წარმატებული უცხოელი მწვრთნელები, რომლებმაც ქართულ ხასიათს გაუგეს

AutoSharing Option
უცხოელი მწვრთნელი არ გვინდა, ჩვენი მენტალიტეტის გასაცნობად დრო სჭირდება და რაოდენ კარგადაც უნდა შეისწავლოს, მაინც ვერ გაუგებს ქართველებს იმაზე უკეთ, ვიდრე ადგილობრივი სპეციალისტი, - ასეთი დასაბუთებული მოსაზრება, ალბათ, ყველას მოგისმენიათ.

ალოგიკური აქ არაფერია, მაგრამ არის ერთი ნიუანსი, რის გამოც უცხოელ მწვრთნელს უპირატესობა უნდა მივანიჭოთ - კვალიფიკაცია. ამა თუ იმ გუნდში (ნაკრები იქნება თუ კლუბი) თუ არიან მსოფლიოს მასშტაბის მოთამაშეები, მათ ასეთივე მწვრთნელი სჭირდებათ. თუ ასეთი დონის დამრიგებელი საქართველოში არ მოიძებნება, რატომ არ უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელი? იმიტომ, რომ უცხოტომელია და სხვა
მენტალიტეტი აქვს?

გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საზღვარგარეთაც შეიძლება მაღალი კვალიფიკაციის ისეთი სპეციალისტის პოვნა, კარგადაც რომ გაგვიგებს და შედეგსაც მიაღწევს. მაგალითი გნებავთ? კი ბატონო: იგორ კოკოშკოვი, ივო შუშაკი, მილტონ ჰეიგი, ილიას ზუროსი...

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ისინი ისევე მოიქცნენ, როგორც თემურ მატოიანი. მის შესახებ კოლეგის, ირაკლი თავაძის მონათხრობი მახსენდება: "ერთხელ მესტენდურთა წარმატებულმა მწვრთნელმა თემურ მატოიანმა მითხრა: "სადაც ჩახვალ, უნდა ეცადო, იქაურობას მოერგო და არა ისინი შეცვალო და გადმოიყვანო შენს ჭკუაზეო..."

ვინც ასე მოიქცა, ნაკრებში ოპტიმალურ შემადგენლობას მოუყარა თავი, ვინც არა - გუნდი "შემოეძარცვა" და განახევრებული შემადგენლობით წარმატების მიღწევის ნაკლები შანსი რომ არის, ყველას კარგად მოეხსენება. მათზე, ვინც თავისი პრინციპების გამო (შესაძლოა, იდეაში მართალი პრინციპებიც ჰქონდა), გუნდიდან თუნდაც ერთი სპორტსმენი გაუშვა, შემდეგ კი შედეგს ვერ უწია, მოგვიანებით დავწერთ. მათ შორის - იოჰან ბოსკამპზე, რომლის ზაზა ჯანაშიასთან ჩხუბს პირადად შევესწარი "დინამოს" დიღმის ბაზაზე. ჯერ აყვირდა, ხელი გასახდელისკენ გაიშვირა, შემდეგ ჟურნალისტებთან ილაპარაკა - ფეხბურთელი ნაკრებში რომ მოდის, პირადული ყველაფერი გვერდზე უნდა გადადოს და მწვრთნელის მითითებებს მიჰყვეს, რადგან პირველ რიგში, მწვრთნელმა იცის, რა არის საჭირო წარმატებისთვისო.

იგორ კოკოშკოვი
იოჰან ბოსკამპის ნათქვამი იმიტომ დავწერე, რომ იგორ კოკოშკოვის სიტყვები შემეპირისპირებინა: "საქართველოს ნაკრები ის გუნდია, მწვრთნელი უნდა მიჰყვეს მოთამაშეებს და არა პირიქით". იგი კალათბურთელებთან მიმართებაში ხშირად ხმარობდა სიტყვა "გმირს" და ასაბუთებდა, რატომაც.

Sportall.Ge

კოკოშკოვამდე უცხოელ მწვრთნელებს ქართული მენტალიტეტის შეცნობა, შესაბამისი სათამაშო სტილის გამოძებნა გაუჭირდათ და ამიტომაც ვერ გაძლეს წელიწადზე მეტი დროით. სერბი სპეციალისტი თავიდანვე კარგად გაეცნო ჩვენს ხასიათს, ყველა კალათბურთელთან საერთო ენა გამონახა და რვა წელიწადში გუნდთან ერთად ისე გაიზარდა, რომ ევრობასკეტზე სამჯერ გაიყვანა გუნდი.

ორი წლის წინანდელი ამბავი მახსენდება: კარგად რომ იცოდა ქართველთა ამაყი ხასიათი, ევრო ­2015-ის წინ, როცა ლიტვაში ძირითადი დრო 77:77 დასრულდა, მასპინძელთა შეთავაზება არ მიიღო, ფრეზე გაყრა არ ისურვა და დამატებითი ხუთი წუთი ითამაშა.

მენტალიტეტის ჩამოყალიბებაზე გარემო პირობებიც მნიშვნელოვნად მოქმედეს, სერბი კოკოშკოვი ხშირად ამბობდა - კარგად ვიცი, როგორია ომგამოვლილ ქვეყანაში ცხოვრებაო... ჩამოვიდა თუ არა, პირველივე წელს ნაკრებთან ერთად ლტოლვილად იქცა - რუსეთთან ომის გამო შესარჩევის ოთხივე მატჩი სტუმრად ითამაშა.

ივო შუშაკი
საქართველოში კიდევ ერთი ექსიუგი მუშაობდა - ყველას კარგად ახსოვს, როგორ დაამარცხა ივო შუშაკის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა რუსეთი. ჩრდილოელი მეზობლების ძლევა ხომ ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის დიდი სიხარული იყო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გარდა ამისა, შუშაკმა თბილისის "დინამოს" დსთ-ს თასი მოაგებინა. გვარებს არ ჩამოვთვლით, მაგრამ მაშინდელ ნაკრებსა თუ "დინამოში" ბევრი ინდივიდუალისტი, რთული ხასიათის ფეხბურთელი იყო, მაგრამ საქართველოში მოღვაწეობის მოკლე პერიოდში ბატონმა ივომ ყველასთან გამონახა საერთო ენა. სხვათა შორის, ჩვენთან ჩამოსვლის პირველივე დღეებში სცადა მთავარი ბარიერის - ქართული მენტალიტეტის სირთულის დაძლევა.

Sportall.Ge

"როდესაც წარმატებულ გუნდს აშენებ, მთავარია ქართველის მენტალიტეტის შეცნობა და მისთვის გასაღების მორგება. მერწმუნეთ, საქართველოს ნაკრებში მუშაობისას ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ქართველები თავისებური ხალხი ხართ, სწორი მიდგომა და გაგება გჭირდებათ. ვინც გაგიგებთ, წარმატებული მწვრთნელიც იქნება".

მილტონ ჰეიგი
გაგვიგო მილტონ ჰეიგმაც. მართალია, იგი კოკოშკოვის, შუშაკის თუ ზუროსის დარად ჩვენს მერიდიანზე არ ცხოვრობს, არც ომი გამოუვლია, მაგრამ გუნდს გასაღები კარგად მოარგო.

Sportall.Ge

მახსოვს, შარშან, ერთ-ერთ საგამოფენო პავილიონში გამართულ პრესკონფერენციაზე იგი მთელი ღონისძიების განმავლობაში გვერდზე იდგა, ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ სკამებზეც არ დაჯდა. უბრალო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, სწორედ ისეთის, ქართველები ძალიან რომ ვაფასებთ.

იოჰან ბოსკამპმა ქართულ მენალიტეტზე, აზროვნებაზე იმდენად როყიოდ თქვა, მისი სიტყვების გახსენებისას ბევრი დღესაც ილანძღება. მილტონ ჰეიგმა კი ჩვენთან ჩამოსვლის პირველივე წელს მეტად დიპლომატიურად იმსჯელა ქართულ თავისებურებებზე:

"უნდა შეიცვალოს ქართველი მორაგბეების სათამაშო აზროვნება, თამაშის ფილოსოფია, სათამაშო აზროვნების თვალსაწიერი უნდა გაფართოვდეს. ამის გარეშე შეუძლებელი იქნება რაიმე წინსვლაზე ლაპარაკი. ეს არის ის ფუნდამენტი, რომელზედაც უნდა დაშენდეს სხვა დანარჩენი კომპონენტები. უნდა მოვახერხოთ ახალზელანდიური სარაგბო აზროვნებისა და ქართული გულის, ხასიათისა და სხვა დადებითი ქართული სარაგბო უნარ-ჩვევების სინთეზი. ეს იქნება ქართული რაგბის განვითარების ყველაზე რთული ეტაპი, რადგან ცნობიერების შეცვლა ყველაზე მძიმე პროცესია, მაგრამ ამის გარეშე წარმატებები არ იქნება".

ზოგს შეიძლება ეს სალანძღავ სიტყვად მიეღო, მაგრამ მორაგბეები მილტონ ჰეიგს ხომ კარგად იცნობენ, ისიც გაიაზრეს, რომ ეს პოპულისტური გამონათქვამი კი არა, საქმიანი სიტყვები იყო.

ზუროსი და ვაისი
საქართველოს ფეხბურთელთა და კალათბურთელთა ნაკრებებს დიდი ხანი არ არის, რაც უცხოელი მწვრთნელები დაუნიშნეს. მათზე დღეს ბევრს ვერ ვიმსჯელებთ, რადგან ბოლომდე მაინც ვერ შევისწავლეთ, "საქმენი მათნი გამოაჩენენ"... თუმცა ერთი-ორის თქმა ნამდვილად შეგვიძლია.

მაგალითად, ვლადიმირ ვაისისა და გიორგი ჭანტურიას შემთხვევა ავიღოთ: ავსტრიასთან მატჩში სლოვაკმა სპეციალისტმა ჭანტურია თამაშში მეორე ტაიმში ჩართო. როგორც შემდეგ თქვა, უკმაყოფილო დარჩა და უელსი-ირლანდიასთან შეხვედრებისთვის აღარ მიიწვია. თუმცა მოლდოვისთვის კვლავ იხმო და ჭანტურია ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

Sportall.Ge

ცხადია, ხელმეორე დაძახებამდე მწვრთნელი და შეგირდი დაილაპარაკებდნენ და საერთო ენა რომ გამონახეს, ამიტომაც იყო ჭანტურია ერთ-ერთი საუკეთესო. ეს ყველა მწვრთნელს არ შეუძლია, არადა, სწორედ მათ ინტერესებშია გუნდში ოპტიმალური შემადგენლობის შეკრება.

რაც შეეხება კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელ ილიას ზუროსს, მან ერთ თვეში დადო შედეგი - გუნდი ევრობასკეტზე გაიყვანა. დასაფასებელია მისი ნაბიჯი მონტენეგროსთან მოგების შემდეგ: იგი მშობლიურ საბერძნეთში კი არ გადავიდა, საქართველოში ჩამოფრინდა, რათა მედიას შეხვედროდა და კალათბურთელებსაც, როგორც წესია, ისე დამშვიდობებოდა.

Sportall.Ge

სასტუმროში ინტერვიუს დროს ასეთი რამ მითხრა: "ქართველები, ისევე, როგორც ბერძნები, მებრძოლი ხალხი ხართ. ეს დასაფასებელი თვისებაა და თამაშისას თუ შენ სასარგებლოდ გამოიყენებ, ბევრსაც მიაღწევ. ჩემმა კალათბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს, დარწმუნებულები იყვნენ, რომ მონტენეგროსთან შინ წაგების შემდეგ სტუმრად მოგება შეეძლოთ და მიზანსაც მიაღწიეს".

ამას რომ ამბობდა, სასტუმროში ვიქტორ სანიკიძე შემოვიდა, თავისი 13-ნომრიანი მაისური გაშალა, ხელი მოუწერა და მწვრთნელს სამახსოვროდ გადასცა... ვფიქრობ, აქ ბევრი რამ ნათელია.

თუმცა ზუროსს წინ კიდევ უფრო რთული ამოცანა აქვს - 2017 წელს გუნდი ევრობასკეტზე უნდა გაიყვანოს... ღირსეულად!

* * *
დაბოლოს: ბევრი კი დავწერეთ საქართველოში მომუშავე წარმატებულ უცხოელ სპეციალისტებზე. მათი შედეგი პირდაპირპროპორციულად დავუკავშირეთ ქართული მენტალიტეტის კარგად გაცნობას, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი გარემოება - მხოლოდ წვრთნა რას უზამს, თუ გუნდი მომწიფებული არ არის დიდი გამარჯვებებისთვის?

აგერ, ბატონო, კალათბურთელთა ნაკრებს იგორ კოკოშკოვი მანამ ჩაუდგებოდა, არანაკლებ კომპეტენტური გორდონ ჰერბერტი წვრთნიდა, მაგრამ მას 20-21 წლის ჭაბუკებისგან შემდგარ ნაკრებთან მოუწია მუშაობა და შედეგი ამიტომაც არ ჰქონდა. მისი ასისტენტი კენი ატკინსონი იყო, რომელსაც კალათბურთელებიც დიდ პატივს სცემდნენ. იგი ამჟამად NBA-ს "ბრუკლინ ნეთსის" მთავარი მწვრთნელია.

კოკოშკოვი რომ ჩამოვიდა, გუნდი საკმარისად გამოცდილი დახვდა და თავისი 8-წლიანი მუშაობის პერიოდში სამჯერ გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ - ნაკრებს სამჯერ შეჰყვა ევრობასკეტზე...

სპეციალურად sportall.ge-სთვის
მკითხველის კომენტარები / 6 /
სორელი ავტორმა ალბათ ქართველად ჩათვალა, ამ კაცის ამაგი მართლაც რომ უდიდესია.
გური
16:33 26-12-2016
0
ვუერთდები გელას კომენტარს – რა თქმა უნდა გამორჩენილია კლოდ სორელი , დიდი მწვრთნელი და ადამიანი ,რომელმაც ქართულ რაგბს გზა გაუხსნა ევროპის ლიდერობისკენ და ფაქტიურად მეორე სიცოცხლე შთაბერა ! მადლობა მას ყველაფრისთვის !
კახა
15:21 26-12-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული