მაშინ, შევაჯამოთ 2016 წლის საფეხბურთო პერიპეტიები. ვინ იყო წლის ფეხბურთელი, რომელი იყო წლის მოვლენა, ანუ თუნდაც წლის... ციფრი.
გმირი
ბევრი, ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, სანამ ჩვენი ვერსიით საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელს დავასახელებდით. საბოლოოდ, თორნიკე ოქრიაშვილის სასარგებლოდ - GFF AWARDS 2016: თორნიკე, ბუდუ და სხვები [PHOTO]
- თორნიკე ოქრიაშვილის ყველა გოლი 2016 წელს [VIDEO]
სანამ უფრო დაწვრილებით ავხსნიდეთ ჩვენი არჩევანის მიზეზს, მანამდე მოკლედ ვთქვათ - იმედია, ეს აღიარება კიდევ ერთი სტიმული იქნება რუსული "კრასნოდარის" 24 წლის შემტევისთვის, სტიმული, რათა ბოლომდე გამოავლინოს მართლაც დიდი საფეხბურთო ნიჭი. ასეთ შემთხვევაში, საფიქრალი გაცილებით ნაკლები გვექნება...
და ჯანო ანანიძე? როცა საუკეთესოობაზე მიდგა საქმე, არჩევანის გაკეთება ამიტომაც გაგვიძნელდა. თორნიკეს დასახელების მთავარი მიზეზი კი ისაა, რომ 2016 წელს ის საქართველოს ნაკრების ნამდვილ ლიდერად იქცა.
გასაგებია, რომ ჯანოს "სპარტაკში" უფრო სტაბილური წელიწადი ჰქონდა, განსაკუთრებით - მისი მეორე ნახევარი. "სპარტაკი" რუსეთის ჩემპიონატის ლიდერია და ამით ძალიან ბევრი რამაა ნათქვამი. კიდევ მეტს გვეუბნება ის, რომ ჯანო ამ გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა, თუმცა ოქრიაშვილი უკეთესი იყო საქართველოს ნაკრებში.
სანამ დაწვრილებით დავწერდეთ თორნიკეს წლის სანაკრებო მარგალიტებზე, მშრალ სტატისტიკას მივმართოთ. ყაზახეთი, ესპანეთი და უელსი - ეს იმ ნაკრებების ჩამონათვალია, რომლებიც ოქრიაშვილმა 2016 წელს დაამწუხრა.
- საქართველო-ყაზახეთი 1:1 - ბევრი კითხვა ვლადიმირ ვაისთან [VIDEO+PHOTO]
- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]
- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]
ახლა ვნახოთ, რა მნიშვნელობისა იყო ეს გოლები. ყაზახეთთან ამხანაგურ შეხვედრას რომ თავი დავანებოთ, მისმა ზუსტმა დარტყმამ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მჭექარე გამარჯვება გამოჭედა: ესპანეთთან და თანაც - სტუმრად. მერე რა, რომ ამხანაგურ შეხვედრაში - პლანეტის მართლაც რომ გამორჩეული გუნდის დამარცხება ყოველთვის, ნებისმიერ შეხვედრაში საამაყოა.
სწორედ ოქრიაშვილმა უპასუხა გარეთ ბეილის გოლს კარდიფში, სადაც საქართველომ სენსაციურად გაუყო ქულები უელსს - ევროპის ბოლო ჩემპიონატის მთავარ აღმოჩენას. მთლიანობაში, ის მატჩი ერთ-ერთი საუკეთესო იყო არა მარტო ოქრიაშვილის სანაკრებო კარიერაში, არამედ ქვეყნის მთავარი გუნდისთვისაც.
რა თქმა უნდა, თუნდაც სანაკრებო ფრონტზე ოქრიაშვილს მეტიც შეეძლო. იმავე მოლდოვასთან შინ ფრედ დასრულებულ მატჩში ის ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა სტაბილურობა მხოლოდ მას როდი აკლია - ეს მთელი საქართველოს ნაკრების პრობლემაა.
საიდანაც გინდა, მიუდექი და რა საწყაოთიც გინდა, აწონე - როცა საქართველოს ნაკრებს ეხება საქმე, ქართული ფეხბურთის ლამის ყველაზე პრეტენზიული სახე ბოლომდე იხარჯება. მისთვის უცხოა თავისა და ფეხების მოფრთხილება. გაშმაგებული იბრძვის, ეხმარება დაცვას და მთელ ემოციას დებს თამაშში.
ეგაა, მისი ხასიათისა თუ სხვა მიზეზების გამო ჯერაც ვერ აიწყო ბოლომდე საკლუბო კარიერა. "კრასნოდარი" ერთ-ერთი ყველაზე ვარსკვლავური გუნდია რუსეთში და კარგ ფეხბურთსაც თამაშობს, მაგრამ ჩვენს მოკრძალებულ აზრსაც ვაახლებთ მკითხველს: არ გვტოვებს შეგრძნება, რომ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი მაინც უკეთეს გუნდში უნდა თამაშობდეს.
ოქრიაშვილის საკლუბო კარიერაში შემობრუნების წერტილად უნდა იქცეს ის დიდებული გოლი, რომელიც მან მირჩა ლუჩესკუს მიერ დამოძღვრილ "ზენიტს" გაუტანა.
- თორნიკე ოქრიაშვილმა "ზენიტს" ულამაზესი მაკრატელა გაუტანა [VIDEO]
"ვისაც არ უნახავს ქაირო, მას არ უნახავს არაფერი" - არის ერთი ასეთი ფრაზა ცნობილ ქართულ ნაწარმოებსა და ფილმში. ოქრიაშვილის იმ გოლსა და ზოგადად, ფეხბურთზეც სიამოვნებით დავწერდით იმავეს.
ოქრიაშვილის პოტენციალის ფეხბურთელს შეუძლია, წლების განმავლობაში იყოს საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი. ამისთვის მან ბოლომდე უნდა შესწიროს თავი ფეხბურთს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მიხვდეს, რომ ერის რჩეულობა, თუნდაც საფეხბურთო ამბავში, მხოლოდ განსაკუთრებულების ხვედრია და როცა ბედისწერა ამხელა ტვირთს დაგაკისრებს, ვალდებული ხარ, ზიდო ეს ტვირთი.
* * *
როცა წლის გამორჩეულ ფეხბურთელებზე მიდგება საქმე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ იმავე ანანიძის გოლები და სტაბილურობა "სპარტაკში", ვაკო გვილიას დიდებული დებიუტი საქართველოს ნაკრებში, წლის ბოლოს კი გიორგი ქვილითაიასა და ლევან მჭედლიძის გამონათებები.მეტი სტაბილურობა - სწორედ ეს უნდა მოვთხოვოთ ჩვენს ფეხბურთელებს მომავალ, 2017 წელს. სტაბილურობა ჩვენს რჩეულსაც და სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც ჰაერივით სჭირდებათ, სტაბილურობა განვითარების წინაპირობაა.
ქართულ ფეხბურთში დღეს პრობლემა მეტია, ვიდრე მოგვარებული ამბები, მაგრამ უიმედოდ ჩვენი მტერი იყოს!..
მოვლენა
ჩვენ ვერასოდეს დავივიწყებთ 2016 წლის 7 ივნისს. დიახ, მერე რა, რომ ის მატჩი ამხანაგური იყო; მერე რა, რომ გოლიათს ევროპის ჩემპიონატზე ეჩქარებოდა; და მერე რა, რომ "ფურია როხას" მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ საქმეში მთელი კონტინგენტი ნახა?! - საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მადრიდის გარეუბან ხეტაფეში, "ალფონსო პერესზე", ესპანეთის უპირველესი გუნდი დაამარცხა.აბა, სად ჩვენ და სად ისინი, მაგრამ ფეხბურთი სპორტის სხვა ბევრი სახეობისგან იმით გამოირჩევა, რომ ასეთი რამეები ხდება და ეს მას განუმეორებელ ხიბლს სძენს. რამდენი რამის მოთმენა და გადატანა ღირდა ამ ორი საათის, ამ სიხარულის სანაცვლოდ...
ბიჭებმა დაამარცხეს ისინი, ვის ფეხბურთზეც გაიზარდნენ. ამ გამარჯვების შემდეგ მათ ირწმუნეს, რომ თუ ბოლომდე მოინდომებ და დაიხარჯები, თანამედროვე ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია.
სწორედ ეს გამარჯვება უნდა იქცეს ფუნდამენტად ვლადიმირ ვაისისთვის საქართველოს ძლიერი ნაკრების მშენებლობის რთულ და ეკლიან გზაზე. ჩვენ ამ მოგებამ ისევ ერთ მუშტად შეგვკრა და მომავლის რწმენა დაგვიბრუნა.
ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე ოქრიაშვილმა შეაგდო ჯაბა ჯიღაურის პასით - ესპანელები ბურთს კარგავენ და ვაკო ყაზაიშვილი იწყებს შეტევას. მცველი ხელს კი უშლის, მაგრამ ამ დროს ჯიღაური იხელთებს ბურთს, ჯიქურ შედის საჯარიმოში და გასწვრივ პასს აკეთებს შორეულ ძელთან ჩასაფრებული ოქრიაშვილის მისამართით, რომელსაც ცარიელ კარში გააქვს! - ასე ჩაიხლართა საგოლე კომბინაცია, რომლის ენდშპილმაც მთელი საქართველო სავარძლებიდან წამოახტუნა.
ესპანელები ძალიან ბევრს ეცადნენ, მაგრამ ქართველთა დაცვა ვერ გაარღვიეს და ვერც ჩვენს მეკარეებს დააკლეს რამე. დაგვიშავდა ზესაიმედო ნუკრი რევიშვილი და როინ კვასხვაძეს სანაკრებო კარიერაში მეორედ მოუხდა შეცვლაზე შესვლა "ფურია როხასთან" (მანამდე იყო თბილისში, შესარჩევ მატჩში, როცა ტრავმირებული გიორგი ლორია შეცვალა).
მოდით, ერთხელაც გავიხსენოთ ყველა ის ფეხბურთელი, ვინც ესპანეთის ნაკრებთან ეპოქალურ შეხვედრაში დაიცვა საქართველოს ღირსება და ესპანელთა ვარსკვლავთკრებულსაც გადავხედოთ, რათა კიდევ ერთხელ დავტკბეთ იმით, თუ... ვის მოვუგეთ.
ესპანეთი-საქართველო 0:1
გოლი: 0:1 ოქრიაშვილი (40. ჯიღაურის პასით)
ესპანეთი: დე ხეა, ხუანფრანი (46. ბელერინი), პიკე, რამოსი (46. სან ხოსე), ალბა, ბუსკეტსი (75. პედრო), ტიაგო ალკანტარა (46. კოკე), ვასკესი (61. დავიდ სილვა), ფაბრეგასი (46. ინიესტა), ნოლიტო, ადურისი.
სათადარიგოები: კასილიასი, ასპილიკუეტა, ბარტრა, მორატა, ბრუნო, სერხიო რიკო.
მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე
საქართველო: რევიშვილი (55. კვასხვაძე), ლობჟანიძე, კვირკველია, კაშია, ამისულაშვილი, ნავალოვსკი (84. კობახიძე), აბურჯანია (78. ცისკარიძე), ჯიღაური, ყაზაიშვილი (72. ჭანტურია), ოქრიაშვილი, დვალიშვილი (72. ქვილითაია).
სათადარიგოები: მაკარიძე, კაკაბაძე, დვალი, კვეკვესკირი, ჭანტურიშვილი, ყენია.
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
გაფრთხილება: კვირკველია (60), სან ხოსე (81)
არბიტრი: ვ. ტორარინსონი (ისლანდია)
ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "დიდებული და მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. საქართველოს ნაკრებს წარუმატებლობების შემდეგ ძალიან სჭირდებოდა ასეთი გამარჯვება. ეს მოგება დიდ ძალას შეგვმატებს და, რაც მთავარია, საკუთარი თავის რწმენას დაგვიბრუნებს. ის, რასაც დღეს ჩვენ მივაღწიეთ, დიდი სიხარულის საბაბია".
ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "პირველ ნახევარში კარგად ვერ გამოვიყურებოდით. მეორე ტაიმში მოედანზე ინიესტა შევიყვანე და ამით ვცადე სიტუაციის შეცვლა, მაგრამ მეტოქე მთელი გუნდით დაცვაში იდგა და სივრცეები აღარ იყო".
* * *
სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. დავწერთ მხოლოდ ერთს - ძალიან არ გვინდა, ესპანეთის დამარცხება დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთ სერიოზულ გამარჯვებად დარჩეს.2017 წელს საქართველოს ნაკრებს არაერთი საპასუხისმგებლო მატჩი აქვს ჩასატარებელი და ჩვენი ფეხბურთელებისგან კვლავაც ველით ხმაურიან გამარჯვებებს.
მრავალჟამიერ!
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ანანიძეს აფასებს მთელი ევროპა და ჩვენ ვერ ვაფასბთ და ვერც დავაფასებთ დიდი ხანი იმიტო რო უმადურები ვართ,ბოლო ბოლო ხალხო ანანიძემ ქვეყანა ფულზე არ გაყიდა.