უკვე ცნობილია, საქართველოს ჩემპიონი ვის შეეცილება უეფას თასს: ელიტრაუნდის დანარჩენ სამ ჯგუფში გაიმარჯვეს "ბარსელონამ" (A ჯგუფი), ყაზახურმა "კაირათმა" (B) და მოსკოვის "დინამომ" (C).
საერთოდ, ბოლო წლებია, ევროპულ ფუტსალში პოსტსაბჭოელების დომინანტობა აშკარა გახდა. თუმცა, "კაირათისა" და მოსკოვის "დინამოს" წარმატება უკვე დაგეგმილიც იყო და მათი წარმატება არავის აკვირვებს, მაგრამ პოზიციები დათმო აზერბაიჯანულმა ფუტსალმა და მის ადგილს ჩვენი ჩემპიონი იკავებს. არადა, ჩვენს მეზობლებს "იბერიაზე" ბევრად
ახლა მთავარზე: ლისაბონის "ბენფიკასთან" გამარჯვების შემდეგ საქართველოს ჩემპიონის პრეზიდენტმა ვახო წერეთელმა გვითხრა, რომ "იბერია" ფინალური ოთხეულის მასპინძლობის უფლების მოპოვებასაც შეეცდება, რადგან თბილისს სავსებით რეალური შანსი გააჩნიაო.
თუმცა არის მეორე მტკივნეული საკითხი: ოთხთა ფინალში ერთდროულად მოხვდნენ ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობის მქონე ორი ქვეყნის, საქართველოსა და რუსეთის ჩემპიონები.
ჩვენთვის გაცილებით სასურველი იყო, რომ C ჯგუფში ესპანურ "მურსიას" გაემარჯვა, მაგრამ ბოლო ტურში მოსკოვის "დინამომ" უშუალო კონკურენტი 4:2 დაამარცხა და ოთხთა ფინალის თბილისში ჩატარების ალბათობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
ეს იმიტომ, რომ უეფა ცდილობს, ქართული გუნდი რუსეთში არ ჩაიყვანოს და პირიქით. მოგეხსენებათ, ასეა სპორტის ყველა სხვა სახეობაში და ბოლო წლებში ჩვენს კლუბებს რუსებთან არც უთამაშიათ.
ამიტომ გვსურდა ესპანელთა გამარჯვება, რადგან ამ შემთხვევაში, თბილისის კანდიდატურას ოთხთა ფინალის მასპინძლობაზე უეფაში მხარდაჭერა ექნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, კონკრეტულმა გარემოებებმა ვითარება შეცვალა...
"ამ პრობლემების მიუხედავად, თბილისის კანდიდატურა გამორიცხული ნამდვილად არ არის. ამის შესახებ თბილისში მყოფმა უეფას წარმომადგენლებმაც და კიდევ სხვა კომპეტენტურმა პირებმაც გვითხრეს.
ეს ადამიანები გვაიმედებენ, რომ ძალიან დიდი ალბათობით, რუსეთთან პოლიტიკური დაძაბულობა ხელს არ შეგვიშლის, რომ ეს უფლება მოვიპოვოთ.
მეტსაც გეტყვით, საჩვენოდ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი ამოქმედდა და შესაძლოა, ყველაზე რეალური სწორედ თბილისისა და მოსკოვის კადიდატურები გახდეს.
საქმე ისაა, რომ 2011 წელს ოთხთა ფინალს ერთ-ერთმა ამჟამინდელმა მონაწილემ, "კაირათმა" უმასპინძლა, 2012-ში კი მეორემ - "ბარსელონამ". უეფა კი ზედიზედ არც ერთ კლუბს ასეთ უპირატესობას არ მისცემს.
ჩემი აზრით, ბარსელონასა და ალმათის ვარიანტები სწორედ ამიტომ გამოირიცხება. ამავე დროს, თბილისში ელიტრაუნდის ორგანიზაციამ უეფა დააკმაყოფილა და მადლობა გადაგვიხადა.
მოკლედ, უეფას გადაწყვეტილება მალე გვეცოდინება და იმედია, ის ჩვენ გაგვახარებს" - გვითხრა "იბერია სტარის" მენეჯერმა გიორგი დარჯანიამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"იბერია სტარი" ევროპის საუკეთესო კლუბების ოთხთა ფინალშია!