სანაკრებო თემაზე: ნუღარ გავდებთ კუდს ყავარზე...

AutoSharing Option
ფოტოზე: ალექსანდრე იაშვილი და ვლადიმირ ვაისი
საქართველოს ეროვნული ნაკრების რესურსი ულევი რომ არ არის, ეს ცხადზე ცხადია. ამ წერილის მიზანი სულაც არ არის ვამტკიცოთ, რომ თუნდაც მოლდოვასთან მატჩში ჩვენი გუნდის შემადგენლობა არასწორად შეირჩა, მაგრამ ერთს კი აქვე დავწერ - ჩემი აზით, არის რამდენიმე ფეხბურთელი, ვინც სანაკრებოდ ნდობას იმსახურებს...

გიორგი მაკარიძე
გიორგი მაკარიძე პორტუგალიური "მორეირენშეს" ძირითადი მეკარე და ერთ-ერთი ლიდერია. ვისაც მისი თამაში ერთხელ მაინც უნახავს, დაგვეთანხმება - ეს არის ძალიან კარგი მეკარე, რომელსაც შეუძლია, მთელ რიგ შემთხვევებში გუნდის ლიდერობაც კი იტვირთოს.

მაკარიძე 1990 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა იმ თაობის წარმომადგენელია, რომლისაც ქართველ გულშემატკივარს ძალიან ეიმედება. ლევან მჭედლიძემ, ლევან ყენიამ და სხვებმა პირველი სანაკრებო ნაბიჯები მაშინ გადადგეს, როცა ჯერ ლამის უწვერული ბიჭები იყვნენ.
სწორედ ამ თაობამ გამოსჭედა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და საამაყო გამარჯვება შოტლანდიასთან, რასაც ბრიტანელები დღემდე ვერ "გვპატიობენ" - იმ წაგებამ ხომ შოტლანდიის ნაკრებს მთელი შესარჩევი ციკლის ჯაფა წყალში ჩაუყარა...

მაშინვე დაიწერა სქოთურ პრესაში, საქართველომ ფეხბურთი სკოლის მოსწავლეებით მოგვიგო, ამ ბიჭებს კი ძალიან დიდი მომავალი აქვთო.

Sportall.Ge

მას მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა. მაკარიძეს თითქმის ნულიდან მოუხდა კარიერის დაწყება და ყველაფრის თავიდან დამტკიცება, მაგრამ დღეს ის პორტუგალიის საშუალო გუნდის ძირითადი მეკარეა და ეს უკვე დასაფასებელია.

კი, ბატონო, ის რამდენჯერმე იყო საქართველოს ნაკრების შეკრებაზე, მოლდოვასთან მატჩის წინ კი გაფართოებულ შემადგენლობაშიც მოხვდა, თუმცა ეს ყველაფერი მაინც მოვალეობის მოხდას ჰგავდა ნაკრების სამწვრთნელო შტაბის მხრიდან.

მე ძალიან მომწონს გიორგი ლორიას თამაში, მაგრამ ალბათ უპრიანი იქნება, საქართველოს ნაკრებში მეტი კონკურენცია იყოს. როცა ზურგს უკან კონკურენტის სუნთქვას ვერ გრძნობ, ძალაუნებურად დუნდები...

თან უშეცდომო მეკარეც ხომ არ არსებობს. ვერც იმას დაამტკიცებს ვინმე, თითქოს მაკარიძე აუცილებლად აიღებდა იმ ბურთს, ლორიამ მოლდოვასთან რომ გაუშვა, მაგრამ იმაში კი ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ აქამდე, მაკარიძეს აუცილებლად უნდა მისცემოდა ერთი შანსი მაინც და შეიძლებოდა, ეს შანსი სწორედ მოლდოვასთან მატჩში ყოფილიყო.

კარგა ხანია, მაკარიძის თამაში ცოცხლად აღარ გვინახავს. პორტუგალიის ჩემპიონატში ის კარგად გამოიყურება. თუ გარკვეულ დონეს არ შეესაბამება მეკარის ოსტატობა, ისე მას პორტუგალიის დონის ჩემპიონატში არავინ ათამაშებდა...

ნიკა კვეკვესკირი
კიდევ ერთი ფეხბურთელი ეროვნული გუნდის გაფართოებული შემადგენლობიდან. ტრავმა ახალმოშუშებული ჰქონდა, თუმცა, წესით, თამაში შეეძლო, რადგან მოლდოვასთან მატჩამდე "გაბალას" ღირსება ევროპალიგაზე დაიცვა.

Sportall.Ge

როცა კვეკვესკირი ჯანმრთელად არის, მას აქვს იმის პოტენციალი, რომ საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში იყოს. მისი სათამაშო მანერა, პასის კულტურა და ინტელექტი ნამდვილად არ არის ზედმეტი საქართველოს ნაკრებისთვის.

არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ მე კი მგონია, რომ მოლდოვასთან მატჩში საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტად კვეკვესკირის დარი ფეხბურთელი დააკლდა. იგორ დობროვოლსკის მიერ გაწვრთნილ გუნდთან შეხვედრის მეორე ნახევარში ძალიან ხშირად იყო მომენტები, როცა ჩვენ გვქონდა ბურთი, მაგრამ რად გინდა - არ ვიცოდით, რა გვექნა ამ ბურთისთვის. ეს ყველაზე საცნაური მას შემდეგ გახდა, რაც ვაკო გვილიამ, ქართველთა შეტევების მთავარმა ორგანიზატორმა, ჯერ ცოტა წინ აიწია, მერე კი, ვლადიმირ ვაისის გაუგებარი ჩანაფიქრის შემდეგ, მინდორი დატოვა.

იმ ფუნქციებს, რასაც ვაისი აკისრებს ჯანო ანანიძეს, ჩემი აზრით, ყველაზე უკეთ სწორედ კვეკვესკირი შეასრულებდა. ჯანოს დანაკლისი კი მოლდოვასთან თვალსაჩინო იყო: ტრავმირებული სპარტაკელის გარეშე საქართველოს ნაკრების შეტევაში კრეატივი სანთლით საძებარი გახდა. ეს განსაკუთრებით მაშინ, როცა შეტევა ჰაერივით დაგვჭირდა და სტუმართა გოლმა კედელთან მიგვაყენა.

ზურაბ ცისკარიძე
ვლადიმირ ვაისს ერთი მადლობა ნამდვილად ეკუთვნის იმისთვის, რომ საქართველოს არ დაუკარგა ზურაბ ცისკარიძე. თუმცა ბოლო დროს მას მწვრთნელი აღარ ეძახის ნაკრებში. რა თქმა უნდა, ეს ვაისის არჩევანია, მაგრამ ამ არჩევანის განსჯა ნამდვილად შეგვიძლია.

რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვამტკიცებთ იმას, რომ ცისკარიძე ექსტრაკლასის ფეხბურთელია, თუმცა მას აქვს რამდენიმე ისეთი თვისება, რაც ბოლო დროს ცოტა გაუცხოვდა ქართველი ფეხბურთელისთვის.

უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებულ ბრძოლისუნარიანობას ვგულისხმობ. იყო მატჩები, სადაც ზურაბმა ამ თვისებების გამო გულშემატკივრის სიყვარული დაიმსახურა. ზოგადად, მას ბევრი არ უთამაშია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, მაგრამ რაც ითამაშა, ყველაფერი მართლაც კარგად და ნამუსიანად გააკეთა.

Sportall.Ge

ის ისე ქრება ვაისის რადარებიდან, ერთი თამაშიც კი არ ჩაუგდია. არადა, წლების განმავლობაში ჩვენ მივეჩვიეთ ქართველი ფეხბურთელების, მათ შორის - ლიდერების მიერ ჩაგდებულ თამაშებს.

შესაძლოა, ცისკარიძესთან დაკავშირებით არგუმენტი ის იყოს, რომ ძალიან ცოტას თამაშობს ჩეხურ "ტეპლიცეში", თუმცა ეს მყარი არგუმენტი სათამაშო პრაქტიკის უქონლობისას ძალას კარგავს, როცა საქმე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ეხება. ჩვენს გუნდში სათამაშო პრაქტიკანაკლული არაერთი ფეხბურთელია და თუ ასე გაგრძელდა, სიტუაცია არც უახლოეს მომავალში იქნება გაცილებით უკეთესი.

ცისკარიძის ნაკრებში ყოფნა კიდევ ერთი მარტივი მიზეზის გამოა აუცილებელი. ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდში მარცხენა მცველის პოზიციაზე თითქმის არ არის კონკურენცია. გიორგი ნავალოვსკი მთელ სულსა და გულს დებს სანაკრებო მატჩებში, თუმცა აუცილებელია, ერთ სათამაშო პოზიციაზე, სულ მცირე, ორი ფეხბურთელი უნდა გვყავდეს. სხვანაირად ვერ ჩავთვლით, რომ ნაკრები სრულფასოვნად არის დაკომპლექტებული.

ნიკა კაჭარავა
საქართველოს ნაკრებს თითქმის ყველა რგოლში გაუჭირდა მოლდოვასთან, მაგრამ ყველაზე მეტად - თავდასხმის ხაზში. სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა ლევან მჭედლიძის ტრავმამ. ჩვენ არაერთხელ გავამახვილეთ ყურადღება ნაკრებში გამტანი ფორვარდის არარსებობაზე და ყველაზე მეტად ამ როლს სწორედ ნიკა კაჭარავა ერგება.

Sportall.Ge

კაჭარავა მოლდოვასთან მატჩის წინ შესანიშნავ ფორმაში იყო. კვიპროსის ჩემპიონატი ევროპის წამყვანი პირველობების დონესთან ვერ მივა, მაგრამ ის სავსეა ლეგიონერებით და როცა ასეთ ჩემპიონატში ქართველ ფორვარდს ერთ შეხვედრაში 4 გოლი გააქვს, ეს უკვე დასაფასებელი და ყურადსაღებია.

ერთიც: ალბათ, გარკვეული დოზით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კონკრეტული მატჩისთვის კონკრეტული მეტოქის პლუს-მინუსების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს. არ აღმოჩნდა საქართველოს ნაკრებში ფორვარდი, რომელიც ტოლ-სწორად იჭიდავებდა მოლდოველთა დაცვასთან მას შემდეგ, რაც მაღალ ჩაწოდებებს მივეძალეთ. ჩემი აზრით, კაჭარავას შეეძლო ამის გაკეთება. მეტიც, ეს არის სწორედ მისი ფეხბურთი, რომელშიც ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი - წყალში.

ის ახლა იმ ასაკშია, როცა ფეხბურთელის ნიჭი ბოლომდე იფურჩქნება. ასეთ ვითარებაში კაჭარავას უყურადღებოდ დატოვება, ან მხოლოდ გაფართოებულ სანაკრებო შემადგენლობაში დასახელება ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბის მხრიდან საკმარისი ვერაფრით იქნება.

კითხვის ნიშნები მოხსნილია
მოლდოვასთან მატჩამდე "ლელო" ბევრს წერდა იმ ქართველი ფეხბურთელების (გიორგი ჯიქია, აკაკი გოგია, თემურ ფარცვანია) შესახებ, რომელთაც არ აქვთ საქართველოს პასპორტი, თუმცა აქვთ იმის შანსი, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშონ.

ამ შემთხვევაში, ფეხბურთის ფედერაციას ვერ გავკიცხავთ. გარედან ისე ჩანს, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა ეს ბიჭები საქართველოს დროშის ქვეშ დადგნენ. აი, სოციალურ ქსელებში კი ჩვენს წერილს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

პირადად ვნახე არაერთი კომენტარი, რომელთა ზოგადი აზრიც დაახლოებით ეს იყო: რად გვინდა ეს ფეხბურთელები, რა გვაქვს მათთან სახვეწარი მაშინ, როცა ისინი საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილით არ იწვიანო.

მე ზუსტად ვიცი, რომ სამიდან ორს (აკაკი გოგიას პოზიცია არ ვიცი) ძალიანაც უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში. უბრალოდ, ჯიქიას შემთხვევაში საკითხი ასე დგას: თუ ის საქართველოს აირჩევს, რუსეთში აღარ გაახარებენ.

გვესმის, რომ ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უშუალო მოვალეობა არ არის, მაგრამ ყველამ და ყველანაირი არხით უნდა სცადოს, რომ ჯიქიამ რუსეთის გარეთ იპოვოს კარგი და ამბიციური კლუბი. ჩვენ ვითხოვთ საქართველოსთვის მსხვერპლს და ხშირად ამას ვითხოვთ ცალმხრივად, ისე, რომ თავად ბევრი არაფრის გაკეთება გვსურს.

მე მჯერა, რომ საქართველოში არიან "ქართულად" მოაზროვნე მენეჯერები, ვისაც რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მცველისთვის ნაღდი ევროპული გუნდის "გაჩარხვა" შეუძლიათ.

აქამდეც ასე იყო, თუმცა მოლდოვასთან მატჩის შემდეგ ალბათ ძველი და ყველაზე მტკიცე სკეპტიკოსებიც კი დაგვეთანხმებიან - საქართველოს ნაკრებს სჭირდება ეს კვალიფიციური ფეხბურთელები და, როგორც იტყვიან, ამ თემასთან დაკავშირებით ყველა კითხვის ნიშანი მოხსნილია.

აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ოფიციალური თუ კულუარული მუშაობა საქართველოს ნაკრებში ამ და სხვა ფეხბურთელების გადმოსაბირებლად. მაგალითისთვის შორს წასვლა არ დაგვჭირდება. შევხედოთ სომხეთის ნაკრების შემადგენლობას და კარგად მივხვდებით, როგორ უნდა ამ კუთხით მუშაობა. თუნდაც თურქეთის ნაკრებისა და "დორტმუნდის" ტალანტის, ემრე მორის მაგალითი რად ღირს...

მოკლედ, დროა, კუდი ყავარიდან ჩამოვუშვათ. უსაფუძვლო სიამაყეს არცერთ დროში არავისთვის ურგია და არც ჩვენ გვარგებს!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
კობიაშვლს არ ცალია ამ საქმისთვის,პარლამენტში კანონებზე უნდა იმუშაოს.თორემ რა გახდა ამ ბიჭებთან საქმის გარკვევა ბოლსდაბოლოს,მაგრამ არ არან საქმის პროფესიონალები,და საიდან და რა ნაირად მიდგნენ ამ საქმეს აზრზე არ არიან.
თენგო
11:08 20-11-2016
0
პირველ რიგში მენტალიტეტია მისახედი მთლიანად ქართულ ფეხბურთში! და უნდა დავიწყოთ ბავშთა მწვრთნელებიდან!ახალი არა კორუმპირებული ხალხის მოყვანაა საჭირო! მაგალითად რაგბის ჯიგარია ჩასადები ფეხბურთის სულში!
გელა
08:34 20-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული