"იბერია სტარი" ევროპის საუკეთესო კლუბების ოთხთა ფინალშია!

AutoSharing Option
"იბერია სტარი" ევროპის საუკეთესო კლუბების ოთხთა ფინალშია! დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის საუკეთესო შედეგი, რომელიც რომელიმე კლუბს უჩვენებია.

ერთადერთხელ, 50 წლის წინათ, თბილისის "დინამოს" საკალათბურთო გუნდმა მოიპოვა ჩემპიონთა თასი, როდესაც ჟენევაში მადრიდის "რეალი" დაამარცხა (62:53).

ეს ამბავი ჩვენი სპორტის ისტორიას ლეგენდად შემორჩა, რომლის გამეორებაც ზღაპარს ჰგავდა - მას შემდეგ ქართული გუნდი ევროპის ჩემპიონთა ოთხეულშიც არ მოხვედრილა.

მართალია, ფუტსალი არც ისე პოპულარული იყო საქართველოში, მაგრამ "იბერიამ" ეს სახეობა ჩვენს გულშემატკივარს შეაყვარა, უამრავი თანამდგომი შეიძინა და ახლა ყველას უზარმაზარი სიხარული მოგვანიჭა.

ფინალურ
ეტაპზე გასასვლელად "იბერია სტარს" პორტუგალიელებთან მოგება აწყობდა. მანამდე "დიორმა" იტალიურ "ლუპარენსესთან" მოიგო (3:2) და საქართველოს ჩემპიონს "ბენფიკასთან" ფრედ რომ ეთამაშა, სამი გუნდი 5-5 ქულას დააგროვებდა და ყველაფერი მათ შორის ურთიერთშეხვედრებში მეტი გატანილი გოლით გადაწყდებოდა, სადაც უპირატესობას "ბენფიკა" მიიღებდა, რადგან "დიორს" 3:3-ზე გაეყარა, "იბერია სტარი" კი - 2:2-ზე, ანუ ჩვენს ჩემპიონს ნაკლები ბურთი ჰქონდა გატანილი.

პირველი ტაიმის შემდეგ "იბერია" 4:2-ს იგებდა და ვირწმუნეთ, რომ ევროპის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა რეალური იყო.

გუნდი პრაგმატულად, კონტრშეტევებზე ჩინებულად თამაშობდა. აუგუსტომ ანგარიში სწრაფად გახსნა. მხარი აუბეს რომარიომ, რაფამ და ლუსიომ, მაგრამ პორტუგალიელთა შორის შეუჩერებელი იყო მარინიო, რომელმაც პირველ ნახევარში ჩვენი კარი ორჯერ დალაშქრა.

მეორე ტაიმის დასაწყისი პორტუგალიელებმა "იბერიას" "ცივი შხაპი" გადაავლეს, ანგარიში გაათანაბრეს და მასპინძლებს დაბნეულობა დაეტყოთ.

მაგრამ მდგომარეობა მაინც გამოასწორეს. გადამწყვეტი გამოდგა 36-ე წუთი: საკუთარ საჯარიმოსთან მარინიომ ხელით ითამაშა, 10-მეტრიანი საჯარიმო აუგუსტომ გამოიყენა და "იბერია" დაწინაურდა - 5:4.

ევროპულ რეიტინგში საუკეთესო "ბენფიკა" მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, სტუმართა მთავარი მწვრთნელი პაულუ ფერნანდეში ვა-ბანკზე წავიდა და მეკარე წინა ხაზის მოთამაშით შეცვალა, მაგრამ პორტუგალიელებმა ვერაფერს მიაღწიეს და საკუთარ კარში კიდევ ორი ბურთი მიიღეს - ბოლო წუთზე საქართველოს ჩემპიონის ორი ჩინებული კონტრშეტევა რაფამ და რონინიომ დააგვირგვინეს, "იბერიამ" კი 7:4 გაიმარჯვა.

მადლობა "იბერიას" პრეზიდენტს ვახო წერეთელს, ვინც წლების წინ, ერთი შეხედვით, ამ არარეალურ წარმატებას დაუდო სათავე, ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს, ვინც ეს სიხარული ერთად მოგვანიჭეს - დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მართლაც ზღაპრული ამბავი მოხდა.

იბერია სტარი (საქართველო) - ბენფიკა (პორტუგალია) - 7:4
გოლები: 1:0 აუგუსტო (2), 1:1 მარინიო (10), 2:1 რომარიო (12), 3:1 რაფა (17), 3:2 მარინიო (19), 4:2 ლუსიო (10), 4:3 მარინიო (21), 4:4 ნენე (27), 5:4 აუგუსტო (37. პ), 6:4 რაფა (40), 7:4 რონინიო (40).
გაფუჭებული 10-მეტრიანი: ტეკა (13)

იბერია სტარი: სელიო, ლუსიო, აუგუსტუ, ბრუნო მელო, რომარიო - აკოპოვი, რონინიო, ბეტინიო, რაფა, ძაბირაძე, ფუსტე, ჟილი, ალთუნაშვილი, სილვა.
მწვრთნელი: ს. ბენატი

ბენფიკა: ბებე, მარინიო, გონსალო, ნენე, დავი - მარკაო, უგო, ტეკა, ს. პაულუ, კეირუში დიეკე, ბ. კოელიო, სოლი.
მწვრთნელი: პ. ფერნანდეში

გაფრთხილება: სელიო, რომარიო, ფუსტე, რაფა - დავი, ნენე, გონსალუ, სოლი, სეზარ პაულო
გაძევება: რომარიო (40)

არბიტრები: რ. მარინი (ესპანეთი), დ. კონსტანტუნუ (კვიპროსი)

* * *
დიორ ეტო (უნგრეთი) - ლუპარენსე (იტალია) 3:2
გოლები: 0:1 პედოტი (2), 1:1 აგიარი (3), 2:1 აგიარი (21), 2:2 აბდალა (30), 3:2 ლუკე (37).

გუნდი
1. იბერია 3 2 1 0 15-7 7
2. დიორი 3 1 2 0 8-6 5
3. ბენფიკა 3 1 1 1 10-12 4
4. ლუპარენს 3 0 0 3 5-12 0

ამგვარად, ფუტსალის უეფას თასის ელიტრაუნდში ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული გამოვლინდა: A ჯგუფში პირველობა არავის დაუთმო "ბარსელონამ", B-ში - ყაზახურმა "კაირათმა", C-ში - მოსკოვის "დინამომ", D-ში კი "იბერია სტარმა". "ბარსელონამ", "კაირათმა" და მოსკოვის "დინამომაც" სამივე მატჩი მოიგეს.

მატჩის შემდეგ საქართველოს ჩემპიონის პრეზიდენტმა ვახო წერეთელმა მნიშვნელოვანი ამბავი გვითხრა:

"ახლა უკვე შევეცდებით, რომ ფინალური ოთხეულის მასპინძლობის უფლებაც მოვიპოვოთ. მიმაჩნია, რომ თბილისს ამ ბრძოლის მოგების სავსებით რეალური შანსი გააჩნია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ფუტსალში უეფას თასის ელიტრაუნდი: "იბერია სტარმა" ბოლო ტურს ინტრიგა შემოუნახა
"იბერია სტარი" ნამდვილი ფავორიტია, "ბენფიკამ" წაიბორძიკა
მკითხველის კომენტარები / 1 /
შვიდი ბურთი გაუტანიათ "ქართველებს"(ქართველებს!!!!).კარგი აზრია,რაც ქართული ფეხბურთის გამვითარებას თანხები სჭირდება,იმ ფულით რომ სხვა ქვეყნებიდან ჩამოვიყვანოთ მოთამაშეები და მათი წარმატება საქართველოს მივაწეროთ,უკეთესი იქნება ხომ?!!!ქართველ ბავშვებს მიხედეთ,ბურთი ნუ გაუხადეთ სანატრელი,სად ყრით ამდენ ფულს თქვე ...
misha
15:28 15-10-2012
0

სიახლეები პოპულარული