირ ვაისმა გასახდელში მომხდარის გამო ის ნაკრებში არ გამოიძახა ბოლო ორი თამაშისთვის, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ჭანტურიასთვის ეროვნული ნაკრების კარი ღიაა...
- გიორგი ძალიან ნიჭიერია და ეს ფაქტია. მე ვიტყოდი, ის იმდენად ნიჭიერია, რომ მისი გვარის შემდეგ უნდა იყოს სიტყვა - "ექსტრა". აი, ამ "ექსტრას" შემდეგ მოდის მრავალწერტილი და ყველას შეუძლია, თავად შეავსოს ეს ცარიელი ადგილი. იქ შეიძლება ბევრ პრობლემაზე დაიწეროს.

მაგალითად, ხასიათზე, მეტ გუნდურობაზე... ჩემი აზრით, ეს ის ფეხბურთელია, რომელმაც ნებისმიერ შემთხვევაში სარგებლობა უნდა მოუტანოს საქართველოს ნაკრებს.

- გკითხავთ თორნიკე ოქრიაშვილზეც, რომელმაც ნაღდი ლიდერივით ითამაშა უელსთან მატჩში...
- ვითომ პრეტენზიული ხასიათის მიუხედავად, მე ვერ ვიხსენებ ოქრიაშვილის მიერ ჩაგდებულ მატჩს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში და ეს ძალიან მახარებს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მისდის საკლუბო კარიერა - კარგადაა თუ ცუდად, მაინც ბოლომდე იხარჯება ნაკრებისთვის და არ შეიძლება, ეს არ დაინახო. ის ძალიან სასარგებლო ფეხბურთელია ჩვენი გუნდისთვის.

- როგორ გგონიათ, რისთვის იბრძოლებს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში?
- რა თქმა უნდა, ფინალურ ეტაპზე გასვლა ძალიან რთული იქნება, მაგრამ გუნდმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ჯგუფში ყველასთან შეიძლება თამაში. თუ რამეზე გვაქვს პრეტენზია, ორივე მატჩი უნდა მოვუგოთ მოლდოვას და ეს სავსებით შესაძლებელია. თბილისში წარმატებით თამაში შეგვიძლია უელსთანაც და ირლანდიასთანაც.

ორივე ნაკრებს ვეთამაშეთ გასვლაზე და ეს კარგად გამოჩნდა. სერბეთიც კარგადაა დაკომპლექტებული, მაგრამ მასთანაც შეიძლება მოგება...

- არ იქნება, თქვენს მშობლიურ კლუბში, თბილისის "დინამოში" ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე არ გკითხოთ...
- წინათგრძნობა მკარნახობს, რომ ვიაჩესლავ გროზნის მოყვანა არ იყო მთლად გამართლებული ნაბიჯი. ამას რომ ვამბობ, ძალიან მინდა, ვცდებოდე. გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო თბილისის "დინამოსა" და გროზნის.

როგორც ითქვა, იყო ევროპული ვარიანტებიც. გარდა ამისა, ალბათ შესაძლებელი იყო, ძალიან სერიოზულად განხილულიყო ერთ-ორი ქართველი სპეციალისტის კანდიდატურაც.

- შოთა როგორ გრძნობს თავს ისრაელში? შედეგების მიხედვით, თითქოს, ყველაფერი კარგადაა...
- შოთა თავდადებით მუშაობს. ევროპალიგაზე "მაკაბიმ" სტუმრად "ალკმაარს" რომ მოუგო, ამ ამბავს ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ერთი ეგაა, ისრაელის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში წააგო ჰაიფას კლუბთან. არადა, არ იყო წასაგები თამაში. ხომ იცით, ხშირად ფეხბურთში როგორც ხდება? მთელი მატჩის განმავლობაში აშკარად სჯობდა შოთას გუნდი მეტოქეს. არაერთი დარტყმა იყო მოწინააღმდეგის კარის მიმართულებით, მაგრამ გოლი არა და არ გავიდა.

- შოთა მიმზიდველი მწვრთნელი უნდა იყოს ბევრი გუნდისთვის...
- ახლა ამაზე არ არის ლაპარაკი. სანამ "მაკაბიში" წავიდოდა, მაშინაც ჰქონდა ვარიანტები, თუნდაც იმავე "ალკმაარისგან", მაგრამ ახლა უკვე მუშაობს და მთლიანად "მაკაბიზეა" კონცენტრირებული.

- გვერდს ვერ ავუვლით თქვენი ფონდის საქმიანობას. რომ იტყვიან, საშვილიშვილო პროექტია და მას "ლელოც" აშუქებს...
- მოგეხსენებათ, პანკისის ხეობაში დავიწყეთ ამ პროექტის განხორციელება. იქ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ვერ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, თუმცა ადგილობრივებმა ძალიან დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინეს. ერთი სტადიონია სულ. მოასწორეს მოედანი, რომ ფეხბურთის თამაში ყოფილიყო შესაძლებელი.

ოთხ სოფელში - ომალოში, დუისში, ბირკიანსა და ჯოყოლოში ვარჯიშობენ ბავშვები და ამას ადგილობრივი სპეციალისტები ხელმძღვანელობენ. მწვრთნელთა მუშაობას ჩვენს ფონდში კოორდინაციას გოჩა ტყებუჩავა უწევს. ის წერს პროგრამებს მწვრთნელებისთვის და ყოველ ორ კვირაში ატარებს მონიტორინგს. ხელფასსაც ჩვენი ფონდი უხდის მწვრთნელებს.

- პანკისის ხეობის მცხოვრებთ ყოველთვის ჰქონდათ სხვადასხვა პროექტებში ადაპტაციის პრობლემა...
- როგორც გითხარით, ინტერესი და ენთუზიაზმი მართლაც ძალიან დიდია. უნდა ნახოთ, ბავშვებს როგორ უხარიათ... სხვათა შორის, ვმუშაობთ საფეხბურთო წრეებში გოგონების ინტეგრაციაზეც.

დამეთანხმებით, იოლი არ არის, როცა საქმე ფეხბურთში გოგონების ჩართვას ეხება, მით უმეტეს - პანკისის ხეობაში, მაგრამ სასიკეთო ძვრები ამ კუთხითაც შეიმჩნევა.

- სხვა პროექტებზეც თუ მუშაობს ფონდი? ახალი სტიპენდიანტები თუ გყავთ?
- ამჟამად ჩვენი ფონდის მთავარი საზრუნავი ის პროექტია, რომელიც უკვე ხორციელდება. ვგრძნობთ დიდ მხარდაჭერას სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდანაც და ეს მხოლოდ მისასალმებელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
პანკისი კარგია მაგრამ სხვა ახმეტის სოპლებმა რა დააშავეს, ბურტებიც რომ არ აკვტ, ამას მიხედეტ ჯობია
zura
14:50 03-11-2016
0
წარმოიდგინეთ გროზნი ყიფიანის,ჩივაძის,გუცაევის,შენგელიას,დარასელიას მწვრთნელად
ელკიაერ ლარსენი
23:44 30-10-2016
0

სიახლეები პოპულარული