0:1 დანიელიანი (11), 0:2 კირაკოსიანი (31), 1:2 მაისაია (32), 2:2 სებისკვერაძე (37)
საქართველო: ჯამბურია, ძაბირაძე, თოთლაძე, ალთუნაშვილი, ნიშნიანიძე, ჭანუყვაძე, კობაიძე, ტიკურიშვილი, მაისაია, ბობოხიძე, სებისკვერაძე, კეფაშვილი
მწვრთნელი: ზაალ ჩიტალაძე
სომხეთი: აკოპოვი, სააკიანი, კაპუკრანიანი, დანიელიანი, კირაკოსიანი, მაშუმიანი, მხითარიანი, მარდანიანი, ზარგარიანი, ბაბაიანი, გიულამბარიანი, პეტროსიანი
მწვრთნელი: რუბენ ნაზარეთიანი
გაფრთხილება: ალთუნაშვილი, სააკიანი, კირაკოსიანი
არბიტრები: გ. ბილუა (ბელგია), ზ. ბოგდანოვი (სერბეთი)
რამდენიმე დღის წინ საქართველოს ჩემპიონმა "იბერია სტარმა" ევროპის ფუტსალის თასზე თბილისის სპორტის სასახლეში გამართული ეტაპი შესანიშნავად ჩაატარა და ქართველი გულშემატკივარი ეფექტური და, რაც მთავარია,
მონდომება არც საქართველოს ნაკრების წევრებს დაეწუნებოდათ და მათაც კარგი სანახაობა შემოგვთავაზეს, თუმცა შედეგი ვერ იყო ისეთი, ჩვენ რომ გაგვიხარდებოდა. ფრე კიდევ არ არის კატასტროფა, მატჩი ისეთი სცენარით წარიმართა, რომ ესეც სანატრელი გაგვიხდა.
ზემოთ ნახსენები "იბერია სტარისგან" განსხვავებით, საქართველოს ნაკრები მხოლოდ ქართველებითაა დაკომპლექტებული და გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ნატურალიზებული უცხოელების გარეშე დიდი მიზნებისთვის ბრძოლა ძალიან გაგვიჭირდება - ნაკრების სამწვრთნელო შტაბი "იბერია სტარის" ბრაზილიელთაგან რამდენიმეს "გაქართველებას" გეგმავს და კარგი იქნება, თუ ეს დროულად მოხდება.
მანამდე კი აუცილებლად უნდა მოვიპოვოთ მსოფლიოს ფუტსალის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ეტაპის საგზური.
გუშინდელმა შეხვედრამ დაამტკიცა, რომ ეს ძნელი იქნება, მაგრამ, საბედნიეროდ, სომხეთთან მარცხს გადავურჩით და შანსიც შევინარჩუნეთ.
შეგახსენებთ, პირველ ეტაპზე ევროპაში სულ ხუთი ჯგუფია, საიდანაც მეორე რაუნდში ჯგუფების გამარჯვებულები და ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი გადაინაცვლებს. პირველი ეტაპის 7 საუკეთესო გუნდს მეორე ეტაპზე პირდაპირ მოხვედრილი 21 გუნდი დაემატება და შეიქმნება 7 ოთხგუნდიანი ჯგუფი, რომლის პირველ-მეორეადგილოსნებიც მუნდიალზე მოსახვედრად 7 საპლეიოფო წყვილს შეადგენენ.
ჩვენი ჯგუფის გამარჯვებული მეორე რაუნდში სლოვენიურ მინიტურნირში იასპარეზებს, სადაც, მასპინძელთა გარდა, სერბეთისა და ისრაელის ნაკრებები მოხვდნენ.
გუშინდელ მატჩში ჩვენი გუნდი საგრძნობ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და საგოლე მომენტებიც მრავლად გააფუჭა - უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ზაალ ჩიტალაძის გუნდი ტაიმნახევრის განმავლობაში ვერაფერს უხერხებდა მეკარე ერნესტ აკოპოვს, რომელმაც არაერთი რთული დარტყმა მოიგერია. უდავოა, რომ მისი გმირობების გარეშე სტუმრები დიდი ანგარიშით დამარცხდებოდნენ.
ერნესტი, იგივე ერიკი, თბილისში დაიბადა და ახლაც აქ ცხოვრობს, უბრალოდ, ორმაგ მოქალაქეობას ფლობს და დიდი ხანია, სომხეთის ნაკრებში თამაშობს. ისიც და საქართველოს ნაკრების მეკარე ალექსანდრე ჯამბურიაც "იბერია სტარის" წევრები არიან.
სომხები, რომლებმაც საკუთარი ტაქტიკა კონტრშეტევებზე ააგეს, პირველი ტაიმის შუა წუთებში დაწინაურდნენ, რის შემდეგაც აკოპოვმა საქართველოს ნაკრების კაპიტნის, გიორგი ალთუნაშვილის მიერ შესრულებული პენალტი მოიგერია.
აკოპოვი მეორე ტაიმშიც შეუდარებელი იყო და არც ერთ გოლში ბრალი არ მიუძღვის. ქართველთა თავგამოდებამ შედეგი ბოლოსკენ გამოიღო - კახაბერ მაისაიამ ჯერ შორეული დარტყმით შეამცირა ანგარიშში სხვაობა, შემდეგ კი არჩილ სებისკვერაძემ ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმით აღადგინა წონასწორობა.
დარჩენილი დრო ძალიან დაძაბული გამოდგა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა, რამაც შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ორივე მეზობელს შეუნარჩუნა.
მოლდოვა-მალტა 10:0
გუშინვე დამტკიცდა, რომ მალტა ჯგუფის გამოკვეთილი აუტსაიდერია. მოლდოვასთან კი, რომელიც საქართველოს ნაკრებთან ერთად ოთხეულის თანაფავორიტია, ფრის უფლება აღარ გვაქვს. დღეს, წესით, არ უნდა გაგვიჭირდეს, მოლდოვის დამარცხება კი რთული საქმეა.
შეგახსენებთ, მატჩებზე დასწრება უფასოა.
1. მოლდოვა 1 1 0 0 10-0 3
2. საქართველო 1 0 1 0 2-2 1
3. სომხეთი 1 0 1 0 2-2 1
4. მალტა 1 0 0 1 0-10 0
დღეს:
15:30 სომხეთი-მოლდოვა
18:15 საქართველო-მალტა
23 ოქტომბერი
18:30 მალტა-სომხეთი
21:00 მოლდოვა-საქართველო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"