"საერთაშორისო არენაზე ორი ბურთით რომ მოვიგებდით, მაინც გვაგინებდნენ"

AutoSharing Option
სანაკრებო წლის შეფასება ვთხოვეთ ცნობილ მწვრთნელს, თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა ნაკრების ლეგენდას, რევაზ ძოძუაშვილს. ის საქართველოს ნაკრებზე საუბრობს, ხედავს პრობლემებსაც და პროგრესსაც...

თუმცა, ჯობია, სიტყვა პირდაპირ რესპონდენტს გადავცეთ...

"...ჩვენი რეალობა ახლა ასეთია: საქართველოს ნაკრების თამაშს რომ ვუყურებთ, ყველანი ვტირით, მაგრამ არის იმის წინაპირობა, რომ აღარ ვიტიროთ მომავალში და ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ...

...ჩვენ გვაქვს იმხელა ნიჭი, რომ ამის გამოუყენებლობა არის დანაშაული! ეს ჩვენ მოგვცა ღმერთმა და არაფრით შეიძლება ამის გაფლანგვა. არ გვაქვს ამის ფუფუნება და უფლება...

...როცა ვლადიმირ ვაისი
ჩამოვიდა საქართველოში თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად, ჩვენში გაბატონებული იყო მოსაზრება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ნაკრები თამაშობს ზედმეტად დაცვით ფეხბურთს. როგორც ჩანს, ვაისმა, თავის შტაბთან ერთად, განიხილა ეს თემა და გადაწყვიტა, ერთგვარი სიურპრიზი შემოეთავაზებინა ჩვენთვის, ქართველი გულშემატკივრებისთვის. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ცდილობს, თანამედროვე, ევროპული ფეხბურთი ითამაშოს.

ვაისის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ შეტევაში, გარკვეულწილად, არის პროგრესი. დღეს ჩვენი გუნდი გაცილებით მეტ მომენტს ქმნის მოწინააღმდეგის კართან, ვიდრე წინათ...

...და მაინც, ევროსტანდარტების შესაბამის ფეხბურთზე გადასვლას დრო სჭირდება და ეს პროცესი არ არის უმტკივნეულო. მაგალითად, ვაისის პირველივე თამაშში გამოჩნდა, რომ ის ორი განაპირა მცველისგან ითხოვს შეტევაში ჩართვას. ეს კარგია, თანამედროვე ფეხბურთიც ასე მოითხოვს, მაგრამ მცველმა ჯერ თავისი საქმე უნდა გააკეთოს და მერე იფიქროს შეტევაზე. თუ უკან ვეღარ ასწრებ ჩამოსვლას, უმჯობესია, ჯერ შენს უშუალო მოვალეობას მიხედო...

...მეტ სტაბილურობას ვისურვებდი ნაკრების დაცვის ცენტრში. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ამ რგოლის მეტ-ნაკლები სტაბილურობა განპირობებულია მეკარე გიორგი ლორიასა და გურამ კაშიას თამაშით...

...ადრე, საქართველოს ნაკრებს მოედნის ცენტრში სულ ჰყავდა ერთი ისეთი ნახევარმცველი, რომელიც მხოლოდ დაცვაზე, მოწინააღმდეგის იერიშების ჩაშლაზე იყო ორიენტირებული. ვაისის დროსაც ასეა, მაგრამ მეტწილად ისეც იყო, რომ ორივე საყრდენი შლიდა და უტევდა...

...საქართველოს ნაკრების თამაშში ახლა მეტი ინდივიდუალიზმი ჩანს. ეს კარგია, მაგრამ მთელი რიგი ფაქტორებით უნდა გამაგრდეს. კარგად იცით, როგორ გაფასებთ ჟურნალისტებს, მაგრამ ვერ დავეთანხმები ფრაზას, რომელსაც ხშირად ვკითხულობ გაზეთებში - კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთო. რას ნიშნავს ეს?! ამით ხომ თამასას დაბლა ვწევთ?!.

...ჩემმა თაობამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, ოლიმპიადასა და ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენი ავტორიტეტი გვქონდა და სიტყვა გვეთქმოდა. არადა, საერთაშორისო შეხვედრაში 2 ბურთით რომ მოვიგებდით, მაინც გვაგინებდნენ - ეს რა არის?! მეტით უნდა მოეგოთ, ვერ ითამაშეს კარგადო!..

...დღეს ქართული ფეხბურთი ასაფეთქებლად გამზადებულ დინამიტს ჰგავს. უბრალოდ, საჭიროა სწორი მიდგომა და ჩვენ აუცილებლად ვითამაშებთ მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე...

...ახლა იმ ეტაპზეა ქართული ფეხბურთი, რომ შენი და ჩემი პრობლემის განსხვავების დრო არ არის. სათქმელი ბოლომდე და პირდაპირ უნდა ითქვას! სხვანაირად ძალიან გაგვიჭირდება. კრიტიკა ყველასთვის უნდა იყოს მისაღები...

...ვაისს წარმატებას ვუსურვებ. ეს ქართული ფეხბურთის წარმატება იქნება. უბრალოდ, საგოლე პასს მივცემ მას: ქართულ ფეხბურთს ჰყავს ლეგენდები - ხურცილავა, ჩივაძე, სულაქველიძე, კალაძე, კობიაშვილი... მათთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა უნდა იყოს, ეს დიდი ძალა ბოლომდე უნდა გაერთიანდეს. ამ ხალხმა ყველაზე კარგად იცის, რა სჭირდება ქართულ ფეხბურთს. ვაისი ჩემი კოლეგაა და მას ძალიან ვაფასებ. ეს არის მისთვის განკუთვნილი ჩემი საგოლე პასი. კარგი იქნება, თუ ის ამ პასს მიიღებს...

ქართული ფეხბურთის მომავალს იმედით ვუყურებ. მჯერა, მალე ყველა ერთად გავიხარებთ და საქართველოს ნაკრებს მართლაც ვნახავთ დიდ ტურნირებზე!"...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ორსიტყვიანი ანეკდოტი და ტრაგედია: ქართული ფეხბურთი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული